ვეტერინარი ტექნიკოსის სასერტიფიკატო პროგრამა
მიღების პირობები
პროგრამაზე სწავლა დაიწყება 2024 წლის ნოემბრის ბოლოს.
სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
- ონლაინ რეგისტრაცია
- გასაუბრება
- გასაუბრებისას ტესტირება
რეგისტრაცია
პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება 22 ნოემბრის ჩათვლით.
პროგრამის ღირებულება
პროგრამის ღირებულება შეადგენს 2 250 ლარს. შესაძლებელია სწავლის საფასურის 3 ნაწილად გადახდა: სწავლის დაწყებამდე 1 000 ლარი; მარტში - 1 000 ლარი და დარჩენილი 250 ლარი მაისში.
ხანგრძლივობა და განრიგი
სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა დაახლოებით 10 თვე, საიდანაც ლექციები და გამოცდები გრძელდება დაახლოებით 8.5 თვე, ხოლო სასწავლო პრაქტიკა - 7 კვირა. ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ:
- სამუშაო დღეებში ლექციები იწყება 19:00-21:00
- შაბათს ლექციები იწყება 10:00 ან 11:00 საათიდან და გრძელდება 5-6 საათი
სასწავლო პრაქტიკის შემთხვევაში, ლექციების დასრულებიდან 7 კვირის განმავლობაში სტუდენტი 10 სრულ სამუშაო დღეს პრაქტიკას გაივლის აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში.
სასწავლო პრაქტიკისას სტუდენტთა მიღებული რაოდენობა დაიყოფა რამდენიმე მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება სასწავლო პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელია და რომელიც გაუწევს ზედამხედველობას სტუდენტების პრაქტიკულ აქტივობებს.
პროგრამის აღწერა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლამ და კლინიკა Veterinarium-მა, კერძო სექტორთან პარტნიორობით, შეიმუშავა ახალი პროგრამა - სერტიფიცირებული ვეტერინარი ტექნიკოსი.
ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები და შეხვედრები სფეროს წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პროგრამა კერძო სექტორის მოთხოვნებით არის ნაკარნახები და ხელს შეუწყობს ბაზარზე ორიენტირებული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, ასევე კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გაფართოებას მოცემულ სფეროში.
საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ანალიზმა კი აჩვენა, რომ ვეტერინარი ტექნიკოსის პროგრამაძალიან მოთხოვნადია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. შესაბამისი საერთაშორისოპროგრამებით გათვალისწინებული თემატიკა დიდწილად თანხვედრაშია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ კერძო სექტორთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფებისა და შეხვედრებისფარგლებში გამოთქმულ მოსაზრებებთან.
სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია ვეტერინარი ტექნიკოსისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით. ვეტერინარი ტექნიკოსი წარმოადგენს ვეტერინარის დამხმარეს/ასისტენტს.
პროგრამა ვრცელდება შემდეგ სახეობებზე: კატა, ძაღლი, მსხვილი რქოსანი პირუტყვი, წვრილი რქოსანი პირუტყვი, ღორი, ფრინველი.
პროგრამის შემუშავება და განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
პროგრამა განკუთვნილია:
- მოქმედი ვეტერინარებისა და ვეტერინარი-ტექნიკოსებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარიცოდნის განახლება
- სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ შეიძინონ ვეტერინარი ტექნიკოსისათვის საჭირო ცოდნა და უნარები
საგნების ჩამონათვალი
სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაივლიან შემდეგ საგნებს:
- ანატომია
- ფიზიოლოგია
- დაავადებების დიაგნოსტიკა
- ფარმაკოლოგია
- ქირურგიის საფუძვლები
- თერაპიის საფუძვლები
- მეანობა და რეპროდუქცია
- ცხოველის კვება
- პირველადი გადაუდებელი დახმარება
- სასწავლო პრაქტიკა
პროგრამით გათვალისწინებული საგნების გავლის შემდეგ, სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium-ში, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში შეძლებენ ვეტერინარი ტექნიკოსისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.
სასწავლო პრაქტიკის პრერეკვიზიტია ორი საგანი: ქირურგიის საფუძვლები და თერაპიის საფუძვლები. შესაბამისად, სასწავლო პრაქტიკის გასავლელად აუცილებელია სტუდენტმა დადებითი შეფასება მიიღოს ქირურგიის საფუძვლებისა და თერაპიის საფუძვლების საგნებში.
სერტიფიკატი
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული ვეტერინარი ტექნიკოსი. სერტიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია:
- თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
- სასწავლო პრაქტიკის წარმატებით გავლა