კლინიკა Veterinarium-ის განვითარება

06 ოქტომბერი 2025

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისთვის კლინიკა Veterinarium-ის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. კლინიკის პროგრესისათავის მნიშვნელოვანია კადრების ხარისხიანი პროფესიული გადამზადება.

სწორედ ამიტომ, კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დაფინანსებით, ბოლო 1.5 წლის განმავლობაში ვეტერინარიუმის თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: კარდიოლოგიაში, ონკოლოგიაში, ექოსკოპიაში, გულის სკრინინგსა და ორთოპედიულ ქირურგიაში.

გადამზადება განხორციელდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა:

  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • იტალია
  • ლუქსემბურგი
  • ესპანეთი
  • პორტუგალია
  • ესტონეთი
  • ბულგარეთი

პროფესიული გადამზადების პროგრამები შერჩეულია მათი ხარისხისა და საერთაშორისო აღიარების მიხედვით და მოიცავს როგორც European School for Advanced Veterinary Studies (ESAVS)-ის, ასევე Movora Education-ის კურსებს.

ESAVS-ის სერტიფიცირებული და სამაგისტრო პროგრამები ეფუძნება უახლეს სასწავლო მასალას ვეტერინარული კლინიკური დისციპლინების მიმართულებით (https://esavs.org/). სწავლება აერთიანებს ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ სესიებს, გამოცდებსა და კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებს. პროგრამები ტარდება ევროპის დაახლოებით 20 ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებთან თანამშრომლობით.

Movora Education წარმოადგენს ვეტერინარული ორთოპედიული განათლების საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც სთავაზობს როგორც ონლაინ კურსებს, ასევე პრაქტიკულ ვორქშოფებსა და მენტორობის პროგრამებს (education.movora.com). კურსები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ქირურგებისა და ბიოინჟინრების მიერ.

მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ყოველწლიურად ვეტერინარიუმის 1 ან 2 თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს 7-კვირიანი ინტენსიური პრაქტიკული კურსი წვრილი ცხოველების მედიცინაში (Practical Training in Small Animal Medicine). კურსი ტარდება ტარტუში, აღნიშნული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც კვალიფიციური ექიმები მენტორობას უწევენ სტუდენტებს, უზიარებენ ცოდნას და ხელს უწყობენ მათ პრაქტიკული უნარების განვითარებას.

7-კვირიანი პროფესიული გადამზადების ფარგლებში, თანამშრომლების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად აფინანსებს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი და კლინიკა ვეტერინარიუმის ახლადშექმნილი ფონდი.

ვეტერინარიუმის ფონდი შეიქმნა კლინიკის მთავარი ვეტერინარების ანა ქუმსიშვილის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის და აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების პრორექტორის ნათია სამუშიას ინიციატივით. კლინიკის ყოველთვიური შემოსავლიდან ხდება თანხების ალოკაცია ფონდში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხეშეწყობისათვის

6 10 6 10 1 6 10 3