მაილოს ამბავი
30 აგვისტო 2025
მაილოს ამბავი - ონკოლოგიური ქირურგიის რთული შემთხვევა ძაღლში.
მაილო 12 წლის მეტისი ძაღლია, რომელიც ვეტერინარიუმში მოიყვანეს მხრის მიდამოში არსებული წანაზარდის გამო. წანაზარდი დიდი ხნის განმავლობაში პროგრესირებდა და ზომაში იზრდებოდა, თუმცა ასაკისა და ქირურგიული ჩარევის სირთულის გამო, რამდენიმე კლინიკამ ოპერაციაზე უარი განაცხადა. დროთა განმავლობაში წანაზარდი იმდენად გაიზარდა, რომ მაილო ვეღარ იყენებდა კიდურს. ძლიერი ტკივილის გამო იგი ინტენსიურად ილოკავდა დაზიანებულ ადგილს, რის შედეგადაც მუდმივად შეუხორცებელი ჭრილობა ჰქონდა.
წინასაანესთეზიო დიაგნოსტიკა
მაილოს ჩაუტარდა სისხლის ლაბორატორიული კვლევები:
- სისხლის საერთო ანალიზი მორფოლოგიით
- ბიოქიმიური პროფილი
- ელექტროლიტების პროფილი
გარდა ამისა, მას გაუკეთდა გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ბრონქებისა და ფილტვების მდგომარეობის შესაფასებლად და მეტასტაზური წარმონაქმნების გამოსარიცხად. ანალოგიური მიზნისათვის ჩატარდა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. გულმკერდში დაფიქსირდა კონსოლიდაციის მცირე უბნები, რაც ანთებით პროცესზე მიუთითებდა, თუმცა თვალით ხილული მეტასტაზები არ გამოვლენილა. მუცლის ღრუში ონკოლოგიური წარმონაქმნები არ დაფიქსირდა, მაგრამ აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის მსუბუქი ინფექცია და ასაკობრივი (გერიატრიული) ცვლილებები შინაგან ორგანოებზე.
ციტოლოგია და დიაგნოზი
წანაზარდიდან ექოსკოპიის კონტროლით აღებული ციტოლოგიური ნიმუშის ანალიზმა, ასევე ოპერაციის მიმდინარეობისას ექოსკოპიის ვიზუალიზაციის საშუალებით დამატებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მაილოს ჰქონდა რბილქსოვილოვანი მაღალდიფერენცირებული სარკომა (STS), რაც წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნეს და რომელიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა.
გულის კვლევა და ანესთეზიოლოგიური რისკები
გულის ექოკარდიოგრაფიამ გამოავლინა მიტრალური სარქვლის ფიბროზული ცვლილებები, მარცხენა წინაგულისა და მარცხენა პარკუჭის დილატაცია, ასევე მარცხენა პარკუჭის დიასტოლური დისფუნქცია. შესაბამისად, პაციენტის საანესთეზიო რისკები მაღალი იყო. დამატებით, მისი საერთო მდგომარეობა მძიმე იყო ქრონიკული ონკოლოგიური ტკივილის გამო, რომელსაც ის დაახლოებით 2 წლის განმავლობაში განიცდიდა.
ხანგრძლივი ტკივილი ცხოველისთვის არა მხოლოდ ძლიერი სტრესის წყაროა, არამედ იწვევს ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროცესების ცვლილებასაც: აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, თირკმელზედა ჯირკვალში იზრდება ნორადრენალინისა და კორტიზოლის სეკრეცია, რაც თავდაცვის მხოლოდ დროებითი მექანიზმია. ქრონიკული ტკივილი კი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვული, იმუნური, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციურ დარღვევას.
სწორედ ამიტომ შეიქმნა ტკივილის შეფასების სისტემები, რადგან თანამედროვე ვეტერინარიაში მკურნალობის გეგმა აუცილებლად უნდა მოიცავდეს ტკივილის მართვას. სხვა შემთხვევაში ცხოველის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს ან გამოჯანმრთელების პერიოდი გახანგრძლივდეს.
ქირურგიული ჩარევა
მიუხედავად მაღალი რისკებისა, რამდენიმე დღეში დაიგეგმა ოპერაცია, ვინაიდან ჩარევის გარეშე პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებოდა. პატრონმა, რომელმაც მანამდე არ იცოდა მაილოს ქრონიკული ონკოლოგიური ტკივილის შესახებ, სრულად გააცნობიერა მდგომარეობის სიმძიმე და თანხმობა განაცხადა ქირურგიულ ჩარევაზე.
მაილოს ჩაუტარდა სიმსივნის რადიკალური რეზექცია წინა კიდურის ამპუტაციით, რომელიც გააკეთა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიული განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. ქირურგიული ჩარევა იყო განსაკუთრებული სირთულის, რადგან წანაზარდი ბეჭის კაუდალური (უკანა) ნაწილიდან ვრცელდებოდა კისრის მეხუთე მალის დონემდე და ჩადიოდა გულმკერდის ძვლამდე. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული საუღლე ვენასთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა სისხლდენის რისკს.
სირთულეს ქმნიდა ისიც, რომ კისრის მიდამოში გადის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სტრუქტურები: საძილე არტერია, ცთომილი ნერვი, სასულე მილი, საყლაპავი მილი და საუღლე ვენა. ამავე რეგიონში მდებარეობს ხორხის შებრუნებული ნერვი, რაც დამატებით ზრდიდა ოპერაციული მანიპულაციის სირთულეს და საჭიროებდა მაქსიმალურ სიფრთხილეს.
მიუხედავად ყველა სირთულისა, ქირურგმა შეძლო ოპერაციის ხარისხიანად და სრულფასოვნად ჩატარება. ანესთეზიის დროს წარმოქმნილი გართულებები წარმატებით მართა კლინიკის ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ.
პოსტოპერაციული პერიოდი და მონიტორინგი
ოპერაციიდან მესამე დღეს მაილო უკვე აქტიურად მოძრაობდა ეზოში და ტკივილი აღარ აწუხებდა. ამჟამად, მისი თერაპიული მკურნალობის კურსი წარმატებით მიმდინარეობს.
იმის გათვალისწინებით, რომ მაილო ონკოლოგიური პაციენტია, ის განსაზღვრული პერიოდულობით ივლის ვეტერინარიუმში მონიტორინგისათვის, რათა დროულად მოხდეს ახალი წარმონაქმნების გამოვლენა. ასევე, ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ დაგეგმილია გულის ხელახალი ულტრაბგერითი კვლევა.


