მომოს წარმატების ისტორია

24 მაისი 2025

ვეტერინარული ორთოპედიის ოქროს სტანდარტი TPLO და განსაკუთრებული ანესთეზიური ზრუნვა Veterinarium-ში: მომოს წარმატების ისტორია

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ჩვენს პაციენტზე, კანე კორსოზე სახელად მომო, რომელსაც დაუდგინდა წინა ჯვარედინი იოგის (cranial cruciate ligament) არასრული გაწყვეტა – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ორთოპედიული პრობლემა ძაღლებში. შედეგად, მას აღენიშნებოდა მეოთხე ხარისხის კოჭლობა.

რამდენიმე თვის წინ, მომოს ჩაუტარდა დიდი წვივის ნიველირებადი ოსტეოტომია (Tibial Plateau Levelling Osteotomy – TPLO), რომელიც მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მეთოდად წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების ქირურგიული მკურნალობისთვის. ეს მეთოდი აღიარებულია საერთაშორისო ოქროს სტანდარტად და ხასიათდება მაღალი (90-95%) და ხანგრძლივი კეთილსაიმედო შედეგებით, რაც ძაღლს სრულფასოვან მოძრაობით ფუნქციებს უბრუნებს და ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

მომოს რეაბილიტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს. მას უკვე აღენიშნება მოძრაობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ყოველდღიურ აქტივობაში.

ოპერაცია ჩატარდა კლინიკა Veterinarium-ის მთავარი ვეტერინარისა და ქირურგიის განყოფილების უფროსის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, რომელმაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიარა სპეციალიზებული ტრენინგი ბულგარეთში, TPLO-ს მიმართულებით (Advanced TPLO – The Next Level). ლაშა-გიორგი ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს და არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი. ქირურგის ასისტენტები იყვნენ მარი კაპანაძე და ლუკა ღლონტი.

ქირურგიული სიზუსტის გარდა, ამგვარი რთული ოპერაციის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული ანესთეზიის დეტალებზე ორიენტირებულ და მაღალპროფესიულ მართვაზე. ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენი კვალიფიციური ანესთეზიოლოგის ნათია რობაქიძის მიერ გაწეულ განსაკუთრებულ ზრუნვაზე. ნათიას დიდი პრაქტიკული გამოცდილება და სპეციალიზებული მომზადება პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში უზრუნველყოფს, რომ მის მიერ შემუშავებული ყოველი ანესთეზიური პროტოკოლი მაქსიმალურად მორგებული იყოს პაციენტის უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

Momo1 Momo2 Momo3 Momo5