ლოკის რთული კლინიკური შემთხვევა წარმატებული შედეგით
09 იანვარი 2026
ლოკის რთული კლინიკური შემთხვევა წარმატებული შედეგით.
5 წლის შოტლანდიური კატა, ლოკი, ვეტერინარიუმში მოიყვანეს შემდეგი კლინიკური ნიშნებით: 2 დღის განმავლობაში ღებინება, ლეთარგია და უმადობა. ანამნეზის შეკრების შემდეგ, ფიზიკური გამოკვლევისას კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტმა ნინო ყუშიტაშვილმა შეამჩნია, რომ ფისოს ჰქონდა სისხლიანი შარდი (ჰემატურია).
მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევის შემდეგ, კლინიკის ექოსკოპისტმა ნუცა ბესაშვილმა დაადგინა, რომ ლოკის შარდის ბუშტში იყო დიდი რაოდენობით ნალექი და კენჭი, რაც იწვევდა ობსტრუქციას. ასევე, აღმოჩენილ იქნა ერთ-ერთ თირკმელში შარდის დაგროვება (ჰიდრონეფროზი), რაც გამოწვეული იყო შარდის შეკავებით. იმავე დღეს ლოკის ჩაუყენდა საშარდე კათეტერი და დაიწყო ინფუზიოთერაპია.
მეორე დღეს ჩატარებულმა სისხლის საერთო, ბიოქიმიურმა და ელექტროლიტების ანალიზებმა აჩვენა მძიმე ცვლილებები:
- კრეატინინი: 935 (ნორმის ზედა ზღვარს 6-ჯერ აღემატებოდა)
- შარდოვანა: >50 (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი; იმდენად მაღალი იყო, რომ აპარატმა ზუსტი მონაცემის განსაზღვრა ვერ შეძლო)
- ფოსფორი: >4.84
- ლეიკოციტოზი: 30.7
- ჰიპერკალემია, ჰიპოკალცემია და სხვა ცვლილებები
ანამნეზისა და ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე, თერაპევტმა ნინო ყუშიტაშვილმა ლოკის დაუსვა დიაგნოზი: მე-5 ხარისხის თირკმლის მწვავე დაზიანება (Acute Kidney Injury - AKI). AKI წარმოადგენს კლინიკურ სინდრომს, რომელიც იწვევს თირკმლის ფუნქციის სწრაფ დაქვეითებას. მისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები მოიცავს: ლეთარგიას, მომატებულ წყურვილს, მომატებულ ან დაქვეითებულ შარდვას და სხვა.
ხშირად AKI-ს გამომწვევი მიზეზებია: ტოქსინების მიღება (მაგალითად, შროშანი - კატებში, ყურძენი - ძაღლებში), დეჰიდრატაცია, ინფექციები, შარდის შეკავება, სხვადასხვა ტიპის სიმსივნეები. ლოკის შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზი იყო საშარდე გზების ობსტრუქცია.
ლოკიმ გაიარა 3-დღიანი ინტენსიური მკურნალობა, რაც მოიცავდა ხანგრძლივ ინფუზიურ თერაპიას, ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეტიურ) პრეპარატებს, ანტიბიოტიკოთერაპიას და დამატებით დამხმარე მკურნალობას.
ლოკი ყოველდღიურად დინამიკაში უკეთესდებოდა: დაიწყო ჭამა, გახდა აქტიური, მოვიდა ხასიათზე და უკმაყოფილობას კლინიკის თანამშრომლების მიმართაც გამოხატავდა.
3-დღიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ ლოკის ხელმეორედ ჩაუტარდა ანალიზები, სადაც ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებში იყო, მათ შორის:
- კრეატინინი: 96 (მკურნალობამდე იყო 935)
- შარდოვანა: 10.54 (მკურნალობამდე იყო 50-ზე მეტი)
- ფოსფორი: 1.86 (მკურნალობამდე იყო 4.84)
ამჟამად ლოკი თავს კარგად გრძნობს და სახლში აგრძელებს შარდკენჭოვანი დაავადების შესაბამის მკურნალობას.
მსგავსი სიახლეები
13 იანვარი 2026
აქციას მიუსაფარი ფისოებისათვის
08 იანვარი 2026
რა გაკეთდა ვეტერინარიუმში ბოლო 2 წლის განმავლობაში
22 დეკემბერი 2025
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს ვეტერინარიუმის მიმართულებებს
19 დეკემბერი 2025
ნინო ყუშიტაშვილი და გიორგი ლოლაძე ესტონეთში გაივლიან პროფესიულ გადამზადებას
18 დეკემბერი 2025