ვეიმარანერის ისტორია
05 თებერვალი 2026
ვეიმარანერს დაუდგინდა მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, რის გამოც თურქეთში ჩაუტარდა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება ცემენტიანი სისტემით. ოპერაციიდან 3 კვირის შემდეგ პაციენტს განუვითარდა კოჭლობა.
პაციენტი კლინიკა ვეტერინარიუმში მოიყვანეს, სადაც ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ენდოპროთეზი ინფიცირებული იყო. აღნიშნული მდგომარეობა იწვევდა გამოხატულ ტკივილსა და კოჭლობას.
იმის გათვალისწინებით, რომ ინფიცირებული ცემენტიანი სისტემის მქონე ენდოპროთეზიდან ინფექციის სრულად ელიმინაცია/მოცილება პრაქტიკულად შეუძლებელია, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროთეზის ექსპლანტაციის/ამოღების შესახებ.
გადაწყვეტილების მიღებამდე კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, კონსულტაციები გაიარა იტალიელ და ბულგარელ ვეტერინარ სპეციალისტებთან. მათ მიერ მოწოდებულ წერილობით მოსაზრებებში აღნიშნული იყო, რომ ცემენტიანი პროთეზის ამოღება ტექნიკურად უკიდურესად რთულია, რადგან მაღალია რისკი, რომ ცემენტი სრულად არ მოშორდეს ძვალს და ინფექციური პროცესი შენარჩუნდეს. მათი შეფასებით, სჯობდა პაციენტის კვლავ თურქეთში გადაყვანა და პროთეზის ამოღება იმ ქირურგის მიერ, რომელმაც ოპერაცია გააკეთა.
პაციენტის თურქეთში ხელახლა გადაყვანა დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან და ტრანსპორტირების სირთულესთან. პატრონის ინფორმაციით, წინა მგზავრობისას ცხოველმა ძლიერი სტრესი გადაიტანა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ინფიცირებული ენდოპროთეზის ექსპლანტაცია კლინიკა ვეტერინარიუმში განხორციელებულიყო.
ქირურგიული ჩარევა ჩაატარა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. ოპერაცია დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. ინფიცირებული ენდოპროთეზი სრულად იქნა ამოღებული, ცემენტი მთლიანად მოშორდა ძვლოვან ქსოვილს, ჩატარდა ძვლის საფუძვლიანი დებრიდმენტი (გაწმენდა დაზიანებული და ინფიცირებული ქსოვილისგან), რის შედეგადაც ინფექციური პროცესი შეჩერდა. მოტეხილობის პრევენციის მიზნით, დამატებით გამოყენებულ იქნა ბლოკირებული ტიტანის ფირფიტა.
ქირურგს ასისტირებას უწევდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი ლუკა ღლონტი. რთული 4-საათიანი ანესთეზიის პროცესი სრულად და უხარვეზოდ მართა კლინიკის ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ, პაციენტის მუდმივი მონიტორინგისა და სტაბილური ჰემოდინამიკის უზრუნველყოფით.
მსგავსი სიახლეები
23 თებერვალი 2026
არარეგენერაციული, იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემიის დიაგნოზი კატაში
15 თებერვალი 2026
აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
13 თებერვალი 2026
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ახალგაზრდა ფისოში
12 თებერვალი 2026
ბიოფსია ვეტერინარიუმში - ზუსტი დიაგნოზისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი
09 თებერვალი 2026