სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალემია კატაში

06 აპრილი 2026

სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალემია კატაში - ტომის კლინიკური შემთხვევა. 

შოტლანდიური კატა მეტისი, 4 წლის ტომი, ვეტერინარიუმში ღებინების სიმპტომით მოიყვანეს. ანამნეზის შეგროვების შემდეგ ერთ-ერთ პირველადი დიფერენციალური დიაგნოზი საშარდე გზების ობსტრუქცია (დახშობა) იყო.

ვეტერინარიუმის ჩატარებულმა ულტრასონოგრაფიულმა კვლევამ აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობა დაადასტურა და ამასთანავე შარდის ბუშტში გამოვლინდა დიდი რაოდენობით ნალექი.

ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია, რადგან შარდის შეკავება იწვევს ორგანიზმიდან გამოსაყოფი (ექსკრეციისათვის განკუთვნილი) ტოქსიკური ნივთიერებებისა და ელექტროლიტების სისხლში დაბრუნებას. ამიტომ აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის დროული კორექცია და საშარდე სისტემის ობსტრუქციის დაუყოვნებლივი აღმოფხვრა.

ტომის ელექტროლიტების კვლევამ სიცოცხლისთვის საშიში შედეგები აჩვენა, კერძოდ, კალიუმი იყო  8,5 mmol/l (ნორმა: 3,4-4,6). ჰიპერკალემიის ასეთი მაღალი დონე იწვევს არითმიას და ბრადიკარდიას (გულისცემის შენელებას), რაც ხშირად ფატალურად სრულდება. ბიოქიმიურმა ანალიზმა ასევე აჩვენა თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების (კრეატინინისა და შარდოვანას) მატება სისხლში, რაც მიუთითებდა, რომ შარდის შეკავებამ გამოიწვია თირკმლის მწვავე დაზიანება (AKI) და პოსტ-რენალური აზოტემია. გარდა ამისა, ცხოველს აღენიშნებოდა ჰიპერფოსფატემია და ჰიპოკალცემია.

ტომის მდგომარეობის დასტაბილურების მიზნით დაუყოვნებლივ ჩატარდა საშარდე სისტემის კათეტერიზაცია და დაიწყო ინფუზიური თერაპია ჰიპერკალემიის კორექციისთვის. შარდის ანალიზმა გამოავლინა კრისტალურია - შარდში ნალექის, კერძოდ ტრიპელფოსფატების არსებობა, ასევე ბაქტერიები და ერითროციტები, რაც დამატებით ბაქტერიულ ცისტიტზეც მიუთითებდა.

ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტების, მარიამ ბერიშვილისა და ნინო ყუშიტაშვილის მიერ შემუშავებული სამკურნალო გეგმის შესაბამისად, რამდენიმე დღიანი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ ტომის ელექტროლიტური დისბალანსი და თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდა. თერაპევტებს პაციენტის მკურნალობის პროცესში ასისტირებას უწევდა ვეტერინარი მარიამ კაპანაძე.

ამჟამად ტომი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

Ტომი1 Ტომი2 Ტომი3 Ტომი4