პროექტი - საქართველოს სხვადასხვა ეკოსისტემიდან იზოლირებული სოკოების ფუნგიციდური პოტენსიალის დადგენა და გაძლიერება

20 თებერვალი 2020

პროექტის სახელწოდება: საქართველოს სხვადასხვა ეკოსისტემიდან იზოლირებული სოკოების ფუნგიციდური პოტენსიალის დადგენა და გაძლიერება

პროექტის ხელმძღვანელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი თამარ ხარძიანი

პროექტის ბიუჯეტი: 209 500

მოკლე ანოტაცია: უკანასკნელ წლებში სინთეზური ფუნგიციდების ინტენსიურმა გამოყენებამ დიდი პრობლემა გამოიწვია, რადგან პათოგენური შტამების მიერ გამომუშავებულ იქნა კომერციული ფუნგიციდების მიმართ რეზისტენტულობა. აგრეთვე ხდება გარემოს დაბინძურება, ვინაიდან ეს პრეპარატები ნაკლებად ექვემდებარებიან დეგრადაციას. ინვაზიური ორგანიზმების ბიოლოგიური კონტროლისთვის ქიმიურად ახალი და ეფექტური ანტიბიოტიკების ბუნებრივი წყაროების მოძიება წარმოადგენს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ გამოწვევას, ხოლო მათი ეფექტური და კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების შემუშავება და წარმოება წარმოადგენს აუცილებლობას. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რათა ჩატარდეს ბაზიდიომიცეტების ტესტირება და დადგინდეს მათი პოტენციური ფუნგიციდური თვისებები:1) ბაზიდიომიცეტები წარმოადგენენ სრულიად ახალი ქიმიური სტრუქტურების, ბიოაქტიური ნაერთების პრაქტიკულად ხელუხლებელ წყაროს; 2) სამედიცინო სოკოებმა უკვე აჩვენეს მათი ეფექტურობა პათოგენური სოკოების მიმართ; 3) სოკოების ბიოაქტიური მეტაბოლიტები შეიძლება ადვილად იქნეს მიღებული გარემოში მოპოვებული და კულტივირებული ნაყოფსხეულებიდან, მიცელიალური ბიომასებიდან და კულტურალური ხსნარებიდან; 4)სოკოების უმრავლესობა არატოქსიკურია და შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მრავალ ნაერთს. პროექტის მთავარი მიზანია შეფასდეს საქართველოს ბაზიდიომიცეტების მრავალფეროვნება და სოკოს მაინჰიბირებელი ფუნგიციდური თვისებები, რათა დაგროვდეს ფუნდამენტური ცოდნა პერსპექტიულ ბაზიდიომიცეტებში ამ თვისებების მარეგულირებელი/გამაძლიერებელი ფაქტორების შესახებ. კვლევა ორგანიზებული იქნება ოთხი ამოცანის ფარგლებში: 1. ახალი ხისდამშლელი და მიწის ბაზიდიომიცეტების გამოყოფა და ტაქსონომიური იდენტიფიკაცია. 2. ბაზიდიომიცეტების სკრინინგი ფიტოპათოგენური და საკვებში მზარდი სოკოების ფუნგიციდური აქტივობების შეფასების მიზნით. 3. შერჩეული სოკოებისთვის ფიზიოლოგიური ფაქტორების დადგენა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ფუნგიციდურ აქტივობებს. 4. ფუნგიციდური ნაერთების საუკეთესო პროდუცენტის კულტივაციის პროცესის დიზაინი ლაბორატორიულ ფერმენტიორში. პირველად იქნება შესწავლილი საქართველოს ეკოსისტემებიდან გამოყოფილი, სხვადასხვა ტაქსონომიური ჯგუფის ბაზიდიომიცებების ფუნგიციდური თვისებები ფიტოპათოგენური და საკვებში მზარდი სოკოების მიმართ, რათა გამოვლენილ იქნას ახალი სტრუქტურებისა და აქტიური მოლეკულების ახალი წყაროები. სხვა კვლევებისგან განსხვავებით, პროექტის ფარგლებში აგრეთვე პირველად იქნება შესწავლილი ბაზიდიომიცეტების ფუნგიციდური აქტივობა სიღრმულ და მყარფაზოვან ფერმენტაციაზე დამოკიდებულებით, იაფი ლიგნოცელულოზური სუბსტრატების გამოყენებით. ინდივიდუალური ბაზიდიომიცეტების და სატესტო სოკოების შერეული კულტივირება იქნება ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია წარმოდგენილ პროექტში. მიღებული ფუნდამენტური მონაცემების ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზა ფუნგიციდური აქტივობების თავისებურებების შესახებ, მნიშვნელოვნად განავითარებს ცოდნას ბაზიდიომიცეტების ფიზიოლოგიაში, ბიოქიმიაში და ბიოტექნოლოგიურ გამოყენებაში.

მსგავსი სიახლეები