„მდგრადი ტყის ბიომრავალფეროვნების მართვა სამხრეთ კავკასიაში“

22 სექტემბერი 2014

22 სექტემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის ინიციატივით გაიხსნა საერთაშორისო საველე სკოლა მეტყევეობაში „მდგრადი ტყის ბიომრავალფეროვნების მართვა სამხრეთ კავკასიაში“.

პროექტის დამფინანსებელია ფოლკსვაგენის ფონდი (გერმანია), ხოლო პარტნიორი - დრეზდენის უნივერსიტეტი.

პროექტში მონაწილეობენ პროფესორები და სტუდენტები მსოფლიოს 8 ქვეყნიდან: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სატყეო ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე პროფესორები და სტუდენტები გერმანიის დრეზდენის უნივერსიტეტიდან, ავსტრიის ბოკუს უნივერსიტეტიდან, კიევის აგრარული უნივერსიტეტიდან, ანკარის უნივერსიტეტიდან, ყირგიზეთის აგრარული უნივერსიტეტიდან, უზბეკეთის აგრარული უნივერსიტეტიდან, ერევნის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტიდან, აზერბაიჯანის აგრარული უნივერსიტეტიდან.

მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორები უცხოეთიდან: პროფ. ვინფრიდ ბლუმი (ავსტრია, ბოკუს უნივერსიტეტი) და პროფ. პეტერ შმიდტი (გერმანია, დრეზდენის უნივერსიტეტი).

პროექტის მთავარი მიზანია მეტყევეობაში ახალგაზრდა მეტყევეების ცოდნის ამაღლება და დარგში უახლესი ტენდეციების გაზიარება.

სტუმრებს მიესალმნენ და წარმატებული საქმიანობა უსურვეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს აპარატის უფროსმა დავით ენდელაძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მრჩეველმა ლერი ჭოჭუამ, აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა თენგიზ ურუშაძემ.

გარდა ლექციებისა დაგეგმილია საველე გასვლები ლაგოდეხის, ბორჯომ-ხარაგოულის, კოლხეთის, მტირალას ეროვნულ პარკებში, აჯამეთის აღკვეთილში, სტეფანწმინდს, ბაკურიანის და გონიოს მიდამოებში.​

მსგავსი სიახლეები