სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის გრანტი

04 ივნისი 2015

საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა, ლიმერიკის უნივერსიტეტთან (ირლანდია) და აგრარული პოლიტიკისა და სოფლის განვითარების ინსტიტუტთან (RAPDI) ერთად მოიპოვა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) გრანტი 350 000 ევროს მოცულობით.

18 თვიანი პროექტი მიზნად ისახავს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) მიზნების განხორცელების ხელშეწყობას აგრარული უმაღლესი და პროფესიული განათლების გაუმჯობესების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე გატანის მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი კვლევები, იგეგმება მეფუტკრეობითა და თხილის წარმოებით დაკავებული ფერმერებისათვის, მათი პროდუქციის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით შესაბამისი საკონსულტაციო სამუშაოების ორგანიზება, ასევე სათანადო მოკლევადიანი პროფესიული კურსების მომზადება-განხორციელება. ამასთან გათვალისწინებულია აგრარული უნივერსიტეტისა და ლიმერიკის უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) პროგრამების შემუშავება.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდება კახა ბენდუქიძის კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში (ოზურგეთი/ანასეული), სადაც უახლოეს მომავალში დასრულდება ინფრასტრუქტურის სრულიად განახლება და თანამედროვე ლაბორატორიების აღჭურვა.

მნიშვნელოვანია რომ პროექტის განხორციელებაში აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებთან, ირლანდიელ პარტნიორებთან, RADPI-ის ექსპერტებთან, ერთად ჩართულნი იქნებიან აგრარული უნივერსიტეტის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები.

მსგავსი სიახლეები