მაღალი საანესთეზიო რისკის კლინიკური შემთხვევა

17 მარტი 2026

11 წლის ტაქსა, სახელად მარტი, ვეტერინარიუმში კბილების ექსტრაქციის მიზნით მოიყვანეს. 

პაციენტს აღენიშნებოდა გულის მძიმე პათოლოგია - დილატაციური კარდიომიოპათია, ACVIM C3 სტადია, რაც ნიშნავს, რომ გულის სისტოლური და დიასტოლური ფუნქციები მნიშვნელოვნად არის დარღვეული და გულს ჰემოდინამიკის სტაბილურად შენარჩუნება უჭირს.

ასეთ მდგომარეობაში საანესთეზიო რისკი უკიდურესად მაღალია, რადგან ანესთეზიის დროს ჰემოდინამიკური დესტაბილიზაცია შეიძლება ფატალურად დასრულდეს. 

თუმცა მარტის კბილები იმდენად დაზიანებული იყო, რომ ჩამოყალიბდა მტკივნეული აბსცესი, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი გახდა. მდგომარეობას დამატებით ამძიმებდა ისიც, რომ ფრაქციის შემოკლება მხოლოდ 10% იყო, რაც გულის კუმშვადობის კრიტიკულად დაქვეითებას ნიშნავს.

ვეტერინარიუმის ანესთეზიოლოგმა და კარდიოლოგმა ნათია რობაქიძემ დეტალურად შეისწავლა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და შეიმუშავა ინდივიდუალური საანესთეზიო პროტოკოლი, რომელიც მაქსიმალურად იყო მორგებული ასეთ რთულ კარდიოლოგიურ მდგომარეობაზე.

შედეგად, პაციენტის ანესთეზია 2 საათი და 20 წუთი გაგრძელდა ისე, რომ არანაირი გართულება არ განვითარებულა. ოპერაციის განმავლობაში დიდი ძალისხმევის ფასად სტაბილურად შენარჩუნდა არტერიული წნევა, ECG პარამეტრები და გულისცემის სიხშირე.

ეს შემთხვევა ვეტერინარიუმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საანესთეზიო ქეისია. მისი წარმატებით მართვა შესაძლებელი გახდა იმ მიზეზითაც, რომ ანესთეზიოლოგი ნათია რობაქიძე გადამზადებულია ESAVS-ის საერთაშორისოდ აკრედიტებული კარდიოლოგიის პროგრამით, რაც მას საშუალებას აძლევს სიღრმისეულად გააანალიზოს როგორც ანესთეზიური, ისე კარდიოლოგიური პროცესები.

სტომატოლოგიური პროცედურების წარმატებით ჩასატარებლად ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტისა და სტომატოლოგის ბარბარე ქურციკიძის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე ჩატარდა ყბის რენტგენოგრაფია, რათა ზუსტად იდენტიფიცირებულიყო ინფიცირებული და ამოსაღები კბილები. შედეგად, მარტის ჩაუტარდა კბილების ექსტრაქცია და პირის ღრუს სანაცია.

Taqsa1 Taqsa2 Taqsa3