საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების ელექტრონული კატალოგი

16 ნოემბერი 2014

13 ნოემბერს ასოციაცია „ელკანა"-მ, საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მომზადდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - "ბიომრავალფეროვნების მართვა სამხრეთ კავკასიაში" - ფარგლებში.

პროექტი მიზანად ისახავდა აგრარული ბიომრავალფეროვნების შესახებ არსებული ცოდნის კონსოლიდაციას, დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მოსაზრებების შეჯერებასა და საზოგადოების ჩართვას ელექტორნული კატალოგის მომზადების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) პროცესში.

ელექტრონული კატალოგის კონცეფცია შეიმუშავა ასოციაცია „ელკანამ", "ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის" პროექტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარულ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მსჯელობებისა და განხილვების საფუძველზე.

კატალოგში გაერთიანებულია კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების 824 აბორიგენული და ასევე ადგილობრივი სელექციური ჯიში. მასალის მომზადებაზე იმუშავეს დარგის სპეციალისტებმა და რეცენზენტებმა. მომზადებული მასალის განხილვები მიმდინარეობდა მრგვალი მაგიდის ფორმატში.

აგრარული ბიომრავალფეროვნების კატალოგი საფუძველს შეუქმნის საკვებისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსების ინვენტარიზაციას, ამ ჯიშების გამოყენების შესახებ კანონმდებლობის შექმნას და გენეტიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების (ABS) შესახებ ბიომრავალფეროვნების კონვენციის ნაგოიას ოქმის რატიფიკაციასა და განხორციელებას.

ადგილობრივი ჯიშების კატალოგს ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის „სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ" 2011 წლის 14 ივლისს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების დანერგვას, ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების გამოვლენისა და ბრენდირების კუთხით.

აღნიშნული შეთანხმება პირველი ამგვარი დოკუმენტია ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის და მისი მიზანია გეოგრაფიული აღნიშვნების ორმხრივი დაცვა, მაღალხარისხოვანი სურსათის საწარმოო ჯაჭვის განვითარებისა და მდგრადი სასოფლო განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრას აგრარული უნივერსიტეტის აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე და აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები