თენგიზ ბერიძის სტატია Genetic Resources and Crop Evolution-ში

14 მარტი 2019

გამომცემლობა Springer-ის ჟურნალში Genetic Resources and Crop Evolution გამოქვეყნდა მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ თენგიზ ბერიძის სტატია - "ხორბლის გამოცანა" და ქართველების გზა კავკასიისკენ.

ხორბალი (Triticum L.) წარმოიშვა ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში დაახლოებით 10,000 წლის წინ და მას შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. "ხორბლის გამოცანა" ეწოდა მოვლენას, რომლის მიხედვითაც ხუთი ქართული კულტურული ენდემური ხორბლის ველური წინამორბედები ნაპოვნია მხოლოდ ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიაზე, საკმაოდ შორს  სამხრეთ კავკასიისგან (Gogniashvili, Beridze, 2015).

მეცნიერთა შორის არსებული კონსენსუსის მიხედვით, თანამედროვე ადამიანი წარმოიშვა აფრიკულ პოპულაციაში დაახლოებით 100,000 - 200,000 წლის წინ. დატოვა აფრიკა დაახლოებით 70,000 წლის წინ და სწრაფად განსახლდა მსოფლიოში.

აფრიკიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე გადმოსვლის შემდეგ თანამედროვე ადამიანის პოპულაცია გაიყო განსახლების ორ ტალღად. პირველი ტალღა ჩამოყალიბდა ავსტრალოაზიელებად და ახალ გვინეელებად, ხოლო მეორე ტალღა საფუძვლად დაედო დღევანდელ ევრაზიელებს.

ცნობილი ლინგვისტის, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრის მარკ პაგელის მიხედვით, ევრაზიული ენების სუპეროჯახი წარმოიშვა საერთო წინაპრისგან დაახლოებით 15,000 წლის წინ და შედგება შვიდი ოჯახისგან. ქართველური ენების ოჯახი ერთ-ერთი მათგანია  (Pagel, 2013).

პროფესორ თენგიზ ბერიძის მიერ მოწოდებულია "ხორბლის გამოცანის" ახსნა, რომლის მიხედვით პროტოქართველურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, მას შემდეგ რაც გადმოვიდნენ აფრიკიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე და გამოცალკევდნენ პროტოევრაზიულ ენაზე მოლაპარაკეთაგან, გადაადგილდნენ მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მიიღეს მონაწილეობა ხორბლის გაშინაურებაში.

ეს ხდებოდა დაახლოებით 12,000 - 10,000 წლის წინ.

შემდგომში  ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებმა მოშინაურებული ხორბლის ქვესახეობებთან ერთად იმოძრავეს ჩრდილოეთით კავკასიისკენ, სადაც ისინი დღესაც ცხოვრობენ.

 

მსგავსი სიახლეები