პროექტი - ბაქტერიული სიდამწვრის (Erwinia amylovora) გავრცელება, დახასიათება და კონტროლი: ხეხილის ბაღების ახალი გამანადგურებელი დაავადება საქართველოში
20 თებერვალი 2020
პროექტის სახელწოდება: ბაქტერიული სიდამწვრის (Erwinia amylovora) გავრცელება, დახასიათება და კონტროლი: ხეხილის ბაღების ახალი გამანადგურებელი დაავადება საქართველოში
პროექტის ხელმძღვანელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ სადუნიშვილი
პროექტის ბიუჯეტი: 239 000 ლარი
მოკლე ანოტაცია: მცენარეთა მასალით ვაჭრობამ, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ცვლილებებმა და გლობალურმა დათბობამ გავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით ხეხილზე, ბაქტერიული დაავადებების გავრცელების სასარგებლოდ. ხეხილის დაავადებებს შორის თავისი მავნეობით ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრე გამოირჩევა, რომელიც ვარდისებრთა ოჯახში შემავალ 180-მდე მცენარეს აზიანებს. დაავადება პირველად შემჩნეული იქნა ნიუ-იორკის შტატში, საიდანაც იგი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ჩრდილოეთ ამერიკაში ამ დაავადებით გამოწვეული ზარალი წელიწადში 100 მილიონი დოლარია. ეკონომიკური ზარალი არა მარტო მოსავლის დანაკარგში გამოიხატება, არამედ ამ დროს იქმნება მთლიანი ხეხილის ბაღის მოსპობის საშიშროება. ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრე ქართლში გამოჩენისთანავე სწრაფად გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე აღმოსავლეთ რაიონამდე კახეთში და დასავლეთ საქართველოშიც - იმერეთი. E. amylovora გამოჩენა უაღრესად საგანგაშოა საქართველოსათვის და დიდი გამოწვევა ქვეყნის ეკონომოკისათვის ხეხილის ბაღების სწრაფი განადგურების რეალური საშიშროების გამო. აქტუალობასთან ერთად აღსანიშნავია მეცნიერული სიახლე - საქართველოში ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრე და მისი გამომწვევი პათოგენის შესწავლა არასოდეს ჩატარებულა. პროექტის მიზანია: აღმოსავლეთ საქართველოში ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრის გავრცელების შესწავლა, გამომწვევი ბაქტერია Erwinia amylovora-ს გამოვლენა და დახასიათება, მიკრობანტაგონისტების შერჩევა პროექტი ინტერდისციპლინურია და განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობით. ფუნდამენტური კვლევის მოსალოდნელი შედეგები ხასიათდება მეცნიერული სიახლით და მნიშვნელობით: პირველად და დეტალურად იქნება შესწავლილი საქართველოში ხეხილის (ვაშლი, მსხალი, კომში) ბაქტერიული სიდამწვრის გავრცელება; გამოყოფილი და იდენტიფიცირებული იქნება ბაქტერიული სიდამწვრის გამომწვევი ბაქტრია. პირველად შეიქმნება E. amylovora-ს იზოლატების კოლექცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შემდგომი კვლევებისათვის. ბაქტერიული სიდამწვრის გამომწვევი საქართველოში Erwinia amylovora სრულად იქნება დახასიათებული; დადგენილ იქნება ბიოქიმიური და და ფიზიოლოგიური თვისებები. განხორციელდება E. amylovora-ს ქართული იზოლატების გენეტიკური დახასიათება და მონაცემები გამოყენებულ იქნება წყაროების მიკვლევისა და ეპიდემიოლოგიური შესწავლისათვის. დადგენილ იქნება Erwinia amylovora-ს ანტიბიოტიკების მიმართ დამოკიდებულება. შერჩეული იქნება პათოგენის ანტაგონისტი ბაქტერიები. ბაქტერიული სიდამწვრის კვლევის მსოფლიოში არსებული ჯგუფების ქსელებთან თანამშრომლობით მიიღწევა შესაძლებლობების განვითარება და შემუშავებულ იქნება დაავადების საწინააღმდეგო ქვეყნისათვის ადაპტირებული სტრატეგია. პროექტის მოსალოდნელ შედეგებს აქვს უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა: მიღებული უნიკალური მონაცემები ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრის საქართველოში გავრცელებისა და გამომწვევი საშიში პათოგენის შესახებ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის ამ ვერაგი დაავადების პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების მისაღებად, ხეხილის ბაღების გადასარჩენად სრული განადგურებისაგან. პროექტის შედეგები დაეხმარება საქართველოს მთავრობას ჩამოაყალიბოს ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრის ხანგრძლივმოქმედი ბიომონიტორინგის სტრატეგია; დაამყაროს ქვეყანაში მკაცრი კონტროლი სანერგე მასალის იმპორტსა და გავრცელებაზე.