შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში
23 მაისი 2017
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართა შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა ხორციელდება პროექტით განსაზღვრული “ინდუსტრიის ჩართულობის მექანიზმის” (Industry Liaison Mechanism - ILM) ფარგლებში. კომპანიების მონაწილეობა პროფესიული პროგრამების როგორც შემუშავების, ასევე მათი განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია, შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა, პედაგოგებმა და პროექტის წარმომადგენლებმა, ხოლო კერძო სექტორის მხრიდან - ღვინის მწარმოებელი და ვეტერინარული კომპანიების, ასევე, მეცხოველეობის ფერმების წარმომადგენლებმა.
დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის:
- სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომელიც მოიცავს ტრადიციული ღვინის მარნის, მევენახეობა მეღვინეობის აკადემიის და მისი მიმდებარე ტერიტორიის და დასავლეთ საქართველოში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარებულ სარეკონსტრუქციო/სამშენებლო სამუშაოებს;
- მევენახეობა-მეღვინეობის და ვეტერინარიის ლაბორატორიების აღჭურვის და სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით შეძენილი მოწყობილობების და ინვენტარის შესახებ;
- მევენახე-მეღვინის, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის და ფერმერის/აგრობიზნესის მენეჯერის პროფესიული პროგრამების შემუშავების პროცესის შესახებ;
- ინოვაციური - დისტანციური სწავლების ონლაინ პლატფორმის დანერგვის შესახებ.
წარმოდგენილ და განხლულ იქნა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მევენახე-მეღვინის და ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის პროფესიული პროგრამები. გაიმართა დისკუსია ფერმერის/აგრობიზნესის მენეჯერის პროფესიულ პროგრამასთან დაკავშირებითაც.
კომპანიების წრმომადგენლებმა გამოხატეს დიდი ინტერესი, პროგრამაში აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა - ვახტანგ ლეჟავამ და კომპანიების წარმომადგენლებმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების თანამშრომლობას როგორც პროფესიული პროგრამების შემუშავების ეტაპზე, ასევე, სტუდენტთა სტაჟირებას კომპანიებში, სტუდენტების მიერ პრაქტიკული გამოცდილების და სპეციფიური უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლებისთვის.
შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.