ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, ზვიად კაჭარავას წარმატება

09 აგვისტო 2017

აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტთან ერთად ჩატარებული კვლევისთვის, უნივერსიტეტის რექტორმა ვატო ლეჟავამ აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტ ზვიად კაჭარავას გადასცა სერთიფიკატი და გერმანული მხარის მიერ დაწესებული ფულადი პრემია.
 
კვლევა ეხებოდა საწვავი ელემენტებისათვის (Fuel Cell), რომელიც წარმოადგენს ალტერნატიული ენერგიის წყაროს, პოლიმერელექტროლიტური მემბრანების განვითარებას. კვლევა ჩატარდა ქიმიის მიმართულების ასოც. პროფ. გიორგი ტიტვინიძის ჯგუფში.
 
ზვიად კაჭარავამ წარმატებით მოახდინა ერთ-ერთი პერსპექტიული მასალის (პოლისულფონი s360) სინთეზის ოპტიმიზაცია, რამაც ახალი ბიძგი მისცა ამ მიმართულებით კვლევების გააქტიურებას. ამ მსოფლიო მნიშვნელობის კვლევაში აგრარული უნივერსიტეტიც აქტიურად იქნება ჩართული.
 
აღსანიშნავია, რომ მოცემული სამუშაო შევიდა ზვიადის სენიორ პროექტშიც და უახლოეს მომავალში ამ მასალაზე მომზადდება პუბლიკაცია.
 
ზვიად კაჭარავა აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას, მაგისტრატურის პერიოდში მოხდება მისი მივლინება მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტში (შტუტგარტი, გერმანია), ხარჯებს აანაზღაურებს გერმანული მხარე.

მსგავსი სიახლეები