საგრანტო კონკურში გამარჯვებული მორიგი პროექტი

21 დეკემბერი 2016

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა "უცხოურ გენბანკებში დაცულ მცენარეთა ადგილობრივი გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების მოძიება, რეგენერაცია და დახასიათება".
 
ნიადაგურ-კლიმატური პირობების ფართო სპექტრი განაპირობებს საქართველოს კულტურული თუ ველური ფლორის მრავალფეროვნებას. ამასთან საქართველო წარმოადგენს მრავალი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების სხვადასხვა სახეობების წარმოშობის ერთ-ერთ ძირითად კერას. გენეტიკურმა ეროზიამ და სელექციური, მაღალმოსავლიანი ჯიშების გავრცელებამ ხელი შეუწყო ხალხური, ტრადიციული ჯიშების გაქრობას. გასულ საუკუნეში ჩატარებული მრავალრიცხოვანი ექსპედიციების შედეგად შეგროვებული ქართული გენეტიკური მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამადაც დაცულია საერთაშორისო გენბანკებში. პროექტის ფარგლებში იგეგმება საქართველოდან სხვადასხვა პერიოდში გატანილი და უცხოურ გენბანკებში დაცული, მცენარეთა უმნიშვნელოვანეს კულტურათა გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების დაბრუნება, მათი ტაქსონომიური და ჯიშური იდენტიფიკაცია, დახასიათება, შეფასება, რეგენერაცია და კონსერვაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. იდენტიფიცირებული და დახასიათებული მასალა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს აგრარული უნივერსიტეტის გენეტიკური რესურსების ბანკის კოლექციებს. ამასთან, გამრავლებული მასალა და დახასიათების მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მცენარეთა ბიომრავალფეროვნების სფეროში მომუშავე მეცნიერებისა და მცენარეთა სელექციონერებისათვის.
 
პროექტის ბიუჯეტი - 208 880 ლარი.
პროექტის ხელმძღვანელი: აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის (გენბანკის) მენეჯერი მარიამ ბეციაშვილი.

მსგავსი სიახლეები