პუდელი ჩაპის კლინიკური შემთხვევა
09 თებერვალი 2026
შაქრიანი დიაბეტი ძაღლებში: პუდელი ჩაპის კლინიკური შემთხვევა
7 წლის პუდელი ჩაპი კლინიკა ვეტერინარიუმში მოიყვანეს შემდეგი კლინიკური ნიშნებით: გადაჭარბებული წყურვილი (პოლიდიფსია), გადაჭარბებული შარდვა (პოლიურია) და წონაში კლება.
კლინიკის ფართოპროფილის თერაპევტმა, ნინო ყუშიტაშვილმა ანამნეზის დეტალურად შეკრებისა და ფიზიკური გამოკვლევის შემდეგ გადაწყვიტა ჩაპისთვის ჩაეტარებინა სისხლის საერთო (მორფოლოგიური), ბიოქიმიური, ელექტროლიტების და შარდის ანალიზები.
სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში აღინიშნა გლუკოზის მკვეთრად მომატებული დონე - ჰიპერგლიკემია 32,2 mmol/l (ზედაზღვარი 7,1 mmol/l). პოლიურია/პოლიდიფსიის ფონზე გამოვლინდა ელექტროლიტების დისბალანსიც. შარდის ანალიზში დაფიქსირდა გლუკოზის არსებობა - გლუკოზურია 500 მგ/დლ, მაშინ როდესაც ჯანმრთელ ცხოველში შარდში გლუკოზა საერთოდ არ უნდა აღინიშნებოდეს.
ანამნეზის, კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ჩაპის დაესვა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი.
შაქრიანი დიაბეტი ენდოკრინული (ჰორმონალური) დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე მომატებულია. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს ინსულინის არასაკმარისი გამომუშავებით ან ინსულინის მიმართ ქსოვილების რეზისტენტობით. ცხოველთა უმეტესობაში დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა და სრულად არ იკურნება. დაავადების მართვა მოითხოვს ყოველდღიურ ინსულინის ინექციებსა და შესაბამის დიეტას.
დიაბეტის დიაგნოზი ხშირად რთული მოსასმენია ცხოველის პატრონებისთვის, რადგან დიაბეტიანი ცხოველები საჭიროებენ ყოველდღიურ მოვლას: ინსულინის ინექციებს 12 საათში ერთხელ, სისხლში გლუკოზის დონის რეგულარულ კონტროლს და კვების მკაცრ რეჟიმს.
თერაპევტის შემუშავებული გეგმის მიხედვით, ჩაპის დაუწყეს დიაბეტის მკურნალობა. მას განესაზღვრა ინსულინის საწყისი დოზა; თერაპიის პირველ დღეს ჩაპი იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც ინსულინის ინექციის შემდეგ ყოველ 2 საათში ერთხელ ეზომებოდა სისხლში გლუკოზის დონე (glucose curve/გლუკოზისმრუდი), ასევე დაენიშნა სპეციალური დიეტა. მკურნალობის დაწყებიდან მალევე აღინიშნა დადებითი დინამიკა: პირველივე დღეებში შეუწყდა პოლიურია დაპოლიდიფსია
ინსულინის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩაპის განმეორებით ჩაუტარდა სისხლში გლუკოზის დონის დინამიკური მონიტორინგი განსაზღვრული დროის განმავლობაში (glucose curve). ამ კვლევის დროს ინსულინის ინექციიდან 6 საათში სისხლში გლუკოზის დონე კვლავ არადამაკმაყოფილებელი იყო - 27,5 mmol/l, რის საფუძველზეც ინსულინის დოზა გაიზარდა. ახალი დოზის დანიშვნის დღეს კვლავ ჩატარდა მთელი დღის glucose curve, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა დამაკმაყოფილებელი დინამიკა - 10,1 mmol/l. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ჯანმრთელი ცხოველისთვის მაღალია, დიაბეტიანი ძაღლისთვის უკვე კონტროლირებად და მისაღებ დონედ ითვლება.
ამჟამად ჩაპი აგრძელებს დიაბეტის მართვას სახლის პირობებში, კლინიკისთერაპევტის, ნინო ყუშიტაშვილის მიერ შემუშავებული მკურნალობის გეგმის მიხედვით, რაც მოიცავს ინსულინის ინექციებს 12 საათში ერთხელ და შესაბამის დიეტას. ყოველ 3-4 თვეში ერთხელ ჩაპის ჩაუტარდება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.