პროექტი - აგრარული სამუშოების გავლენა ნიადაგის მიკრო-ართროპოდების არასამიზნე ფაუნაზე

20 თებერვალი 2020

პროექტის სახელწოდება: აგრარული სამუშოების გავლენა ნიადაგის მიკრო-ართროპოდების არასამიზნე ფაუნაზე

პროექტის ხელმძღვანელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მაკა მურვანიძე

პროექტის ბიუჯეტი: 205 586 ლარი

მოკლე ანოტაცია: უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სინთეზური პესტიციდების გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავდროულად სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ორგანულ აგროწარმოებას და აგროეკოსისტემებს, რომელთა მთავარი მიზანია შემცირდეს პესტიციდების გამოყენება სოფლის მეურნეობაში და უპირატესობა ალტერნატიულ მეთოდებს მიენიჭოს. სისტემური პესტიციდების გამოყენება სოფლის მეურნეობაში საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, თუმცა კვლევები არასამიზნე ფაუნის სიკვდილიანობის შესახებ შეწამლულ ძალიან მწირია. მექანიკური დარღვევები, როგორიცაა ღრმა მოხვნა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად ნეგატიურ ეფექტს ახდენს ნიადაგის უხერხემლოთა ფაუნაზე, ვიდრე პესტიციდები. ნიადაგებში მიმდინარე ბიოლოგიური აქტივობის ხანგრძლივ კლებას მისი ნაყოფიერების კლება და შემდგომში ეროზია მოსდევს რაც ნიადაგის ფუნქციონირების სრულ მოშლას ნიშნავს. ნიადაგის ბინადარი ტკიპები და კუდფეხებინიადაგის კვებითი ქსელების მნიშვნელოვანი კომპონენტია და დიდ როლს ასრულებენ ნიადაგის სისტემების ფუნქციონირებაში (Coleman et al., 2004). იმის გამო, რომ ნიადაგის დარღვევასთან ერთად იცვლება მათი თანასაზოგადოებების სტრუქტურა და დასახლების სიმჭიდროვე, ტკიპები და კუდფეხები ხშირად გამოიყენებიან როგორც ნიადაგის/გარემოს შეფასების ინდიკატორები თითქმის ყველა ადრე ჩატარებული კვლევა, რომელიც ეხებოდა ნიადაგის არასამიზნე ფაუნაზე შემაწუხებელი ფაქტორების გავლენის შესწავლას დაფუძნებული იყო ექსპერიმენტის აგრარულ ფართობზე ან ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებაზე. აღნიშნულისგან განსხვავებით, იმისათვის რომ განვსაზღვროთ მექანიკური შეწუხების და ქიმიკატების ეფექტი ნიადაგის ფაუნაზე, ჩვენს მიერ დაგეგმილია ექსპერიმენტის განხორციელება ბუნებრივ მდელოებზე რომლებიც არ ყოფილა აღნიშნული ფაქტორების გავლენის ქვეშ. შესაბამისად, ექსპერიმენტი საშუალებას მოგვცემს ცხადად განსვსაზღვროთ ცალკეული შემაწუხებელი ფაქტორების დამოუკიდებელი და ერთობლივი ეფექტი ნიადაგის უხერხემლოების არასამიზნე ფაუნაზე. წარმოდგენილი კვლევის მთავარი მიზანია გამოკვლეული იქნეს ფართო მოქმედების მქონე ინსექტიციდ/ჰერბიციდების და ღრმა მოხვნის გავლენა ნიადაგის არასამიზნე ფაუნაზე, კერძოდ ისეთ დომინანტ ართროპოდებზე, როგორებიცაა ჯავშნიანი და გამაზიდური ტკიპები და კუდფეხები. პროექტის ამოცანებია: 1. ტკიპებისა და კუდფეხების მრავალფეროვნების ცვლილებების შეფასება შემაწუხებელი ფაქტორების გავლენის საპასუხოდ 2. ტკიპებისა და კუდფეხების ტაქსონების დასახლების საერთო სიმჭიდროვის და შეფარდებითი რიცხოვნობის შეფასება შემაწუხებელი ფაქტორების გავლენის საპასუხოდ 3. ნიადაგის ბინადარი რედუცენტი მიკროართროპოდების მიერ ორგანული მასის დაშლის სისწრაფის და ეფექტურობის შეფასება სინჯებში ნახშირბად/აზოტის კონცენტრაციის დადგენის საშუალებით მიღებული შედეგების მიხედვით შეგვეძლება რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების სახით აგრარული სტრატეგიების გაუმჯობესების მიზნით. კვლევის შედეგები გამოქვეყნდება რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალ(ებ)ში (სტატია(ები)) და მოხსენებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე. სხვადასხვა სამთავრობო (მაგ. სურსათის ეროვნული სააგენტო) და არასამთავრობო ორგანიზაციები (მაგ. საქართვევლოს აგრარიკოსთა მოძრაობა) დაგვეხმარებიან პროექტის შედეგების დისემინაციაში ფერმერებისთვის. აღნიშნული მიიღწევა პირადი შეხვედრებით და კორესპონდენციით ზემოთაღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შედეგებს პრაქტიკულად გამოიყენებენ ფერმერები, რაც ხელს შეუწყობს ორგანული მეურნეობების განვითარებას. პროექტის შედეგების ჩართვა შესაძლებელია საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დარგის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების სილაბუსებში, როგორც კონკეტული შემთხვევის ანალიზი.

მსგავსი სიახლეები