მინიატურულ ჯიშებში ქირურგიული ჩარევა TPLO წარმატებით განხორციელდა

02 აგვისტო 2025

მინიატურულ ჯიშებში ქირურგიული ჩარევა TPLO წარმატებით განხორციელდა.

მინიატურული ჯიშებისთვის TPLO ოპერაციის გაკეთება განსაკუთრებულ სიზუსტესა და სიფრთხილეს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მისი წარმატებით განხორციელება ხარისხიანი გამოცდილებისა და ტექნოლოგიური მხარდაჭერის შერწყმას საჭიროებს.

ივლისის თვეში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში TPLO ოპერაცია ჩაუტარდათ ორ მინიატურული ჯიშის პაციენტს: მინი პუდელს, ფილიპს და ბიშონ ფრიზის, მოლის.

ფილიპს დაუდგინდა წინა ჯვარედინი იოგის (cranial cruciate ligament) ნაწილობრივი გაწყვეტა – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ორთოპედიული პრობლემა ძაღლებში. მას აღენიშნებოდა მესამე ხარისხის კოჭლობა.

მოლის შემთხვევაში დიაგნოზი იყო წინა ჯვარედინი იოგის ბილატერალური სრული გაწყვეტა, რის გამოც უკანა კიდურებით ვერ გადაადგილდებოდა.
წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მკურნალობის მეთოდად ითვლება ქირურგიული ჩარევა – დიდი წვივის ნიველირებადი ოსტეოტომია (TPLO – Tibial Plateau Levelling Osteotomy). ეს მეთოდი საერთაშორისოდ ოქროს სტანდარტად არის აღიარებული და ხასიათდება მაღალი (90-95%) წარმატების მაჩვენებლით. იგი ძაღლს სრულფასოვან მოძრაობის ფუნქციას უბრუნებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. მიუხედავად ამისა, მინიატურულ ჯიშებში TPLO საჭიროებს განსაკუთრებულ სიზუსტესა და სკრუპულოზურ წინასაოპერაციო დაგეგმვას.

ვეტერინარიუმში ოპერაციის დასაგეგმად კლინიკის მთავარი ვეტერინარი და ქირურგიის განყოფილების უფროსი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე იყენებს ლიცენზირებულ პროგრამას – vPOP PRO (Veterinary Preoperative Orthopaedic Planning). ეს არის მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა ვეტერინარული ორთოპედიული ოპერაციების წინასაოპერაციო დაგეგმისთვის. იგი საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს მოტეხილობების ხასიათი, ძვლების ზომები, შეირჩეს ოპტიმალური იმპლანტები და წინასწარ შეფასდეს ოპერაციის სავარაუდო შედეგები.

ფილიპსა და მოლის ჩაუტარდათ შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები:

  • რენტგენოგრაფია
  • ლაბორატორიული ანალიზები – სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, ელექტროლიტების ანალიზი
  • გულის ულტრასონოგრაფია

ლაბორატორიული და რადიოლოგიური დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ოპერაციის დაგეგმვისას, ისე ანესთეზიის უსაფრთხო მართვისთვის.

ორივე პაციენტს ჩაუტარდა TPLO ქირურგიული ჩარევა ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, რომელსაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ამ მიმართულებით სპეციალიზებულ გადამზადება (Advanced TPLO – The Next Level) აქვს გავლილი ბულგარეთში. ლაშა-გიორგი ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს. ასევე, ის არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი.

ანესთეზიის პროცესი წარმატებით წარმართა ნათია რობაქიძემ, რომელსაც ანესთეზიის მიმართულებით სპეციალიზებული გადამზადება აქვს გავლილი პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.

ორივე პაციენტის რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. ფილიპს აღენიშნება მოძრაობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, ხოლო მოლის უკვე შეუძლია გადაადგილება უკანა კიდურებით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ოპერაცია მეორე კიდურზეც, რადგან მოლის ბილატერალური (ორივე კიდურის) სრული გაწყვეტა ჰქონდა და თავდაპირველად ოპერაცია მხოლოდ ერთ კიდურზე ჩაუტარდა.

TPLO 1 TPLO 2 TPLO 3 TPLO 4