კოტეს კლინიკური შემთხვევა - კატის ტრიადიტის დიაგნოზი

06 დეკემბერი 2025

კოტეს კლინიკური შემთხვევა - კატის ტრიადიტის დიაგნოზი.

კოტე 7 წლის კატაა, რომელიც ვეტერინარიუმში შემოიყვანეს ლეთარგიით, უმადობით, ინტენსიური ღებინებითა და წინა დღიდან არსებული ყაბზობის გამო.

ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტმა და ექოსკოპისტმა, ნუცა ბესაშვილმა ანამნეზის გამოკითხვისას დაადგინა, რომ ბოლო პერიოდში კოტეს აღენიშნებოდა ბეწვის გადაჭარბებული ლოკვა (ოვერგრუმინგი). ფიზიკური დათვალიერებისას დამატებით გამოვლინდა გინგივიტი და პირის ღრუში არსებული აბსცესები, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა.

მუცლის ღრუს ულტრასნოგრაფიული და კონტრასტული რენტგენოლოგიური კვლევების, აგრეთვე კლინიკური სიმპტომების საფუძველზე, თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი წვრილი ნაწლავის ობსტრუქციაზე. ამის გამოსარიცხად პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური ლაპარატომია, რომელმაც ნაწლავებში უცხო სხეული არ დაადასტურა.
ანესთეზიის ქვეშ პარალელურად ჩატარდა კბილების სანაცია და ექსტრაქცია, რომელიც ვეტერინარიუმის სტომატოლოგმა ბარბარე ქურციკიძემ გააკეთა.

მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევის შედეგად, ნუცა ბესაშვილმა გამოავლინა:

  • ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება)
  • ნაღვლის ბუშტში სედიმენტი (ნალექი)
  • დუოდენიტი (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება)

ვეტერინარიუმის ლაბორატორიაში ჩატარებულმა სისხლის საერთო ანალიზმა (მორფოლოგიით) და ბიოქიმიურმა გამოკვლევამ დაადასტურა პანკრეატიტიც.

მოცემული გამოკვლევებისა და კლინიკური ნიშნების საფუძველზე პაციენტის მიღებიდან დაახლოებით 4 დღეში ნუცა ბესაშვილმა კოტეს ტრიადიტის დიაგნოზი დაუდგინა.

ტრიადიტი კატების მულტიორგანული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ერთდროულად მოიცავს: ეგზოკრინული პანკრეასის ანთებას, სანაღვლე გზების ანთებას (ქოლანგიტს) და წვრილი ნაწლავის ანთებას (ენტერიტს).

ეს მდგომარეობა კატებისთვის უნიკალურია მათი ანატომიური თავისებურებების გამო: კატების უმრავლეს ნაწილში ნაღვლის მთავარი სადინარი და პანკრეასის სადინარი ერთმანეთს უერთდება და ერთად იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავში. სწორედ ამიტომ ანთებითი პროცესი მარტივად ვრცელდება ერთი ორგანოდან მეორეზე. ბოლოდროინდელი ჰისტოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ კატების ამგვარი ანატომიური თავისებურება და მათში ტრიადიტის მიმდინარეობა ერთმანეთთან მჭიდრო კორელაციაშია.

ტრიადიტის ზუსტი ეტიოლოგია ბოლომდე გარკვეული არ არის. შესაძლო მიზეზებია:

  • იმუნო-განპირობებული პროცესები
  • ბაქტერიული ინფექცია

კოტეს შემთხვევაში მიზეზად სავარაუდოდ სწორედ ბაქტერიული ინფექცია განიხილებოდა, რადგან მანამდე მსგავსი სიპმტომები არ აღენიშნებოდა და შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შემდეგ მალევე ჰქონდა პროგრესი.

კოტეს რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა ინტენსიური ღებინება, უმადობა და ლეთარგია, რის გამოც ის რამდენიმე დღე დარჩა კლინიკის დღის სტაციონარში მონიტორინგისა და ინტენსიური თერაპიისთვის. პაციენტის გამო ნუცა ბესაშვილი თავის არასამუშაო დღეებშიც მოდიოდა კლინიკაში და კოტეს მეთვალყურეობდა.

ღებინება იმდენად ინტენსიური იყო, რომ მასზე არ მოქმედებდა ცალკეული ანტიემეტიკური (ღებინების საწინააღმდეგო) პრეპარატები. ამიტომ ნუცა ბესაშვილი იყენებდა მაროპიტანტისა და ონდასეტრონის კომბინაციას და დღის განმავლობაში ინფუზიოთერაპიას.

ბაქტერიული ტრიადიტის ყველაზე ხშირი გამომწვევების E. coli-სა და Enterococcus spp.-ის გათვალისწინებით, ანტიბიოტიკოთერაპიად შეირჩა ამოქსიკლავი. ქოლანგიტის მართვისათვის დაენიშნა ურსოდეოქსიქოლის მჟავა და ასევე, ნუცამ შეადგინა პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით დასაბალანსებელი დიეტა.

კოტეს კლინიკური მართვის პროცესში ნუცა ბესაშვილს ეხმარებოდნენ ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტი ნინო ყუშიტაშვილი და ვეტერინარი-ასისტენტი მარიამ ბერიშვილი.

სწორი დიაგნოსტირების, მედიკამენტების კომპლექსური შერჩევის, ინტენსიური ინფუზიოთერაპიისა და დროული სათანადო ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შემდეგ კოტემ სწრაფად დაიწყო პროგრესირება. ამჟამად პაციენტი აგრძელებს მისთვის შემუშავებულ დიეტას და ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობას.

Kote1 Kote2 Kote3