მძიმე სტომატიტი მეინ კუნში

08 თებერვალი 2026

მძიმე სტომატიტი მეინ კუნში

მეინ კუნს სახელად ვენომს დაუდგინდა მძიმე სტომატიტი. კლინიკაში მოყვანის დროს პირის ღრუში აღინიშნებოდა ანთებითი პროცესი, ძლიერი ტკივილი და ჩირქოვანი გამონადენი, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა კვებას და ფისოს ზოგად მდგომარეობას.

კლინიკური მდგომარეობისა და ტკივილის ინტენსივობის გათვალისწინებით მიღებულ იქნაგადაწყვეტილება ქირურგიული ჩარევის შესახებ. ვენომს ჩაუტარდა კბილების ექსტრაქცია და პირის ღრუს სანაცია.

ინფიცირებული კბილების ექსტრაქცია და პირის ღრუს სანაცია სტომატიტის მართვის უმნიშვნელოვანესი ეტაპებია, რადგან დაზიანებული კბილები და ინფიცირებული ქსოვილები მუდმივ ინფექციის კერას წარმოადგენს და ხელს უშლის ანთებითი პროცესის ჩაცხრობას. მათი მოცილება მნიშვნელოვნად ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას პირის ღრუში, ამსუბუქებს ტკივილს და ქმნის პირობებს პირის ღრუს ქსოვილების ეფექტური შეხორცებისა და სტაბილური რეაბილიტაციისთვის, ასევე ამცირებს რეციდივის განვითარების რისკს.

კატის სტომატიტის მკურნალობისას მნიშვნელოვანია მოლოდინების სწორად შეფასება. შედეგი დაუყოვნებლივ არ დგება. რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო იყოს დაახლოებით 3 თვე, რათა ნაკერები სრულად გაიწოვოს და ანთებითი პროცესი საბოლოოდ ჩაცხრეს. ეს ხანგრძლივი, მაგრამ პროგრესირებადი პროცესია, რომელიც რეგულარულ დაკვირვებასა და მოთმინებას მოითხოვს.

ვენომი ამ ეტაპზე გადის რეაბილიტაციის პერიოდს. უკვე აღინიშნება დადებითი დინამიკა დამდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ დროა საჭირო.

კბილების ექსტრაქცია და პირის ღრუს სანაცია გააკეთა ვეტერინარმა ბარბარე ქურციკიძემ, ხოლო ანესთეზიის უსაფრთხო და კონტროლირებად პროცესზე იზრუნა ნათია რობაქიძემ.

Kata1 Kata2 Kata3