მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის სტატია

23 დეკემბერი 2019

აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევის შედეგები დაიბეჭდა ერთ-ერთ პოპულარულ ბრიტანულ ჟურნალში MITOCHONDRIAL DNA PART B 2019, VOL. 4, NO. 2, 4006–4009; გამომცემლობა Taylor & Francis Online.

Impact Factor (2017-2018) 0.925. გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 12 ნოემბერი.

სტატიის სათაურია: Georgian cattle, sheep, goats: are they of Near-Eastern origins?

ქართული ძროხა, ცხვარი, თხა: ახლო აღმოსავლური წარმოშობისანი არიან?

ავტორები: ნანა კუნელაური, მარი გოგნიაშვილი, ვაჟა ტაბიძე, გივი ბასილაძე და თენგის ბერიძე. 

საქართველოს სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებაში მეცხოველეობას უძველესი დროიდან წამყვანი ადგილი ეკავა და ამ დარგის განვითარების ისტორია უშუალოდ არის დაკავშირებული ქართველური ტომების სულიერ და მატერიალურ კულტურასთან. შინაურ ცხოველთა (ძროხა, ცხვარი, თხა) გენეტიკური ისტორია ადამიანთა მიგრაციის სარკისებური ასახვაა. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე დნმ-ის ანალიზზე დამყარებული ცოცხალ ორგანიზმთა სისტემატიკის შემსწავლელი მრავალი მეთოდი იქნა შემუშავებული. ამ თვალსაზრისით მიტოქონდრიული დნმ-ის სეკვენირება ფილოგენეტიკურ კვლევებში მეტად ეფექტურ მიდგომას წარმოადგენს. უფრო მეტიც, უჯრედის ორგანელათა გენომები ევოლუციის პროცესების რეკონსტრუქციის დროს ზოგჯერ უფრო მეტად ინფორმატულნი არიან, ვიდრე ბირთვული მარკერები. მიტოქონდრიული დნმ-ის თანმიმდევრობათა შედარებითი შესწავლის მეთოდი წარმატებით იქნა გამოყენებული ცოცხალ ორგანიზმთა დომესტიკაციის პროცესების შესასწავლად.

საქართველოში პირველად ჩატარებული მოლეკულური ბიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის ძირითად პრინციპებზე დაფუძვნებული კვლევები არკვევენ ქართულ შინაურ ცხოველთა (ძროხა, ცხვარი, თხა) შესაძლო წარმოშობისა და მიგრაციის საკითხებს. უნდა ვიფიქროთ, რომ მსგავსი კვლევები მომავალში ნათელს მოჰფენს მათ როლს მსოფლიო მეცხოველეობის ისტორიაში.

კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ზოგიერთი ქართული შინაური ცხოველის (ძროხა, თხა, ცხვარი) მიტოქონდრიული დნმ-ის D მარყუჟის ცვალებადი რეგიონის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის დადგენა, აგრეთვე მათ ფილოგენეტიკური პოზიციის განსაზღვრა შინაური ცხოველების მსოფლიო ანაკრებში. კვლევა წარმოადგენს ქართული შინაური ცხოველების მოლეკულურ-გენეტიკური შესწავლის პირველი მცდელობას. ქართული მთის ძროხა, ქართული (მეგრული) თხა, ქართული (იმერული და თუშური) ცხვრის მიტოგენომი ფილოგენეტიკურად ახლო აღმოსავლეთის ცხოველებთან სიახლოვეს ჯგუფდებიან.

 

მსგავსი სიახლეები