მინიატურულ ჯიშებში ქირურგიული ჩარევა TPLO წარმატებით განხორციელდა
17 ნოემბერი 2025
მინიატურულ ჯიშებში ქირურგიული ჩარევა TPLO წარმატებით განხორციელდა.
მინიატურული ჯიშებისთვის TPLO ოპერაციის გაკეთება განსაკუთრებულ სიზუსტესა და სიფრთხილეს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მისი წარმატებით განხორციელება ხარისხიანი გამოცდილებისა და ტექნოლოგიური მხარდაჭერის შერწყმას საჭიროებს.
სექტემბრის თვეში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში TPLO ოპერაცია ჩაუტარდათ ორ მინიატურული ჯიშის პაციენტს: იორკშირ-ტერიერს მარლი და ჩიხუახუა კოკოს.
ორივეს დაუდგინდა წინა ჯვარედინი იოგის (cranial cruciate ligament) სრული გაწყვეტა - ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ორთოპედიული პრობლემა ძაღლებში. მათ აღენიშნებოდათ მე-5 ხარისხის კოჭლობა, რაც ნიშნავს რომ ფაქტობრივად ვეღარ იყენებდნენ კიდურს.
წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მკურნალობის მეთოდად ითვლება ქირურგიული ჩარევა - დიდი წვივის ნიველირებადი ოსტეოტომია (TPLO - Tibial Plateau Levelling Osteotomy). ეს მეთოდი საერთაშორისოდ ოქროს სტანდარტად არის აღიარებული და ხასიათდება მაღალი (90-95%) წარმატების მაჩვენებლით. იგი ძაღლს სრულფასოვან მოძრაობის ფუნქციას უბრუნებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. მიუხედავად ამისა, მინიატურულ ჯიშებში TPLO საჭიროებს განსაკუთრებულ სიზუსტესა და სკრუპულოზურ წინასაოპერაციო დაგეგმვას.
ვეტერინარიუმში ოპერაციის დასაგეგმად კლინიკის მთავარი ვეტერინარი და ქირურგიის განყოფილების უფროსი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე იყენებს ლიცენზირებულ პროგრამას - vPOP PRO (Veterinary Preoperative Orthopaedic Planning). ეს არის მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა ვეტერინარული ორთოპედიული ოპერაციების წინასაოპერაციო დაგეგმისთვის. იგი საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს მოტეხილობების ხასიათი, ძვლების ზომები, შეირჩეს ოპტიმალური იმპლანტები და წინასწარ შეფასდეს ოპერაციის სავარაუდო შედეგები.
კოკოს და მარლის ჩაუტარდათ შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები:
- რენტგენოგრაფია
- ლაბორატორიული ანალიზები (სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, ელექტროლიტების ანალიზი)
- გულის ულტრასონოგრაფია
ლაბორატორიული და რადიოლოგიური დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ოპერაციის დაგეგმვისას, ისე ანესთეზიის უსაფრთხო მართვისთვის.
ორივე პაციენტს ჩაუტარდა TPLO ქირურგიული ჩარევა ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, რომელსაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ამ მიმართულებით სპეციალიზებულ გადამზადება (Advanced TPLO - The Next Level) აქვს გავლილი ბულგარეთში. ლაშა-გიორგი ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს. ასევე, ის არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი.
ქირურგს ასისტირებას უწევდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტები ლუკა ღლონტი და მარი კაპანაძე.
ანესთეზიის პროცესი წარმატებით წარმართა ნათია რობაქიძემ, რომელსაც ანესთეზიის მიმართულებით სპეციალიზებული გადამზადება აქვს გავლილი პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.
ორივე პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით წარიმართა.
მსგავსი სიახლეები
11 ნოემბერი 2025
ელენე ცხვარაძე სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში
05 ნოემბერი 2025
იზის ისტორია
28 ოქტომბერი 2025
ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების სისტემა უკვე ვეტერინარიუმში
25 ოქტომბერი 2025
მსოფლიოში აღიარებული ვეტერინარული ქირურგიული ინსტრუმენტები პირველად საქართველოში
23 ოქტომბერი 2025