ტომის ისტორია

25 სექტემბერი 2025

ვეტერინარიუმში 11 თვის იორკშირულ ტერიერს, ტომის, დაუდგინდა ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა, მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კისრის პირველ და მეორე მალებს შორის (C1-C2) არასტაბილურობით და იწვევს ზეწოლას ზურგის ტვინზე და ნევროლოგიურ დარღვევებს.

ვეტერინარიუმში დიდი მნიშვნელობა ექცევა წინასაანესთეზიო შეფასებას. შესაბამისად, ოპერაციამდე პაციენტს ჩაუტარდა:

  • ლაბორატორიული გაკვლევები - სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, ელექტროლიტების ანალიზი
  • გულის ულტრასონოგრაფია
  • გულმკერდის რენტგენი

ანალიზების შედეგები ნორმის ფარგლებში იყო, თუმცა გულის ულტრასონოგრაფიამ გარკვეული ცვლილებები აჩვენა, რომელთა გათვალისწინებითაც შემუშავდა პაციენტზე მორგებული საანესთეზიო პროტოკოლი.

მდგომარეობის სიმძიმის გამო ჩატარდა ქირურგიული ჩარევა. ატლანტო-აქსიალური სახსრის ფიქსაცია განხორციელდა სახსარში გამავალი 2 ხრახნიანი ქირურგიული ჩხირის გამოყენებით, რომლებიც ჩაისვა C1-C2 სახსარში, დამატებით კი კიდევ ერთი ხრახნიანი ქირურგიული ჩხირი განთავსდა აქსისის (C2) კაუდალურ ნაწილში. ფიქსაციის გასაძლიერებლად ქირურგიულ ჩხირებთან ერთად გამოყენებულ იქნა ძვლის ცემენტი.

ოპერაცია განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა პაციენტის უკიდურესად მცირე წონის (1.5 კგ) და კისრის მალების ზომების გამო, რომელიც ყველაზე მოკლე ნაწილში იყო 1.8 მმ, ხოლო ყველაზე მაღალ ნაწილში კი მაქსიმუმ 4 მმ. შესაბამისად, ოპერაცია საჭიროებდა წინასწარ დეტალურ დაგეგმვას, მიკროქირურგიულ ტექნიკას და ოპერაციული პროცესის მაქსიმალურ სიზუსტეს.

მიუხედავად სირთულეებისა, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა ქირურგის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, რომელსაც ასისტენტობას უწევდნენ მარი კაპანაძე და ლუკა ღლონტი. ანესთეზიის დროს წარმოშობილი გართულებები ეფექტურად მართა კლინიკის ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ.

ოპერაციის სირთულისა და ხანგრძლივობის გამო ანესთეზიიდან გამოღვიძებას მეტი დრო დასჭირდა, რის გამოც საჭირო გახდა ინტენსიური პოსტოპერაციული მონიტორინგი. ქირურგი და ანესთეზიოლოგი, კლინიკის სხვა პერსონალთან ერთად, პაციენტთან დარჩნენ დილის 6 საათამდე, რათა უზრუნველეყოთ მისი უსაფრთხო გამოღვიძება, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარიუმში ღამის სტაციონარი არ ფუნქციონირებს.

ტომის რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს, ის თავს გრძნობს კარგად, არის აქტიური და სტაბილური. გულზე აღმოჩენილი ცვლილებების გამო, პაციენტის მდგომარეობას მონიტორინგი ესაჭიროება, რის საფუძველზეც ოპერაციიდან რამდენიმე თვეში დაგეგმილია გულის ხელახალი ულტრაბგერითი კვლევა.

Ტომი Ტომი2 Ტომი3