ვაჰენინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში
15 მაისი 2017
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 24-28 აპრილს, საქართველოს სტუმრობდნენ პროექტის პარტნიორი - ვაჰენინგენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ექსპერტები რუდ ლუდემანი, ჟან ვან მიერლო და ბრენტონ მაარმანი (ელსენბურგის სოფლის მეურნეობის სწავლების ინსტიტუტი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).
ვიზიტის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში შესამუშავებელი მევენახე-მეღვინის, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის და ფერმერის/აგრობიზნესის მენეჯერის პროფესიული პროგრამების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან, მენეჯმენტთან და ადმინისტრაციის წევრებთან, რომელთა მიზანი იყო, როგორც თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებზე ინფორმაციის მიწოდება, ასევე - სამომავლო გეგმების გაცნობა.
სტუმრებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე, დაათვალიერეს უნივერსიტეტის მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ვეტერინარული კლინიკა და ლაბორატორიები.
გაიმართა სამუშაო შეხვედრები აგრარული უნივერსიტეტის ექსპერტებთან, რომლებიც მუშაობენ მევენახე-მეღვინის, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის და ფერმერის/აგრობიზნესის მენეჯერის პროფესიული პროგრამების შემუშავებაზე. ვაჰენინგენის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ადგილობრივ ექსპერტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება სამივე პროფესიულ პროგრამასთან დაკავშირებით და მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზმით, მიაწოდეს რეკომენდაციები.
ვაჰენინგენის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წარმატებულია მსოფლიოში სოფლის მეურნეობის სფეროში სასწავლო დაწესებულებებს შორის. ჰოლანდიის მასშტაბით ვაჰენინგენის უნივერსიტეტი ტოპ სამეულში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ტოპ ასეულში შედის.