კიდევ ერთი გრანტი აგრარულ უნივერსიტეტში რუსთაველის სამეცნიერო ფონდიდან

08 დეკემბერი 2016

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა "ახალი ტექნოლოგიის შემუშავება ქიმიურად დაბინძურებული წყლების გასასუფთავებლად ლურჯ-მწვანე წყალმცენარე - სპირულინას გამოყენებით".
პროექტის ბიუჯეტი 240 000 ლარია.
 
პროექტის მიზანია ლურჯ-მწვანე წყალმცენარე სპირულინას (Spirulina Platensis) რემედიაციულ პოტენციალზე დაყრდნობით შეიქმნას ქიმიურად დაბინძურებული წყლების გასუფთავების ფიტორემედიაციული ტექნოლოგია.
 
პროექტის გახორციელების საწყის ეტაპზე დადგინდება სპირულინას მიერ ტოქსიკანტების შეთვისების პროცესის ოპტიმალური პირობები. კერძოდ, თითოეული ქიმიური დამბინძურებლისათვის (DDT, TNT, Cu2+, Cs+) განისაზღვრება საკვები არის ოპტიმალურიმინერალური შედგენილობა.
 
შეირჩევა ოპტიმალური ტემპერატურა და ხსნარის pH, განათების რეჟიმი. აგრეთვე ტოქსიკანტების შეთვისების ინტენსივობის გასაზრდელად შეირჩევა დანამატები - ბიოლოგიური (მცენარეული და ბაქტერიული) წარმოშობის ნაერთები (ბიოსურფაქტანტები, მეტალთა იონების ხელატორები).
 
შემდეგ ეტაპზე ჩატარდება სპირულინას საშუალებით DDT-თი, TNT-თი, Cu2+- და Cs+-იონებით დაბინძურებული წყლების გასუფთავების ტექნოლოგიების საპილოტე გამოცდა.
 
დასკვნით ეტაპზე იგეგმება პროექტის შედეგების კომერციალიზაცია. კერძოდ, შეიქმნება ტექნოლოგიის რეგლამენტი.
 
პროექტის ხელმძღვანელია გია ადამია, აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები