Veterinarium-ს საკუთარი თანამედროვე კლინიკური ლაბორატორია აქვს
15 ოქტომბერი 2025
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკა Veterinarium-ს საკუთარი თანამედროვე კლინიკური ლაბორატორია აქვს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოველთა დაავადებების დროულ და ზუსტ დიაგნოსტირებაში. ლაბორატორიული ანალიზები ტარდება კვირაში 7 დღის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ და კომფორტულ სერვისს.
ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ვეტერინარიის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ღვალაძე, რომელსაც ლაბორატორიულ მედიცინაში 20-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს.
ის აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლაში ასწავლის ისეთ მნიშვნელოვან საგნებს, როგორიცაა: ლაბორატორიული მედიცინა, პროპედევტიკა, კლინიკური დიაგნოსტიკა რადიოლოგიის საფუძვლებით, და ასევე ჩართულია წვრილი ცხოველების შინაგანი მედიცინის კურსის სწავლების პროცესში.
ლაბორატორიული კვლევების განხორციელებაში ასევე მონაწილეობს ვეტერინარული მედიცინის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მაგისტრანტი სალომე ბადიაშვილი, რომელმაც ერთი სემესტრი გაატარა ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტში და წარმატებით გაიარა არაერთი სასწავლო კურსი.
ვეტერინარიუმის ლაბორატორიაში ტარდება ფართო სპექტრის კვლევები, მათ შორის: სისხლის საერთო ანალიზი მორფოლოგიური შეფასებით, ბიოქიმიური პროფილი 16 მაჩვენებელზე, ელექტროლიტების ანალიზი, ციტოლოგიური კვლევა და სხვა.
კლინიკური ლაბორატორია ასევე გთავაზობთ თანამედროვე იმუნოფლუორესცენტულ ანალიზატორზე შესრულებულ შემდეგ ტესტებს (არასრული სია):
- c-CRP - C-რეაქტიული ცილა (ძაღლისათვის)
- fSSA - შრატის ამილოიდი A (კატისთვის)
- c-Progesterone - პროგესტერონი (ძაღლისათვის)
- T4- საერთო თიროქსინი (ძაღლისა და კატისათვის)
- TSH - თირეოტროპული ჰორმონი (ძაღლისა და კატისათვის)
- Cortizol - კორტიზოლი (ძაღლისა და კატისათვის)
- D-dimmer – D-დიმერი (ძაღლისათვის)
- HBA1c – გლიკოზირებული ჰემოგლობინი (ძაღლისა და კატისათვის)
- CPL – ძაღლის პანკრეასული ლიპაზა
- FPL – კატის პანკრეასული ლიპაზა
- cNT-PRO BNP – ნატრიურეტული პეპტიდი (ძაღლებისათვის)
- fNT-PRO BNP – ნატრიურეტული პეპტიდი (კატებისათვის)
- SDMA - სიმეტრიული დიმეთილარგინინი (ძაღლისთვის)
- cCys-C - ცისტატინი C (ძაღლისთვის)
გარდა ამისა, სექტემბრიდან ლაბორატორიაში ხელმისაწვდომია მოლეკულური დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი - PCR კვლევები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფექციური დაავადებების სწრაფ და ზუსტ იდენტიფიკაციას. მათი საშუალებით შესაძლებელია შემდეგი დაავადებების გამოვლენა: ანაპლაზმოზი, ერლიხიოზი, კატის იმუნოდეფიციტისა და ლეიკემიის ვირუსები, კატის პანლეიკოპენია, კორონავირუსი, გიარდიოზი, ძაღლის ბაბეზიოზი, ლეიშმანიოზი, ჰემოპლაზმოზი, რიკეციოზი, ბარტონელოზი, ჰეპატოზოონოზი, ჭირი და სხვა.
ლაბორატორიული გამოკვლევები უზრუნველყოფს: დაავადებათა სწრაფ დიაგნოსტიკას/დიაგნოზის დაზუსტებას, მიზნობრივი მკურნალობის დანიშვნას, მკურნალობის ეფექტურობის კონტროლს და შესაძლო რისკების და გართულებების განსაზღვრას.
თქვენი კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია პროფილაქტიკური ლაბორატორიული კვლევების ჩატარება წელიწადში ერთხელ, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შეფასებას და დაავადების ადრეული ნიშნების დროულ აღმოჩენას.
მსგავსი სიახლეები
28 ოქტომბერი 2025
ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების სისტემა უკვე ვეტერინარიუმში
25 ოქტომბერი 2025
მსოფლიოში აღიარებული ვეტერინარული ქირურგიული ინსტრუმენტები პირველად საქართველოში
23 ოქტომბერი 2025
ქეთო ნატროშვილი - კლინიკა ვეტერინარიუმის ადმინისტრატორი
22 ოქტომბერი 2025
ზორგის ისტორია
22 ოქტომბერი 2025