საგრანტო ხელშეკრულება ფოლკსვაგენის ფონდთან
10 ნოემბერი 2014
7 ნოემბერს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ ხელი მოაწერა გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის მიერ 510 000 ევროთი დაფინანსებული პროექტის „სოფლების საერთო საძოვრების კოლექტიური გამოყენება და კონფლიქტები – შედარებითი კვლევები აზერბაიჯანსა და საქართველოში" - ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
პროექტში კვლევებს ერთობლივად ჩაატარებენ გერმანიის გრაიფსვალდის უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები.
სამუშაოები დაიწყება 2015 წლის 15 თებერვლიდან. ჯგუფში გაერთიანებულია სამი დოქტორანტი, რომლებიც სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან სტიპენდიებით, გერმანიასა და რეგიონებში ხანგრძლივი მივლენებებით, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობით და ა.შ.
პროექტი ფოკუსირებულია მსგავსი ბუნებრივ–კლიმატური პირობების მქონე და ეკოლოგიური პრობლემებით დატვირთულ კახეთსა და აზერბაიჯანის გიანჯის რეგიონზე, სადაც, მსგავსების მიუხედავად, აღინიშნება სოფლების მიმდებარე საძოვართა კოლექტიური გამოყენებისადმი განსხვავებული მიდგომები.
პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ორივე ქვეყანაში საძოვრების რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციასა და მეცხოველეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ზრდას.