რექსის ამბავი 

31 ივლისი 2025

რექსის ამბავი 

რექსი 12 წლის ჰასკია, რომელსაც კისრის მიდამოში სიმსივნური წარმონაქმნი აღენიშნებოდა. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში მოყვანამდე 3 თვით ადრე, მას სხვა კლინიკაში ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა და სიმსივნური ქსოვილი მოკვეთეს.

პატრონის თქმით, ოპერაციის შემდეგ რექსს დაეწყო წონაში კლება, ფიზიკური აქტივობის აუტანლობა, ქოშინი, გახშირებული წყურვილი და დაღლილობა. მოგვიანებით კი ნაოპერაციებ ადგილას გამოვლინდა რეციდივი, კერძოდ, ჭრილობაზე გაჩნდა სისველე და ჩირქოვანი გამონადენი, რაც მიუთითებდა სიმსივნური ქსოვილის კვლავ ზრდაზე და პოსტოპერაციულ ინფექციაზე. რექსი გახდა უმოძრაო, თითქმის აღარ დგებოდა, უჭირდა დაძინება და დაეწყო ხველაც.

ამ კლინიკური ნიშნებით რექსი ჩვენს კლინიკაში, ვეტერინარიუმში, მოიყვანეს. ანამნეზის შეკრებისა და ფიზიკალური შემოწმების შემდეგ, ვეტერინარიუმში პაციენტს ჩაუტარდა ციტოლოგიური გამოკვლევა კლინიკის ვეტერინარულ კლინიკურ ლაბორატორიაში. ციტოლოგიური კვლევის შედეგი სავარაუდოდ შეესაბამებოდა პოსტინექციურ სარკომას, რომელიც კატებთან შედარებით იშვიათია ძაღლებში. პარალელურად ჩატარდა სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, ელექტროლიტების ანალიზი და გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ გამოავლინა კარდიომეგალია (გულის მოცულობის გადიდება) და ფილტვებში შეგუბებითი პროცესები. კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ, რექსის გაუკეთა გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელმაც დაადასტურა გულის მწვავე უკმარისობა.

ქირურგიული განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, შეაფასა რექსის ჭრილობა, რის შედეგადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის საჭიროებდა გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას.

დროულად დაიწყო ინტენსიური თერაპია რექსის მდგომარეობის დასასტაბილურებლად, რამელსაც მართავდა ნათია რობაქიძე. ინტენსიური თერაპიის შემდეგ, დაიგეგმა ქირურგიული ჩარევა, რომელიც საკმაოდ მაღალი რისკების შემცველი იყო, თუმცა პაციენტის მდგომარეობის სწორად შეფასებისა და სათანადო მკურნალობის შედეგად ანესთეზიის პროცესი წარმატებულად წარიმართა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს დაენიშნა თერაპიული მკურნალობა. მას რეგულარულად უტარდებოდა სისხლის ანალიზები და მუდმივად იმყოფებოდა კლინიკის ვეტერინარის, ნათია რობაქიძის დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ.

დღეს, ოპერაციიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, რექსის მდგომარეობა ძალიან კარგია. ღარ აწუხებს ხველა, სისუსტე ან დაღლილობა, სეირნობს და დაუბრუნდა ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა.

რექსი ვეტერინარიუმში გეგმიურ შემოწმებაზე მოიყვანეს, რომ შეგვეფასებინა მკურნალობის შედეგები. შეფასებამ აჩვენა, რომ კვლევები და მკურნალობა სწორად იყო შერჩეული და შედეგიანად/ეფექტიანად შესრულებული.

მონიტორინგის მიზნით, მას გულის ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური შემდგომი გამოკვლევები ჩაუტარდება 6 თვის შემდეგ.

Რექსი Რექსი2 Რექსი3 Რექსი4