ზორგის ისტორია

22 ოქტომბერი 2025

ჩვენი პაციენტი ზორგი, რომელიც 1 კვირა ცხოვრობდა ვეტერინარიუმში - ძალიან საინტერესო კლინიკური შემთხვევა.

4 წლის გერმანულ ნაგაზ ზორგის აღენიშნებოდა მწვავე ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ მიღებული უცნობი ნივთიერების შედეგად. ინტოქსიკაციის გამომწვევი ზუსტი ტოქსინი ვერ დადგინდა. ინტოქსიკაციის ფონზე გამოვლინდა ნევროლოგიური სიმპტომები, რის გამოც პაციენტი მოიყვანეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკა Veterinarium-ში შემდგომი კვლევებისა და მონიტორინგისთვის.
კლინიკაში ჩატარდა სისხლის საერთო ანალიზი (მორფოლოგიით), ბიოქიმიური კვლევა 16 პარამეტრზე, ელექტროლიტების დონის შეფასება და მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია. პირველადი კვლევების საფუძველზე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური, რის შემდეგაც დაიგეგმა დეტოქსიკაციური თერაპია და სასიცოცხლო მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი.

მკურნალობის დაწყებიდან მესამე დღეს ზორგის მდგომარეობა შეიცვალა: აღინიშნა ლეთარგია, უმადობა და ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა. ფიზიკალური გამოკვლევისას დაფიქსირდა ბრადიკარდია და არითმია. აღნიშნულის საფუძველზე ჩატარდა გულის ულტრასონოგრაფია, რომლის შედეგად სტრუქტურული პათოლოგია არ გამოვლენილა, თუმცა გულის რითმი მნიშვნელოვნად იყო შენელებული (HR < 40 bpm). ამ მიზეზით პაციენტს ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფიული (EKG) კვლევა, რომელმაც აჩვენა მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკი - სიცოცხლისთვის საშიში არითმია გულის გაჩერების მაღალი რისკით.

კლინიკური ნიშნებისა და ინტოქსიკაციის ისტორიის საფუძველზე ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტმა და ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ ივარაუდა, რომ ტოქსინს ჰქონდა კარდიოტოქსიკური მოქმედება, რაც იწვევდა გულის გამტარობის დარღვევას და ვაგუსის ნერვის ზედმეტ სტიმულაციას. დიაგნოზის დასადასტურებლად ჩატარდა ატროპინის ტესტი, რომლის ფონზეც აღინიშნებოდა დროებითი გაუმჯობესება, კერძოდ, გულის რითმის სტაბილიზაცია მოკლე პერიოდის განმავლობაში.

ნათია რობაქიძის გადაწყვეტილებით კლინიკაში დაიგეგმა პაციენტის ინტენსიური თერაპია. ზორგის მდგომარეობა მოითხოვდა ჰოლტერის კვლევას, რომელიც 24 საათის განმავლობაში იწერს გულში წარმოქმნილ იმპულსებს, რაც ექიმს აძლევს საშუალებას დააკვირდეს გულის ელექტრულ აქტივობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და განსაზღვროს არითმიის ტიპი და კრიტიკული პერიოდები. თუმცა საქართველოში ამ ეტაპზე აღნიშნული კვლევა მიუწვდომელია, რის გამოც ალტერნატიული გადაწყვეტის სახით გამოყენებულ იქნა გულის სიხშირისა და არტერიული წნევის მონიტორინგი კლინიკური მონიტორის საშუალებით.

პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში პროგრესულად მძიმდებოდა, რის გამოც ნათია რობაქიძემ შეიმუშავა ინდივიდუალური, მრავალკომპონენტიანი მკურნალობის სქემა. თერაპია რეგულარულად კორექტირდებოდა ყოველდღიური მონაცემების (EKG-ს, არტერიული წნევის, სისხლის ბიოქიმიის, ფიზიკალური გამოკვლევის) საფუძველზე.
პაციენტის მდგომარეობა მოითხოვდა უწყვეტ მეთვალყურეობას, რის გამოც ვეტერინარიუმის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება ზორგის კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დატოვების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკას ღამის სტაციონარი არ გააჩნდა. სპეციალურად ორგანიზდა სამედიცინო მორიგეობები ორ-ორი ვეტერინარით დაკომპლექტებული ჯგუფებით, რომლებიც ყოველ 10 წუთში აინიშნავდნენ მონიტორინგის მაჩვენებლებს და მონაცემებს აფასებდნენ ნათია რობაქიძესთან ერთად. მორიგეობებში მონაწილეობდნენ ნათია რობაქიძე, ანა ქუმსიშვილი, ნუცა ბესაშვილი, ნინო ყუშიტაშვილი, მარი კაპანაძე, გიორგი ლოლაძე და ლუკა ღლონტი.

მონიტორინგის მონაცემები სტრუქტურირებული იყო თარიღებისა და დროების მიხედვით შექმნილ ფაილებში, სადაც აღირიცხებოდა ყველა სასიცოცხლო პარამეტრი და ეკგ-ის ვიზუალური ჩანაწერები. ამ სისტემამ შესაძლებელი გახადა მკურნალობის პროცესის დინამიკური კონტროლი და საჭიროებისამებრ თერაპიის კორექცია.

კლინიკური შემთხვევის სირთულის გამო ნათია რობაქიძემ პროფესიული კონსულტაციისათვის მიმართა კოლეგებს გერმანიაში, ჩეხეთსა და აშშ-ში. მათთან განხილვის შემდეგ დადასტურდა, რომ აღნიშნული შემთხვევა იშვიათი და რთული იყო დიაგნოსტიკური და თერაპიული თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ყველა კონსულტანტი დაეთანხმა არჩეულ მკურნალობის სტრატეგიას.

პირველი კვირის ინტენსიური მეთვალყურეობის შემდეგ შესაძლებელი გახდა ზორგის გაწერა, თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იგი პატრონებს ყოველდღიურად მოჰყავდათ კლინიკაში შემოწმებისთვის. თანდათანობით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, გულის რითმი და არტერიული წნევა დასტაბილურდა.

შემდგომ ეტაპზე თერაპია შეიცვალა ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატებზე, ხოლო პაციენტი გაეწერა სახლში დისტანციური მეთვალყურეობის პირობებში. პატრონებს მიეცათ დეტალური ინსტრუქცია სასიცოცხლო მაჩვენებლების რეგულარული ჩაწერისა და ექიმისთვის გაგზავნის შესახებ.
გადამოწმებისა და მონიტორინგის შედეგად ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მკაფიო კლინიკური გაუმჯობესება და გულის ნორმალური ფუნქციის აღდგენა.

ზორგის შემთხვევა წარმოადგენს იშვიათ კლინიკურ მაგალითს ტოქსინით ინდუცირებული ატრიოვენტრიკულარული ბლოკის, რომელიც წარმატებით იქნა მართული ინტენსიური მონიტორინგის, მულტიდისციპლინური ჩართულობისა და ინდივიდუალური თერაპიული სქემის საშუალებით. შემთხვევამ ნათლად აჩვენა უწყვეტი მონიტორინგის, გუნდური მუშაობისა და პროფესიული სიფრთხილის გადამწყვეტი მნიშვნელობა რთულ კარდიოლოგიურ შემთხვევებში.

Zorgi Zorgi2 Zorgi3