ლაშა-გიორგი ჯაფარიძე პროფესიულ გადამზადებას გადის ბოსტონში, აშშ-ში

26 აგვისტო 2025

კლინიკა ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარი და ქირურგიის განყოფილების უფროსი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე პროფესიულ გადამზადებას გადის ბოსტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გადამზადების ხარჯს ფარავს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.

ლაშა-გიორგი მონაწილეობს KYON-ის ინტენსიურ კურსში მენჯ-ბარძაყის სრული ართროპლასტიკის მიმართულებით, რომელიც ტარდება Movora-ს საგანმანათლებლო ცენტრში. ის პირველი მონაწილეა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ რეგიონიდან.

Movora Education არის ვეტერინარული ორთოპედიული განათლების საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სთავაზობს როგორც ონლაინ კურსებს, ასევე პრაქტიკულ (hands-on) ვორქშოფებსა და მენტორობის პროგრამებს. მისი მიზანია ვეტერინართა პრაქტიკული და ქირურგიული უნარების გაძლიერება, განსაკუთრებით ორთოპედიის მიმართულებით (education.movora.com).

კურსი ეხება მენჯ-ბარძაყის სრული ართროპლასტიკის ჩატარებას KYON-ის მაღალტექნოლოგიური სისტემის/იმპლანტის გამოყენებით. ეს ქირურგიული ჩარევა გულისხმობს მენჯის სახსრის დაზიანებული ან დაავადებული სტრუქტურების ჩანაცვლებას იმპლანტით/პროთეზით, რაც უზრუნველყოფს სახსრის ფუნქციის აღდგენას, ტკივილის შემცირებას და პაციენტის მოძრაობის უნარის გაუმჯობესებას ისეთი პათოლოგიების შემთხვევაში, როგორებიცაა მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, ოსტეოართრიტი ან ტრავმით გამოწვეული დეგენერაციული ცვლილებები.

KYON არის წამყვანი შვეიცარიული ვეტერინარული ორთოპედიული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციებით წვრილ ცხოველებში სახსრების პროთეზირებისა და მოტეხილობების მკურნალობის სფეროში. კომპანია შეიქმნა ვეტერინარ ქირურგებსა და ბიომედიცინის ინჟინრებთან მჭიდრო თანამშრომლობით. KYON-მა შეიმუშავა მოწინავე სისტემები, მათ შორის ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული ჩანაცვლების (Z-THR) იმპლანტები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ძაღლებში ართროპლასტიკის პრაქტიკა - იმპლანტის ფიქსაციისა და ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევის შესაძლებლობით, ცემენტის გამოყენების გარეშე.

KYON-ის კურსი, რომელშიც ლაშა-გიორგი იღებს მონაწილეობას, შემუშავებულია გამოცდილი, ინდუსტრიაში წამყვანი ქირურგების მონაწილეობით და მოიცავს:

  • ამომწურავ თეორიულ სალექციო კურსს (21 საათი)
  • პრაქტიკულ სწავლებას ლაბორატორიულ გარემოში (18 საათი)

კურსის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, მონაწილეები KYON-ის ლექტორების ზედამხედველობით სწავლობენ ციურიხის უცემენტო იმპლანტის სწორ გამოყენებას. თავდაპირველად მანიპულაციები სრულდება ხელოვნურ ძვლებზე, შემდეგ კი ოპერაციები კეთდება სხვადასხვა ზომის ცხოველის ლეშზე. ყოველი ოპერაციის შემდეგ ხდება რენტგენის გადაღება, რათა შეფასდეს პროთეზი რამდენად სწორად არის გაკეთებული. სპეციალურ სესიებზე თითოეული რენტგენოგრაფიული გამოსახულება განიხილება ინდივიდუალურად, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს მიიღონ პროფესიული უკუკავშირი მსოფლიოს წამყვანი ქირურგებისგან.

ლაშა-გიორგისთან ერთად კურსს გადის კიდევ 8 ქირურგი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია და სხვა.

პოსტს თან ერთვის ლაშა-გიორგის მიერ შესრულებული პირველი ოპერაციის შედეგის ამსახველი რენტგენოგრაფიული გამოსახულება, ასევე Movora-ს საგანმანათლებლო ცენტრში განთავსებული რუკა, სადაც პირველად აღინიშნა საქართველოს წარმომადგენელი.

აღნიშნული კურსი წარმოადგენს KYON-ის სამეტაპიანი საგანმანათლებლო პროგრამის მეორე მნიშვნელოვან ეტაპს. პროგრამის სრული კურსის დასრულების შემდეგ, ვეტერინარიუმი გახდება რეგიონში პირველი კლინიკა, სადაც შესაძლებელი იქნება KYON-ის მაღალტექნოლოგიური უცემენტო იმპლანტის გამოყენებით მენჯ-ბარძაყის სრული ართროპლასტიკის ჩატარება. ამასთან, ლაშა-გიორგი ჯაფარიძე გახდება რეგიონში პირველი ლიცენზირებული ქირურგი, რომელსაც ამ იმპლანტის გამოყენების უფლება ექნება.

ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვეტერინარული სერვისების ხარისხს საქართველოში, არამედ საქართველოს მიანიჭებს ლიდერის პოზიციას ცხოველთა ორთოპედიის მიმართულებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გარდა ამისა, აღნიშნული ხელს შეუწყობს ვეტერინარული განათლების გაუმჯობესებას და შექმნის მყარ საფუძველს შემდგომი სამეცნიერო კვლევებისათვის.

#Veterinarium #AgrUniVetClinic #AgrUni #veterinary #surgery #implant #Kyon #orthopedics #animals #animalhealth

1 (3) 2 (2) 3 (3) 4 (4) 5 (3)