აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა

აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის აღწერა

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს აგრარულ მეცნიერებებში, კერძოდ, აგრონომიაში, ვეტერინარიაში, მეცხოველეობაში, სასურსათო ტექნოლოგიასა და სატყეო საქმეში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, ახალი ცოდნის შექმნასა და მისი დანერგვის ხელშეწყობას.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია დოქტორანტი დაეუფლოს უახლეს მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას აგრარულ მეცნიერებებში და დოქტორის კვალიფიკაციის მოპოვების შემდეგ, შეძლოს სამეცნიერო საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელება, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობის მიზნით პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას თბილისის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის თანამშრომლობას, კერძოდ, აგრონომიისა და ლანდშაფტის სკოლა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიების სკოლა, ვეტერინარიის სკოლა.

ასევე, პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან. პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს დოქტორანტებს შორის იმ აუცილებელი, ზოგადი უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და ისეთი აკადემიური გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც მნიშვნელოვანია, ინოვაციური კვლევების წარმოებისა და ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულების მქონე ცოდნის შექმნისათვის.

ეს პრინციპი აისახება პროგრამის ინდივიდუალიზებულ მიდგომაში, რაც მკაფიოდ არის გამოხატული კურიკულუმის სტრუქტურასა და შინაარსში ისევე, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის სპეციფიკაში.

სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი. პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.

კურიკულუმი

აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ორ კომპონენტს: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებს. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 40 კრედიტს.

სასწავლო კომპონენტი მოიცავს:

  • აკადემიური წერას დოქტორანტებისთვის
  • სადისერტაციო კვლევის მომზადებას
  • რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს
  • სამეცნიერო პროექტების მენეჯმენტს
  • სწავლებას უმაღლეს განათლების სისტემაში
  • სადოქტორო სემინარებს

სასწავლო კომპონენტი, ერთი მხრივ, მოიცავს კურსებს, რომლებიც მიზნად ისახავს დოქტორანტის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით აღჭურვას და სადისერტაციო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მეორე მხრივ, სასწავლო კომპონენტი მოიცავს კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოქტორანტის სადისერტაციო თემის შესაბამის დარგებსა და ქვედარგებში ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურის სიღრმისეულ დამუშავებას. ამ მხრივ, დოქტორანტების ინტერესებზე ინდივიდუალურად მორგებული კომპონენტებია დოქტორანტის ინდივიდუალური სემინარი, რომელიც ხელმძღვანელთან მუშაობისა და ინდივიდუალური კვლევის პარალელურად შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტს, კონკრეტული დარგის, ქვედარგის ან ინტერდისციპლინური პრობლემატიკის მიმართულებით (თემის სპეციფიკიდან გამომდინარე) დაამუშაოს ლიტერატურა, გაიღრმაოს ცოდნა და ამ ლიტერატურის და თეორიების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს კონკრეტულად მისი თემისთვის რელევანტური კონცეფცია და მეთოდოლოგიური ჩარჩო. 

კვლევითი კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის მიერ დისერტაციის თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალის მოძიებას და გაცნობას, არსებული ცოდნის მიმოხილვას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებასა და ტესტირებას, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს, სადისერტაციო ნაშრომის შესრულებას, პრეზენტაციას და დაცვას (სამეცნიერო შეკითხვები, კამათი). კვლევითი კომპონენტი ასევე მოიცავს სტატიის სავალდებულო გამოქვეყნებას კვლევითი კომპონენტის შესრულებისათვის.

პროგრამა, კვლევითი კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ დოქტორანტებს ჰქონდეთ სხვადასხვა დარგის და ქვედარგის სპეციალისტებთან მუდმივი ინტერაქციის შესაძლებლობა და სადოქტორო კვლევაზე მუშაობის პროცესში, მუდმივად შეეძლოთ უკუკავშირის მიღება მათი და/ან მომიჯნავე დარგის პროფესორებისგან.

როგორ ჩავაბაროთ აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე 2024 წელს?

დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ივსება ელექტრონულად);
  • CV
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ელექტრონული ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ
  • მაგისტრის ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს:
    • კვლევის საგანს;
    • საკვლევი თემის აღწერას და საკვლევი საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას;
    • სამეცნიერო მეთოდოლოგიის აღწერას.
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (ასეთის არსებობს შემთხვევაში). ვისაც მსგავსი დოკუმენტი არ გაქვთ ან დოკუმენტს ვადა გაუვიდა, საჭიროა გაიაროთ ტესტირება ინგლისურ ენაში.

მიღების პროცედურა

  • ტესტირება ინგლისურ ენაში, რომლის მიზანია კანდიდატის მიერ ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის შემოწმება.
  • ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ გაივლით გასაუბრებას. გასაუბრების მიზანია, უნივერსიტეტი გაეცნოს თქვენს აკადემიურ მიღწევებს, არჩეული სფეროს შესახებ ცოდნას და მოტივაციას.

სკოლის შესახებ

აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას ერთობლივად ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის:

აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ერთობლივად ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის:

დეკანი

Ელიზბარ Ელიზბარაშვილი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

პროფესორი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანი

e.elizbarashvili@agruni.edu.ge
Თეო Ურუშაძე

თეო ურუშაძე

პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი

t.urushadze@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ჟუჟა Ხაჭაპურიძე

ჟუჟა ხაჭაპურიძე

ასისტენტ-პროფესორი; სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

zh.khachapuridze@agruni.edu.ge
Ნატო Კობახიძე

ნატო კობახიძე

პროფესორი; ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი

n.kobakhidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Ეთერ Შამუგია

ეთო შამუგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კოორდინატორი

e.shamugia@agruni.edu.ge

ქრისტინე მუსელიანი - ახალი სპეციფიკური პროტეოლიზური ფერმენტების მიღება და მათი გამოყენება რძის პროდუქტების საგემოვნო თვისებების გაუმჯობესებისათვის (2024)

ბიოაქტიური კომპონენტებით და ფუნქციური ინგრედიენტებით გამდიდრებულ საკვებზე მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს რზიდან ახალი, ფუნქციური პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება. ამ ტიპის პროდუქტების პოტენციალი დღეს განიხილება, როგორც გლობალური ბაზარის განვითარების მრავალწლიანი და მდგრადი პერსპექტივა. ექსპერტების მონაცემებით, უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ რძიდან დამზადებულ უამრავ, ახალ ფუნქციურ პროდუქტს, რომელიც განკუთვნილი იქნება მომხმარებელთა ფართო ჯგუფებისთვის. აღნიშნულ პრობლემას ეხება წინამდებარე სადოქტორო კვლევა, რომლის შედეგად მოიძებნა ახალი ტიპის ფერმენტი პროტეაზა, რომელიც რძეზე ზემოქმედების შედეგად იძლევა განსხვავებული ტიპის პროდუქტს, მიღებული პროდუქტი ხასიათდება ხაჭოს მსგავსი ფაქტურით და ცხიმთან ასოცირებული საგემოვნო თვისებებით.

კვებისთვის გამოუსადეგარი რძის პროდუქტებიდან გამოყოფილია მიკროსკოპული სოკოების კულტურები, კუტლურალურ-მორფოლოგიური თვისებების შესწავლის საფუძველზე განხორციელებული იდენტიფიკაციის შედეგად გამოყოფილი ასკომიცეტები მიეკუთვნება Scopularipsis, Penicillium, Mucor, Fusarium-ისა და Geotrichum-ის გვარებს.

სიღრმული ფერმენტაციის პირობებში გამოყოფილ კულტურებს შორის ჩატარებულია სკრინინგი, გამოვლენილია პროტეაზას სამი პროდუცენტი: Mucor spp. 2-3, Penicillium candidum 5-1 და Penicillium camemberti 7-3. შერჩეული შტამების ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური მახასიათებლების შესწავლით დადგენილია ნახშირბადის, აზოტისა და ფოსფორის საუკეთესო წყაროები. შერჩეულია ბუნებრივ სუბსტრატის შემადგენლობასთან მაქსიმალურად მიახლოებული საკვები არე - ლაქტოზას, კაზეინის და კალიუმის ფოსფატის შემცველობით. ნახშირბადის, აზოტის და ფოსფორის საუკეთესო წყაროების შერჩევის პროცესში, პროტეაზის პროდუცენტებს შორის გამოვლენილია მიკროსკოპული სოკო - Penicillium candidum 5-1, რომელიც მაქსიმალური პროტეაზური აქტივობით გამოირჩეოდა, რის გამოც შემდგომი კვლევისთვის აღნიშნული შტამი იქნა შერჩეული თანმიმდევრულად განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგად, Penicillium candidum 5-1-is საკვები არისა და კულტივირების პირობების ოპტიმიზაციის საფუძველზე შერჩეული შტამის პროტეაზური აქტივობა საწყისთან შედარებით 62,3%-ით არის გაზრდილი.

საწარმოო შტამისადმი კვების მრეწველობის მიერ წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, შტამი - Penicillium candidum 5-1 ექსპრეს-ტესტ მეთოდით, შემოწმებულია ტოქსიკურობაზე. აღნიშული სახეობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, არც შერჩეული შტამი აღმოჩნდა ტოქსიკური, რაც იძლეოდა საშალებას დაწყებულიყო კვლევები რძის ახალი პროდუქტის მიღების მიმართულებით.

პროტეაზას ტექნიკური პრეპარატის მისაღებად გამოყენებულ იქნა ოპტიმალურ საკვებ არეზე და ოპტიმალურ პირობებში კულტივირებული Penicillium candidum 5-1-ის კულტურალური სითხე. ყველაზე მაღალი პროტეაზური აქტივობა 60%-იანი ამონიუმის სულფატის გაჯერებით დალექილ ფერმენტულ ფრაქციას აღმოაჩნდა.

ძალზედ საინტერესო ფაქტი გამოვლინდა პრეპარატით რძეზე ზემოქმედების შედეგად: ხანმოკლე შედედების შემდეგ რძს აჭრას ჰქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე, შემდგომი კვლევისთის ზემოთაღნიშნული ფრაქცია შევარჩიეთ. ექსპერიმენტის მომდევნო ეტაპი ტექნიკური პრეპარატის შემდგომ გაწმენდას და გაწმენდილი ფერმენტის თვისებების შესწავლას დაეთმო, რაც წარმოადგენდა სამუშაოს მთავრ ლეიტმოტივს, რომლის მიზანიც იყო მოგვეძებნა და აგვეხსნა ახალი ტიპის პროტეაზის რძის აჭრის უნარი, რაც გვაძლევდა რძიდან ახალი პროდუქტის მიღების საშუალებას.

იონცვლადი ქრომოტოგრაფიი ტექნიკური პრეპარატიდან მინარევების სრული მოცილება გახდა შესაძლებელი, ხოლო ელექტროფორეზის საფუძველზე განისაზღვრა ფერმენტის მოლეკულური მასა, რომელიც შეადგენდა 18 kDa-ს. დადგინდა ფერმენტული პრეპარატის მოქმედების ტემერატურული (35-40°C) და pH (6.5) ოტპიმუმები. ელექტროფორეზით მიღებულმა სურათმა ცხადად წარმოაჩინა ფერმენტის სპეციფიკურობა. კერძოდ, კაზეინების სუბერთეულებზე ზემოქმედების შედეგად მიღებულმა ფერმენტმა სუბსტრატს მოაშორა ჰიდროფილური ფრაგმენტები და ვერ მოახერხა თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე მისი დაბალმოლეკულური, ჰიდროფობული ნაწილის ჰიდროლიზი. მნიშვნელოვანია, რომ გაწმენდილი ფერმენტისგან მიღებული პროდუქტი იყო განსხვავებული ფაქტურის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფერმენტით აჭრის უცხიმო რძით დამზადებულ მასას გააჩნდა რძის ცხიმთან ასოცირებული საგემოვნო თვისება. აღნიშული ფაქტი მიუთითებს მიღებული ფერმენტის სპეციფიკურ ზემოქმედებას კაზეინზე.

კვლევის დასასრულს, გაწმენდილი ფერმენტული პრეპარატით რძეზე ზემოქმედების შედეგად მიღებულია ხაჭოს მსგავსი, ცხიმთან ასოცირებული გემოვნებითი თვისებების პროდუქტი, რომელიც ტექსტურით ხაჭოს მსგავსია.

სპეციფიკური პროტეაზას გამოყენებით დამზადებულმა პროდუქტმა, სტანდარტით გათვალისწინებული კვლევითი ეტაპების დასრულების შემდეგ, სავსებით რეალურია, შეავსოს რძის ინდუსტრიის ფუნქციური სურსათის სია.

თამარ ყაჭაშვილი - ჰოლშტინური ჯიშის მოშენების პერსპექტივები კახეთის ინტენსიური მიწათმოქმედების ზონაში (2024)

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს კახეთის ინტენსიური მიწათმოქმედების ზონაში, ინტროდუცირებული ჰოლშტინური ჯიშის ადაპტაცია-აკლიმატიზაციის საკითხები, ფურების სამეურნეო-პროდუქტიული, ფენოტიპური და ინტერიერული თავისებურებები. გაანალიზებულია ძირითადი საარსებო ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჰოლშტინური ჯიშის წარმატებით მოშენებას ადგილობრივ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში, გლობალური დათბობის ძლიერი ნეგატიური მოქმედების ფონზე.

ჩატარებული მეცნიერული კვლევის შედეგად გამოვლენილ იქნა, რომ ცხოველთა სადგომში ნორმალური მიკროკლიმატის შექმნამ, კვების ულუფების სწორად შერჩევამ, მასში საკვები ინგრედიენტების ხარისხის დაცვითა და საზრდო ნივთიერებების სრულფასოვნებით განაპირობეს შემოყვანილი პირუტყვის ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აღწარმოების უნარის შენარჩუნება, მაღალი მერძეული პროდუქტიულობა, საკვების ხარჯვის სტაბილურობა.

ჰოლშტინური ჯიშის პირუტყვის აკლიმატიზაციის პროცესის შესწავლამ გვიჩვენა, რომ სითბომედეგობის ინდექსი ახლად მოგებულ ფურებში 2,2-3,3 ერთეულით დაბალია, ვიდრე უშობლებში. კლინიკური სტატუსი ნორმის ფარგლებშია, რაც შესაძლებელი გახდა ცხოველის სადგომში რეცირკულაციური ვენტილატორების დამონტაჟებისა და ოპტიმალური მიკროკლიმატის შექმნის შემდეგ.

ინტროდუქცირებული ჰოლშტინური პირუტყვის ადგილზე მიღებული თაობა ცოცხალი მასისა და მინდაოში სიმაღლის მაჩვენებლებით მხოლოდ 2-3%-ით ჩამორჩებოდა ჰოლშტინური ჯიშის ევროპულ სტანდარტს, ხოლო მონაწველი პირველ ლაქტაციაში 1037 კგ-ით, ანუ 14,5%-ით მაღალი იყო, ვიდრე უშუალოდ შემოყვანილ მათი პირველი მოგების დედებს გააჩნდათ. რაც საქართველოს პირობებში მისაღებ დინამიკად და აკლიმატიზაციის კარგ მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს.

ლეონიდ უშანოვი - Campylobacter spp. და Arcobacter spp. ადგილობრივი წარმოების ქათმის ნედლ ხორცში: გამოყოფა, იდენტიფიკაცია, დახასიათება და კონტროლის სტრატეგიები (2024)

წარმოდგენილი სამუშაო მიზნად ისახავდა ზოონოზური პათოგენების - Campylobacter spp. და Arcobacter spp. დეტექციას ქათმის ნედლ სარეალიზაციო ხორცში. კერძოდ, კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა შემდეგი სამუშაოები:

1. დადგენილ იქნა სარეალიზაციო ქათმის ხრციდან გამოყოფილი Campylobacter spp. და Arcobacter spp. და მათი ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა.

2. ფილოგენეტიკური ანალიზის შედეგად ნაჩვენები იქნა, რომ კვლევის ფარგლებში გამოყოფილი და შესწავლილი Arcobacter-ის შტამები მიეკუთვნებიან ახალ სახეობას, რომლისთვისაც მინიჭებულ იქნა სახელი Arcobacter tbilisiensis sp. nov. ტიპური შტამები LEO 51, რეგისტრირებულია გერმანულ პროკარიოტული და ცხოველური უჯრედების ბანკში DSMZ (German Collection of Microorganisms and Cell Cultures, Leibniz Institute) როგორც DSM 11590 და ბელგიურ უჯრედების კოლექციაში BCCM (Belgian Coordinated Collection of Microorganisms) როგორც LMG 33177.

3. კოინკუბაციისა და ციტოტოქსიკური ექსპერიმენტების საშუალებით ნაჩვენები იქნა, რომ Campylobacter-ის ორივე დახასიათებული სახეობა - C. jejuni და C. coli-ისევე როგორც Arcobacter-ის დახასათებული ერთი სახეობა - A. Tbilisiensis ითრგუნება პრობიოტიკ L. fermentum-თან ერთ საკვებ არეში ინკუბირეის შემდგომ. ზემოაღნიშნულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ L. fermentum წარმოადგენს Campylobacter-ის და Arcobacter-ის ეფექტურ დამთრგუნველს in vitro პირობებში.

კვლევის აქტუალობა - წარმოდგენილი კვლევა საქართველოში Campylobacter spp. და Arcobacter spp. სარეალიზაციო ქათმის ხორციდან კულტივირების და მათი დახასიათების პირველი მაგალითია. ცნობილია, რომ Campylobacter spp. ძირითად რეზერვუარს სწორედ ქათმის ხორცი და ფერმის პირობებში გაზრდილი ქათამი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აქამდე არ ყოფილა შესწავლილი საქართველოში გავრცელებულ დიარეულ დაავადებებს შორის რა ხვედრითი წილი აქვს კამპილობაქტერიოზს და Arcobacter spp.-ით გამოწვეულ ინფექციებს. თუმცა, ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ Campylobacter spp. კონტროლის აუცილებლობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ასეთი კონტროლი განხორციელდეს კომბინირებული მეთოდებით, როგორიცაა მკაცრი სანიტარული ნორმების, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიურად აქტიური პრობიოტიკული საკვები დანამატების ერთობლიობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის შექმნა და აგრარულ სფეროში უვნებელი ქათმის ხორცის წარმოება წარმოადგენს იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც საქართველოში ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

კვლევის სიახლე მდგომარეობს Campylobacter spp. და Arcobacter spp. კულტივირებასა და დახასიათებაშ და ამასთანავე ამ პათოგენებზე პრობიოტიკ L. fermentum-ი დამთრგუნველი მოქმედების შესწავლაში. კვლევის მნიშვენლოვან სიახლეს წარმოადგენს A. Tbilisiensis sp. nov. ყველა შტამის გენომების სეკვენირება, რაც განხორციელდა პირველად.

ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა ქართულ ნედლ სარეალიზაციო ქათმის ხორცში Campylobacter spp. და Arcobacter spp. გავრცელების შეფასებას და ასევე, კულტივირებული შტამების ვირულენტობისა და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის დახასიათებას. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ქართული ნედლი ქათმიდან კულტივირებული Campylobacter-ის სახეობები, როგორიცაა C. coli და C. jejuni, ხასიათდებიან ციპროფლოქსაცინისადმი მაღალი რეზისტენტობით (97% და 79%). ამასთანავე, კვლევა მიზნად ისახავდა ქათმის საკვებში ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენებით ქათამში Campylobacter spp. შემცველობის კონტროლს. In vitro ექსპერიმენტებში, L. fermentum-ის სპეციფიკური დამთრგუნველი აქტივობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მსგავსი აქტივობის გამოვლენა in vivo პირობებშიც. აღნიშნული ვარაუდის დადასტურება მოითხოვს დამატებით კვლევებს მომავალში.

მომხმარებლის უვნებელი საკვებით მომარაგება პირდაპირ შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს - "ჯანმრთელობა და კეთილდღეობა", რომელიც აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინდიკატორს, მათ შორის ინდიკატორს 3.3, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლამდე აღმოფხვრას ან მნიშვნელოვნად შეამციროს ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, მალარია და სხვა გადამდები და ტროპიკული დაავადებები. ასევე, უვნებლობის საკითხი მჭიდრო კაბშირშია მე-2 (შიმშილობის აღმოფხვრა) და მე-9 (ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურები) მიზანთან. მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტულობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია 2030 წლისათვის მდგრადი მომავლის მიღწევის საქმეში, თანხმდება გარეოს ყველა წევრი ქვეყანა.

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა - სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა მოიცავს სამეცნიერო პუბლიკაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Campylobacter spp. და Arcobacter spp. ეპიდემიოლოგიის შესახებ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში, კამპილობაქტერიოზი წარმოადგენს დიარეული სინდრომების წამყვან დაავადებას, რაც სარეალიზაციო ქათმის ხორცში Campylobacter spp. ეპიდემიოლოგიას უკავშირდება. ბოლო ათწლეულეში, ასევე, ნაჩვენები იქნა, რომ Arcobacter spp. ხვედრითი წილი საკმაოდ მომატებულია დიარეულ სინდრომებში.

ხსენებული ზოონოზი, Campylobacter spp. მსგავსად, იწვევს დიარეულ სინდრომს. Arcobacter spp. ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში იმდენად გახშირდა, რომ გარეომ მას ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაღალი რისკის პათოგენის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ბოლო ათწლეულში Campylobacter spp. გამოწვეულმა დიარეული დაავადებების სიხშირემ გაუსწრო Salmonela spp. და E. coli-ს შემთხვევბის სიხშირეს ევროკავშირსა და აშშ-ში. დღეისათვის შეინიშნება ადამიანებში კამპილობაქტერიოზის სამკურნალოდ გამოყენებადი ანტიბიოტიკ ერითრომიცინის მიმართ C. coli-სა და C. jejuni-ს რეზისტენტობის მზარდი ტენდენცია. ორი ათეული წლის წინ კამპილობაქტერიოზის სამკურნალოდ წარმატებით და ინტენსიურად გამოიყენებოდა ციპროფლოქსაცინი, თუმცა ბაქტერიის მიერ გამომუშავებული რეზისტენტობის გამო ეს ანტიბიოტიკი ამჟამად არ არის რეკომენდირებული. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, თანამედროვე მსოფლიოს როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნების წინაშე მწვავედ დგას სარეალიზაციო ქათმის ხორცში Campylobacter spp. რაოდენობის კომპლქსური ღონისძიებების საშალებით შემცირების საკითხი. წარმოდგენილი ნაშრომის ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სწორედ ასეთ კომპლექსურ ღონისძიებებზე. ამ უკანასკნელის მაგალითს წარმოადგენს Campylobacter spp. გამოვლენა ფერმის პირობებში გაზრდილ წიწილებში და ყველა ინდივიდის დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად მათი დაყოფა კამპი-დადებით და კამპი-უარყოფით ჯგუფებად. ამ ღონისძიებათაგან უმნიშვნელოვანესია მკაცრი სანიტარული ნორმები, სუფთა წყალი (დაბინძურებული წყალი წარმოადგენს Campylobacter spp. გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს) და აქტიური საკვები დანამატები. სადისერტაციო კვლევის ფარგლებში რძემჟავა L. fermentum-მა გამოვალინა Campylobacter-ის მაღალი ეფექტურობით ინჰიბირება, რამაც ამ პრობიოტიკის აქტიურ საკვებ დანამატად გამოყენების პოტენციალი აჩვენა. ასევე, L. fermentum-მა მოახდინა ადამიანის ნაწილავის ეპითელიუმის CaCo-2 უჯრედების პროტექცია Campylobacter spp.-ით ინფიცირებისგან in vitro პირობებშ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ინჰიბირება დიდი ალბათობით წარმატებით განმეორდება in vivo პირობებშიც.

ლიტერატურის მიმოხილვაში, ასევე განხილულია მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ Lactobacillus spp. და სხვა პრობიოტიკების გამოყენებით ჩატარებული კვლევები. ჩვენ ექსპერიმენტებში გამოვრიცხეთ pH ფაქტორი სპეციალური კომბინირებული საკვები არის გამოყენებით. შესაბამისად, C. jejuni და C. coli-ის დათრგუნვა მოხდა ბაქტერიოცინის გამომუშავების მექანიზმით, რაც უფრო სპეციფიკური და ეფექტური მექანიზმია მსგავსი პროცესების განსახორციელებლად in vivo. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ლიტერატურული მონაცემების თანახმად, in vitro ექსპერიმენტებში რძემჟავა ბაქტერიების უმრავლესობას აქვს უნარი დათრგუნოს Campylobacter spp. და სხვა გრამ-უარყოფითი პათოგენები, რაც გამომდინარეობს ამ ბაქტერიების მიერ ორგანული მჟავების-რძემჟავისა და ძმარმჟავის-პროდუცირებიდან. საკვებ არეში გამოყოფილი ორგანული მჟავები, აკუმულაციის გამო და დაბალი pH-ის წარმოქმნის შედეგად, თრგუნავენ სხვადასხვა პათოგენებს. ცნობილია, რომ in vivo პირობებში pH რეგულირდება ორგანიზმის ჰომეოსტაზით. ქათმის ნაწილავის pH შეადგენს 5,5-ს, რაც არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას Campylobacter spp.-ისთვის. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამდენად ეფექტური იქნება Campylobacter spp.-ზე მხოლოდ pH-დამოკიდებული მექანიზმის მეშვეობით მოქმედი რძემჟავა ბაქტერიების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ გარდა ანტიპათოგენური ზემოქმედებისა, Lactobacillus spp. ასევე ავლენენ სხვა სასარგებლო თვისებებს, როგორიცაა, მაგალითად, ცხოველის იმუნური სისტემის მოდულაცია.

კვლევის მეთოდები - კვლევის ძირითადი ობიექტი: ქართული სარეალიზაციო ქათმის ხორციდან კულტივირებული Campylobacter spp. და Arcobacter spp. სხვადასხვა შტამი. კვლევისათვის აუცილებელი რძემჟავაბაქტერიის 37 სხვადასხვა სახეობის შტამი მოწოდებულ იქნა გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ. L. plantarum-ის 10 შტამი მოგვაწოდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის პროკარიოტებისა და საფუვრების ლაბორატორიამ. ჩვენ მიერ სხვადასხვა წყაროდან (მაგ. მწნილებიდან - L. plantarum-ი, ხაჭოდან L. casei და ა.შ.) გამოყოფილ იქნა რძემჟავაბაქტერიის 5 სხვადსხვა სახეობა, მათ შორის L. fermentum-ი.  ექსპერიმენტებისათვის შევარჩიეთ C. jejuni და C. coli-ს და A. Tbilisiensis-ის შტამები. ქათმის ხორცის ნიმუშებიდან Campylobacter spp.-ისა და Arcobacter spp.-ის კულტივირება განხორციელდა სტანდარტული მეთოდით CCDA აგარის გამოყენებითა და მასში ანტიბიოტიკების დამატებით. ხშირ შემთხვევაში საჭირო იყო ნიმუშების პრე-ინკუბაცია ბოლტონის საკვებ არეში.

რძემჟავაბაქტერიების კულტივირება განხორციელდა MRS აგარის გამოყენებით.

რძემჟავაბაქტერიებისა და Campylobacter spp.-ის კოინკუბაცია შესაძლებელი გახდა ჩვენ მიერ შემუშავებული ინოვაციური მიდგომით, რომელიც გულსიხმობდა კომბინირებულად M17 და MH საკვები არეების გამოყენებას (25%/75%) საკვებ არეში ნეიტრალური pH-ის შესანარჩუნებლად.

Campylobacter-ის და Arcobacter-ის სახეობების დასადგენად გამოყენებულ იქნა MALDI-TOF მასური სპექტრომეტრია.

ანტიბიოტიკოგრამა გაკეთდა შემდეგი ანტიბიოტიკების გამოყენებით (Oxoid): kanamycin (30), penicillin G (10), ciprofloxacine (5), erythromycin (15), gentamicin (30), chloramphenicol (30), ampicillin (10), streptomycin (25).

Campylobacter-ის და Arcobacter-ის სხვადასხვა შტამების გენომების სექვენირება ჩატარებულ იქნა Illumina MiSeq-ის და Oxford Nanopore პლატფორმებით.

ციტოტოქსიკურობის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა Roche/Sigma Aldrich WSTI რეაქტივი, რომელიც ციტოტოქსიკურობის ეფექტს ავლენს უჯრედებში ტეტრაზოლიუმ მარილის გახლეჩვით, რის შედეგადაც წარმოიქმნება მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის ნივთიერება. ტეტრაზოლიუმის გახლეჩვის უნარი აქვთ მხოლოდ მეტაბოლურად აქტიურ უჯრედებს, შესაბამისად ასეთი აქტიურობა არ ექნებათ დაზიანებულ უჯრედებს. ინკუბაციის შემდგომ, მიკროპლანშეტზე, სადაც მოთავსებულია უკრედები Campylobacter/Arcobacter-თან ერთად და მის გარეშე. დაიტანება WSTI რეაქტივი 10 მკლ-ის ოდენობით. 30 წუთიდან - 2 საათამდე ინკუბაციის შემდგომ რეაქცია იზომება სპექტროფოტომეტრის საშალებით და ხდება ციტოტოკსიკურობის ოდენობის კალკულაცია ნეგატიური კონტროლის და ფონის (background) შთანთქმური ღირებულებების გათვალისწინებით.

ექსპერიმენტული ნაწილი მოიცავდა 4 ეტაპს. კერძოდ:

1. პირველი ეტაპი Campylobacter spp. კულტივაცია ნედლი ქათმის ხორციდან. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ნიმუშის პრე-ინკუბაცია, შესაბამისი ფორმისა და შეფერილობის მქონე კოლონიების დეტექცია და შეღებვა Campylobacter spp.-თვის დამახასიათებელი მორფოლოგიის დასადგენად.

2. მეორე ეტაპი - კულტივირებული Campylobacter spp. შტამების კოიკუბაცია რძემჟავაბაქტერიებთან და რძემჟავაბაქტერიების იმ შტამების განსაზღვრა, რომლებიც თრგუნავებ Campylobacter spp. in vitro პირობებში. ამ ეტაპზე, ასევე ვახდენდით რძემჟავაბაქტერიების ახალი შტამების გამოყოფას.

3. მესამე ეტაპი - გამოყოფილი Campylobacter-ის და Arcobacter-ის შტამების სახეობების დადგენა მასური სპექტრომეტრიის საშალებით, მათი ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დადგენა.

4. მეოთხე ეტაპი ყველა A. tbilisiensis შტამის (n=19) სექვენირება და მონაცემების დამუშავება. შედეგების სტატისტიკური დამუშავებისათვის გამოყენებულ იქნა პროგრამა JASP (Version 0.16.3)

შედეგები
1. ნაჩვენები იქნა, რომ ქათმის ხორციდან კულტივირებული 93 შტამი შეიცავს Campylobacter-ის ორ და Arcobacter-ის ერთ სახეობას. კერძოდ:

- C. jejuni, 39 შტამი

- C. coli, 35 შტამი

- A. tbilisiensis, 19 შტამი.

2. ანტიბიოტიკების მგრძნობელობის მეთოდით ნაჩვენები იქნა, რომ Campylobacter spp. ყველა შტამი არის პენიცილინისადმი რეზისტენტული, ხოლო ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტეტნულია C. coli-ს 97% და C. jejuni-ს 79%, რაც ორივე შემთხვევაში მაღალი რეზისტეტნობის მაჩვენებელია. ასევე, მაღალი რეზისტენტობა გამოავლინდა ტეტრაციკლინისადმი. ამ ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტულია C. coli-ს 51%, ხოლო C. jejuni-ს 28%.

3. ნაჩვენები იქნა, რომ A. tbilisiensis 22% რეზისტენტულია ტეტრაციკლინის მიმართ, 44% ავლენს რეზისტენტულობას ამპიცილინის მიმართ, ხოლო პენიცილინის მიმართ რეზისტენტულია A. tbilisiensis-ის ყველა შტამი.

4. Campylobacter-ისა და Lactobacilli-ს კო-ინკუბაცია M17/MH საკვებ არეში (C-broth) მიმდინარეობს საკვები არის ნეიტრალური pH-ის შენარჩუნებით.

5. გამოვლინდა, რომ L. fermentum აინჰიბირებს Campylobacter-ის ორივე სახეობას (C. jejuni და C. coli) in vitro 24 საათის განმავლობაში კოინკუბაციის შემდეგ. უარყოფითი კონტროლისა და სხვა ლაქტობაცილებთან კოინკუბაციის ნიმუშებისგან განსხვავებით შეუძლებელი ხდება Campylobacter spp. ამოთესვა სპეციფიურ აგარზე (CCDA).

6. ციტოტოკსიკურობის WSTI მეთოდის გამოყენებით ნაჩვენები იქნა, რომ როგორც Campylobacter-ის, ასევე Arcobacter-ის სხვადასხვა შტამი (115, 99,38, 104, 105 და 106) უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ნაწლავის ეპითელურ უჯრედებზე (CaCo-2) in vitro პირობებში. ციტოტოქსიკურობა მერყეობს 52-83%-მდე.

7. ციტოტოქსიკურობის WSTI მეთოდით, ასევე ნაჩვენებია, რომ L. fermentum-ის თანდასწრებით, ზემოთხსენებული შტამები ვეღარ ახერხებენ CaCo-2 უჯრედების დაზიანებას. მაშასადამე, ციტოტოკსიკურობა ან საერთოდ არ აღინიშნება, ან მისი მაჩვენებელი უმნიშვნელოა.

მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ Campylobacter-ის ორი სახეობა C. jejuni და C. coli, მაღალი სიხშირით არის გავრცელებული ადგილობრივი წარმოების ქათმის ნედლ ხორცში. კოინკუბაციის და შემდგომი in vivo კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, დიდი ალბათობით შესაძლებელი გახდება ლაქტობაცილებისგან შემდგარი უსაფრთხო კოქტეილის შემუშავება. ხსენებული კოქტეილის საშუალებით კი სავარაუდოდ ბროილერების ნაწლავებში და, შესაბამისად, ტან-ხორცზე Campylobacter spp.-ის ხვედრითი წილი შემცირება.

წარმოდგენილი ნაშრომი მიმოიხილავს კომპლექსური ზომების საშუალებით Campylobacter spp. კონტროლის შესაძლებლობას. აღნიშნულ კომპელქსურ ზომებში შედის როგორც ფერმის პირობების გაუმჯობესება ფრინველებისათვის, ასევე ბიოკონტროლი, პერიოდული Campylobacter spp. ტესტირება და კონტროლი ფრინველებისათვის სუფთა წყლის მიწოდება და ასევე პრობიოტიკული საკვები დანამატი, რომელიც ხელს შუეწყობს Campylobacter spp.-ის რაოდენობის შემცირებას.

ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე შემუშავებულია Campylobacter-ის დათრგუნვის სტრატეგია in vitro. სამომავლო კვლევის მიზანს შეადგენს აღნიშნული სტრატეგიის გამოცდა in vivo სისტემაში.

სადისერტაციო კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი და საინტერესოა არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ კომერციული თვალსაზრისითაც. კერძოდ, დაგეგმილია L. fermentum-ის მიერ Campylobacter-ის დათრგუნვის შესაძლო ტექნოლოგიად ჩამოყალიბების პილოტური ტესტირება, შემუშავებული ბიოტექნოლოგიისა და სამეცნიერო იდეების პატენტირება და საბოლოო ჯამში დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის კონკრეტული კომერციული რეკომენდაციების გავრცელება.

მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი იქნება კომპლექსური პრობიოტიკული პრეპარატის შემუშავებისათვის, რაც, თავის მხრივ, პრობიოტიკული ბაქტერიული შტამების მიერ Campylobacter-ის ბაქტერიოცინული მექანიზმით დათრგუნვას დაეფუძნება. აღნიშნული ტიპის ბიოპრეპარატები არა მხოლოდ უსაფრთხოა ფრინველებისათვის, არამედ მათ შეუძლიათ მოახდინონ კომპლექსური გავლენა ფრინველის იმუნურ სისტემაზე, კერძოდ მათ უნარზე მეტად ეფექტურად ებრძოლონ სხვადასხვა ბაქტერიულ პათოგენს.

დისერტაციის ფარგლებში ჩატარებულ კვლევას აქვს სამომავლო განვითარების პერსპექტივა, რაც შესაძლებელია მოიცავდეს პრობიოტიკული შტამის მიერ პროდუცირებული ბაქტერიოცინის გამოყოფასა და ბიოქიმიურ დახასიათებას, Campylobacter-ის შტამების გამოყენებას in vivo ექსპერიმენტებში. ასევე, შემდგომ ეტაპზე სასურველია იმ პირობების დადგენა, რომელშიც ბაქტერიოცინი პროდუცირდება მაქსიმალური რაოდენობით. გამოყოფილი და გასუფთავებული ბაქტერიოცინის, როგორც დამოუკიდებელი პროდუქტის, გამოყენება შესაძლებელია ნედლი ქათმის ტან-ხორცზე. მსგავსი პროდუქტები დაშვებულია მხოლოდ აშშ-ს წამლებისა და საკვების სააგენტოს (The US FDA) მიერ ხორცში სხვადასხვა პათოგენის (მაგ. Listeria, Salmonella spp.) კონტროლისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პათოგენების უსაფრთხო კონტროლის მექანიზმების შემუშავება ახალი ტექნოლოგიების განვითარებასაც გულისხმობს. SAFS-ის სადოქტორო კვლევის ფარგლებში გამოქვეყნებულია სამი სტატია.

გიორგი ჩაგელიშვილი - ხელატური ნაერთების ქრომის,ბორისა და მოლიბდენის გამოყენება    ბროილერის კვებაში (2023)

დადგენილია სინთეზის პირობები და სინთეზირებულია მეთიონინის შემცველი ქრომის, ბორისა და მოლიბდენის ხელატური ნაერთები: Cr(Mt)(CH3C00)2; Cr(Mt)2(CH3C00)•2H20; Cr(Mt)3•2H20; (H3B03-gl)•H20, [(H3B03)2gl|• H20, |(H3B03)3•gl|• 2H20, (H3B03 Mt) •2H20; [H3B03)2-Mt]•2H20; (H2M004•gl)•2H20 [(H2Mo04)2•gl|•2H20; [(H2M004)3•gl|•3H20; (H2Mo04Mt)•2H20; |(H2MoO4)2Mt•H20 სინთეზირებული ნაერთების შემადგენლობა მიკროელემენტური ანალიზით. ინდივიდუალობა ლღობის ტემპერატურის გაზომვით. ხელატები შესწავლილია რიგი ფიზიკო-ქიმიური კვლევის მეთოდებით. კერძოდ, თერმოგრაფიული კვლევის მეთოდით. დადგენილია, რომ ისინი იშლებიან საფეხურებად 540-630°C მეთოდით. დადგენილია, რომ ისინი იშლებიან საფეხურებად 540-630°C ტემპერატურულ ზღვარში შემდეგი თანმიმდევრობით: 1 - წყდება წყლის მოლეკულები; 2 - იჟანგება აცეტატ იონები; 3 - იჟანგება მეთიონინის მოლეკულა. დაშლის საბოლოო პროდუქტებია ქრომის სულფიდის და ოქსიდის ნარევი (I); ქრომის სულფიდი (II) ან ქრომის სულფიდის და ნახშირის ნარევი (III). სპექტროფოტომეტრული კვლევის მეთოდით დადგენილია, რომ მეთიონინი გამოდის რა ციკლური ლიანდაგის როლში, ბმას ახორციელებს ქრომის, ბორის და მოლიბდენის ატომებთან ამინო ჯგუფის აზოტის და კარბოქსილის ჯგუფის იონის (COO) ჟანგბადის ატომების საშუალებით ხუთწევრიანი ლითონოციკლების წარმოქმნით.

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული და ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში დადგენილია სინთეზის პირობები და პირველად სინთეზირებულია მეთიონინის შემცველი ქრომის, გლუტეინის მჟავისა და მეთიონინის შემცველი ბორისა და მოლიბდენის ხელატური ნაერთები.

შესწავლილი ხელატები ხასიათდებიან წყალში და დიმეთილფორმამიდში კარგი ხსნადობით. ქრომის ხელატური ნაერთების თერმული დაშლა იწყება 150-230°C გრადუსზე, ბორის ხელატის ნაერთებისა 90-550°C გრადუსზე, მოლიბდენის ხელატის ნაერთებისა 90-330°C გრადუსზე. რაც საშუალებას გვაძლევს საკვების გრანულირების დროს მთლიანობაში იქნეს შენარჩუნებული ხელატური ნაერთები.

ფრინველის საკვებში მიკროელემენტების ხელატურ ფორმით დამატებამ თითქმის ყველა ზოოტექნიკურ პარამეტრზე დადებითად იმოქმედა. გაიზარდა ბროილერის ცოცხალი მასა საკონტროლოსთან შედარებით 4,8-6,0% (P≥0,010, დღიური წონამატი 3,4-6,1%. შენარჩუნება 2,0-4,0%-ით, საკვების დანახარჯი შემცრიდა 2,8-7,6%. ევროპული ინდექსი 15-51 ერთეულით, ტანხორცის გამოსავალი გაიზარდა 1,0-1,7%, ხორცში ცილის შემცველობა კი 1,5-2,5%-ით.

ბრიოლერის გამოზრდის პერიოდში 1 ტონა სრულფასოვან კომბინირებული საკვების დამზადებისას სამივე ასაკობრივ ფაზაში (სტარტი, გროუერი, ფინიში) უნდა დაემატოს:

მეთიონინის შემცველი ქრომის ხელატი: 0,5-1,0 გრ.

გლუტამინის მჟავისა და მეთიონინის შემცველი ბორის ხელატი: 1,0-1,5 გრ.

გლუტამინის მჟავისა და მეთიონინის შემცველი მოლიბდენის ხელატი: 1,0-1,5 გრ.

პრემიქსების დამზადებისას 1 ტონა 0,5% პრემიქსში (სტარტი, გროუერი, ფინიში) ჩართული უნდა იყოს:

მეთიონინის შემცველი ქრომის ხელატი: 100-200 გრ.

გლუტამინის მჟავისა და მეთიონინის შემცველი ბორის ხელატი: 200-300 გრ.

გლუტამინისა და მეთიონინის შემცველი მოლიბდენის შემცველი ხელატი: 200-300 გრ.

1 ტონა 1% პრემიქსში (სტარტი, გროუერი, ფინიში) ჩართული უნდა იყოს:

მეთიონინის შემცველი ქრომის ხელატი 50-100 გრ.

გლუტამინის მჟავისა და მეთიონინის შემცველი ბორის ხელატი 100-150 გრ.

გლუტამინის მჟავისა და მეთიონინის შემცველი მოლიბდენის ხელატი 100 - 150 გრ.

ეთერ ტყეშელიაძე - პრობიოტიკური შემადგენლობის შემუშავება ვაშლის წვენის წარმოებისთვის (2023)

პრობიუტიკური საკვები პროდუქტების უმეტესობა დაფუძნებულია რძის ნაწარმზე. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, რძის შაქრის - ლაქტოზის აუტანლობა ახასიათებს. პრობიოტიკებით გამდიდრებული ხილის წვენები წარმოადგენს რძის პროდუქტების კარგ ალტერნატივას, ვინაიდან არის ლაქტოზია და ქოლესტერინისგან თავისუფალი.

სადისერტაციო ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოში გავრცელებული ვაშლის ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშებიდან გამოყოფილი პრობიოტიკური რძემჟავა ბაქტერიებით გამდიდრებული ვაშლის წვენის დამზადების ბიოტექნოლოგიის შემუშავება. სხვადასხვა ჯიშის ვაშლის ნაყოფებიდან გამოიყო რძემჟავა ბაქტერიების 120 იზოლატი. მათი მორფო-ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მახასიათებლების შესწავლის შედეგად შეირჩა 4 შტამი (Lactiplantibacillus (Lpb.) plantarum 52, Lactiplantibacillus plantarum 53, Lactiplantibacillus plantarum 74 და Lactiplantibacillus plantarum 76), რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა გერმანიაში MALDI-TOF მასური სპექტრომეტრით და 16S rDNA სექვენირებით. შესწავლილ იქნა ოთხივე შტამის პრობიოტიკური თვისებები, ყველა მათგანი ხასიათდებოდა pH 2.0-ზე ზრდის უნარით, ნაღვლის მარილების მიმართ ტოლერანტობით. Lactiplantibacillus plantarum 74 რეზისტენტული იყო ციპროფლოქსაცინის, გენტამიცინის, ნეომიცინისა და სტრეპტომიცინის მიმართ, Lactiplantibacillus plantarum 76 - ოქსიტეტრაციკლინის, ციპროფლოქსაცინის, გენტამიცინისა და სტრეპტომიცინის მიმართ, Lactiplantibacillus plantarum 52, Lactiplantibacillus plantarum 53 და Lactiplantibacillus plantarum 74 მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ ოქსიტეტრაციკლინის, ტეტრაციკლინის, ერითრომიცინისა და რიფამპიცინის მიმართ. ვაშლის ნაყოფიდან გამოყოფილ ოთხ შტამს შორის ანტიმიკრობული აქტივობის შესწავლამ აჩვენა, რომ Salmonella enterica ATCC 14028-ს ზრდა დათრგუნა Lactiplantibacillus plantarum 52-მა. Streptococcus pyogenes ATCC 21059-ის შემთხვევაში Lpb. plantrum 52 და Lpb. plantarum 76 გამოირჩეოდა ამ უნარით, Proteus mirabilis ATCC 12453-ს, Shigella flexneri ATTC 12022-სა და Escherichia coli ATCC 25922-ის მიმართ ინჰიბიტორული აქტივობა აღენიშნებოდა Lpb. plantarum 76 შტამს. შესწავლილი პრობიოტიკური თვისებების საფუძველზე, ვაშლის წვენების ფერმენტაციისთვის შერჩეულ იქნა სამი საუკეთესო (კომპლემენტარული) თვისებეის მქონე შტამის კონსორციუმი Lpb. plantarum 52, Lpb. plantarum 74 და Lpb. plantarum 76. ვაშლის წვენში, ჩათესვის მომენტში, უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა შეადგენდა 7.0±0.2 lg კწე/მლ-ს. თერმოსტატში 37°C-ზე 48 სთ-იანი ფერმენტაციის შემდეგ დაფიქსირდა მატება 9.3±0.2 lg კწე/მლ-მდე. მაცივარში შენახვიდან მე-12 კვირას მიაღწია 8.6±0.2 lg კწე/მლ-მდე. აღსანიშნავია, რომ წვენის pH შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში და შემცირდა 3.65±0.2-დან 3.55±0.02-მდე. ჯამური ფენოლების შემცველობა 194.4±9.7 მგ GAE /ლ-დან მე-12 კვირას გაიზარდა 304.0±15.2 მგ GAE /ლ-მდე. რაც შეეხება ანტიოქსიდანტურ აქტივობას, 139.9±6.9 მგ AAE /ლ-დან შემცირდა 118.5±5.9 მგ AAE /ლ-მდე.

ვაშლიდან გამოყოფილი პრობიოტიკური თვისებების მქონე რძემჟავა ბაქტერიების შერჩეული კონსორციუმის საფუძველზე შესაძლებელია დამზადდეს პრობიოტიკური წვენები, რომლებიც დააკმაყოფილებს გასტროენტეროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის (World Gastroenterology Organization) მოთხოვნებს.

ნატალია ხარაბაძე - აზიური ფაროსანას Halyomorpha halys (Stål, 1855) (Heteroptera: Pentatomidae) ბიოეკოლოგიური თავისებურებები და ბიოლოგიური კონტროლი საქართველოში (2023)

წარმოდგენილი სამუშაო ეხება სასოფლო სამეურნეო კულტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მავნე მწერის აზიური ფაროსანას - Halyomorpha halys (Stål, 1855 (Heteroptera: Pentatomidae) შესწავლას, მის ბიოეკოლოგიური მახასიათებლების დადგენას, ადგილობრივი ბუნებრივი მტრების გამოვლენას, მის წინააღმდეგ ეფექტიანი და გარემოსათვის უსაფრთხო ღონისძიებების შემუშავებას.

კვლევის აქტუალურობა - სასოფლო სამეურნეო კულტურების ერთ-ერთი უმთავრესი მავნე პოლიფაგი მწერი-აზიური ფაროსანა H. h alys საქართველოში აღინიშნება 2015 წლიდან. საკვების სიუხვემ, კლიმატურმა პირობებმა, მწერის მაღალმა რეპროდუქტიულობამ, ბუნებრივი მტრების სიმცირემ, ხელი შეუწყო მწერის სწრაფ ადაპტაციას და გამრავლებას საქართველოში. დღესდღეობით საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან მწერის გავრცელებამ და აგრესიულმა ქმედებამ დასავლეთ საქართველოში დიდი ზიანი მიაყენა თხილის ბაღებს და გამოიწვია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; Kharabadze et al. 2019). ამიტომ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემის დამუშავება და მათი რიცხოვნობის რეგულირება, მეტად აქტუალურია. ამ ღონისძიებათა ერთობლიობაში კი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო ბიოლოგიური მეთოდების შემუშავებას, ბუნებრივი მტრების გამოვლენას და მათ გამოყენებას მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემაში (IPM).

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის საქართველოში, ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში, ძირითადად გამოიყენება ქიმიური ინსექტიციდები, რომლებიც ანადგურენენ სასარგებლო მწერებსაც, აბინძურებენ გარემოს და არღვევენ ეკოლოგიურ ბალანსს.

ქიმიური პესტიციდების გამოყენების შემცირების მიზნით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს კვლევები, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ბიოლოგიური საშუალებების შემუშავებისათვის, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი მტრების - მტაცებლების, პარაზიტოიდების ენტომოპათოგენური მიკროორგანიზმების (ვირუსები, პროტოზოები, სოკოები, ნემატოდები) ძიებასა და გამოვლენას (Abram et al. 2017; Formella et al. 2019; Andreadis et al. 2021; Francati et al. 2021; Japoshvili at al., 2022), ასევე ბიოტექნიკური საშუალებების, როგორიცაა ფერომონების შექმნას. ასეთი მიდგომა აამაღლებს მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობას, იგი უსაფრთხო იქნება ადამიანისა და გარემოსათვის, ზიანს არ მიაყენებს ბიომრავალფეროვნებას, შეინარჩუნებს ეკოლოგიურ ბალანს და უპასუხებს გაეროს განვითარების 2015-2030 წლის მიზნებს.

კვლევის სიახლე - საქართველოს პირობებში პირველად იქნა შესწავლილი აზიური ფაროსანას ბიოეკოლოგიური თავისებურებები: ა) თაობათა რაოდენობა, ბ) მკვებავი მცენარეები, გ) სქესობრივი ინდექსი, რომლებიც მნიშვნელოვანია შემდგომში მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელებისათვის. თხილის კულტურის მაგალითზე გამოვლენილია მკვებავი მცენარის გამძლეობის მარკერები. ასევე, გამოვლენილი და შეწავლილია მისი ადგილობრივი ბუნებრივი მტრები (მტაცებლები, ენტომოპათოგენური სოკოები), რომლებსაც აქვთ პოტენციალი წარმატებით იყვნენ გამოყენებული, როგორც აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის აგენტები.

წარმოდგენილი ნაშრომის მიზნია - აზიური ფაროსანას ბიოეკოლოგიური მახასიათებლების შესწავლა, ბუნებრივი მტრების გამოვლენა, ბიოლოგიური კონტროლში გამოყენების მიზნით.

დასახული მიზნების მიღწევისათვის შესრულდა შემდეგი ამოცანები:

  • აზიური ფაროსანას ბიოეკოლოგიური თავისებურებების დადგენა
  • მწერისა და მკვებავი მცენარის ურთიერთდამოკიდებულებისა და გამძლეობის
  • მარკერების გამოვლენა
  • მწერის ადგილობრივი ბუნებრივი მტრების გამოვლენა
  • გამოვლენილი ბუნებრივი მტრების ეფექტიანობის დადგენა

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა - აზიური ფაროსანა - Halyomorpha halys - ფაროსანი ბაღლინჯოების (Pentatomidae) ოჯახის წარმომადგენელი მავნე, ინვაზიური მწერია (Lee et al., 2013a). ისევე როგორც Pentatomidae-ს ოჯახის მრავალ მავნე სახეობა, აზიურ ფაროსანაც მაღალი პოლიფაგია და გავრცელებულია ყველა კონტინენტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში. აღწერილია მისი 300-ზე მეტი მასპინძელ მცენარე (Venugopal et al., 2014, Ciceoi et al., 2017). ევროპაში მისი გავრცელების შესახებ 2013 წლამდე ცნობები არ მოიპოვებოდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ მოხდა მისი ინტენსიური გავრცელება. დღეისათვის იგი ევროპის 15 ქვეყანაშია გავრცელებული (Ciceoi et al., 2017). მწერი თავისი განვითარების სხვადასხვა ფაზაში, კვებით აზიანებს სასოფლო სამეურნეო, დეკორატიულ და ველურ მცენარეებს რითაც საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას (Peiffer and Felton, 2014, Acebes, 2016). მწერს ახასიათებს გადარჩენის და გამრავლების მაღალი მაჩვენებელი. სხვადასხვა კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში იძლევა 1-6 თაობას სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, H. halys გამოსაზამთრებლად მიგრირებს შენობებში, სახლებში, სადც რჩება მთელი ზამთრის განმავლობაში. მწერი გამოყოფს - მყრალ სუნს, რაც ქმნის სოციალურ და ჯანმრთელობის პრობლემებს (იწვევს ალერგიას) მოსახლეობაში (Hoebeke and Carter, 2003).

H. halys -ს ბუნებრივი გავრცელების არეალია ჩინეთი, იაპონია და კორეაა (Hoebeke and Carter, 2003). დღეისათვის ის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც ამერიკის, ასევე ევროპის მრავალი ქვეყნის სასოფლო სამეურნეო სექტორისათვის, მათ შორის საქართველოსათვისაც. დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) ის შემოიჭრა 2012 წელს სოჭის ოლიმპიადის შემდეგ (Gapon, 2016) და 2016 წლისათვის მიაღწია აჭარამდე (Meskhi, 2017) და ამ დროის განმავლობაში, მის მიერ გამოწვეული ზარალი 54 მლნ. დოლარს შეადგენდა (Ministry of Finance of Georgia, 2017). H. halys იტალიასა და საქართველს პირობებში ყველაზე მეტად აზიანებს თხილს (Bosco et al., 2018,). არსებული მონაცემების საფუძველზე მწერის საზიანო მოქმედება საჭიროებს მავნე მწერთა ინტეგრირებული მართვის ღონისძიებებს (Bosco et al., 2018).

გარემოს მზარდი დაბინძურების და სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარების პირობებში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მავნე მწერებისაგან მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებას. ამ სისტემაში ქიმიური დაცვის საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც მავნე მწერების რიცხოვნობა აღემატება მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს; ამ საქმიანობაში უპირატესობა ენიჭება მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდს, მცენარის იმუნიტეტის გაზრდას, გამძლე ჯიშების სელექციას. მავნებლის წინააღმდეგ ინტეგრირებული დაცვის სისტემის შემუშავება შეუძლებელია მისი ბიო-ეკოლოგიური თავისებურებების საფუძვლიანი ცოდნის გარეშე.

H. halys რიცხოვნობის ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით რეგულირებისათვის აუცილებელია მისი ბიოლოგიური თავისებურებების, მკვებავი მცენარეების და ბუნებრივი მტრების შესწავლა.

კვლევის ობიექტი - იყო აზიური ფაროსანა - H. halys , მისი მკვებვი მცენარეები, ბუნებრივი მტრები - ჩოქელა (Mantis species), აგრეთვე აზიური ფაროსანას პოპულაციებიდან გამოყოფილი ენტომოპათოგენური სოკოს შტამები (Beauveria bassiana, Isaria fumosorosea).

კვლევები განხორციელდა 2018-2021 წლებში, მარტიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, დასავლეთ საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში: წინასწარ შერჩეულ საცდელ ნაკვეთებზე. იმერეთში საცდელი ნაკვეთი მდებარეობდა ვანში (42°05'39.9"N42°30'12.5"E), ამ საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებული იყო ხილის შერეული ტიპის ბაღი, (ვაშლი, მსხალი, ბროწეული, თხილი, ყურძენი, ტყემალი, ქლიავი, ბალი) და ბოსტნეული კულტურები. ამ ნაკვეთს ყველა მხრიდან ესაზღვრებოდა სხვა საკარმიდამო ნაკვეთები, ნაკვეთის ფართი იყო 0.5 ჰა. გურიაში საცდელი ნაკვეთი შეირჩა სოფელი ნინოშვილში (42°02'24.8"N 41°57'21.9"E) რომელიც მოიცავდა როგორც საკარმიდამო ასე სასოფლო სამეურნეო სავარგულსა და ტყეს. ამ ნაკვეთის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 73 მეტრზეა, ხოლო ყველაზე მაღალი 200 მეტრზე. მოცემულ ნაკვეთს ესაღვრება ტყე და საკარმიდამო ნაკვეთები, რომლებზეც ძირითადად გაშენებულია თხილი ნაკვეთი გაყოფილი იყო ორ ნაწილად და საერთო ფართი შეადგენს 15 ჰექტარს. სამეგრელოში საცდელი ნაკვეთი იყო სოფელ დარჩელიში (42°25'14.4"N 41°39'17.6"E), ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს მდინარე პატარა ენგური, სამხრეთით - დაუმუშავებელი ტერიტორია, ხოლო აღმოსავლეთით თხილის ბაღები, ნაკვეთი მოიცავს 1 ჰექტარს. მკვებავ მცენარეთა გამოსავლენად ექსპედიციები ხორციელდებოდა სამკვირიანი ინტერვალებით. დაკვირვებები მიმდინარეობდა წინასწარ, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ხეებზე.

აზიური ფაროსანას თაობათა რაოდენობის დადგენის მიზნით, შეგროვდა მონაცემები მისი განვითარებისათვის საჭირო ტემპერატურის, ტენიანობის, დღის ხანგრძლობის კრიტიკული ზღვრების შესახებ და შედარდა დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებს. ასევე აღრიცხული იყო კვერცხდებების თარიღები და მოხდა შედარება მოსაზღვრე რეგიონში სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებთან.

მკვებავ მცენარეთა გამძლეობის მარკერებს (ფენოლოგია, ლიგნინის შემცველობა) ვიკვლევდით თხილის ორი ჯიშის, ბერძნულასა (=ბერძნული, Corylus avellana L.) და დედოფლის თითის (=აკაკი წერეთლის თითი, ბადემი, C. col c hica Albov.) მაგალითზე, მცენარეები იმყოფებოდნენ სრულად მსხმოიარობის ფაზაში (ხომასურიძე, 1978; სიჭინავა, 2005; მიროტაძე, 2011).

თხილის დაზიანების ხარისხი შეფასდა და დაზიანების კატეგორიები დადგინდა ჰედსტრომის მეთოდის მიხედვით (Hedstrom et al., 2014).

ჩატარდა მკვებავ მცენარეთა მორფოლოგიური კვლევები, სადაც თხილის ნაყოფის ნაჭუჭის სისქე გაზომილი იყო ტექნიკური სიმწიფის ფაზაში შტანგენფარგალით (სიჭინავა, 2005). ფორმირების პროცესში მყოფი ნაჭუჭის და მისი სტრუქტურული ელემენტების სისქე განისაზღვრა სინათლის მიკროსკოპის (МБР-1) ოკულარული ხრახნიანი მიკრომეტრით (MOB-1-15X OMO USSR) სხვადასხვა გადიდებაზე.

ანატომიური კვლევისათვის მცენარის ანათლები დამზადდა მიკროტომის (Microtome Leitz Germany 6619) მეშვეობით, შეიღება საფრანინით (1:1000 გ/მლ საფრანინი/დისტილირებული H2O) 24 სთ განმავლობაში. ანათლები შესწავლილი იქნა სინათლის მიკროსკოპით (МБР-1).

ფაროსანას და თხილის ფენოლოგური ფაზების შესწავლა ჩატარდა მიღებული მეთოდიკების მიხედვით. თხილზე აღირიცხებოდა ნაყოფის გამონასკვის, რძისებრი და ტექნიკური სიმწიფის ფაზები (სიჭინავა, 2005). ფაროსანას შემთხვევაში: მეზამთრეობაში გადასვლა, მეზამთრეობიდან გამოსვლა, კვერცხდება, მატლისა და იმაგოს ფაზები, ვოლტინობა დადგინდა ერიკ ბერგმანის მეთოდის მიხედვით (Bergmann et al., 2015).

აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრების მოპოვება განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა, ჩვენს მიერ ყველა გამოკვლეულ რეგიონში. იდენტიფიცირებას ვახდენდით მწერების სარკვევის გამოყენებით (ნებიერიძე, სავენკო, 1957).

აზიური ფაროსანას - H. halys პოპულაციებში ერთეული მწერებიდან იზოლირებულია ენტომოპათოგენური სოკოები, და მოვახდინეთ მათი კულტივირება ხელოვნურ საკვებ არეებზე, 23 ± 2° C- ზე 12-15 დღის განმავლობაში (Humber, 1997; Burjanadze et al., 2020) ლაბორატორიაში.

იზოლირებული მონოკულტურების მორფოლოგიური და მოლეკულური შესწავლა განხორციელდა მწერების პათოლოგიაში არსებული მეთოდებით (Evlakhova, 1974; Roberts, 1992; Humber, 1997; Vellinga, 1988; Brandfass and Karlovsky, 2008; Sambrook, Russell, 2001; Toju et al., 2012; White et al., 1990). ასევე შესწავლილი იყო ამ იზოლატების შემდეგი ფერმენტული (ქიტინაზური, პროტეაზული და ლიპაზური) აქტიურობა (Nahar et al., 2013; Vyas and Deshpande,1989).

ენტომოპათოგენური სოკოების ბიოლოგიური ეფექტიანობის დადგენისათთვის, საველე და ლაბორატორიული ცდებისათვის, სუსპენზია მზადდებოდა 2 კვირიანი სოკოვანი კულტურებისგან, რომლებიც იზრდებოდნენ კარტოფილის დექსტროზა აგარზე (PDA), 23 ± 2° C-ზე, რომელთაც აღენიშნებოდათ კარგი სპორულაცია. სუსპენზიაში გამოყენებული იყო გამოხდილი წყალი, რომელიც შეიცავდა სპორების დამაცალკავებელს - Twin 80 0.01%. ხსნარში სპორების კონცენტრაცია გაიზომა ჰემოციტომეტრის საშუალებით. ცდებში გამოყენებული იყო სამი კონცენტრაცია 1x106, 1x107 და 1x108 (Humber 1997; Lacey & Kaya, 2007; Kunelauri et al., 2019).

მიღებული შედეგების სტატისტიკური ანალიზისთვის გამოვიყენეთ შემდეგი ტესტები: T-ტესტი თხილის სხვადასხვა ჯიშებში ნაჭუჭის სისქეებს შორის სხვაობის დასადგენად; F-ტესტი ბერძნულისა და დედოფლის თითის ნაჭუჭის სისქის ცვალებადობის დასადგენად.

ჩოქელას (Mantodea) მორფოლოგიური ნომენკლატურის დასადგენად და მისი ინდივიდების მორფომეტრულ მონაცემებს შორის ძირითადი სხვაობის დასადგენად გამოყენებული იქნა ANOVA. ჩოქელას კვების ინტენსივობა შემოწმდა სტატიკურად დღეების და საათების მიხედვით კაპლან-მეიერის მეთოდის გამოყენებით. გამოთვლები განხორციელდა IBM SPSS Statistics 23-ზე (IBM Corp. Released 2015).

ლაბორატორიაში გამოცდილი პრეპარატების (ენტომოპათოგენური სოკოებისა და ნემატოდების შტამები, ასევე საკონტროლოდ გამოყენებული ქიმიური ინსექტიციდის) მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის ყველა მონაცემი შესწორდა Abbott-ის ფორმულის (Abbott, 1925) გამოყენებით, ხოლო საველე სამუშაოებისას სიკვდილიანობას აღვრიცხავდით Franz-ის ფორმულით (Franz, 1968). ლარვების სიკვდილიანობის პროცენტი თითოეული კონცენტრაციისთვის გაანალიზებული იყო Onaway ANOVA-ს გამოყენებით; საშუალო მაჩვენებლების გამოყოფა მოხდა Tukiye’s საშუალოების გამოყოფის ტესტით. P<0.01 შემთხვევაში სიკვდილიანობა ჩათვლილი იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად. კაპლან-მეიერის ანალიზის მეთოდი გამოიყენებოდა როგორც საშუალო სიკვდილიანობის, ასევე მედიანური ლეტალური დროის (LT50) დასადგენად (GraphPad Prism 9.1). დოზებისა და ექსპოზიციის დროს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებების გამოსათვლელად, განხორციელდა Onaway ANOVA, SPSS 23.0 პროგრამული პაკეტის გამოყენებით P <0.01 და P <0.05 დონეზე.

აზიური ფაროსანა, მისი მკვებავი მცენარეები და ბუნებრივი მტრები შეგროვდა დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, აჭარა) და აღმოსავლეთ საქარველოში (თბილისის შემოგარენი).

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში H. halys -ს ვითარდება ორი ან სამი თაობა. ჩვენს პრობებში დიაპაუზიდან გამოსვლა იწყება აპრილის შუა რიცხვებიდან და დიაპაუზაში გადადის ოქტომბრის შუა რიცხვებში. ეს მაჩვენებლები მერყეობს კლიმატური პირობების მიხედვით.

H. halys გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით, მის ერთ კვერცხნადებში საშუალოდ არის 28 კვერცხი.

წლების მიხედვით იცვლებოდა მწერის სქესთა თანაფარდობა, მაგრამ ეს თანაფარდობა ყოველთვის იყო მდედრების სასარგებლოდ, რომელიც განსაკუთრებით მაღალი იყო 2021 წელს. კვერცხების გამოჩეკვა 100-78%-ის ფარგლებში მერყეობდა.

აზიური ფაროსანას პოლილფაგური ბუნება შეინიშნებოდა ექსპერიმენტებშიც. მისი კვება დაფიქსირდა 38 სახეობის მცენარეზე, რომლებიც მოიცავს 31 გვარსა და 23 ოჯახს. მკვებავი მცენარეების სამი სახეობა Agav e americana L. (Asparagaceae), Sambucus nigra L. (Adoxaceae), Laurus nobilis L. (Lauraceae) პირველად ჩვენს მიერ გამოვლინდა დასავლეთ საქართველოს პირობებში.

მწერის აზიანებს მრავალ სასაოფლო სამეურნე კულტურას, დეკორატიულ და ტყის სახეობებს, თუმცა საქართველოს პირობებში მწერის უპირატესობას ანიჭებს თხილს და სიმინდს.

სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, იცვლება მწერის მკვებავი მცენარეების სახეობები. მაისიდან ივნისის ბოლომდე H. halys უპირატესობას ანიჭებს თხილს. ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე ის იკვებება ბოსტნეულსა და სიმინდზე. ხოლო აგვისტოდან ოქტომბრამდე - ხეხილოვან მცენარეთა ნაყოფებზე და ველურ ბალახოვან მცენარეებზე.

ჩვენი კვლევის ერთ-ერთი ამოცანა იყო შეგვესწავლა თხილის, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიული კულტურის დაზიანება და მისი გამძლეობა აზიური ფაროსანას მიმართ. გამორიკვა რომ, თხილი ზიანდება ყველა ასაკის H. halys -ს მიერ. ყველაზე მეტი კვერცხდება აღინიშნა თხილზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თხილი ყველაზე მეტად მისაღები მკვებავი მცენარეა H. halys -სთვის ჩვენს პირობებში. მწერი კვერცხს დებს სადედე ტოტზე განთავსებულ, წვეროდან მე-2 ან მე-3 ფოთოლზე. ახლადგამოჩეკილი ფაროსანას ნიმფები 2 დღის შემდეგ იწყებენ აქტიურ კვებას თხილის ფოთლებიდან და ახლადგამონასკვული ნაყოფებიდან. კვებითი დაზიანება კარგადაა გამოხატული ნაყოფებზე და ფოთლებზე და ნაკლებად ფოთლებზე. ნაყოფის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია H. halys-ის ასაკსა და თაობაზე, თუმცა მისი ხორთუმის სიგრძე ყოველთვის მეტია ვიდრე თხილის ნაჭუჭის სისქე, რაც საშუალებას აძლევს მწერს, რომ ყველა ასაკში დააზიანოს თხილის ნაყოფი. მწერის ნერწყვი შეიცავს სხვადასხვა ფერმენტებს, რომლებიც აუცილებელია საჭმლის მონელებისათვის, მაგრამ მასში არ არის ლიგნინის დამშლელი ფერმენტები, ამიტომ, როგორც კი თხილის ნაჭუჭში დაიწყება ლიგნიფიკაციის პროცესი თხილის ნაყოფი H. halys -ს კვებისათვის მიუღებელი ხდება. ნაჭუჭის ლიგნიფიკაცია თხილის ჯიშებში სხვადასხვა დროს იწყება და იცვლება მეტეოროლოგიური პირობების მიხედვით. ლიგნინის წარმოქმნის უნარი გენეტიკურადაა განპირობებული და იცვლება ჯიშების მიხედვით. გამძლე ჯიშ ბერძნულას ნაყოფის ნაჭუჭში ლიგნიფიკაცია იწყება ადრე ვიდრე ჯიშ დედოფლის თითში. ლიგნიფიკაციის დამთავრება ჩვენს პირობებში ემთხვევა H. halys -ს პირველი თაობიდან მეორეში გადასვლის პერიოდს. ადრე მომწიფებულ თხილის ნაყოფებში ლიგნინის მაღალი შემცველობა განაპირობებს მწერის გადასვლას სხვა სახეობებზე. ჩვენს მიერ გამოვლენილი ეს ფაქტი არის მიზეზი იმისა თუ რატომ ამჟღავნებს ბერძნულა მეტ გამძლეობას ვიდრე დედოფლის თითი ერთსა და იმავე პირობებში. სხვაობა ამ ორი ჯიშის დაზიანების ხარისხს შორის მერყეობს 15-35%-ის ფარგლებში წლების მიხედვით.

აზიური ფაროსანას პოპულაციებიდან გამოვავლინეთ შემდეგი ენტომოფაგები  Rhynocoris iracundus (Roda, 1761)(Hemiptera: Reduviidae), Hierodula transcaucasica Brunner von Wattenwyl, 1878 (Mantodea: Mantidae), Iris polistictica (Fischer-Walheim, 1846) (Mantodea: Eremiaphilidae), Dermeste sp. (Coleoptera: Dermestidae), აქედან დეტალურად შევისწავლეთ Hierodula transcaucasica. ლაბორატორიული ექსპერიმენტის შედეგად დავადგინეთ რომ ზრდასრული Hierodula transcaucasica ერთ დღეში საშუალოდ სამ H. halys -ს იმაგოს ანადგურებს, ხოლო მის ნიმფას ერთ საათში შეუძლია სამი აზიური ფაროსანას I-II ასაკის მატლების განადგურება. Hierodula transcaucasica -ს ასეთი ხარბი მტაცებლობა, საშუალებას გვაძლევს რომ ის გამოვიყენოთ H. halys -ს ბიოლოგიური კონტროლისათვის.

მსოფლიოში პირველად H. h alys პოპულაციებიდან გამოვყავით შემდეგი ენტომოპათოგენური სოკოები Beauveria bassiana, Isaria fumosorosea შტამები. მათი სახეობრივი კუთვნილება დავადგინეთ მორფოლოგიური შესწავლის საფუძველზე. ფერმენტული ანალიზით დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ გამოყოფილ შტამებს (Beauveria bassiana - MB101; MB102; MB104; Isaria fumosorosea - MB 103) აქვთ მაღალი ქიტინაზური, პროტეაზული და ლიპაზური აქტიურობა, რაც აუცილებელია მწერის ინფიცირებისათვის. აღნიშნული შტამები, სხვა შტამებთან (Beau veria bassiana - MB 082; Isaria sp. - MB 011, Metarhizium sp. - MB 077, ARSEF 8318 -Beauveria bassiana, ARSEF 8319 – Metarhizium sp.) და ქიმიურ პრეპარატთან Bi-58 new (აქტიური ინგრედიენტი - დიმეთიოატი) ერთად გამოვცადეთ ლაბორატორიასა და ასევე საველე პირობებში. ყველაზე მაღალი ფერმენტული აქტიურობით და ბიოლოგიური ეფექტიანობით გამოირჩეოდა შტამი MB 101, რომელიც გამოყოფილი იყო H. halys -ის პოპულაციიდან.

შევისწავლეთ ერთ-ერთი პირველი ქართული მიკოპესტიციდის Bover-Ge-ს ეფექტიანობა H. halys -ს I-II ასაკის ნიმფებზე, ზრდასრულებსა და მოზამთრე ფაზებზე. დადგენილია, რომ Bover-Ge-ს ახასიათებს H. halys-ს მიმართ მაღალი სიკვდილიანობის გამოწვევის უნარი 65-90.5%.

ენტომოპათოგენური ნემატოდების გამოყენება მავნე მწერების ბიოლოგიური კონტროლისათვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მსოფლიო მასშტაბით. შევისწავლილია. ადგილობრივ და იტალიის კოლექციებში არსებული ენტომოპათოგენური ნემატოდების შტამების ეფექტიანობა H. halys-ს მიმართ. კვლევაში გამოყენებული იყო შემდეგი შტამები: ქართული -Heterorhabditis bacteriophora (GEO), Steinernema borjomiense (GEO), იტალიური -Heterorhabditis bacteriophora (IT) და Steinernema apuliae (IT). დადგინდა რომ იტალიურ შტამებს ახასიათებს მაღალი ბიოლოგიური ეფექტიანობა აზიური ფაროსანას მიმართ ლაბორატორიაში და შესაძლებელია წარმატებით გამოვიყენოთ H. halys-ს ბიოლოგიურ კონტროლში.

დასკვნები

  • დასავლეთ საქართველოს პირობებში აზიური ფაროსანა H. halys-ს შეუძლია ორი ან იშვიათად სამი თაობის განვითარება;
  • პირველად იქნა ნაჩვენები, რომ შესწავლილ რეგიონებში გამოზამთრებული და I –II თაობის მწერები კვერცხდებისათვის უპირატესობას ანიჭებს თხილს. სხვადასხვა მცენარეებიდან მოპოვებულ ნადებებში კვერცხების რაოდენობა, ასევე გამოჩეკვის % მერყეობდა რეგიონისა და წლების მიხედვით და შეადგენდა 75 - 79 %-ს.
  • აზიური ფაროსანას მოზამთრე პოპულაციებში მდედრების რაოდენობა 6-60%-ით აჭარბებდა მამრებისას 2018-2021 წლებში.
  • პირველად ჩვენს მიერ, დასავლეთ საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას H. halys კვება დაფიქსირდა 38 სახეობის მცენარეზე დასავლეთ საქართველოს პირობებში, რომელთაგან Agav e americana, Sambucus nigra, Laurus nobilis არ იყო შეტანილი მონაცემთა საერთაშორისო ბაზებში (EPPO, CABI).
  • პირველად დადგენილია აზიური ფაროსანას მიმართ შედარებით გამძლე მკვებავი მცენარის გენოტიპის არსებობა. კერძოდ, თხილის ნაყოფის გამძლეობა დამოკიდებულია ნაჭუჭის ლიგნიფიკაციის დაწყების დროსა და ხარისხზე, აგრეთვე ლიგნინის წარმოქმნისა და მწერის კვებითი მოთხოვნების თანხვედრაზე. ზემოთქმულის გათვალისწინებით I და II თაობების ყველა ასაკის მწერები მეტად აზიანებს ჯიშს „დედოფლის თითი“, ვიდრე - „ბერძნულა“-ს.
  • პირველად ჩვენს მიერ აზიური ფაროსანას პოპულაციებიდან გამოვლენილია შემდეგი ადგილობრივი ბუნებრივი მტრები: მტაცებლები - Rhynocoris iracundus, Hierodula transcaucasica, Iris polistictica , Dermeste sp., ხოლო ენტომოპათოგენური მიკროორგანიზმებიდან - სოკო Beauveria bassiana, Isaria fumosorosea შტამები.
  • პირველად ჩვენს მიერ დადგინდა აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის ჩოქელას Hierodula transcaucasica -ს მტაცებლობის ხარისხი. ჩოქელას ზრდასრული ინდივიდი დღეში საშუალოდ სამ ზრდასრულ აზიურ ფაროსანას, ხოლო მისი ნიმფა ერთ საათში ანადგურებდა სამ აზიური ფაროსანას ნიმფას.
  • მორფოლოგიური და მოლეკულური კვლევების საფუძველზე დადგინდა აზიური ფაროსანას ადგილობრივი პოპულაციებიდან გამოყოფილი ენტომოპათოგენური სოკოების სახეობრივი შედგენილობა - Beauveria bassiana და Isaria fumosorosea შტამები.
  • შესწავლილი იქნა იზოლირებული შტამების ფერმენტული (ქიტინაზური, ლიპაზური და პროტეაზული) აქტიურობა და დადგინდა რომ ყველაზე მაღალი ფერმენტული ქტიურობით ხასიათდებოდა შტამი MB 101 – 0.6057 ე/მლ, 1.564 ე/მლ, 1.06 ე/მლ შესაბამისად.
  • იზოლირებული შტამების MB 101, MB 102, MB 103, MB 104 ეფექტიანობა აზიური ფაროსანას ნიმფებისა და ზრდასრულების მიმართ მერყეობს 60 – 90%-ის ფარგლებში.
  • აზიური ფაროსანას ნიმფების წინააღმდეგ Beauveria bassiana - MB 101, MB 102, MB 104 გამოცდილი იყო სამი კონცენტრაციით 1x106, 1x107, 1x108, სადაც სიკვდილიანობა შეადგენდა 80-99%, 85-90%, 70-90% შესაბამისად, ხოლო იმაგოს მიმართ 80-99%, 75-89%, 60-80% შესაბამისად.
  • ბიოლოგიური ეფექტურობა აზიური ფაროსანას ნიმფების მიმართ Isaria fumosorosea - MB 103 შემთხვევაში ვარირებს 68-88%, ხოლო იმაგოს მიმართ შესაბამისად 70-90% შეადგენდა.
  • აზიური ფაროსანას იმაგოს მიმართ გამოცდილი Bover-Ge-ს ბიოლოგიური ეფექტიანობა 72.0-90.5%-ია, ხოლო მეზამთრეობის ფაზაში - 65%-ს შეადგენდა.
  • ენტომოპათოგენური ნემატოდების Heterorhabditis bacteriophora (GEO), Steinernema borjomiense (GEO), Heterorhabditis bacteriophora (IT) და Steinernema apuliae (IT) ბიოლოგიურმა ეფექტიანობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიაღწია 53.3% , 40%, 95.3%, 93.3% შესაბამისად.

რეკომენდაციები

  1. მცენარეთა დაცვის, გარემოს დაცვის და სოციალურ-ეკონომიკური სფეროს მოთხოვნების გათვალისწინებით შედგენილია შემდეგი რეკომენდაციები:
  2. თხილის ბაღების გაშენებისას უპირატესობა მიენიჭოს ჩვენს მიერ გამოვლენილ, შედარებით გამძლე ჯიშს ბერძნულს.
  3. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის ფართოდ იყოს გამოყენებული ჩვენს მიერ დადგენილი მისი ბუნებრივი მტრები - მტაცებელი მწერი ჩოქელა და ენტომოპათოგენური სოკოები.
  4. საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დაიწყოს ფართომასშტაბიანი ღონისძიებები აზიური ფაროსანას ჩვენს მიერ დადგენილი ბუნებრივი მტრების დაცვის, მოსახლეობისადმი გაცნობის და გამოყენების მიმართულებით.
  5. გამრავლდეს და მოსახლეობაში გავრცელდეს ჩვენს მიერ გამოცემული საინფორმაციო ფურცელი "ჩოქელა - აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი“
  6. გამოიცეს და გავრცელდეს ინფორმაცია ადგილობრივი ენტომოპათოგენური სოკოების საფუძველზე დამზადებული პრეპარატების შესახებ.

დისერტაციის შემდგომი განვითარებისა და გამოყენების პერსპექტივა:

მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული და მიმდინარე კვლევებისა, აზიური ფაროსანა ისევ რჩება ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემების სერიოზულ მავნებლად მთელ დედამიწაზე, მათ შორის საქართველოშიც. მწერის პოლიფაგური ბუნება და ადაპტაციის დიდი უნარი საჭიროებს შემდგომ შესწავლას. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ მწერის ბიოლოგიის და ეკოლოგიის რიგი საკითხები დასაზუსტებელია საქართველოს რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

შემდგომი კვლევეი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ,

მეცნიერული თვალსაზრისით:

  • გაგრძელდეს აზიური ფაროსანას H. halys -ს ბიოეკოლოგიის დაზუსტება საქართველოს პირობებში;
  • გაგრძელდეს მწერის ადგილობრივი ბუნებრივი მტრების გამოვლენა და შესწავლა;
  • გაგრძელდეს თხილის, როგორც სტრატეგიული კულტურის, შედარებით გამძლე ჯიშების გამოვლენა რეგიონების მიხედვით;
  • მოხდეს აზიური ფაროსანას ადგილობრივი პოპულაციებიდან ახალი ენტომოპათოგენების გამოყოფა;
  • განხორციელდეს უკვე გამოყოფილი ენტომოპათოგენური სოკოების კომერციალიზაცია, გამოცდა და გამოყენება ქვეყნის მასშტაბით.
  • შეიქმნას სპეციალური ლაბორატორია, სადაც მოხდება ჩოქელას, ასევე სამომავლოდ გამოვლენილი სხვა ბუნებრივი მტრების, ხელოვნურად გამრავლება და მიწოდება ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისადმი.

დისერტაციის შედეგების შემდგომი განვითარება და გამოყენება ხელს შეუწყობს ბიოლოგიური კონტროლის გაძლიერებას აზიური ფაროსანას (და არა მარტო) მიმართ, ქიმიური საშუალებების ინტენსიური მოხმარების შემცირებას, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიღებას, გარემოს ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას.

ტექნიკური თვალსაზრისით: ბიოპრეპარატები, რომელიც დამზადებული იქნება ეკოლოგიურად მდგრად ადგილობრივ ბიოაგენტებზე, უფრო ეფექტიანი და ადაპტირებული იქნება გარემოს ცვალებადობის მიმართ.

კომერციული თვალსაზრისით: იზოლირებული და შესწავლილი ენტომოპათოგენური სოკოები შესაძლოა შეთავაზებული იქნას როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ ბიოპესტიციდების მწარმოებლებისადმი.

რევაზ ლაფაჩი - ანტიბიოტიკების შემცვლელი სპორაწარმომქმნელი  Bacillus-ის ადგილობრივი წარმოების ახალი პრობიოტიკების გავლენა ბროილერის პროდუქტიულობაზე (2023)

დღევანდელი მდგომარეობით ანტიბიოტიკების მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობა, წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელ (კვერცხი, ხორცი, რძე და სხვა) მეურნეობებში. ამის გამომწვევ ძირითად მიზეზს წარმოადგენს, ამავე მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების ინტენსიური გამოყენება, როგორც სამკურნალწამლოდ, ისე ზრდის სტიმულაციისთვის. ანტიმიკრობული პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება იწვევს სამიზნე მიკროორგანიზმების ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობას, ასევე ფრინველის კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის დისბიოზს. მეფრინველეობის სწარმოში ფრინველის დისბაქტერიოზი არის დიდი გამოწვევა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება ანტიბიოტიკები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავად წარმოადგენენ დისბიოზის მიზეზს. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არსებობენ პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც რეზისტენტულია თანამედროვე ანტიბიოტიკების მიმართ. მეფრინველეობის პროდუქტის ხარისხზე გაზრდილმა მოთხოვნამ დღის წესრიგში დააყენა ისეთი ალტერნატიული მეთოდების მოძიების აუცილებლობა, რომელიც ჩაანაცვლებს ფრინველის ხორცის წარმოებაში ანტიბიოტიკებს. მიზნის მისაღწევად Bacillus subtilis Katmira 1933 შტამი და Bacillus amyloliquefaciens შტამი, რომლებმაც გამოავლინეს განსაკუთრებული პრობიოტიკული პოტენციალი, გამოიცადნენ როგორც ფრინველის საკვები დანამატები. Bacillus subtilis Katmira 1933 შტამი და Bacillus amyloliquefaciens შტამების კულტივირება განხორციელდა მყარფაზოვანი ფერმენტაციით, ადგილობრივ აგროინდუსტრიულ ნარჩენების ნედლეულზე (ხორბლის ქატო, სიმინდის ბუყი) შემდგომ გამომშრალი ფერმენტირებული ბიომასა შემცველობით 1 x 1012კწე/გ გამოყენებული იქნა 2 დამოუკიდებელ ეტაპად. პირველ ეტაპზე, შესწავლილ იქნა პრობიოტიკული კულტურა Bacillus subtilis-ი, რომელიც გამოიცადა ფრინველის სამ საცდელ ჯგუფში, ხოლო საკონტროლოდ გამოიყო ერთი საკონტროლო ჯგუფი. პრობიოტიკული კულტურა Bacillus subtilis-ი საცდელ ჯგუფებზე გადანაწილდა შემდეგი კონცენტრაციით 0,03%; 0,04%; 0,05%. ცდის მეორე ეტაპზე შესწავლილ იქნა პრობიოტიკული კულტურა Bacillus amuloliquefaciens-ი, რომელიც ასევე გამოიცადა ფრინველის სამ საცდელ ჯგუფში, შემდეგი კონცენტრაციით 0,03%; 0,04%; 0,05%, ხოლო საკონტროლოდ კვლავ გამოყენებულ იქნა ერთი საკონტროლო ჯგუფი. ცდის ორივე ეტაპი ჩატარდა ბროილერის საწარმო "Rosteri"-ში. ფრინველის ზემოაღნიშნული სამ-სამი საცდელი ჯგუფის პარალელურად საკონტროლო ჯგუფების კვებაში ჩვეულებრივად გამოიყენებოდა ანტიბიოტიკი. როგორც საკონტროლო, ისე საცდელ ჯგუფებში გამოიყენებოდა სრულფასოვანი კომბინირებული საკვები, რომელიც აკმაყოფილებდა ფრინველის ნუტრიციულ მოთხოვნებს, შეიცავდა როგორც ყველა საზრდო ნივთიერებებს ისე მინერალურ და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ბროილერის განვითარების ფაზების შესაბამისად. ჩატარებული ცდის შედეგად დადგინდა B. subtilis პორბიოტიკის ოპტიმალური დოზა ბროილერის კვებაში 0,04% ოდენობით. შედეგად საცდელ ჯგუფებში დღიურმა წონამატებმა გამოზრდის პერიოდში შეადგინა 3,5-3,7 გრამით მეტი ვიდრე საკონტროლო ჯგუფში (საშალოდ 53,0-53,2 გრამი/დღე). აბსოლუტური წონამატი საცდელ ჯგუფში იყო 96-98%, რაც 2-4% მაღალია საკონტროლო ჯგუფზე. პროდუქტიულობის ინდექსი საცდელ ჯგუფებში 24-34 ერთეულით მეტია საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით.

B. amyloliquefaciens-ისთვის პრობიოტიკის ოპტიმალური დოზა ბროილერის კვებაში სასტარტო და მოზარდის ფაზაში 0,05% ხოლო ფინიშის ფაზაში 0,04%.

შედეგად საცდელ ჯგუფებში დღიურმა წონამატმა გამოზრდის პერიოდში შეადგინა 2,81-3,71 გრამით მეტი ვიდრე საკონტროლო ჯგუფში (საშალოდ 53,1-54,0 გრამი/დღე). აბსოლუტური წონამატი საცდელ ჯგუფებში გაიზარდა 6,8%. სიცოცხლის უნარიაობის მაჩვენებელი საცდელ ჯგუფში იყო 96-97%, რაც 3-4% მაღალია საკონტროლო ჯგუფზე. პროდუქტიულობის ინდექსი საცდელ ჯგუფებში 31 ერთეულით მეტია საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

პაატა ვაშაკიძე - ევროპული ტიპის ღვინის ხარისხის გაუმჯობესება თავისუფალი ამინომჟავების ტრანსფორმაციის რეგულირებით (2023)

ღვინის წარმოების პროცესი - ყურძნის გადამუშავებიდან ფორმირებულ ღვინის მიღებამდე, რამდენიმე ტექნოლოგიურ ეტაპს მოიცავს. მათ შორის მნიშვნელოვანია ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილი, რომელიც შაქრების გარდაქმნის პროდუქტების ეთილის სპირტის და ნახშირორჟანგის გარდა, მრავალრიცხოვან ბიოქიმიურ გარდაქმნას მოიცავს მეორეული მეტაბოლიტების წარმოქმნით. ალკოჰოლური დუღილის მეორეული მეტაბოლიტებიდან მნიშვნელოვანია თავისუფალი ამინომჟავებიდან წარმოქმნილი უმაღლესი სპირტები, რომლებიც ლოკალიზირებულია ღვინოში და დიდ გავლენას ახდენს ღვინის გემურ მაჩვენებლებზე და მნიშვნელოვანწილას განსაზღვრავს ღვინის არომატს და ბუკეტს. მათი ნეგატიური გავლენა განპირობებულია უმაღლესი სპირტების წარმომადგენელი მკვეთრი, მძაფრი, არასასიამოვნო სუნის მქონე რახის სპირტებით - ამილის, იზოამილის, იზობუთილის, ბუთილის, პროპილის, იზოპროპილის, ჰექსილის სპირტებით. ღვინო შეიცავს, ასევე უმაღლესი სპირტების მე-2 ჯგუფს არომატული სპირტების სახით. კონკრეტულად 2-ფენილეთანოლს (ვარდის სურნელით), ტიროზოლს და ტრიფტოფოლს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპული ტიპის ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რახის სპირტების კონცენტრაციის შემცირების გზების ძიება, კვლევის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

ევროპული ტიპის თეთრი მშრალი ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პირველად შევარჩიეთ აზოტის ალტერნატიული წყარო (ANS) საფუარების საკვები დანამატის სახით ალკოჰოლურ დუღილში დასამატებლად. გამოკვლეულია რახის სპირტების წარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორები: ყურძნის ტკბილის შაქრიანობა (მაქსიმალური - 25%-იანი); ალკოჰოლუტი დუღილის ტემპერატურა 22-23°C და 27-28°C; მოდუღარი ტკბილის მჟავიანობა pH-3,0-3,8 ინტერვალში; ANS-ის დასამატებელი კონცენტრაცია 100-300მგ/ლ ინტერვალში; ალკოჰოლური დუღილი ბუნებრივი მიკროფლორით, საფუარების შტამებით Sacch. vini კახური 42, Sacch. vini რქაწითელი 61, წარმოებაში გამოყენებული მშრალი საფუარი "B 2000". თითოეულ ექსპერიმენტში ANS-ის საკონტროლო ვარიანტად გამოვიყენეთ ღვინის წარმოებაში საფუარების აზოტოვან საკვებად გამოყენებული დიამონიუმის ჰიდროფოსფატი. დავადგინეთ აღნიშნული ფაქტორების ოპტიმალური მნიშვნელობები ANS-ის კონცენტრაცია 100 მგ/ლ, დუღილის ტემპერატურა 22-23°C, მოდალური ტკბილის მჟავიანობა pH-3,0-3,8; ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილი ANS0ის კონცენტრაციით 3000 მგ/ლ, ასევე დუღილის ტემპერატურა 27-28°C; დადგინდა საფუარის ბიომასის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება ANS-ის კონცენტრაციაზე. ANS-ის თანაობით დამზადებულ საექსპერიმენტო ღვინოებში რახის სპირტების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდა DAP-ის თანაობით დამზადებულ ღვინოებთან შედარებით. მაგ.: 356,0 მგ/ლ-213,1 მგ'ლ ორივე ვარიანტის რახის სპირტებში დომინანტია იზოამილის სპირტები. დადგინდა რქაწითელის ყურძნის ტკბილის თავისუფალი ამინომჟავების ცვალებადობა ალკოჰოლურ დუღილში ANS-ის და DAP-ის თანაობით. დამზადებულ ევროპული ტიპის ნახევრად მშრალ და მშრალ ღვინოებში რახის სპირტებთან ერთად განისაზღვრა არომატული სპირტი 2-ფენილეთანოლი. მისი მაღალი კონცენტრაცია - 600გ/ლ დაფიქსირდა რქაწითელის საწარმოო ღვინოში. კვლევის შედეგების საფუძველზე, ANS-ის გამოყენებით შემუშავებულია რქაწითელის, კახური მწვანეს და ქისის მშრალი, არასტანდარტული ღვინოების დამზადების ტექნოლოგიები; ღვინეობი ხასიათდება რახის სპირტების დაბალი კონცენტრაციით და გაუმჯობესებული გემოთი, არომატით და ბუკეტით. რქაწითელის მშრალი, არასტანდარტული ღვინის ტექნოლოგიის საწრმოო გამოცდა ჩავატარეთ "შატო ზეგაანი"-ს ქარხანაში. საწარმოო ღვინო მაღალი ქულით შეფასდა დეგუსტაციაზე, აგრარული უნივერსიტეტის და მოწვეული მაღალკვალიფიციური დეგუსტატორების მიერ.

ჟუჟა ხაჭაპურიძე - ქართული ღვინოების ანტილიპაზური აქტივობა (2022)

სიმსუქნე, რომელიც მიჩნეულია ოცდამეერთე საუკუნის დაავადებად და "ახალი სამყაროს სინდრომად", საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საყოველთაო პრობლემას წარმოადგენს. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი ხშირად ცხიმებით მდიდარი კვებითი რაციონია. საკვებისმიერი ცხიმების შეთვისება დამოკიდებულია პანკრეატული ლიპაზას (EC3.1.1.3) მოქმედებაზე. აქედან გამომდინარე, ცხიმების შეთვისების შემცირება პანკრეატული ლიპაზის აქტივობის დათრგუნვით ხელსაყრელი სრტატეგიაა სიმსუქნის სამკურნალოდ. ამასთანავე, ლიპაზას ინჰიბირება არ იწვევს ორგანიზმში რაიმე მნიშვნელოვან სახიფათო გვერდით ეფექტებს.

დღეისათვის ამ მექანიზმით მოქმედი ერთადერთი კლინიკურად დამტკიცებული ფარმაკოლოგიური პრეპარატი არსებობს ბაზარზე, სავაჭრო ნიშით ქსენიკალი და ალი (აქტიური ნივთიერება ორლისტატი), რომელსაც ყოველდღიურად მიღებული ცხიმის დაახლოებით 30%-ის მონელების შეფერხება შეუძლია. თუმცა, ამ მედიკამენტის მიღება დაკავშირებულია სხვადასხვა არასასურველ ეფექტთან. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს კვლევები ლიპაზას ახალი ბუნებრივი ინჰიბიტორის აღმოსაჩენად, რომელსაც მინიმალური გერდითი ეფექტები და მაღალი ინჰიბიტორული აქტივობა ექნება.

უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლიფენოლების კლასი წარმოადგენს პანკრეატული ლიპაზის აქტივობის ინჰიბირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს. ღვინო, თავის მხრივ, მდიდარია პოლიფენოლებით. ტრადიციული ქართული (კახური) მეთოდი, ღვინოს კიდევ უფრო ამდიდრებს ამ ნაერთებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ უამრავი კვლევაა ჩატარებული, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათი ანტი-ლიპაზური აქტივობის შესახებ მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

კვლევის მიზანი: ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავდა კომერციულად ხელმისაწვდომი ქართული ღვინოების ანტილიპაზური აქტივობისა და ბიოაქტიური ნაერთების შემცველობის შეფასებასა და შედარებას. წინამდებარე კვლევის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა ღვინის მიერ პანკრეატული ლიპაზის აქტივობის ინჰიბირების მექანიზმისა და კინეტიკის დადგენა. ასევე, შესწავლილი იქნა ღვინის ცალკეული ფენოლური ფრაქციების მიერ ლიპაზას ინჰიბირების მექანიზმი და კინეტიკა.

კვლევა ითვალისწინებდა შემდეგ ამოცანებს:

  • ღვინის ნიმუშების ძირითადი ხარისხობრივი და ბიოქიმიური მაჩვენებლების ანტილიპაზურ აქტივობასთან კორელაციის შესწავლა;
  • ღვინის, როგორც ინჰიბიტორის ფრაქციონირება ეთილაცეტატისა და წყლის ფრაქციებად და მათი ინჰიბიტორული აქტივობის შესწავლა;
  • ფერმენტის ინჰიბირების ინეტიკისა და მექანიზმის შესწავლა შერჩეული ღვინის და მისგან გამოყოფილი ფენოლური ფრაქციების მიერ;
  • ფენოლური ფრაქციების, როგორც ლიპაზას ინჰიბიტორების, ურთიერთგავლენის შესწავლა;
  • In vivo პირობებში ღვინის ანტილიპაზური აქტივობის შეფასება;

კვლევის სამეცნიერო სიახლე: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ შინაარსის კვლევები აქამდე არ ჩატარებულა. ასე რომ, ღვინის მიერ პანკრეატული ლიპაზას ინჰიბირების მექანიზმისა და კინეტიკის გამოკვლევა წარმოადგენს ჩვენი ნაშრომის სიახლეს.

დისერტაციის სტრუქტურა

დისერტაცია მიჰყვება ძირითად სტრუქტურას და მოიცავს ხუთ თავს - შესავალს, სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას, კვლევის მეთოდოლოგიას, შედეგებსა და მათ განხილვას და დასკვნებს.

ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში განხილულია სიმსუქნის პრობლემა, სიმსუქნის მკურნალობისა და მართვისთვის გამოყენებული სტრატეგიები. ამას გარდა ნაჩვენებია სიმსუქნეს კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) და განხილულია პანკრეატული ლიპაზას ფერმენტის როლი სიმსუქნესთან დაკავშირებით. ამავე თავში მიმოხილულია პანკრეატული ლიპაზას ბუნებრივი ინჰიბიტორები და ნაჩვვენებია ქართული ღვინის პერსპექტივა ამ მიდგომის მიმართ.

კვლევის მეთოდოლოგიის ნაწილი იძლევა მკაფიო ახსნას შერჩეული მეთოდების და ტექნიკის ვარგისიანობისა და სანდოობის დასაბუთებით. დეტალურად არის აღწერილი კვლევის ობიექტები, გამოყენებული ინსტრუმენტები, პროცედურები, ექსპერიმენტის ჩატარების პირობები და მონაცემები, მათი ანალიზის მეთოდები. ღვინის მჟავათა საერთო რაოდენობის გამოსახატად განსაზღვრულია ტიტრული მჟავიაობა ღვინის მჟავაზე გადაანგარიშებით. ჯამური ფენოლების შემცველობა განსაზღვრულია ფოლინ-ჩიკოლტეოს რეაქტივით, გალის მჟავაზე გადაანგარიშებით. ღვინის ნიმუშების ანტიოქსიდანტური აქტივობა განსაზღვრულია სპექტროფოტომეტრული FRAP (Ferric Reducing Antioxidant Power) მეთოდით. ფერმენტ ლიპაზას აქტივობა და ნიმუშების მიერ მისი ინჰიბირება გამოკვლეულ იქნა ტიტრაციის მეთოდით, სიგმა-ალდრიხის მიერ შემუშავებული მეთოდიკის მიხედვით. თხევად-თხევადი ექსტრაქციის მეთოდის საშალებით მიღებულ იქნა ღვინის ფენოლური ფრაქციები. ფერმენტის ინჰიბირების კინეტიკა და მექანიზმი შესწავლილ იქნა ლაინუივერ-ბერკის გრაფიკული მეთოდის მიხედვით. კინეტიკური მონაცემების ანალიზი გამოისახა გრაფიკულად მიხაელის-მენთენის განტოლების შებრუნებულ კოორდინატთა სისტემაშ, რის საფუძველზეც დადგინდა ინჰიბირების ტიპი. მონაცემები დამუშავდა Microsoft Excel-ით (Microsoft 365 MSC), Version 2112, statistical functions, Microsoft Corp., Redmond WA, USA.). წარმოდგენილი მონაცემები არის მინიმუმ სამი გამეორების საშუალო ± სტანდარტული გადახრა (SD).

მიღებული ექსპერიმენტული მონაცემები და კვლევის შედეგები განხილულია შედეგებისა და დისკუსიის თავში. ასევე განხილულია ზოგიერთი SDG-ის წარმატებით განოხრციელების მნიშვნელობა. საბოლოოდ, მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის სადუძველზე მომზადდა დასკვნა.

კვლევის მნიშვნელოვანი შედეგები

წინამდებარე ნაშრომში გამოვიკვლიეთ 14 სხვადასხვა ქართული კომერციული ღვინის ინჰიბიტორული პოტენციალი პანკრეატული ლიპაზის მიმართ. მათ შორის, შესწავლილ იქნა მუკუზანის ღვინისა და მისი ფენოლური ექსტრაქტების მიერ ლიპაზას დათრგუნვის მექანიზმი და განსაზღვრულ იქნა შესაბამისი კინეტიკური პარამეტრები. შესწავლილი ღვინის ნიმუშები დამზადებული იყო ქართული ყურძნის ჯიშებისგან (საფერავი და რქაწითელი). კახური ან ევროპული მეთოდის მიხედვით. კვლევის შედეგები იძლევა მტკიცებულებას, რომ წითელი ღვინო არის პანკრეატული ლიპაზის ძლიერ ინჰიბიტორი, შერეული ტიპის (კონკურენტულ-არაკონკურენტული) ინჰიბიტორული მექანიზმით.

სქემა 1. შერეული ტიპის ინჰიბირების სქემა. [E]: ფერმენტი; [S]: სუბსტრატი; [I]: ინჰიბიტორი; [P]: პროდუქტი. ღვინო, როგორც ინჰიბიტორი I უკავშირდება თავისუფალ ფერმენტს და წარმოქმნის ფერმენტ-ინჰიბიტორის კომპლექსს (EI), ფერმენტ-სუბსტრატის (ES) კომპლექსთან დაკავშირებისას წარმოქმნის ფერმენტ-ინჰიბიტორ-სუბსტრატის (EIS) კომპლექსს.

ინჰიბიტორმა შეძლო როგორც ფერმენტის, ასევე, ფერმენტ სბსტრატის კომპლექსის შებოჭვა. შედეგებმა აჩვენა, რომ ინჰიბირების მუდმივას მნიშვნელობა (Ki1) ღვინის ფერმენტთან დაკავშირებლად უფრო მცირე იყო, ვიდრე ინჰიბიტორების მუდმივა (Ki2) ღვინის ფერმენტ-სუბსტრატის კომლექსთან დასაკავშირებლად, 40.556 ± 1.932 და 179.361 ± 8678 μmol- mL-1, შესაბამისად. მონაცემები მიუთითებს, რომ ღვინის სწრაფვა თავისუფალი ფერმენტის მიმართ ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ფერმენტ-სუბსტრატის კომპლექსის მიმართ, რაც თავის მხრივ, აძლიერებს ინჰიბიტორულ ეფექტს.

ღვინის ფენოლური ნაერთების ეთილაცეტატისა და წყლის ფრაქციებმა, უკონკურენტო მექანიზმით დათრგუნეს პანკრეატული ლიპაზას აქტივობა. ამასთანავე, აღნიშნულმა ფრაქციებმა გამოავლინეს სინერგიული ეფექტი ლიპაზას აქტივობის დათრგუნვის პროცესში.

სურ. 1-ზე ნაჩვენებია პანკრეატული ლიპაზას აქტივობის გრაფიკები ლანუივერ-ბერკის კოორდინატებში, როცა სუბსტრატად ზეითუნის ზეთია გამოყენებული, ინჰიბიტორის თანაობისას და მის გარეშე.

სურ. 1. პანკრეატული ლიპაზას აქტივობის გრაფიკები ლაინუივერ-ბერკის კოორდინატებში, ინჰიბიტორის თანაობისას და მის გარეშე, სუბსტრატად გამოყენებულია ზეითუნის ზეთი.

კვლევებმა აგრეთვე აჩვენა, რომ კახური მეთოდით დამზადებული თეთრი ღვინოების ანტილიპაზური აქტივობა საგრძნობლად აღემატება ევროპული მეთოდით დამზადებული თეთრი ღვინოების ანტილიპაზურ აქტივობას.

ამასთანავე, კახური მეთოდით წარმოებულ თეთრ ღვინოებში ანტიოქსიდანტური აქტივობა და ჯამური პოლიფენოლების შემცველობა მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ევროპული მეთოდით მომზადებულ თეთრ ღვინოებში. კახური სტილის ღვინოები დიდი ხნის განმავლობაში კონტაქტშია ყურძნის კანთან, კლერტთან და წიპწასთან ნაწილებთან, რაც განაპირობებს ბიოაქტიური კომპონენტების მიგრაციას ღვინოში.

ვერ აღმოვაჩინეთ მნიშნველოვანი კორელაცია (R2 = 0.4407) ღვინის ნიმუშებში პოლიფენოლების შემცველობასა და ანტილიპაზურ აქტივობას შორის, ვერც ღვინის მიერ ლიპაზას ინჰიბიტორულ აქტივობასა და ღვინის დაყენების მეთოდს შორის.

საერთო ჯამში, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენ მიერ გამოკვლეული ღვინის ნიმუშების უმეტესობა პანკრეატული ლიპაზის პოტენციური ინჰიბიტორია. ქართულ ბაზარზე არსებული ადგილობრივი ჯიშებისგან (საფერავი და რქაწითელი) დამზადებული ღვინოები ხასიათდება მაღალი ანტილიპაზური და ანტიოქსიდანტური აქტივობით და პოლიფენოლების მაღალი შემცველობით. ღვინის ზომიერი მოხმარება შესაძლებელია სასარგებლო იყოს ჭარბი წონის მენეჯმენტში. კვლევის შედეგებმა შეიძლება გაზარდოს მომხმარებლის ინტერესი და მოთხოვნა კახური ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინოების მიმართ. საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება ღვინის ინდივიდუალური ფენოლების ანტილიპაზური აქტივობის შესაფასებლად და ღვინის მიერ ლიპაზას აქტივობის დათრგუნვის in vivo  შესასწავლად.

კვლევის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან

სიმსუქნე ქრონიკული, მულტიფაქტორული გენეზის დაავადებაა. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მიზეზებით, როგორიცაა ცხოვრების წესი, გარემო პირობები, სოციალური, ფსიქოლოგიური, კულტურული, გენეტიკური, მეტაბოლური ფაქტორები. ამ კომპლექსურიბის გამო არ არსებობს სიმსუქნის პრობლემასთან უშუალოდ დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული მდგრადი განვითარების მიზანი, თუმცა ჩვიდმეტივე მიზანი მოიაზრებს სიმსუქნის პრობლემას და ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა ამ პრობლემის აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე ის მიჩნეულია SDG-ების აჩრდილად.

სიმსუქნის გავრცელება პირდაპირ კავშირშია SDG 3 მიზანთან "ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა." სიმსუქნე დაავადებაა, ამავდროულად ის სხვა დაავადებების განვითარების რისკსაც წარმოადგენს. არაგადამდები დაავადებების აღმოფხვრა აუცილებელია SDG 3.4 განსახორციელებლად. ექსპერიმენტულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ღვინოს in vitroპირობებში შეუძლია შეასუსტოს PL აქტივობა. შესაბამისად, ის შეიძლება პერსპექტიულ წყაროდ მივიჩნიოთ სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კვლევის შედეგები ასევე უკავშირდება SDG 2 მიზანს "დაასრულეთ შიმშილი, მიაღწიეთ სასურსათო უსაფრთხოებას და გაუმჯობესებულ კვებას და ხელი შეუწყეთ მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას". ღვინის ზომიერად მოხმარების სასარგებლო თვისებების შესახებ უამრავი საერთაშ`რისო კვლევაა გამოქვეყნებული. თუმცა აღნიშნული კვლევები უმეტესად წითელი ღვინის სარგებლიანობაზე მიუთითებენ, მათში პოლიფენოლებისა და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო. ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თეთრი ქვევრის ღვინოები შეიცავს ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული წითელი ღვინოების პოლიფენოლების თანაზომიერ რაოდენობას. აქედან გამომდინარე, კახური მეთოდით დამზადებული ღვინო შესაძლოა განვიხილოთ როგორც დამხმარე საშუალება სიმსუქნისა და არასწორი კვების გადასაჭრელად.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები ძირითადად დაკავშირებუია SGD 2 და 3-თან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჭიროა სხვადასხვა SDG-ის წარმატებით განხორციელება სიმსუქნის წინააღმდეგ ღვინის გამოსაყენებლად. ამას გარდა, ზოგიერთი SGD მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვინის ხარისხის მახასიათებლების განსაზღვრაში. თავდაპირველად გასათვალისწინებელია ინდიკატორი 3.5, რომელიც მიზნად ისახავს "გაძლიერდეს ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია და მკურნალობა, მათ შორის ნარკოტიკული საშალებების ბოროტად გამოყენება და ალკოჰოლის მავნე გამოყენება". ეს სამიზნე გულისხმობს, რომ არსებობს ალკოჰოლის მოხმარების ჯანსაღი დონე, მაგრამ ის ასევე აჩვენებს ხარისხიანი განათლების (SDG 4) და პასუხისმგებელი მოხმარების (SDG 12) აუცილებლობას. უფრო მეტმა ინფორმაციულობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სასმელის ჯანსაღ და მდგრად არჩევანზე და პასუხისმგებელ მოხმარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია SDG 10-ის, "შემცირებული უთანასწორობა," განხორციელება, რადგან უთანასწორობა იწვევს შემოსავლის, ჯანმრთელობის, სურსათისა და განათლების ხელმისაწვდომობის უთანასწორობას.

მდგრადი წარმოების თვალსაზრისით, საინტერესოა SDG 12. მარნებისა და ღვინის ქარხნების წყლის ხარჯი ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, მეღვინეობის მდგრადი პროცესისთვის, მნიშნველოვანია შემდეგი ინდიკატორების განხორციელება:

  • ინდიკატორი 12.8 "ნებისმიერ ადგილას მყოფი ადამიანებისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და ცოდნის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების წესის შესახებ"
  • ინდიკატორი 12.4 - "მიაღწიო ქიმიკატებისა და ყველა ნარჩენის ეკოლოგიურ მენეჯმენტს მათი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, საერთაშორისო ჩარჩოების შეთანხმების შესაბამისად და მნიშვნელოვნად შეამცირო მათი გაშვება ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მათი უარყოფითი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე"

ამას გარდა, ღვინის დამზადებისას საჭიროა სუთა წყალი (SDG 6). ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა ინდიკატორი 6.4, რომელიც მიზნად ისახავს "არსებითად გაზარდოს წყლის გამოყენების ეფექტურობა ყველა სექტორში და უზრუნველყოს მტკნარი წყლის მდგრადი ამოღება და მიწოდება წყლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და არსებითად შეამციროს წყლის დეფიციტით დაავადებული ადამიანების რაოდენობა". ეს მიზანი ასევე დაკავშირებულია პასუხისმგებელ წარმოებასთან, რადგან მისი მიღწევა რთულია წყლის გამოყენების ეფექუტორბის გაზრდის გარეშე.

ყველა ზემოთ ნახსენები SDG მიზნების გარდა, მნიშვნელოვანია შემდეგი მიზნების წარმატებით განხორციელება ღვინის დახმარებით სიმსუქნის სამართავად.

SDG 1 - "არა სიღარიბე" - სიღარიბე ზღუდავს წვდომას ადეკვატური სურსათის მიღებაზე და ართულებს კვების რეკომენდაციების მიღწევას. დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები ფასებზე მგრძნობიარენი არიან, ამიტომ ღვინის მაგივრად სხვა საქონლის შეძენას ამჯობინებენ.

SDG 13. კლიმატის ქმეება - კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს გლობალური სურსათის წარმოებასა და სურსათის უსაფრთხოებაზე, ასევე სუფთა წყლის რესურსების ხელმისაწვდომობაზე. კლიმატი ყურძნისა და ღვინსი წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც გავლენას ახდენს კონკრეტული რეგიონის ყურძნის სპეციფიკური ტიპების ვარგისიანობაზე, ასევე წარმოებული ღვინის ტიპსა და ხარისხზე. ღვინის შემადგენლობაზე დიდ გავლენას ახდენს მეზოკლიმატი და მიკროკლიმატი და მაღალი ხარისხის ღვინოების შესაქმნელად უნდა შენარჩუნდეს კლიმატური-ნიადაგური-ჯიშური წონასწორობა. იმის გამო, რომ ღვინოში ფენოლური ნაერთების არსებობაზე დიდ გავლენას ახდნეს ტემპერატურა, საშალო ტემპერატურის მატება გავლენას მოახდენს მევენახეობის ზონებში მათ არსებობაზე. შესაბამისად იმოქმედებს ყურძნის ხარისხე და შემდგომში შეამცირებს ღვინის ანტი-ლიპაზურ აქტივოაბს.

ზემოთნახსენები კლიმატური-ნიადაგური-ჯიშური წონასწორობა ასევე იწვევს SDG 15-ს (ცხოვრება ხმელეთზე). მიწათსარგებლობის ცვლილება იწვევს ნიადაგის დეგრადაციას, რომელიც თავის მხრივ ამცირებს ბიომრავალფეროვნებას, სურსათის წარმოებას და მტკნარ წყალზე ხელმისაწვდომობას.

საჭიროა ასევე აღინიშნოს SDG 17, "პარტნიორობა მიზნებისთვის". შესაძლოა საინტერესო იყოს გლობალური პარტნიორობის გაღრმავება ქართულ ღვინის მარნებთან ან ქარხნებთან. მნიშვნელოვანია კახური მეღვინეობის მეთოდით დაყენებული ღვინეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მწარმოებლებისთვის ქართული მეღვინეობის ტრადიციის ყველა ეტაპის ახსნა. ბოლოს და ბოლოს, სიმსუქნესთან ერთად ბრძოლა ადვილი იქნება

სამეცნიერო პროდუქტიულობა

დისერტაციის ექსპერიმენტული მასალების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულია შემდეგი სამეცნიერო სტატიები:

  • Khatchapuridze, Z., Gugulashvili, G., Ghvachliani, V., Ploeger, A., Gulua, L., Turmanidze, T. (2021). In-vitro functional efficacy of extracts from Caucasian Rhododendron (Rhododendron Caucasicum) and Rkatsiteli wines as pancreatic lipase inhibitors, Ukrainian Food Journal, 10(1), pp. 37-50. DOI: 10.24263/2304974X-2021-10-1-4
  • Khatchapuridze, Z., Ploeger, A., Gulua, L., Turmanidze, T. (2021). Comparative study of lipase inhibitory activity of some Georgian wines obtained through Kakhetian and European wine-making techniques, Annals of Agrarian Science, 19(3), pp. 223-234
  • Khatchapuridze, Z., Ploeger, A., & Gulua, L. (2023) Kinetic behaviour of pancreatic lipase inhibition by wine; Food Research, 7(3):157-164, DOI: 10.26656/fr.2017.7(3).151

კვლევის შედეგები წარდგენილ იქნა მეათე საერთაშორისო სპეციალიზებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაზე "Trends in LEAN Food Production and Packaging" კიევში, უკრაინაში 2021 წელს.

გიორგი კირკიტაძე - ფუნქციონალური დამმტვერავების ბიომრავალფეროვნებისა და მისი შემცირების საფრთხეების იდენტიფიცირება (2022)

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის რიცხოვნობის მატებამ გაზარდა მოთხოვნა სურსათზე, რამაც სასოფლო-სამეურნეო ფართობების მატებაც განაპირობა, ამ უკანასკნელის მატება კი ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირების ხარჯზე მოხდა. ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვა მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის, რაც თავის მხრივ ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემური სერვისების მდგრადობას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში მწერების ბიომრავალფეროვნების კლებაზე მრავალი სამეცნიერო კვლევა მიუთითებს. კლება განსაკუთრებით საგანგაშოა ფუტკრებში, რომლებიც ადამიანის მიერ მოხმარებულ საკვებ მცენარეთა სახეობების 75%-ის ჯვარედინ დამტვერვასა და ნაყოფმსხმოიარობის მატებას ემსახურებიან. საქართელოში ფუტკრების შესწავლა მხოლოდ ფაუნისტური მიმართულებით ხდებოდა და არ არსებობდა კვლევები მათი, როგორც ფუქციონალური დამმტვერავების შესახებ, ადგილობრივი ფუტკრის თუ რომელი ჯგუფები იყვნენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფუნქციონალური დამმტვერავები და რამდენად ახერხებდა ფუტკრების არსებული პოპულაცია დამტვერვით ამა თუ იმ კულტურის მომარაგებას. ფუტკრების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაშლის ჯიშებისათვის, რადგანაც უმრავლესობა ჯვარედიანდ დამმტვერავია. ვინაიდან ვაშლი ერთ-ერთ ეკონომიურად მნიშვნელოვან კულტურას წარმოადგენს, ჩვენი კვლევის მიზანს ვაშლის დამმტვერავების სახეობრივი მრავალფეროვნების შესწავლა და მათი, როგორც დამმტვერავების ეფექტურობის განსაზღვრა წარმოადგენდა, აგრეთვე, უნდა დაგვედგინა თუ რომელი ვირუსული დაავადებები იყო გავრცელებული კვლევის სამიზნე ფუტკრისნაირების სახეობებში.

დასახული მიზნების მისაღწევად დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდა აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ 30 ვაშლის ბაღში. კვლევების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნა დამმტვერავების შეფასების აპრობირებული მეთოდები და მორგებულ იქნა ქართულ რეალობაზე. დამმტვერავების შესაგროვებლად გამოყენებულ იქნა როგორც ჩასადგმელი ხაფანგები, ასევე შეგროვდა მწერბადის დახმარებითაც. თითოეული ბაღისათვის განისაზღვრა დამტვერვით უზრუნველყოფის მაჩვენებელი და სტატისტიკურად დადგინდა კავშირი დამტვერვის უზრუნველყოფასა და ბაღებში არსებულ ფუტკრების რაოდენობას შორის. დამმტვერავებში ვირუსული დაავადებების შესწავლისათვის დაიგეგმა, რომ ფუტკრები მოგვეთავსებინა RNAlater-ში, რაც უზრუნველყოფდა ვირუსების შენარჩუნებას მოპოვებულ ინდივიდებში.

თავდაპირველად შეგროვდა ლიტერატურული მონაცემები საქართველოში აღრიცხულ ფუტკრებზე (Apoidea) და მათმა სახეობრივმა რაოდენობამ 356 შეადგინა. უშუალოდ კვლევისათვის შიერჩა 30 ვაშლის ბაღი, სადაც შეგროვდა 1006 ფუტკრის ინდივიდი, როგორც მწერბადით ასევე ჩასადგამი ხაფანგებით. მოპოვებული ფუტკრებიდან 7 სახეობა ახალი აღმოჩნდა საქართველოს ფუტკრისნაირთა ფაუნისთვის, სულ ვაშლის ბაღებში შეგროვდა ფუტკრისნაირთა 53 სახეობა. ვაშლის ბაღების ფუტკრისნაირთა ფაუნაში სამი გვარი დომინირებს; Lasioglossum, Andrena, Apis და შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით, 50,24 და 22. ვაშლის ყვავილების ყველაზე ეფექტური ვიზიტორები ბაზები არიან, თუმცა ბაღებში ისინი მცირე რაოდენობით გვხვდებოდნენ. კვლევის მიმდინარეობისას გამოვლიდნა, რომ ვაშლის ბაღებში ბუნებრივი დამტვერავის ეფექტურობამ ვერ მიაღწია ოპტიმალურ მაჩვენებელს. ჩვენმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ფუტკრისნაირების რაოდენობის ზრდა ხელს უწყობს ბაღების, დამტვერვის სერვისით მაქსიმალურად მომარაგებას. კვლევებისას გამოვლინდა მეთაფლე ფუტკრებთან ასოცირებული ვირუსული დაავადებები, როგორც მეთაფლე ისე ველურ ფუტკრებში, კერძოდ: DWV-A/DWV-B (დეფორმირებული ფრთის ვირუსი); BQCV (შავი დედის უკრედის ვირუსი); SBPV (ნელი დამბლის ვირუსი), აღმოჩნდა რომ DWV-A/DWV-B პირველად დაფიქსირდა ამიერკავკასიაში.

ნინო თოდრია - ჯავშნიანი ტკიპები (Acari: Oribatida), როგორც სტრესული ეკოსისტემების ინდიკატორები (2022)

დარღვეული ეკოსისტემების შესასწავლად ნიადაგის ჯავშნიანი ტკიპების (Acari: Oribatida) საშუალებით, მათი შემდგომი გამოყენებისათვის დარღვეული ეკოსისტემების ბიოინდიკაციაში, კვლევები ჩავატარეთ სამი მიმართულებით:

I. კასპის თიხის კარიერზე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ეფექტურობის დადგენა ჯავშნიანი ტკიპების საშუალებით;

II. პესტიციდების გავლენის შესწავლა ჯავშნიანი ტკიპების თანასაზოგადოებებზე სოფელ პატარძეულში;

III. აღმოსავლეთ საქართველოს აიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემებში არსებული ეროდირებული ლანდშაფტების მდგომარეობის შეფასება ჯავშნიანი ტკიპების მეშვეობით.

I. აღდგენითი სამუშაოების ეფექტურობა გამოვიკვლიეთ კასპის თიხის მიტოვებული კარიერის ადრეულ სუქცესიურ ეტაპზე ნიადაგში მობინადრე ჯავშნიანი ტკიპების თანასაზოგადოებების სტრუქტურის და შემადგენლობის ცვლილების შესწავლით. შევაფასეთ ბუნებრივი სუქცესია და სამი ალტერნატიული აღდგენითი სამუშაოები: 1. M1 - მოქმედებების გარეშე - მეორადი ბუნებრივი სუქცესიით; 2. M2 - აღდგენითი სამუშაოები - ტერიტორიის ზედაპირის მოსწორება და მასზე კომერციული თესლის დათესვა ბალახების და საძოვრის მცენარეულობის ნარევი. 3. M3 - 2012, 2013 და 2014 წლებში აღდგენილი და შემოღობილი ტერიტორიები, სადაც დათესეს ბალახნარი, შეიტანეს თივა, როგორც ორგანული მასალა და დარგეს სხვადასხვა ხემცენარეების ნერგები (ველური ფშატი (Elaaengnus angustifolia L.) და აკაკიანი (Celtis caucasica (Caucasian hackberry); 4. Ctr - მიმდებარე საკონტროლო ტერიტორია, რომელიც არ ყოფილა გამოყენებული, როგორც კარიერი და რომელზეც მიმდინარეობს მუდმივი ძოვება.

კასპის თიხის კარიერზე სულ რეგისტრირებული იქნა ჯავშნიანნი ტკიპების 41 სახეობა, საიდანაც დომინანტი რვა სახეობა დამახასიათებელია სხვადასხვა დარღვეული ეკოსისტემებისათვის.

ჩვენმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ აღდგენის კატეგორია - "მოქმედებების გარეშე" - არ არის ეფექტური სტრატეგია ნიადაგის ჯავშნიანი ტკიპების თანასაზოგადოების განვითარებისათვის, თუკი არ არის მიმდებარე ბუნებრივი "წყარო" ჰაბიტატი ან/და ტერიტორია განიცდის ინტენსიურ ანთროპოგენულ ზემოქმედებას (ამ შემთხვევაში ძოვება). რეკულტივირებულ (შემოღობილ) ტერიტორიებზე ჰავშნიანი ტკიპების რიცხოვნობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე რეკულტივირებულ, მაგრამ შემოუღობავ და ბუნებრი ტერიტორიებზე. შემოღობილ ადგილებში სტრესის მიმართ ტოლერანტული სახეობების მაღალი რიცხოვნობა მიუთითებს, რომ დროის ინტერვალი შემოღობას (2012, 2013 და 2014 წლები) და ნიადაგის სინჯების შეგროვებას (2015-2016) შორის არ იყო საკმარისი პერიოდი ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებისათვის და შესაბამისად, ნიადაგის ფაუნის ჩამოყალიბებისათვის.

II. ფართო მოქმედების მქონე პესტიციდების გამოყენებისა დ ღრმა მოხვნის გავლენის შესწავლა ჯავშნიანი ტკიპების არასამიზნე თანასაზოგადოებაზე შევისწავლეთ დიდი ხნის დაუმუშავებელ საკარმიდამო ნაკვეთზე. საეექსპერიმენტო ნაკვეთი დავყავით: 1. დამუშავებულ, შეწამლულ - PP1, 2. დამუშავებულ, შეუწამლავ - UP1, 3. მოხნულ, შეუწამლავ - PICtr და 4. საკონტროლო (ხელუხლებელ, დაუმუშავებელ) - MCtr ნაკვეთებად. ნიადაგის სინჯების აღება ჯავშნიანი ტკიპების გამოყოფის მიზნით ხდებოდა კარტოფილის სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაშ ყოველთვიურად (მაისი-აგვისტო), ხოლო არასავეგეტაციო პერიოდში სამ თვეში ერთხელ (ოქტომბერი და იანვარი).

კვლევის პროცესში გამოვლინდა ჯავშნიანი ტკიპების 84 სახეობა, საიდანაც Graptoppia (Graptoppia) paraanalis Subias & Rodriguez, 1985 და Oribatula (Zygoribatula) skrjabini (Bulanova-Zakhvatkina, 1967) ახალი სახეობებია საქართველოს ფაუნისათვის, ხოლო Mongaillardia grandjeani Calugar & Vasiliu, 1984 ახალი სახეობაა კავკასიის რეგიონისათვის.

პესტიციდების გამოყენებამ არ მოახდინა ორიბატიდულ თანასაზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე სახეობის ინდივიდების რაოდენობის ზრდაში, ნიადაგის ჰაბიტატების პირდაპირი, მექანიკური დამუშავება (ღრმა ხვნა და გაფხვიერება) გაცილებით უარყოფითად აისახა ორიბატიდულ ფაუნაზე, ვიდრე პესტიციდების გამოყენება. სავარაუდოდ, საკვლევი ტერიტორიაზე დასახლებული სტრესისადმი ტოლერანტული სახეობები ჩამოყალიბდა წარსულში ამ ნაკვეთზე ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით გამოწვეული დარღვევის/დეგრადაციის შემდგომ.

III. საველე გამოკვლევები ჩავატარეთ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის ყველაზე ნაკლებად შესწავლილ რეგიონში სამი ტიპის ღია არიდული ეკოსისტემების სხვადასხვა დაზიანებულ ჯგუფებში: (1) სახნავი მიწები: ძლიერი (ASE) და საშუალო (AME) ეროზიებით; (2) საძოვრები: ძლიერი (PH) და ზომიერი (pm) გადაძოვებით; (3) ბუნებრივი სტეპები: ძლიერი (NSE) და საშუალო (NME) ეროზიებით და არაეროზირებული (N).

სულ გამოვლინდა ჯავშნიანი ტკიპების 81 სახეობა, საიდანაც Hemileius (Simikinia) ovalis Kulijev, 1968, peloribates glaber Miheil, 1956, Ceratozetos bulanove Kulijev, 1962 ახალი სახეობებია საქართველოს ფაუნისათვის.

ინდიკატორი სახეობის ანალიზმა (ISA) და რეგრესიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბუნებრივ ხელუხლებელ უბნებზე ნაჩვენებია პოტენციური ინდიკატორი სახეობების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელთა უმეტესობა არ გვხვდება დარღვეულ ტერიტორიებზე. ბუნებრივ სტეპებს ახასაითებს საშალოდ შვიდი სახეობა მაღალი ინდიკატორული მნიშვნელობით (ე.ი. სპეციფიკა > 0,9) სინჯის სეზონურობის მიუხედავად. არც ერთი სახეობა არ აღმოჩნდა დარღვეული სისტემების კარგი მაჩვენებლები.

ზურაბ ბრეგვაძე - გომბორის ქედის მაღალმთიანი სოფლისპირა საძოვრების ეფექტიანობის ამაღლება (2021)

სამუშაო ჩატარდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის # 88 504 "სოფლების საერთო საძოვრების კოლექტიური გამოყენება და კონფლიქტები - პრობლემის შედარებითი კვლევა აზერბაიჯანსა და საქართველოში" ჩარჩოებში და ეძღვნება კახეთის რეგიონის ცენტრში მდებარე გომბორის ქედის მაღალმთიანი სოფლისპირა საძოვრების ეკოლოგიური მდგომარეობის დადგენას და საძოვრების გაუმჯობესების და მართვის ღონისძიების განსაზღვრას. შერჩეული იქნა სამი მუნიციპალიტეტის: ახმეტის, საგარეჯოს და გურჯაანის სოფლისპირა საძოვრებზე არსებული ბალახთდგარი მისი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მძიმე ლითონების: ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის და თუთიის შემცველობაზე. კვლევები ჩატარებული იქნ დიფერენციალურ-იმპულსური პოლაროგრაფიის მეთოდით. მიღებული შედეგების საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ აღნიშნულ საძოვრებზე შეგროვილი ბალახის მასაში გამოკვლეული მძიმე ლითონების კონცენტრაცია სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს/ნორმებს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია-FAO / ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია-WHO, სურსათის უვნებლობის ევროპული ორგანიზაცია-EPSA), რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ამ ზონის ეკოლოგიურ სისუფთავეზე. შემოთავაზებულია საძ`ვრების მართვისა და გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები.

ინგა თაბაგარი - სპილენძითა და ტყვიით დაბინძურებული წყლის გაწმენდის ეფექტური მეთოდის შემუშავება ლურჯ-მწვანე წყალმცენარის Spirulina platensis და ბიოსურფაქტანტების გამოყენებით (2020)

წარმოდგენილი სამუშაო ფოკუსირებულია სპლინეძითა და ტყვიით დაბინძურებული წყლის გაწმენდის ახალი მიდგომების შემუშავებაზე და დაფუძნებულია ლურჯ-მწვანე წყალმცენარე Spirulina platensis ეკოლოგიური პოტენციალის და მახელატირებელი აგენტების - ბიოსურფაქტანტების კომბინირებულ გამოყენებაზე.

კვლევის აქტუალურობა - წყლის სისტემების დაბინძურება მძიმე მეტალებით წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პრობლემას მრავალი ქვეყნისთვის და მათ შორის, საქართველოსთვისაც. დაბინძურების მთავარი წყარო კი ჩამდინარე წყლებია. უწყვეტი დაბინძურება განაპირობებს მეტალთა აკუმულაციას ცოცხალ სისტემებში და ადამიანის კვებით ჯაჭვში მოხვედრისას იწვევენ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. წყლის გასუფთავების მეთოდები ძვირია და თან ყოველთვის არ არის ეკოლოგიურად უსაფრთხო. სწორედ ამიტომ, მძიმე მეტალებისგან წყლის გაწმენდის ალტერნატიული მეთოდების შემუშავება, რომელიც იქნება იაფი და ამავე დროს, დაფუძნებული გარემოსთვის უსაფრთხო, ბიოლოგიური ობიექტების გამოყენებაზე, ძალზე აქტუალურია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქიმიური დამაბინძურებლებისგან ჩამდინარე წყლების გაწმენდის ეფექტური მეთოდის შემუშავება და აგრარულ სფეროში უვნებელი წყლის გამოყენების შესაძლებლობა არის თანამედროვეობის აქტუალური საკითხი.

კვლევის სიახლე მდგომარეობს სპილენძისა და ტყვიის იონებით დაბინძურებული წყლის გასაწმენდად Spirulina platensis და ბიოსურფაქტანტების კომბინირებულ გამოყენებაში, აღნიშნული ლურჯ-მწვანე წყალმცენარეს რემედიაციული პოტენციალის გასაძლიერებლად. ჩემს მიერ ჩატარებული კვლევები წარმოადგენს სიახლეს და არასოდეს ყოფილა გამოკვლეული.

წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს შეაფასოს S pirulina platensis – ის რემედიაციული შესაძლებლობები და გააძლიეროს მის მიერ მეტალთა შეთვისების პროცესი დამატებითი ფაქტორების გამოყენებით. ჩემი მიზანია გავაუმჯობესო სპირულინას მიერ მძიმე მეტალების ბიოსორბცია ნაკლებ დროში. შედეგად მიღებული სუფთა წყალი ემსახურება მდგრადი სოფლის მეურნეობისა და აგრარული სფეროს განვითარების მიზნებს.

სუფთა წყლით მომარაგება პირდაპირ პასუხობს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-6 მიზანს - „სუფთა წყალი და სანიტარია“, რომელიც აერთიანებს ხუთ მნიშვნელოვან ინდიკატორს: 6.1 საყოველთაო ხელმისაწვდომობა სანიტარიასა და ჰიგიენაზე; 6.2 წყლის გამოყენების ეფექტურობის გაზრდა ყველა სექტორში; 6.3 წყალთან დაკავშირებული ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება; 6.4 წყლის ხარისხის გაუმჯობესება და დაბინძურების შემცირება; 6.5 სასმელი წყლის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ასევე მჭიდრო კავშირშია მიზნებთან: მე-3 (ჯანმრთელობა და კეთილდღეობა), მე-11 (მდგრადი ქალაქები და დასახლებები), მე-12 (მდგრადი მოხმარება და წარმოება), მე-14 (წყლის ბინადრები) და მე-15 (დედამიწის ეკოსისტემები). მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტულობაზე თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად 2030 წლისთვის.

სამუშაოს მთავარი ამოცანა - ისეთი ბიოსურფაქტანტის შერჩევა, რომელიც გააძლიერებს სპირულინას რემედიაციულ პოტენციალს, ასევე, სამიზნე დამაბინძურებლების იმ კონცენტრაციის პოვნა, რომელზეც სპირულინას ფიზიოლოგიური პარამეტრები შენარჩუნებული იქნებოდა.

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა - მოიცავს გარემოს დაბინძურების პრობლემის აქტუალობას, წყლის რესურსების დაბინძურების მიზეზებს, წყალში მძიმე მეტალების მოხვედრის გზებს, ინფორმაციას ფიტორმედიაციული მიდგომის უპირატესობებისა და შეზღუდვების შესახებ, სპირულინას ეკოლოგიური პოტენციალის შესახებ მომუშავე მეცნიერთა ნაშრომებისა და შედეგების შესახებ. ინფორმაციას ქიმიურ და ბიოლოგიურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებების და მათი თვისებებზე.

ბოლო 25 წელია აქტიურად მიმდინარეობს სპირულინას რემედიაციული უნარების გამოყენებაზე მუშაობა წყლის დასუფთავების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში. მეცნიერებმა გამოიკვლიეს სხვადასხვა მეთოდი სპირულინას ბიორემედიაციული უნარების გასაუმჯობესებლად.

ლიტერატურულ მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია უახლეს მიღწევებზე სპირულინას რემედეაციული პოტენციალის გასაუმჯობესებლად. წარმოდგენილია ლიტერატურული წყაროები სპირულინაზე ნახშირწყლების დამატების შესახებ, მის მიერ აბსორბციული ლითონების რაოდენობის გაზრდის მიზნით (Markou et al. 2015). ასევე, შესწავლილ იქნა მშრალი და ნედლი სპირულინას მიერ მეტალთა შეთვისების უნარი ცალ-ცალკე და დადგინდა, რომ მშრალი ბიომასა უფრო ინტენსიურად ასუფთავებს მძიმე მეტალებით დაბინძურებულ წყალს, ვიდრე ნედლი (Al-Homaidan et al. 2014). თუმცა, ორივე კვლევაში დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებელი არ აღემატება 5%-ს. ჩემს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად კი სპირულინას მიერ აბსორბირებული სპილენძის რაოდენობა ტრეგალოზა ლიპიდის დამატების შედეგად გაიზარდა 73% -ით.

მეთოდოლოგია

კვლევის ძირითადი ობიექტი - ლურჯ-მწვანე წყალმცენარე Spirulina platensis;

კვლევის დამხმარე ობიექტი - ბიოსურფაქტანტები (რამნოლიპიდ1, რამნოლიპიდ2, ტრეგალოზალი).

დასაკვირვებლად შეირჩა ორი მძიმე მეტალისგან (სპილენძი და ტყვია) დაბინძურებული წყალი. კვლევები ჩატარდა ლაბორატორიულ პირობებში -დურმიშიძის სახელობის ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიაში და აგრარული უნივერსიტეტის რემედიაციის ორანჟერეაში.

კვლევის მეთოდები - გრავიმეტრული, სპექტროფოტომეტრული, ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრული და ულტრასტრუქტურული.

მეტალთა რაოდენობრივი განსაზღვრა რემედიაციული პროცესის დინამიკაში ხდებოდა ორი მეთოდით - საინკუბაციო არეში ისაზღვრებოდა მეტალთა რაოდენობა სპექტრალურად, ხოლო სპირულინას ბიომასაში შეღწეული მეტალის კონცენტრაცია ისაზღვრებოდა ატომ-ადსორბციულ სპექტროფოტომეტრზე. გარდა აღნიშნულისა კვლევის საწყის ეტაპზე სპირულინას უჯრედებში მეტალთა განსაზღვრისთვის გამოიყენებოდა ულტრასტრუქტურული კვლევის ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდი.

ექსპერიმენტული ნაწილი მოიცავს 4 ძირითად ეტაპს:
პირველი ეტაპი - ეძღვნება სპირულინას კულტივაციას დიდი წარმადობით და ამისთვის შესაბამისი საკვები არეს შერჩევას. მძიმე მეტალების გავლენის შესწავლას სპირულინას ფიზიოლოგიურ აქტივობაზე (ბიომასისა და ქლოროფილის წარმოქმნაზე), სპილენძისა და ტყვიის იონების სამუშაო კონცენტრაციის იდენტიფიკაციას შემდგომი ექსპერიმენტებისთვის.

მეორე ეტაპი - მოიცავს სპირულინას მიერ სპილენძის იონების შეთვისების დინამიკის შესწავლას მოდელურ ცდებში, სადაც გამოყენებულია სპილენძის იონებით ხელოვნურად დაბინძურებული წყალი.

სპირულინას უჯრედებში სპილენძის იონების შეღწევის ულტრასტრუქტურული განაწილების კვლევა ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდით.

მეტალთა კონიუგაციაში მონაწილე ფერმენტის გლუტათიონ-S-ტრანსფერაზას აქტივობის გამოვლენა.

მესამე ეტაპი - მოიცავს სპირულინას მიერ ტყვიის იონების შეთვისების დინამიკის შესწავლას მოდელურ ცდებში, სადაც გამოყენებულია ტყვიის იონებით ხელოვნურად დაბინძურებული წყალი.

მეოთხე ეტაპი - მახელატირებელი აგენტის - EDTA-ს და ბიოსურფაქტანტების რამნოლიპიდების და ტრეგალოზალიპიდის ეფექტის გამოკვლევა სპირულინას მიერ მძიმე მეტალების შეთვისების დინამიკაზე.

შედეგების გამოთვლა განხორციელდა Microsoft Excel-ში. სტატისტიკა ექვემდებარება ცალმხრივი დისპერსიის ანალიზს. სტატისტიკური ანალიზი გაკეთდა ANOVA-თი.

შედეგები:

  • სპირულინას ბიომასა ზარუკას არეში 2 -ჯერ უკეთესად იზრდება, ვიდრე ფიზიოლოგიური ხსნარში;
  • სპირულინას მიერ ქლოროფილის დაგროვების უნარი ფიზიოლოგიურ არეში 20%-ით დაბალია ვიდრე ზარუკას ხსნარში;
  • Cu2+-იონების 100 ppm კონცენტრაცია საინკუბაციო არეში, ბიომასის დაგროვების ინჰიბირებას 15%-ით, ხოლო ქლოროფილის შემცველობის შემცირებას 30%-ით ახდენს.
  • სპირულინას ბიომასა ტყვიით დაბინძურებისას 48 საათის შემდეგ შემცირდა 18% -ით;
  • ქლოროფილის წარმოება შემცირდა 23% -ით ტყვიით დაბინძურებულ წყალში 72 საათის შემდეგ.
  • გლუტათიონის მაღალი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად ამცირებს თავისუფალი Cu2+ -ის შემცველობას საინკუბაციო ზონაში, რაც ნათლად მიუთითებს
  • გლუტათიონ S- ტრანსფერაზას მონაწილეობაზე სპირულინას უჯრედების მიერ Cu2+ შეთვისების პროცესში;
  • სპილენძის იონების 100ppm კონცენტრაციისას და საინკუბაციო არეში სპირულინას შემცველობისას - 4.5 გ/ლ, 72 საათის შემდეგ შთაინთქმება ხსნარში მყოფი სპილენძის 79 %.
  • ტყვიის იონების 100ppm კონცენტრაციისას და საინკუბაციო არეში სპირულინას შემცველობისას - 4.5 გ/ლ 72 საათის შემდეგ შთაინთქმება ხსნარში მყოფი ტყვიის 85 %.
  • სპირულინას უჯრედების ულტრასტრუქტურული კვლევა ნათლად აჩვენებს სპილენძის შეღწევას უჯრედში ინკუბაციიდან 24 საათის შემდეგ და იწყება მემბრანული სტრუქტურის რღვევა, ხოლო ინკუბაციის მეხუთე დღეს მეტალი სპირულინას ვაკუოლშია. (მეტალის კონცენტრაცია ხსნარში ამ ცდებში 50 ppm-ია);
  • EDTA– მ სპირულინას მიერ შთანთქმული სპილენძის რაოდენობა 63%–ით გაზარდა;
  • რამნოლიპიდ-1- მა (RL1) გაზარდა სპირულინას მიერ შთანთქმული სპილენძის რაოდენობა 42%–ით.
  • რამნოლიპიდ-2- მა (RL2) გაზარდა სპირულინას მიერ შთანთქმული სპილენძის რაოდენობა 68%-ით;
  • ტრეგალოზალიპიდმა (TRL) სპირულინას მიერ შთანთქმული სპილენძის რაოდენობა გაზარდა 73%-ით.
  • RL1– მა შეამცირა სპირულინას მიერ შთანთქმული ტყვიის რაოდენობა 3 – ჯერ;
  • RL2- მა შეამცირა სპირულინას მიერ შთანთქმული ტყვიის რაოდენობა 2.3 -ჯერ;
  • TRL– მა შეამცირა სპირულინას მიერ შთანთქმული ტყვიის რაოდენობა 1.8 -ჯერ;
  • ტყვიით დაბინძურებული წყლიდან, ბიოსურფაქტანტები მხოლოდ აჩქარებენ შთანთქმის პროცესს.
  • საინტერესო ფაქტია ის, რომ სპირულინას უჯრედებში დაგროვილი მძიმე მეტალის იონები ბრუნდება წყალში ინკუბაციის მეოთხე დღეს.

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, სპირულინას და ბიოსურფაქტანტების ერთობლივი მოქმედებით შესაძლებელი ხდება ტყვიისა და სპილენძის იონებისგან ჩამდინარე წყლების გაწმენდის იაფი და ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდის შემუშავება.

დასკვნები და რეკომენდაციები - წარმოდგენილი ნაშრომი განმარტავს ბიოსურფაქტანტების როლს სპირულინას რემედიაციული შესაძლებლობების გაზრდაში, ანუ სპირულინას სორბციული თვისებების გაუმჯობესებაში სპილენძისა და ტყვიის იონებით დაბინძურებულ არეში. მიღებული ექსპერიმენტული მონაცემები აჩვენებს მათი ერთობლივი მოქმედების ეფექტურობას.

მოცემული ექსპერიმენტული შედეგები შეიძლება გახდეს საფუძველი ფიტორემედიაციული ტექნოლოგიის შემუშავებისთვის, რომელიც დაეფუძნება Arthrospira platensis– ის გამოყენებას სამიზნე ტოქსიკანტებით დაბინძურებული წყლების გასაწმენდად. ამ ტექნოლოგიების მთავარი იდეაა Cu2+ და Pb2+ იონებით დაბინძურებულ წყალში სპირულინას ბიომასის დამატება და პერიოდულად მისი მოცილება წყლის ზედაპირიდან (ან გაფილტვრა) რემედიაციული პროცესის დასრულებისთანავე.

აქვე უნდა იყოს გათვალისწინებული სპირულინას ბიომასის მიერ მეტალთა იონების შთანთქმის ეფექტური დრო და ის ნიუანსიც, რომ მეტალთა იონები სპირულინას უჯრედების გაჯერების შემდეგ (მეოთხე დღეს) ბრუნდება უკან, საინკუბაციო ხსნარში, სწორედ ამ მიზეზის გამო, სარემედიაციო რეზერვუარში მეტალთა შემცველი სითხის დაყოვნება უნდა მოხდეს მხოლოდ 2-3 დღით, რაც სპირულინას ეფექტური შთანთქმის მაქსიმუმს ემთხვევა.

ტყვიით დაბინძურებული წყლიდან მეტალების მოცილების პროცესი ბიოსურფაქტანტების გამოყენებით დაჩქარებულია 24 საათით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ტექნოლოგიის სწრაფი რეაგირების სტრატეგიის შექმნისას.

შემდგომი კვლევები გულისხმობს სპირულინას ულტრასტრუქტურულ ანალიზს, რაც გამოავლენს სპირულინას მიერ მეტალების სორბცია - დესორბციის მექანიზმებს უფრო ზუსტად.

დისერტაციის შემდგომი განვითარებისა და გამოყენების პერსპექტივა:
ამ ნაშრომს აქვს პოტენციალი სამომავლო კვლევების განვითარებისა, რათა უზრუნველყოს ყველაზე ეფექტური და რესურსების დამზოგველი წყლის რემედიაციული მიდგომა.

მეცნიერული თვალსაზრისით - დისერტაციის ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე შექმნილია მძიმე მეტალებით ჩამდინარე წყლების გასუფთავებისთვის მეცნიერულად დასაბუთებული სწრაფი სტრატეგია.

ტექნიკური თვალსაზრისით - მომავალი კვლევებით დადგინდება მძიმე მეტალებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების რემედიაციის ტექნოლოგიური რეგლამენტი და შეიქმნება ბიოტექნოლოგიური სქემა. მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების ინტერპრეტაციით შესაძლებელი გახდება სპილენძისა და ტყვიის იონებისგან ჩამდინარე წყლების გაწმენდის მეთოდის პილოტური გამოცდა.

კომერციული თვალსაზრისით - მოხდება შემუშავებული ბიოტექნოლოგიისა და სამეცნიერო იდეების პატენტირება. ტექნოლოგიის პილოტური ტესტირება და დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის კონკრეტული კომერციული რეკომენდაციების გავრცელება.

დისერტაციის ექსპერიმენტული მასალები გამოქვეყნებულია მაღალი რეიტინგის საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალებში 3 სტატიის სახით.

კახა სოხაძე - სპორაწარმომქმნელი პრობიოტიკების წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება და მეფუტკრეობაში მათი გამოყენების შესაძლებლობა (2019)

შესავალი: პრობიოტიკები წარმოადგენენ ცხოველთა პროდუქტიულობის ზრდისა და ადამიანის ჯანმრთელობის გამაუმჯობესებელ თერაპიულ, პროფილაქტიკურ და ზრდის სასურსათო/ცხოველის საკვების დანამატს, რის გამოც პრობიოტიკული სპორაწარმომქნელი ბაქტერიების წარმოების კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიის შემუშავება გახდა განსაკუთრებით აქტუალური.

მიზანი: კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა Bacillus amyloliquefaciens B-1895-ს და Bacillus subtilis KATMIRA 1933-ს ზრდისა და სპორულაციის მარეგულირებელი ფიზიოლოგიური მექანიზმის შესწავლა მცენარეული ნედლეულის სიღრმული და მყარფაზოვანი ფერმენტაციის პირობებში და პრობიოტიკული პრეპარატების წარმოების ახლაი ტექნოლოგიის შემუშავება.

მეთოდები: ბაცილების სიღრმული კულტივირება მიმდინარეობდა სანჯღრეველაზე "Innova 44" და 7 ლ ტევადობის ფერმენტიორში, ხოლო მცენარეული ნედლეულის მყარფაზოვანი ფერმენტაცია - კოლბებსა და პოლიპროპილენის აირშეღწევად პარკებში.

შედეგები: დადგინდა, რომ სიღრმული ფერმენტაციისას სიმინდის კაჭეჭი და ხორბლის სპირტის წარმოების ნარჩენი არიან ზრდის საუკეთესო სუბსტრატები B. amyloliquefaciens B-1895-ის სპორების მაღალი გამოსავლიანობით (8.2 x 109 - 1.09 x 1010სპორა/მლ) დაგროვებისთვის, ხოლო მანდარინის ქერქმა განაპირობა B. subtilis KATMIRA 1933-ის სპორების ყველაზე მაღალი გამოსავლიანობა (5.7 x 1010 სპორა/მლ). განხორციელებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ნახშირბადის წყაროს ამოწურვა წარმოადგენს B. subtilis KATMIRA 1933-სა და B. amyloliquefaciens B-1895-ს სპორულაციის ძირითად სტიმულს. პრობიოტიკების წარმოების პროცესის მასშტაბირების მიზნით ფერმენტიორში შემუსავებული კულტივირების ორეტაპიანი სტრატეგიის შედეგად მიღწული იქნა სპორების მაქსიმალური გამოსავლიანობა - 6.5 x 1010 სპორა/მლ და 2.5 x 1010 სპორა/მლ, შესაბამისად, B. subtilis KATMIRA 1933-ის და B. amyloliquefaciens B-1895-ის კულტივირებისას.

სპირტის წარმოების ნარჩენის მყარფაზოვანი ფერმენტაციისას, სუბსტრატის ხაჭოს ან ყველის შრატით დატენიანებამ გაზარდა B. subtilis KATMIRA 1933-ს სპორების გამოსავლიანობა, შესაბამისად 7 და 37 %-ით, კონტროლთან შედარებით. განხორციელდა სპორაწარმოების მასშტაბირება 1 კგ სიმინდის კაჭეჭის და სპირტის წარმოების ნარჩენის პოლიპროპილენის პარკებში ფერმენტაციისას, რამაც უზრუნველყო B. amyloliquefaciens B-1895-ის სპორების ყველაზე მაღალი გამოსავლიანობა 1 x 1012 სპორა/გ მშრალ ბიომასაზე.

დასკვნები: წარმოდგენილი კვლევის შედეგებმა შექმნა ახალი ფუნდამენტური ცოდნა B. amyloliquefaciens B-1895-ს და B. subtilis KATMIRA 1933-ს ფიზიოლოგიის შესახებ. წინამდებარე ფუნდამენტური კვლევის შედეგებმა უზრუნველყო შერჩეული ბაქტერიით სპორაწარმომქმნელი პრობიოტიკების წარმოების დაბალი ღირებულებისა და კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების შემუშავება მცენარეული ნედლეულის სიღრმული და მყარფაზოვანი ფერმენტაციისას. ნაჩვენებია მიღებული პრობიოტიკული პრეპარატის მეფუტკრეობასა და მეფრინველეობაში გამოყენების პროფილაქტიკური, სამკურნალო და ეკონომიკური ეფექტი.

მარიამ მერაბიშვილი - შიდა კახეთის აღმოსავლეთ ნაწილის საძოვრების ნიადაგურ-ეკოლოგიური თავისებურებები (2019)

2015 - 2018 წლებში განხორციელდა შიდა კახეთის საძოვრების ნიადაგურ - ეკოლოგიური კვლევა. შერჩეული მეთოდოლოგიით და საკვლევი კომპონენტების გათვალისწინებით, გამოკვლეული იყო შვიდი ობიექტი: ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფ. კოღოთო და შახვეტილა; გურჯაანის მუნიციპალიტეტი - სოფ. არაშენდა, ფხოველი და ჭერემი. საგარეკოს მუნიციპალიტეტი - სოფ. გომბორი და პალდო. შვიდივე ობიექტზე შეგროვდა ნიადაგის 14 ნიმუში (0-20)(20-40) სმ სიღრმის ფენებიდან და გამოკვლეულია, როგორც ნიადაგის მახასიათებლები: pH; ნიადაგის ორგანული ნივთირება; N-აზოტი; P-ფოსფორი; K-კალიუმი; ნიადაგის ჰიგროსკოპული წყალი; კარბონატები (CaCO3); ისე დაბინძურების დონე, შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: Cd-კადმიუმი; Cu-სპლინეძი; Pb-ტყვია; Zn-თუთია.

არსებული მასალის გარდა, ჩატარდა კვლევა, რაც გულისხმობდა ნიადაგის ჭრილების შესწავლას, ობიექტებზე დახრილობის მითითებით და ნიადაგის მექანიკური და ზოგიერთი ქიმიური შემადგენლობის გამოკვლევით. საძოვრებზე ჩატარდა ვიზუალური (აღწერითი) კვლევა, რაც გულისხმობდა 10მx10მ-ზე სასაძოვრე ფართობის შესწავლას, საერთაშორისო გამოცდილებით შექმნილ კითხვარზე დაყრდნობით, შედეგების გამოთვლა მოხდა ინდექსებისა და ცვლადების საშუალებით, კვლევის ამ ნაწილში შესწავლილია 206 ნიმუში. შედეგებზე დაყრდნობით აღსანიშნავია, რომ სოფ. არაშენდას შემთხვევაში გამოიკვეთა ეროზიისა და დეგრადაციისაკენ მიდრეკილების ინდექსის საშუალო მაჩვენებელი, რაც ნიშნავს საშალო დონის საფრთხეს. რაც შეეხება გომბორის, შახვეტილას და არაშენდასთან შედარებით, ეროზიისა და დეგრადაციის ინდექსისაკენ მიდრეკილების მაღალი რისკი იკვეთება. გამოკვლეულ ობიექტებზე ნიადაგში და წყალში მძიმე ლითონებით დაბინძურების საფრთხე არ იკვეთება, მიღებული შედეგები არცერთ შემთხვევაში ზდკ-ს არ აღემატება. 

მაგდა სურგულაძე - სტილბენოიდების-რესვერატროლის წარმოებულების იდენტიფიკაცია და ტრანსფორმაცია საფერავის (Vitis vinifera L.) ყურძნიდან ღვინოში (2019)

წითელ ღვინოში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური ნაერთების ფართო კლასი, რომელიც წარმოდგენილია ფლავონოიდური და არაფლავონოიდური ჯგუფებით, რომლებიც განაპირობებს ღვინის სამკურნალო - პროფილაქტიკურ თვისებებს. ამ თვისებების გამო, სტილბენოიდების კვლევა წითელ ღვინოებში აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისერტაციო თემის მიზანს წარმოადგენდა ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის - საფერავისთვის დღემდე უცნობი სტილბენოიდების იდენტიფიკაცია, მათი ტრანსფორმაციის შესწავლა ყურძნიდან ღვინოში და ყურძნის და ღვინის სტილბენოიდური პროფილის დადგენა, ახალი სტილბენოიდების ზოგიერთი ბიოლოგიური აქტივობის გამოვლენა. კვლევის შედეგები წარმოადგენს მეცნიერულ სიახლეს საფერავის ყურძნისთვის და ღვინისთვის. კონკრეტულად, საფერავის ვაზის და ღვინის ბიოქიმიური მაჩვენებლები გამდიდრდა შემდეგი სტილბენოიდებით: ტრანს-ასტრინგიგი (პიცეათანოლის გლუკოზიდი), ტრანს-ასტრინგინინი (პიცეათანოლი), ცის-ვინიფერინი (ტრანს-რესვერატროლის დეჰიდროდიმერი), ვინიფერინი (რესვერატროლისტრიმერი), პალიდოლი (რესვერატროლის დიმერი), მიაბენოლების ჯგუფის 4 წარმომადგენელი (რესვერატროლის ტრიმერული წარმოებულები), მათ შორის ცის-მიაბენოლ C.

დადგინდა იდენტიფიცირებული სტილბენოიდების დაგროვების დინამიკა საფერავის მშრალი ღვინომასალის დამზადების პროცესში და ასევე ღვინის დამზადების ტექნოლოგიების გავლენა მათ კონცენტრაციაზე. შესწავლილი იქნა ტრანსფორმაცია ყურძნიდან ღვინოში და შედეგად გამოვლინდა ბიოლოგიური და ფიზიკური ფაქტორებით გამოწვეული ტრანსოფრაციის ფორმები. გამოვლინდა, რომ საფერავის ყურძნის წვენი, კანი, წიპწა და კლერტი განსხვავდება სტილბენოიდური პროფილით. ყურძნის წვენში ლოკალიზებულია სტილბენოიდური გლუკოზიდები: ცის-პიცეიდი, ტრანს-პიცეიდი და ტრანს-ასტრინგინი, რომელთა სორის ჭარბობს ტრანს-პიცეიდი. ყურძნის კანში, წიპწაში და კლერტში განსხვავებული რაოდენობრივი შემცველობით ფიქსირდება სტილბენოიდები. საფერავის ვაზის და ღვინის დადგენილი სტილბენოიდური პროფილი ერთგვარი სახელმძღვანელოა ნებისმიერი ჯიშის ვაზის და ღვიინის სტილბენოიდების კვლევისთვის. ამასთანავე დადგენილი სტილბენოიდური პროფილი სხვა ფენოლურ ნაერთებთან ერთად მნიშვნელოვანი მახასიათებელია ღვინის სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების ასახსნელად; მოდელური ცდებით დადგინდა ასტრინგინის და ვინიფერინის ბიოლოგიური აქტივობა ღვინის საფუარების შემდეგი შტამების მიმართ: Sacch. vini - კახური 42, Sacch. vini - რქაწითელი 61, Sacch. chodati - თელიანი 79. აღნიშნული სტილბენოიდები არ ახდენს ღვინის საფუარების გამრავლების ინჰიბირებას; დადგინდა ანტირადიკალური აქტივობა 2,2 დიფენილ-პიკრილ-ჰიდრაზილის რადიკალის მიმართ. სტილბენოიდების ეფექტური კონცენტრაციები გამოხატული სიდიდით Ec50, mg მერყეობს 26,6-დან 58,8 მგ-ის ინტერვალში. აღნიშნულ სტილბენოიდებს შორის მაღალი ანტირადიკალური აქტივობა გამოავლინა ტეტრამერულმა სტილბენოიდმა - ჰოპიფენოლმა, ხოლო ნაკლები ანტირადიკალური აქტივობით ხასიათდება ცის-პიცეიდი; სტილბენოიდები - ტრანს-ასტრინგინი, ვინიფერინი, ვინიფერინი საფერავის ახლად დამზადებულ მშრალ ღვინომასალაში Lactoenos 450PreAC-ით მიმდინარე ვაშლ-რძემჟავური დუღილის პროცესში არ ახდენენ ინჰიბიტორულ ზეგავლენას.

საფერავის კანსა და ღვინოში იდენტიფიცირებული და განსაზღვრული სტილბენოიდები დაფიქსირდა საქართველოს საღვინე წითელყურძნიანი ვაზის ჯიშების - საფერავი ბუდეშურისებრი, კაბერნე სოვინიონი, ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ალადასტური, ოცხანური საფერე, ჩხავერი და ასურეთული შავი ყურძნის კანში.

თორნიკე ლაშქარაშვილი - მიკოტოქსინების ახალი ადსორბენტის - ადგილობრივი ბენტონიტების გამოყენება ფრინველის კვებაში (2018)

სასოფლო-სამეურნო ფრინველის კვებაში (ქათამის მაღალპროდუქტიული ჰიბრიდული კროსები: ბროილერი, კვერცხმდებელი) გამოყენებული მარცვლეულის და მათი გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების (შროტეული, კოპტონი) ხარისხი სამწუხაროდ ბოლო წლების მანძილზე გაუარესდა, ხშირ შემთხვევაში ფრინველის საკვებში გამოყენებული ზემოთ აღნიშნული ნედლეული ძლიერ არის დაბინძურებული მიკოტოქსინებით. მიკოტოქსინები ობის სოკოების მეორადი მეტაბოლური ნივთიერებებია, რომლებიც ხასიათდებიან მკვეთრად გამოხატული ტოქსიკური და კანცეროგენული თვისებებით. მოწინავე ქვეყნებში მიკოტოქსინების ნეგატიური გავლენის შესასუსტებლად ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების დიდი ნაწილი მიკოტოქსინების ადსორბენტის მოძიებისა და გამოყენების ეფექტურობისკენაა მიმართული.

ამ კუთხით სხვადასხვა სახის მყარი ან თხევადი ფორმის სინთეზური გზით მიღებული ან ბუნებრივი ადსორბენტები გამოიყენება. საქართველოს დასავლეთ რეგიონში (გურია, ოზურგეთი) მოპოვებული ბენტონიტური თიხა იონთა მიმოცვლის მოქმედების ფართო სპექტრიდან გამომდინარე, მაღალკოლოიდური, მაღალგაჯირჯვლებადი ბენტონიტური თიხაა, ადსორბციის მაჩვენებლების და გაცვლითი ტევადობის მიხედვით მაღალი ხარისხის ადსორბენტია. ზემო თქმულიდან გამომდინარე სადისერტაციო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ალუმინსილიკატური წარმოშობის ბენტონიტური თიხა - ასკანგელის სხვადასხვა %-ლი რაოდენობით (1,0%, 1,5%, 2,0%) გამოყენების ეფექტურობის შესწავლა მეხორცული ბროილერ "ROSS-308"-ის და მეკვერცხული მიმართულების "ლომან LSL კლასიკი"-ს მაღალპროდუქტიული კროსების ფრინველის კვებაში როგორც მიკოტოქსინების ადსორბციის ეფექტური საშუალება.

მეკვერცხული და მეხორცული მიმართულების ფრინველის საკონტროლო და საცდელ ჯგუფებზე ჩატარებულია სხვადასხვა სახის ცდები და გამოკვლევები. კერძოდ ჩვენს მიერ შესწავლილია ადგილობრივი ბენტონიტური თიხის - ასკანგელის შემადგენლობა, მის მიერ მიკოტოქსინების ადსორბციის უნარი, შევისწავლეთ ასკანგელის გავლენა მეკვერცხული და მეხორცული მიმართულების ფრინველის ორგანიზმზე, ზრდა განვითარებაზე, პროდუქტიულობაზე და მიღებული პროდუქციის (კვერცხი, ხორცი) ხარისხზე. ფრინველის საკვებში ასკანგელის როგორც მიკოტოქსინების ადსორბენტად გამოყენების ეკონომიკური ეფექტურობა. დადგინდა ფრინველის კვებაში ასკანგელის გამოყენების ზღვრები.

სადისერტაციო ნაშრომში წარმოდგენილი კვლევებისთვის გამოყენებულია რენტგენო-ფაზური, სილიკატური, ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური და სხვა მეთოდები.

ჩვენს მიერ დადგენლია ადგილობრივი ალუმინსილიკატური წარმოშობის ბენტონიტური თიხა - ასკანგელის შემადგენლობა. ასკანგელის 1,5%-ით დამატებისას ფრინველის სრულფასოვან კომბინირებულ საკვებში აფლატოქსინის ადსორბციამ შეადგინა 79%-ი, ხოლო T2-ის 8,3%-ი. მეკვერცხული ფრინველის კვებაში (30-80 კვირა) ადგილობრივი ბენტონიტური თიხის ასკანგელის გამოყენება დადებით ეფექტს გვაძლევს. მისი დამატება (1-1,5%-ი) ფრინველის სრულფასოვან კომბინირებულ საკვებზე ზრდის ფრინველის პროდუქტიულობას, კვერცხმდებლობას, კვერცხის მასას და ფრინველის შენარჩუნებას. ამცირებს საკვების დანახარჯს და გაბზარული და გატეხილი კვერცხის რაოდენობას. აუმჯობესებს კვერცხის ხარისხობრივ და საგემოვნო მაჩვენებლებს. ზრდის ფრინველის რეზისტენტობას დაავადებების მიმართ.

ასკანგელის მიკოტოქსინების ადსორბენტად გამოყენების შედეგად მეხორცული მიმართულების (ბროილერი) ფრინველის საკვებში ადგილი აქვს ფრინველის ფიზიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების შეთვისების ხარისხის გაზრდას და საკვების დანახარჯის შემცირებას. რაც გამოიხატება ბროილერის პროდუქტიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. ფრინველის კვებაში ასკანგელის ოპტიმალური დოზა შეადგენს 1ტ სრულფასოვან კობინირებულ საკვებზე დამატბეული 10-15 კგ (1-1,5%) ასკანგელის ფხვნილი.

მარიამ ჩუბინიშვილი - ენტომოპათოგენური ნემატოდების ძიება და მათი გამოყენების საფუძვლები უმთავრესი მავნე მწერების მიმართ ბიოლოგიური კონტროლისათვის საქართველოში (2018)

საქართველოს ლანდშაფტი მრავალფეროვანია - განვითარებული მემცენარეობით, სადაც სასოფლო-სამეურნეო და ტექნიკურ კულტურებში გავრცელებული მავნე მწერებისაგან გამოწვეული ზიანი საშუალოდ 1/4-მდე ამცირებს მოსავალს. ცნობილია, რომ მავნებლებისაგან მცენარეთა დაცვაში ქიმიური საშალებების გამოყენებას გააჩნია რიგი უარყოფითი მხარეები. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას განაპირობებს გარემოსათვის უსაფრთხო მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება.

მავნე მწერების წინააღმდეგ ენტომოპათოგენური ნემატოდების (ეპნ), როგორც ბიოლოგიური კონტროლის აგენტების გამოყენება ერთ-ერთი ეფექტური და უსაფრთხო მიდგომა მავნე ორგანიზმების მართვის ინტეგრირებულ (IPM) სისტემაში. დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს ნემატოდური პრეპარატების წარმოება და ფართოდ გამოყენება, როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა ბინადარი მავნე მწერების მიმართ.

ნემატოდები - მრგვალი ჭიები (ქვეტიპი: Nemathelminthes, კლასი: უმდაბლესი ჭიები) შეიძლება იყოს თავისუფლად მცხოვრები, მტაცებელი ან პარაზიტული (პათოგენური). პარაზიტული სახეობებიდან ენტომოპათოგენური ნემატოდები სასარგებლოა მავნე მწერებთან ბიოლოგიური კონტროლისათვის.

საქართველოს აგროცენოზებიდან მოძიებულია ეპნ-ის ადგილობრივი შტამები Steinernema გვარიდან, კულტივირებულია საცდელ მწერებზე, იდენტიფიცირებულია, როგორც Steinernema feltiae (აშშმ არიზონას უნივერსიტეტი) და რეპროდუცირებულია in vivo და in vitro მეთოდებით (ისრაელი, საქართველო). შესწავლილია სტერს ფაქტორების მიმართ ეპნ-ის ტოლერანტობა და პათოგენურობის უნარის გენეტიკურად გაუმჯობესების გზები, გამოყვანილია ეპნ-ის აქტიური და გამძლე შტამები. გენეტიკური და ბუნებრივი სელექციის გზით (ისრაელი), დადგენილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმთავრესი მავნე მწერების მიმართ ეპნ-ის მოქმედება, შემუშავებულია ბიოკონტროლში ადგილობრივი ეპნ-ის გამოყენების საფუძვლები.

ღია გრუნტში ეპნ-ის გამოყენებაზე შესწავლილია S. feltiae-ს და ამერიკული თეთრი პეპლას - Hypanthria cunea ურთიერთდამოკიდებულება - ნემატოდური ხსნარებით მწერის მატლების ინვაზიისა და ეპნ-ის სიცოცხლისუნარიანობისა და ეფექტურობის გახანგრძლივებისათვის.

დადგენილია, რომ ნაკლებ ეფექტურია ნემატოდების შესხურება მცენარეის მიწისზედა ნაწილებზე, შემზღუდველი ფაქტორია მცენარის მწვანე საფარიდან ხსნარის სწრაფი აორთქლება და ეპნ-ის გამოშრობა. შესწავლილია ხსნარებზე ანტიდესიკანტი ნივთიერებების დამატების დადებითი როლი.

ნიადაგში მცხოვრები მავნებლების მიმართ ეპნ-ის გამოყენებაზე, კვლევა ჩატარებულია სათბურის კულტურებისა და საჭმელი სოკოების მავნებლების: ფესვის კოღონების, Lycoriella spp. და Bradysia spp. (Diptera: Sciaridae) წინააღმდეგ, სადაც დადგენილია S. feltiae ეფექტური დოზები - 1.0-დან 1.5-მდე x 106 IJs/მ2, სოკო შამპინიონის (Agaricus bisporus) სათბურებში კოღონების ლარვების წინააღმდეგ S. feltiae-ს ქართული შტამები იძლევა საუკეთესო შედეგს (მავნებლის სიკვდილიანობა - 94%).

დადგენილია ეპნ-ის სუსპენზიების (1000 IJs/მლ) ეფექტიანობა ლაბორატორიაში, როგორც საცდელი მწერების (Galleria mellonella - 98%), ისე მავნე მწერების წინააღმდეგ (Tuta absoluta - 78%, Aphis rapae - 41%). შემუშავებულია ნემატოდური ბიოპესტიციდის ექსპერიმენტალური პარტიები.

S. feltiae ქართული შტამის ინფექციურ საწყისზე მოხდა მაღალვირულენტური იდენტიფიცირებული შტამების ჯვარედინი ჰიბრიდიზაცია. შესწავლილია S. feltiae-ს "ქართული შტამი", მისი ფორმულაციის - Geo nema კომერციული პოტენციალი.

შტამებზე დამზადებული ბიოლოგიური ინსექტიციდი, რომელიც რეგისტრირებულია "Geo nema"-ს სახელით, განიხილება, როგორც გარემოსათვის უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი საშუალება, რომლითაც გამდიდრდა მავნე მწერებთან ბიოლოგიური ბრძოლისათვის უსაფრთხო საშუალებების არსენალი.

თამარ თურმანიძე - ზოგიერთი კენკროვანი კულტურის ბიოქიმიური შედგენილობის შედარებითი შეფასება და შენახვის ტექნოლოგია (2017)

საქართველო ტრადიციულად აგრარული ქვეყანაა, სადაც მევენახეობასთან ერთად მეხილეობა უძველეს და უნიკალურ დარგს წარმოადგენს. ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მას დიდი პოტენციალი აქვს მაღალი კვებითი ღირებულების, ხარისხიანი, საექსპორტო ხილის წარმოებისთვის. საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე საჭიროა, არა მარტო მოსავლის რაოდენობრივი ზრდა, არამედ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, სასაქონლო დამუშავების, ტრანსპორტირების და შენახვის პროცესში დანაკარგების შემცირების მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა.

ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილია კენკროვანი კულტურების, კერძოდ მარწყვის, ჟოლოს, მაყვლის პერსპექტიული ჯიშების და ფორმების ფართო ასორტიმენტი. აღნიშნული ხილი გამოირჩევა მიმზიდველი გარეგანი სახით, საუკეთესო არომატით და დაბალი კალორიულობით. ამავე დროს ის წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ანტიოქსიდანტების, ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების მნიშვნელოვანი ბუნებრივი წყაროა. მიუხედავად მთელი რიგი დადებითი თვისებებისა, კენკროვანი კულტურების დასახელებული ჯიშები მიეკუთვნება მალფუჭად პროდუქტთა კატეგორიას, ახასიათებს მსხმოიარობის მოკლე პერიოდი, შენახვისუნარიანობის დაბალი დონე, რაც არ იძლევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათი მოხმარების შესაძლებლობას.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სადისერტაციო თემის მიზანს წარმოადგენს საქართველოში გავრცელებული მარწყვის, ჟოლოს და მაყვლის სამრეწველო ჯიშების კვებითი და ბიოლოგიური ღირებულების შესწავლა; ამასთანავე, აღნიშნული კენკროვანი კულტურების შენახვისუნარიანობის გაუმჯობესება, მათი გაყინული სახით შენახვის ტექნოლოგიის შემუშავება; და, რაც მთავარია, გაყინულ ნიმუშებში დეფროსტაციის შემდეგ ცალკეული ჯიშების ბიოქიმიური და ქიმიური შემადგენლობის ცვლილების შესწავლა და კრიორეზისტენტობის დადგენა, შენახვის შემდეგ სასაქონლო მაჩვენებლების და კვებითი ღირებულების შეფასება, შემუშავებული ტექნოლოგიის ეკონომიკური დასაბუთება.

საქართველოში გავრცელებული კენკროვანი კულტურების, მარწყვის, ჟოლოს და მაყვლის ჯიშებზე ჩატარებულია რიგი ქიმიური და ბიოქიმიური სახის გამოკვლევები, კერძოდ შესწავლილია ჯამური პოლიფენოლები, ანტოციანები, ვიტამინი C, ანტიოქსიდანტური აქტივობა, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, ამინომჟავები და მათი ცვლილება შენახვის პროცესში. მიღებული შედეგების საფუძველზე გამოვლენილია მარწყვის, ჟოლოს და მაყვლის საუკეთესო ჯიშები და ფორმები, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო განსაკუთრებული გემური და სასარგებლო თვისებებით, ასევე შედარებით კარგი შენახვისუნარიანობით.

ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევებით გამოვლენილია კაცლიუმის ქლორიდის დადებითი გავლენა კენკროვანი კულტურების დასახელებული ჯიშების ნაყოფების ნედლად შენახვის ხანგრძლივობასა და დანაკარგებზე; შესწავლილია შენახვის პროცესში ხსნარის დამოკიდებულება ნაყოფში მიმდინარე რიგ ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიურ პროცესებზე; დადგენილია აღნიშნული ხსნარის ოპტიმალური კონცენტრაცია და ექსპოზიცია.

წარმოდგენილ ნაშრომში ასევე გამოკვლეულია და შემუშავებულია კენკროვანი კულტურების სწრაფი გაყინვის მეთოდით შენახვის ტექნოლოგია; ნაყოფების გაყინვის დროს ჟანგვითი პროცესების შემცირების მიზნით დადგენილია ასკორბინის მჟავას ოპტიმალური კონცენტრაცია; შესწავლილია სწრაფი გაყინვის მეთოდის გავლენა ნაყოფში მიმდინარე რიგი ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური სახის პროცესებზე. გარდა ამისა, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე სახეობისა და ჯიშების მიხედვით დაზუსტებულია გაყინული პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობა და მათი კრიორეზისტენტობა.

მარინე რამიშვილი - საქართველოში გამოყოფილი Brusella melitensis მოლეკულურ–გენეტიკური შესწავლა (2017)

შესავალი: ბრუცელოზი ფართოდ გავრცელებული ზოონოზური ინფექციაა, რომელიც საგრძნობ ზიანს აყენებს ეკონომიკას. ინფექციის წყაროდან ადამიანის დასნებოვნება შესაძლოა მოხდეს დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით და/ან დაინფიცირებული საკვების მიღებით. ბრუცელოზის გამომწვევი მიეკუთვნება ბიოლოგიურად საშიში პათოგენების „ბ“ ჯგუფს.

მიზანი: აღნიშნული კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოში 2009–2011 წწ-ში B. melitensis შტამების გამოყოფა და მათი გენეტიკური დახასიათება.

მეთოდები: კვლევის ფარგლებში შეგროვებული ცხვრის, თხის და ძროხის შრატები გამოვიკვლიეთ როზ-ბენგალის რეაქციით. აღნიშნული ტესტით გამოკვლეული დადებითი და საეჭვო შრატები გამოვიკვლიეთ აგლუტინაციის ჩვენს მიერ მოდიფიცირებული დაჩქარებული რეაქციით და საკონფირმაციო სერო­ლოგიური ტესტებით (C-ELISA, FPA). სისხლი, რძე და ლიმფური ჯირკვლები გავთესეთ შესაბამის საკვებ არეებზე. გამოყოფილი იზოლატები შევისწავლეთ ბიოქიმიური ტესტებით და დავადასტურეთ მათი ბრუცელას გვარისადმი კუთვნილება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით რეალურ დროში. ბრუცელას სახეობების დიფერენციაციისთვის გამოყოფილი იზოლატები დავატიპირეთ AMOS PCR და SNP მეთოდებით, სახეობებს შიგნით არსებული შესაძლო გენეტიკური განსხვავებების გამოვლენის მიზნით დავახასიათეთ MLVA-8 მეთოდით და მიღებული მონაცემების საფუძველზე BioNumerics 6.1 პროგრამით ავაგეთ დენდროგრამა.

შედეგები: გამოვიკვლიეთ 991 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისგან აღებული 1396 ნიმუში. როზ-ბენგალის ტესტით გამოკვლევის შედეგად დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 19.07% ცხოველი. დადებითი შრატების აგლუტინაციის დაჩქარებული რეაქციით პარალელური შესწავლით მივიღეთ როზ-ბენგალის ტესტით გამოკვლევის ანალოგიური შედეგები. როზ-ბენგალის ტესტით გამოკვლეული 991 შრატიდან 22 დადებითი და 11 საეჭვო ცხვრის შრატის აგლუტინაციის დაჩქარებული რეაქციით პარალელური შესწავლისას მივიღეთ საკონფირმაციო ტესტებით (C-ELISA, FPA) გადამოწმების იდენტური შედეგები (22 დადებითი და 11 უარყოფითი). ცხოველების პათოლოგიური მასალის 405 ნიმუშის გათესვით შესაბამის საკვებ არეებზე მივიღეთ ბრუცელაზე საეჭვო 13 კულტურა. გამოყოფილი იზოლატების მიკრობიოლოგიური მეთოდებით შესწავლის და შედეგების პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით რეალურ დროში (real-time PCR) დადასტურების შემდეგ გენეტიკურ დონეზე ჩატარებული კვლევების (AMOS PCR და SNP) შედეგად 3 იზოლატი დატიპირდა როგორც B. melitensis, 5 როგორც B. abortus, ხოლო 5 იზოლატი სრული გენომური სექვენირების მეთოდით შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა Ochrobactrum-ის გვარის წარმომადგენელი. მრავლობითი ლოკუსების ტანდემურად განმეორებადი თანმიმდევრობების ცვლადი რაოდენობის (MLVA-8) ანალიზის შედეგად ბრუცელას შტამები განლაგდა 2 დიდ განშტოებად – B. melitensis და B. abortus. ორივე შტო თავის მხრივ დაიყო ცხრა ქვეჯგუფად, რომელთაგან ორი ქვეჯგუფი წარმოდგენილი იყო B. melitensis და B. abortus-ის თითო შტამით.

დასკვნა: ჩატარებული მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის შედეგებმა ცხადყო საქართველოს ტერიტორიაზე მოცირკულირე B. melitensis და B. abortus შტამების მრავალფეროვნება და ამავე დროს ამ მიმართულებით მოლეკულურ-ბიოლოგიური გამოკვლევების გაგრძელების აუცილებლობა დღეისათვის ბრუცელოზის ირგვლივ არსებული ცოდნის გასაღრმავებლად.

დავით ბოსტაშვილი - პრეპარატ DAS -ის ეფექტურობის შესწავლა მეფრინველეობაში (2014)

უკანასკნელ პერიოდში უმრავლეს ქვეყნებში  კრძალავენ საკვები ანტიბიოტიკების გამოყენებას მეფრინველეობასა  და მეცხოველეობაში, რის გამოც სულ უფრო ხშირად გამოიყენება ზრდის სტიმულატორები, ადაპტოგენები, იმუნოსტიმულატორები, ორგანული მჟავეები, პრობიოტიკები. განსაკუთრებით აქტიური ხდება მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები, რომელთა რიცხვში შედის ჩვენს მიერ შესწავლილი პრეპარატი DAS-ი.

სადისერტაციო თემა ითვალისწინებს პეპტიდურ პრეპარატ DAS-ის გამოყენების ეფექტურობასა და პერსპექტიულობას მეფრინველეობაში. შესწავლილია პრეპარატის ტოქსიკოლოგიური პარამეტრები, დადგენილია პრეპარატის შემადგენლობა, ანტიმიკრობული, იმუნომასტიმულირებელი, ადაპტოგენური თვისებები, პრეპარატის გავლენა ფრინველის ზრდა განვითარებაზე, პროდუქტიულობაზე და ხორცის ხარისხზე.

კვლევისთვის გამოყენებულია ფარმაკო-ტოქსიკოლოგიური, ბიოქიმიური, სპექტროფოტომეტრული, აირ-სითხოვანი ქრომატოგრაფიის, დისკო-დიფუზიის და სხვა მეთოდები.

ჩვენს მიერ დადგენილია DAS-ის შემადგენლობა, სადაც შედის: პეპტიდები, ამინომჟავები, ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები. ტოქსიკრობის შესწავლისას დადგენილია, რომ პრეპარატი არ არის ტოქსიუკური, თერაპიული დოზის 25-ჯერ გაზრდის შემთხვევაში მას არ გააჩნია ტოქსიკურობა, კუმულაცია, ალერგიული, ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება. დადგენილია DAS-ის თერაპიული დოზა 0,5-1მლ/ლ სასმელ წყალზე 3-5 დღის განმავლობაში. პრეპარატი არ მოქმედებს უარყოფითად სისხლის მორფოლოგიურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. აღსანიშნავია პრეპარატის დადებითი გავლენა ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია DAS-ის გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედება (+3+4, ლიზისის ზონის დიამეტრი 18-30მმ), რომელიც რიგ შემთხვევაში აღემატება მთელ რიგ ანტიმიკრობულ საშუალებებს და მის კომბინირებულ გამოყენების შესაძლებლობა (პოლოდოქსინთან, ენროფლოქსთან და სხვა.),  თუმცა ზოგ შემთხვევაში (მაკროლიდები, სულფანილამიდები)  DAS-ის კომბინირებული გამოყენება ნაკლებად ეფექტურია.

პრეპარატის გამოყენებისას ვირთაგვებში ექსპერიმენტალური  კოლიბაქტერიოზის დროს ორგანოებსა და ქსოვილებში E.coli-ის რაოდენობა მცირდება 3-5 ჯერ, რის შედეგადაც პრეპარატს ახასიათებს გამოხატული სამკურნალო (70-85%) და განსაკუთრებით პროფილაქტიკური ეფექტი (90-100%). აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს პრეპარატის იმუნომასტიმულირებელი ეფექტი ხელოვნურად გამოწვეული (ციკლოფოსფანით)  იმუნოდეფიციტის დროს. პრეპარატის გამოყენებისას შესწავლილი მაჩვენებლები 15-30 დღის განმავლობაში სრულად აღდგება (სისხლის შრატში საერთო ცილის, იმუნოგლობულინ G-ს, ლიზოციმის აქტივობა, ლიმფოციტების რაოდენობა და სხვა.),  დაიდენტურია საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებლების.

DAS-ს გააჩნია გამოხატული ანტისტრესული მოქმედება, მისი ზეგავლენით თავის ტვინში მცირდება აღგზნების გამომწვევი კატექოლამინების (დოფამინი, ნორადრენალინი) და მატულობს შეკავებაში მონაწილე ბიოგენური ამინების (სეროტონინი)  რაოდენობა.

პრეპარატი DAS-ი დადებით გავლენას ახდენს ფრინველის პროდუქტიულობაზე, კვერცხდება იზრდება 1,5-3,8%-ით, ამასთან ერთად უმჯობესდება კვერცხის ხარისხიც. ბროილერის წიწილებში DAS-ის ზეგავლენით იზრდება შენარჩუნება (2-10%-ით), ცოცხალი მასა (7,6-11,3%-ით), მცირდება საკვების კონვერსია (6,6-12%-ით). ყოველივე ამის შედეგად იზრდება ეკონომიკური ეფექტურობა: მოგება ერთ ფრთაზე 12,7%-ით აღემატება საკონტროლოს. მეტად მნიშვნელოვანია რომ DAS-ის ზეგავლენით ხორცის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად უმჯობესდება ხორცის ხარისხი, კერძოდ ფრინველის წონის მატება ხდება არა ცხიმების, არამედ ცილის ხარჯზე, რაც დადებითად მოქმედებს ასევე ხორცის საგემოვნო თვისებებზე.

ეთერ მაჭუტაძე - ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული დეკორატიული ბუჩქების ბიოეკოლოგიური თავისებურებანი აჭარის ზღვისპირეთში (2014)

საქართველოს შავი ზღვისპირეთის ინფრასტრუქტურის იერსახე ბევრადაა დამოკიდებული ინტროდუცირებულ დეკორატიულ მცენარეთა ნარგაობაზე. ქალა­ქების, საკურორტო პარკების და რეკრეაციული დასახლებული ადგილების გასამ­წვანებლად წარმატებით გამოიყენება როგორც მარადმწვანე, ისე ფოთოლმცვენი დეკო­რატიული მცენარეები. ინტროდუცირებულ დეკორატიულ მცენარეთა მრავალ­მ­ხრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ობიექტურად ისახება მისი ბუნებრივი გავრცელების პირობებიდან შეცვლილ გარემო პირობებში კომპლექ­სურად გამოყე­ნების ამოცანა, რომლის დროსაც ყურადღება ეთმობა დეკორატიულ მცენარეთა ბიოეკოლოგიური საკითხების შესწავლას, შერჩევას, ადაპტაციას, გამრავლებასა და გავრცელებას.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინტრო­დუცი­რებული დეკორატიული ბუჩქებია: დიდყვავილა აბელია – Abelia grandiflora (Andre) Rhed, იაპონური აუკუბა – Aucuba Japonica Thunb, გარდენია ჟასმინისებრი – Gardenia jasminoides Ellis, იაპონური მაჰონია– Mahonia japonica (Thunb.) DC, ფორზიცია – Forsythia viridissima Lindl,  იაპონური პიერისი – Pieris japonica  Thunb. D.  იაპონური კომში – Chaenomeles japonica (Thunb) Lindl.ex Speech A. ადგილობრივ და ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში გამოირჩევიან უხვი ყვავილობითა და ფორმათა მრავალ­ფეროვნებით. მათი ბიოეკოლოგიური თავისებურებების შესწავლა და გამრავლების პერსპექტიული მეთოდების შემუშავება განსაზღვრავს აღნიშნული თემის აქტუალობას.

დოქტორანტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა რეალური საარსებო გარემო პირობების გამოვლენა ზემოაღნიშნული მცენარისათვის. აკლიმატიზაციის დროს მიმდინარეობდა ორგანიზმის შინაგანი პროცესების გარდაქმნა ახალი საარსებო გარემო პირობების შესაბამისად. კვლევის მიზანს შეადგენდა ინტროდუცირებული დეკორატიული მცენარეების: დიდყვავილა აბელია, იაპონური აუკუბა, იაპონური მაჰონია, ფორზიცია, იაპონური კომში, ჟასმინისებრი გარდენია და იაპონური პიერისი,  ბიოეკოლოგიური  თავისებუ­რებების შესწავლა, მათი ფიტოდიზაინში გამოყენებისა და ბაღ-პარკებში ფართოდ დანერგვის მიზნით.

მიზნის განსახორციელებლად დასახული იყო შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა: დეკორატიული  მცენარეების (დიდყვავილა აბელია, იაპონური აუკუბა, იაპონური მაჰონია, ფორზიცია,  გარდენია ჟასმინისებრი, იაპონური კომში, იაპონური პიერისი) შერჩევა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, მათი ზრდა-განვითარების, ადაპ­ტაციის თავი­სებურებების, ვეგეტატიური და გენერაციული გამრავლების ეფექტური ტექნო­ლოგიების შემუშავება, მიღებული ნერგების ბიომეტრიული მაჩვენებლების განსა­ზღვრა, ყვავილების ბიოქიმიური შედგენილობის დადგენა სამკურნალო თუ პარფიუ­მერიულ წარმოებაში გამოყენების პერსპექტივით, დეკორატიული ბუჩქების დანერ­გვა ბაღ-პარკების გამწვანებასა და ფიტოდიზაინში.

წარმოდგენილი ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ  აჭარის ზღვისპირეთში პირველად იქნა შესწავლილი მაღალდეკორატიული ეგზოტების: დიდყვავილა აბელია, იაპონური აუკუბა, იაპო­ნური მაჰონია, ფორზიცია, გარდენია ჟასმინისებრი, იაპონური პიერისი, იაპონური კომში - ფენორიტმები, ახალ გარემო პირობებში ადაპტაციის შესაძლებლობები, შემუ­შავებულია თითოეული სახეობის ვეგეტაციური და გენერაციული გამრავლების ეფექტური ტექნოლოგიები, შესწავლილია დეკორატიული და სამკურნალო ღირ­სებანი და დადგენილია მათი გამოყენების პერსპექტივები, როგორც დეკორატიული მიზნებისათვის, ასევე ფიტოდიზაინში. ინტროდუცირებულ მცენარეთა გენოფონდის გაზრდით, კიდევ უფრო კეთილმოეწყობა აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლი, გაუმ­ჯობესდება ბაღ-პარკების მწვანე მშენებლობა და ტურისტული ინფრასრუქტურა.

ჩატარებული კველვის შედეგად შესწავლილი იქნა ბიოეკოლოგიური  თავისებურებები, ფენოლოგიური რიტმები, ინტროდუცენტების ბიოეკოლოგიური  თავისებურებებისა და სეზონური განვითარების რიტმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სახეობები ჩვენს პირობებში ხასიათდებიან ადაპტაციის მაღალი უნარით, სწრაფი ზრდის რიტმით, რეგულარული ყვავილობითა და ნაყოფმსხმოიარობით.

შემუშავდა ვეგეტატიური და გენერაციული გამრავლების ეფექტური ტექნოლოგიები, განისაზღვრა აგროტექნოლოგიური თავისებურებები და მიღებული ნერგების ბიომეტრიული მაჩვენებლები, დადგინდა ზოგიერთი დეკორატიული მცენარის ყვავი­ლების ბიოქიმიური შედგენილობა.

ბუნებრივი თვითგანახლების გზით ყველაზე უკეთ მრავლდებიან: იაპონური პიერისი, ფორზიცია, და იაპონური კომში. გენერაციული გამრავლებისას მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდებიან: დიდყვავილა აბელია, ფორზიცია,  ჟასმინისებრი გარდენია, იაპონური აუკუბა, ვეგეტატიური გამრავლებისას მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდებიან: იაპონური მაჰონია,  ჟასმინისებრი გარდენია, იაპონური კომში.

ვეგეტატიური გამრავლების თავისებურებების შესწავლით დადგინდა, რომ ფესვწარმომქმნელი ჰორმონ – ჰორმოდინ 2-ით კალმების დამუშავებისას, იაპონური პერისი (15%) და იაპონური მაჰონია (17%), ხასიათდებიან დაბალი, ხოლო  სხვა დანარჩენი დეკორატიული ბუჩქები ხასიათდებიან დაფესვიანების კარგი მაჩვენებლებით იაპონური აუკუბა (98%), დიდყვავილა აბელია (95%), ფორზიცია (95%). დეკორატიული ბუჩქების კალმების ჰორმონ – ინდოლილერბომჟავათი დამუშავების შემთხვევაში მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება იაპონური აუკუბა (98%), დიდყვავილა აბელია (95%), ფორზიცია (95%), ხოლო დაბალი მაჩვენებლით იაპონური პიერისი (21%), იაპონური მაჰონია (25%).

თესლით გამრავლებისას  მაღალი  კოეფიციენტი  მოგვცა დიდყვავილა აბელიამ, ფორზიციამ, ჟასმინისებრი გარდენიამ, იაპონური აუკუბამ, რის გამოც რეკომენდირებულია მათი თესლით გამრავლება.

პარალელურად შესწავლილი იქნა დიდყვავილა აბელიის, ფორზიციის და იაპონური პიერისის ყვავილების ბიოქიმიური შედგენილობა, რომელმაც  გვიჩვენა, რომ ფლავონოლებს ყველაზე დიდი რაოდენობით ნედლ მასაზე გადაანგარიშებისას შეიცავს იაპონური პიერისის ყვავილები (3530,0 მგ/კგ.), ხოლო მშრალ მასაზე გადაანგარიშებისას ფორზიციას ყვავილები (9818,5 მგ/კგ). ლეიკოანტოციანებს დიდი რაოდენობით ნედლ მასაზე გადაანგარიშებისას შეიცავს იაპონური პიერისის ყვავილები (293,0 მგ/კგ), ხოლო მშრალ მასაზე გადაანგარიშებისას ფორზიციას ყვავილები (755,26 მგ/კგ). კატექინებს დიდი რაოდენობით ნედლ მასაზე გადაანგარიშებისას შეიცავს იაპონური პიერისის ყვავილები (245,5 მგ/კგ), ხოლო მშრალ მასაზე გადაანგარიშებისას ფორზიციას ყვავილები (466,31 მგ/კგ), აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული სახეობების გამოყენება სამედიცინო  და პარფიუმერიულ წარმოებაში შემდგომი კვლევის საფუძველზე.

ბიოლოგიური თავისებურებების და სამეურნეო-დეკორატიული შეფასების საფუძველზე შესწავლილი ინტროდუცირებული დეკორატიული ბუჩქების ყველა სახეობა მაღალდეკორატიულია მთელი წლის მანძილზე, რაც მათი ფართო გამოყენების შესაძლებლობას იძლევა აჭარის შავი ზღვისპირა ზოლის მწვანე მშენებლობაში.

თეა აბრამიშვილი - პარკოსანი კულტურების აკაროფაუნა და მავნე სახეობების წინააღმდეგ ბიოკონტროლის საშუალებების დამუშავება აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში (2014)

საქართველოში პარკოსანი კულტურები ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. მის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებენ მავნე ტკიპები. ამიტომ, აქტუალურია დადგენილ იქნას პარკოსანი კულტურების აკაროფაუნა, შესწავლილ იქნას მათი სასარგებლო სახეობები და როლი მავნე ტკიპების ბიოკონტროლში, შეირჩეს ბიოპესტიციდები, რომლებიც ნაკლებად ტოქსიკურნი არიან თბილსისხლიანების მიმართ.

პარკოსანი კულტურების აკარიფაუნის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად მასალის აღება, დამუშავება და დათვლა წარმოებდა მცენარის ვეგეტატიური ორგანოებიდან მექანიკური მეთოდით. სახეობების იდენტიფიცირებისათვის პრეპარატების დამზადება ხდებოდა ჰოიერის სითხით. ტკიპების ბიოეკოლოგიის შესასწავლად ცდები ტარდებოდა ლაბორატორიულ, ნახევრად ლაბორატორიულ და მინდვრის პირობებში.

ტკიპებისაგან დაზიანებულ ფოთლებში პათოანატომიური ცვლილებები ისწავლებოდა ფოთლის ჭრილების – დაზიანებულისა და საღის ურთიერთშედარებით.

მავნე ტკიპების წინააღმდეგ სხვადასხვა კონცენტრაციით გამოცდილ იქნა პრეპარატები: ვერტიმეკი. პესტიციდური აქტივობის მქონე ხახვის გამონაწური, ქიმიური პრეპარატი მასაი და ენტომოპათოგენური სოკოები Beauveria bassiana და Metarhizium anisopliae.

აღმოსავლეთ საქართველოს პარკოსანი კულტურების აკაროფაუნის შესწავლის შედეგად გამოვლინდა 12 Tetranychus urtica (Koch,1836); 2. Brevipalpus lewisi (McGregor,1949); 3. Panonychus ulmi (Koch, 1836); 4. Briobia praetiosa (Koch, 1836); 5. Allot h rombium pu lvinum (Ewing 1917); 6. Allotrombium Fuliginosum 7. A. triticium (Herm 1804); 8. Metaseiulus occidentalis (Nesbitt 1951); 9. Phitoseiulus persimilis (Athias-Henriot, 1957); 10. Abrolophus sp. 11. Trichotrombidium rafieiae 12. Laelaspis kamalii J oharchi & Halliday sp.nov

საქართველოში, 2009 წელს ჩვენს მიერ პირველად იქნა დაფიქსირებული A. triticium (Herm 1804); Trichotrombidium rafieiae, Laelaspis kamalii J oharchi & Halliday sp.nov da Abrolopus sp, რომელიც ეკუთვნის Erythraeidae-ს ოჯახს.. ტკიპას ეს სახეობები ყურადღებას იპყრობს თავისი მტაცებლური და პარაზიტული ხასიათით.

აგრეთვე, დადგენილია ბიოაგენტის Allotrombidium pulvinum-ის მატლის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობები: 20-250C და 70% ფარდობითი ტენიანობა. ასეთ პირობებში მათ განვითარებას 4 დღე სჭირდება. აღრიცხვების შედეგებიდან გამოირკვა, რომ A. pulvinum-ით დაპარაზიტიანებული ბუგრის კოლონიები დიდი რაოდენობით დაფიქსირდა მცხეთის რაიონში - 90-100%, გარდაბნის რაიონში 70-80%.

პარკოსნებზე რეგისტრირებულ ტკიპებს შორის უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობით გამოირჩევა Tetranychus urticae . ამ სახეობისათვის საუკეთესო საკვებია სოია. აღნიშნული მცენარით კვებისას მავნებლის სქესობრივი პროდუქცია 250 ცალს აღწევს. Tetranychus urticae შემოდგომით ყველაზე მეტად სოიას აზიანებს, რაც განპირობებულია სოიას შედარებით ნორჩი ფოთლებით და მათი შებუსვის ინტენსივობით. მცენარეში ქსილემის კარგი განვითარება მიწისზედა ორგანოებში წყლის დიდი რაოდენობით მიწოდების მაჩვენებელია, რაც ასევე კარგ საარსებო გარემოს უქმნის მავნებელს. Tetranychus urticae წინააღმდეგ გამოვცადეთ ვერტიმეკი (ბიოპრეპარატი), ხახვის გამონაწური (პესტიციდურად აქტიური მცენარე), მასაი (აკარიციდი, ეტალონი) და ენტომოპათოგენური სოკოები. ეფექტური აღმოჩნდა ბიოპრეპარატი – ვერტიმეკი, მავნებლის სიკვდილიანობამ M მე-7-ე და მე-14-ე დღეს შეადგინა 99.6 და 99,8%, რაც შეეხება ხახვის გამონაწურს, მისი ტოქსიკური მოქმედება მაქსიმუმ 75% იყო. ასევე Tetranychus urticae -ს მიმართ ეფექტური აღმოჩნდა ენტომოპათოგენური სოკო Beauveria bassiana, ხოლო ნაკლებ ეფექტური Metarhizium anisopliae.

ირინე ჩარგეიშვილი - თუთის აბრეშუმხვევიას (Bombux moei L.) პროდუქტიულობის ამაღლება ფაგების გამოყენებით ბაქტერიული დაავადებების აღმძვრელების (Esherichia coli. Pseudomonas aeroginosa, Staphylococcus aureus) წინააღმდეგ (2014)

სინთეზური ქსოვილებისაგან დამზადებული ქსოვილები აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ  დღეისათვის მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნილება ბუნებრივ ბოჭკოებზე, მათ შორის აბრეშუმზე.

პარკის მოსავალს  ძლიერ ამცირებს თუთის აბრეშუმხვევიას  Bombyx mori L. ბაქტერიული დაავადებების აღმძვრელები Staphylococcus, Streptococcus, Serratia, Bacillus, Pseudomonas და Escherichia-ს გვარებიდან, რომლებიც გვხვდებიან გრენის ზედაპირზე,  საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ჰემოლიმფაში.  მათ  წინააღმდეგ ბრძოლის  მთავარი მეთოდებია გამოკვების  სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმების დაცვა, გამძლე ჯიშების დანერგვა და ქიმიოთერაპია, კერძოდ, ანტიბიოტიკების გამოყენება. 

ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამების დიდი სისწრაფით  წარმოქმნისა და გლობალური გავრცელების გამო მედიცინასა და ვეტერინარიაში ინტენსიურად ეძებენ  ალტერნატიულ საშუალებებს, რომელთაგან ყველაზე პერსპექტიულად ითვლება ფაგოთერაპია. ბაქტერიოფაგები მაღალსპეციფიური არიან კონკრეტული ბაქტერიული უჯრედის მიმართ, არ ანადგურებენ სასარგებლო მიკროფლორას და არ აკუმულირდებიან ორგანიზმში, რის გამოც ითვლებიან მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ საშუალებად.

მეცხოველეობის სხვა დარგებისაგან განსხვავებით ფაგოთერაპია მსოფლიო მეაბრეშუმეობაში დღეისათვის არ გამოიყენება. მეაბრეშუმეობაში ამ მეთოდის დანერგვისათვის აუცილებელია შესწავლილი იყოს  სპეციფიური ფაგების გავლენა თუთის აბრეშუმხვევიას ემბრიონალურ და პოსტემბრიონალურ განვითარებაზე, აგრეთვე პროდუქტიულობაზე. 

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა ქართული წარმოების ფაგური პრეპარატების ენკოფაგისა და სესფაგის გამოყენების შესაძლებლობა  თუთის აბრეშუმხვევიას ქართულ ჯიშებზე  ბაქტერიული დაავადების აღმძვრელების Escherichia coli, Pseudomonas aeroginosa, Staphylococcus aureus საწინააღმდეგოდ  პროდუქტიულობის  ამაღლების მიზნით მოდელურ და ბუნებრივ სისტემებში.  გამოცდილი იქნა დაავადებების მიმართ   მაღალრეზისტენტული ჯიში ივერია, მიმღებიანი მზიურების და საშუალოდ გამძლე დიღმურების  ხაზები.

სესფაგი და ენკოფაგი შეიძლება გამოყენებული იქნეს გრენის ზედაპირული დეზინფექციისათვის. გრენის დამუშავების დრო არ უნდა აღმატებოდეს 1 საათს. წინააღმდეგ შემთხვევაში მცირდება  გაცოცხლების %, ჭიის ცხოველმყოფელობა, პარკის  რაოდენობა და ხარისხი.

უმცროსი და უფროსი ასაკის ჭიების ფაგირება უნდა ჩატარდეს საკვებით შემდეგნაირად: საღი ფოთლები კარგად  დასველდეს პრეპარატით, გაშრეს, დაიჭრას და მიეცეს არაუმეტეს 4 საათით ნაშიმშილებ ჭიებს ბაქტერიოზის სიმპტომების გამომჟღავნებისას. ფაგების  მოქმედებით იზრდება ჭიის სიცოცხლისუნარიანობა, საღი პარკის რაოდენობა, ცოცხალი პარკიდან უწყვეტად  ამოხვეული ძაფის სიგრძე როგორც მოდელურ, ისე ბუნებრივ სისტემებში; 80-100%-ით შემცირდა ბაქტერიოზის ვიზუალური სიმპტომები. ფაგების შემცველი პრეპარატების დასხურება E.coli -ით და S.aureus-ით ხელოვნურად ინფიცირებულ ჭიაზე არაეფექტური აღმოჩნდა.   პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია ფაგის სახეობაზე,  თუთის აბრეშუმხვევიას გენოტიპსა და  გამძლეობაზე დაავადებების მიმართ.  შედარებით გამძლე ჯიშ ივერიას, მზიურების ჯგუფიდან მზიური-4-ის და მათი ჰიბრიდის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატები მაღალეფექტურია. დადგინდა სესფაგის ეკონომიური უპირატესობა ენკოფაგის, აგრეთვე გრენის ზედაპირული  დეზინფექციისა ფოთლით ფაგირებასთან შედარებით.

ჩვენს მიერ შესწავლილი ჯიშების გრენის ზედაპირზე არსებული გრამუარყოფითი ჩხირების მიმართ გამოცდილი  ანტიბიოტიკების  მესამედი არაეფექტური აღმოჩნდის ბაქტერიების მიერ  მათ მიმართ გამოვლენილი მდგრადობის გამო. 

ლაშა ავალიანი - ცხენის ძირითად ჰელმინთოზურ დაავადებათა ეპიზოოტოლოგიის საკითხები საქართველოში (2014)

თემის აქტუალობა. კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებულია ცხენის როლი. ათასწლეულების განმავლობაში მრავალ ქვეყანაში უდიდესი ყურადღება ეთმობოდა მეცხენეობის განვითარებას, რადგან ამ დარგის მაღალი დონე ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს, აგრეთვე მისი მეურნეობრიობის მრავალმხრივ განვითარებას განაპირობებდა.

ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო იყო. ცხენი, სხვა კენტჩლიქიანი ცხოველები, ქართველი კაცის მუდმივი თანამგზავრი იყვნენ მშვიდობიანი ცხოვრებისა თუ ურიცხვი საომარი მოქმედებების დროს. ამდენად, აღნიშნული დარგის განვითარება ჩვენი წინაპრების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ხალხური სელექციის შედეგად საქართველოში გამოყვანილია რთული რელიეფური, კლიმატური და მწირი საკვები ბაზის პირობებთან ადაპტირებული, ადგილობრივი ეპიზოოტოლოგიური სიტუაციის მიმართ რეზისტენტული მეგრული და თუშური ჯიშის, აგრეთვე ჯავახური ჯიშური ჯგუფის ცხენები (ლ.თორთლაძე, 2005).

მეცხენეობის, ისევე როგორც მეცხოველეობის სხვა დარგების განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებს შორის განსაკუთრებულია დაავადებების, მათ შორის ინვაზიურ დაავადებათა როლი, რომელთაც პარაზიტული ორგანიზმები (ჰელმინთები, უმარტივესები, ობობასებრები, მწერები) იწვევნ. მათ გამო ფერხდება მოზარდეულის ზრდა-განვითარება. მაგალითად, ალფორტიოზისგან განკურნებული კვიცი თანატოლ ჯანმრთელ კვიცთან შედარებით 50 კგ-ით ნაკლებს იწონის და სიმაღლეში 10-12 სმ-ით დაბალია. პარასკარიდოზისა და დელაფონდიოზის დროს ხშირია მოზარდეულის გაწყდომისა, ხოლო მაკე ფაშატებში - ნაყოფის მოგდების შემთხვევები (Н.Т.Кадыров и др., 1991).

ცხოველის ორგანიზმზე პარაზიტების პათოგენური ზემოქმედების შედეგად ქვეითდება მისი რეზისტენტობა და იგი ადვილად ითვისებს სხვა დაავადებებს.  მაგალითად, პარასკარიდებით და სტრონგილატებით ინტენსიურად დაინვაზიებული ცხენები პიროპლაზმოზისა და ნუტალიოზის მძიმე ფორმით ავადდებიან და მათი სიკვდილიანობაც უფრო ხშირია (Р.С.Чеботарев, 1946; А.И.Кононов, 1949). სხვა ავტორების ინფორმაციით ჯოგური შენახვის დროს ცხენების მასობრივად გაწყდომის ძირითად მიზეზს შერეული ჰელმინთოზები წარმოადგენენ (С.Исаков, 1967; D.G.Bucknell et al., 1995; J.R.Lichtenfels et al., 2008).  

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ცხენის დაავადებათა ცოდნას და მათ საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. მიკვლეულია XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერები - ცხენის კარაბადინი და სამკურნალო წიგნები. სხვადასხვა დაავადებებთან ერთად მათში აღწერილია პარაზიტული ორგანიზმებით გამოწვეული ზოგიერთი დაავადება შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებებით (К.В.Джваршеишвили, 1968).

ინვაზიურ დაავადებათა სააწინააღმდეგო მეცნიერულად დასაბუთებულ ღონისძიებათა განხორციელება დაკავშირებულია მათი ეპიზოოტოლოგიის საკითხების ცოდნასთან. ამ მიმართულებით ცხენის ჰელმინთოზებისა და პროტოზოოზების (შესაბამისად, ჰელმინთებით და უმარტივესებით გამოწვეული დაავადებები) შესწავლა ჩვენს ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში (ტ.ლუცენკო, 1930; ი.მათიკაშვილი, ი.ცომაია, 1937; П.Л.Бурджанадзе, 1939; 1943; 1951). შემდეგ ეს სამუშაოები შეწყდა, რადგან ყოფილ საბჭოთა კავშირში ცხენი მიჩნეულ იქნა როგორც სამეურნეოდ უსარგებლო ცხოველი და მისი სულადობა მკვეთრადBშეამცირეს.

გასული საუკუნის დასასრულს მეცხენეობის დარგის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. დღეს საქართველოში ცხენი ფართოდ გამოიყენება საკარმიდამო და ფერმერულ მეურნეობებში, შინაგან საქმეთა უწყებისა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურებში, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპორტული თვალსაზრისით, ტურიზმის განვითარების საქმესა და სამედიცინო პრაქტიკაში (რაიდთერაპია). გარდა ამისა, ყაზახეთში, სადაც ცხენის ხორცი გამოიყენება როგორც სასურსათო პროდუქტი, დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოში გამოზრდილი ცხენების (ეკოლოგიურად სუფთა) მიმართ. შესაბამისად, გაჩნდა ცოცხალი ცხენის ან მისი ნაკლავის ამ ქვეყანაში ექსპორტის შესაძლებლობა, რაც ამჟამად ხორციელდება.

ამასთან, ცხენზე მოთხოვნისა და მისი სულადობის ზრდის პროცესის პარალელურად თავი იჩინეს ცხენის ინვაზიურმა დაავადებებმა, განსაკუთრებით ჰელმინთოზებმა, რომლებიც მივიწყებული იყო. ამდენად, დღის წესრიგში დადგა მათი ხელახლა შესწავლის აუცილებლობის საკითხი.

კვლევის მიზანი და ამოცანები. ამ ნაშრომის შესრულებით მიზნად დავისახეთ საქართველოში ცხენის ინვაზიურ დაავადებათა შესასწავლად სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განახლება, ქვეყანაში უპირატესად გავრცელებულ კენტჩლიქიან ცხოველთა ჰელმინთოზურ დაავადებათა გამოვლენა, მათი ეპიზოოტოლოგიის საკითხების შესწავლა და მიღებული შედეგების საფუძველზე ამ დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებათა მომზადება.

ნაშრომის მეცნიერული სიახლე. გასული საუკუნის 30-40-იანი წლების შემდეგ, მას მერე რაც საქართველოში აღდგა ცხენის სულადობა, პირველად ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონების მუნიციპალიტეტებში შევისწავლეთ კენტჩლიქიანი ცხოველების ჰელმინთოზურ დაავადებათა გავრცელება; მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ცხენსაშენში შევისწავლეთ უპირატესად გავრცელებული ჰელმინთებით ცხენების დაინვაზიების ექსტენსიურობის ასაკობრივი და სეზონური დინამიკა; პირველად საქართველოში დავადგინეთ საძოვრებზე ცხენის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატოზებისა და პარასკარიდოზის აღმძვრელების ინვაზიური საწყისის განვითარების, გამძლეობის, სიცოცხლის უნარისა და ინვაზიური თვისებების შენარჩუნების ვადები; ასევე პირველად საქართველოში აღვწერეთ ამ ჰელმინთოზების დროს განვითარებული ეპიზოოტიური პროცესი.  

ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა. შესრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა შედეგების მიხედვით მომზადებულია საქართველოში ცხენის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატოზებისა და პარასკარიდოზის საწინააღმდეგო ღონისძიებათა სქემა, რომლის საფუძველზე მომზადდება აღნიშნული ჰელმინთოზების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაცია.

დასაცავად გამოტანილი ძირითადი დებულებები:

- საქართველოში ჩვენ მიერ გამოვლენილია კენტჩლიქიანი ცხოველების ხუთი ჰელმინთოზური დაავადება (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატოზები, პარასკარიდოზი, ოქსიუროზი, დიქტიოკაულოზი, ანოპლოცეფალიდოზები), თითო პროტოზოული და ენტომოზური დაავადება,  შესაბამისად, პიროპლაზმოზი და გასტროფილოზი;

- დასახელებულ ინვაზიურ დაავადებათაგან ქვეყანაში უპირატესად გავრცელებულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატოზები, რომელიც გამოვლენილია ყველგან, აგრეთვე - პარასკარიდოზი, რომელიც ასევე ფართოდ არის გავრცელებული;

- საქართველოში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატებით დაინვაზიებულია ყველა ასაკის ცხენების გამოკვლეული სულადობის 70,4%, პარასკარიდებით - 18,9%. ამავე ჰელმინთოზების აღმძვრელებით დაინვაზიებულია გამოკვლეული სახედრების, შესაბამისად, 80,5 და 11,5%;

- აღნიშნული ჰელმინთოზები ასევე უპირატესად გავრცელებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ცხენსაშენშიც, სადაც მათი აღმძვრელებით მაქსიმალურად დაინვაზიებულია 7-18 თვის ასაკის მოზარდეული. წლის სეზონების მიხედვით ნაწლავური სტრონგილატებით მაქსიმალური დაინვაზიება ზამთრისა და ზაფხულის თვეებში ვლინდება, პარასკარიდებით - აპრილ-მაისში;

- ყულარის ცხენსაშენის საძოვრებზე ნაწლავური სტრონგილატებისა და პარასკარიდას ინვაზიური საწყისის განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით იქმნება. ჰაერის ტემპერატურის მატების კვალობაზე ინვაზიური საწყისის განვითარების ვადები მცირდება და პირიქით;

- ივლის-აგვისტოში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო საძოვარზე ინვაზიური საწყისი გამოშრობისაგან იღუპება. ამავე თვეებში სტრონგილატების ინვაზიური სტადიის ლარვები ნიადაგში ვერტიკალურად მიგრირებენ და ბალახის ფესვებზე განთავსდებიან, სადაც ნიადაგის ზედაპირზე მათი ცხოველმყოფელობისათვის უხიფათო პირობების შექმნამდე რჩებიან;

- წლის ცივ პერიოდში საძოვარზე მოხვედრილი ინვაზიური საწყისი იზამთრებს და გაზაფხულზე, სათანადო ტემპერატურული რეჟიმის შექმნის შემდეგ ანახლებს ან იწყებს განვითარებას;

- ყულარის ცხენსაშენის საჯინიბოებში მთელი წლის განმავლობაში მოიპოვება განვითარების ყველა სტადიაზე მყოფი ნაწლავური სტრონგილატების ინვაზიური საწყისი, რომლითაც უპირატესად საკვებურებია დაინვაზიებული. პარასკარიდას ინვაზიური საწყისით საკვებურები უპირატესად წლის პირველ ნახევარშია დაინვაზიებული. საჯინიბოებში ინვაზიური საწყისის არსებობას განაპირობებენ ნაწლავური სტრონგილატებით და პარასკარიდებით დაინვაზიებული დედა-ფაშატები, ხოლო საკვებურებში ინვაზიური საწყისის მოხვედრას - მოვლის საგნები;

- ცხენსაშენში პარასკარიდოზის ეპიზოოტიურ პროცესის ჯაჭვში ინვაზიის გადაცემის მთავარი რგოლია მისი ინვაზიური საწყისით დაინვაზიებული საკვებურები, სტრონგილატოზების დროს - საკვებურები და საძოვარი;

- საქართველოში ადგილობრივი ცხენები პიროპლაზმოზის ლატენტური ფორმით ავადდებიან. ამასთან, ქვეყანაში ჰემოსპორიდიოზულ დაავადებათა (პიროპლაზმოზი, ნუტალიოზი) მიმართ ეპიზოოტოლოგიური მდგომარეობა არაკეთილსაიმედოა და მათი აღმძვრელებით მძიმე ფორმით ავადდებიან შემოყვანილი წმინდა სისხლის, ჯიშიანი ცხენები.        

ნაშრომის აპრობაცია. წარმოდგენილი დისერტაციის შინაარსი და ძირითადი დებულებები მოხსენებულია საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტ-აგრარიკოსთა სამეცნიერო კონფერენციაზე (2011 წლის აპრილი), სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტის გაფართოებულ სხდომაზე (2011 წლის 18 მაისი, ოქმი 18), საქართველოს პარაზიტოლოგთა XI საერთაშორისო კონფერენციაზე (თბილისი, 2011) და გამოქვეყნებულია აკადემიკოს კ.სკრიაბინის სახელობის ჰელმინთოლოგთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენციის («Теория и практика борьбы с паразитарными болезнями». Москва. 2012) მასალებში.    

პუბლიკაცია. დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებულია ექვსი სამეცნიერო ნაშრომი:

- ლ.ავალიანი. აღმოსავლეთ საქართველოში ცხენისა და სახედრის ჰელმინთოზების გავრცელების საკითხის შესახებ. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. საქართველოს პარაზიტოლოგთა XI საერთაშორისო კონფერენციის შრომათა კრებული. თბილისი. 2011, გვ. 173-177;

- ლ.ავალიანი. საქართველოში ცხენის უმთავრესი ჰელმინთოზების ეპიზოოტოლოგიის ზოგიერთი საკითხის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. 2011, ტ. 4, 1 (54), გვ. 105-108;

- Поцхверия Ш.О., Авалиани Л.З. О распространении основных нематодозов однокопытных животных в Грузии. Материалы докладов научной конференции «Теория и практика борьбы с паразитарными болезнями». Москва. 2012, вып. 13, 325-329; 

- ლ.ავალიანი. ცხენის ძირითადი ჰელმინთოზების სეზონურ-ასაკობრივი დინამიკა აღმოსავლეთ საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. 2012, 31, გვ. 250-253;

- ლ.ავალიანი, შ.ფოცხვერია. აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ცხენის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატებისა და პარასკარიდების ინვაზიური საწყისის განვითარებისა და გამძლეობის ვადების შესახებ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. 2012, 31, გვ. 254-260.

- შ.ფოცხვერია, ლ.ავალიანი. საქართველოში კენტჩლიქიანი ცხოველების ნაწლავური სტრონგილატოზებისა და პარასკარიდოზის ეპიზოოტოლოგიის ზოგიერთი საკითხის შესახებ. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. საქართველოს პარაზიტოლოგთა XII საერთაშორისო კონფერენციის შრომათა კრებული. თბილისი. 2014, გვ. 201-217;

დისერტაციის სტრუქტურა და მოცულობა. წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ტექსტი მოიცავს 118 გვერდს (გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის გარეშე) და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: შესავალი, სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგია, შედეგები, შედეგების განხილვა, დასკვნები და რეკომენდაციები. ბიბლიოგრაფია (12 გვერდი) მოიცავს 203 დასახელებას. ნაშრომში მოტანილია ათი ცხრილი, სამი გრაფიკი და ექვსი სურათი.

გიორგი ჯიღაური - ასურეთული შავის ქიმიურ-ტექნოლოგიური დახასიათება ვარდისფერი ღვინოების წარმოების მიზნით (2013)

თემის აქტუალობა. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობას 8000 წლიანი ისტორია აქვს. ასეთია მსოფლიოს მეცნიერ სპეციალისტთა აზრიც, რომელიც არქეოლოგიურ აღმოჩენებს ეყრდნობა. ამის დასტურია 1999 წელს ლონდონში გახსნილი უდიდესი და მუდმივმოქმედი გამოფენა ‚ვინოპოლისი“ (ღვინის ქალაქი), რომელიც იწყება ქართული პავილიონით, სახელწოდებით „ღვინის აკვანი“. ქართული ვაზის გენოფონდი 525-მდე წითელ- და თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს ითვლის და ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა, იხვეწებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა სხვადასხვა ტიპის ღვინოების დაყენების ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიები. ყოველივე ამის შესაძლებლობას იძლეოდა ვაზის ჯიშური მრავალფეროვნება და თვითოეული მათგანის თავისებურება. დღეისათვის საქართველოში გავრცელებული ვაზის წითელყურძნიანი ჯიშები საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, კაბერნე სოვინიონი, ოცხანური საფერე, ოჯალეში, უსახელოური, ჩხავერი, ალადასტური,ალექსანდროული,მუჯურეთული და სხვ.შესანიშნავი ნედლეულია მაღალხარისხოვანი და კონკურენტუნარიანი ღვინოების წარმოებისთვის. წითელყურძნიანი ჯიშების ქიმიური შედგენილობიდან, ერთ-ერთ საყურადღებო მახასიათებელს ანთოციანები წარმოადგენს. მათზეა დამოკიდებული ღვინის შეფერვის ინტენსივობა და წითელი და ვარდისფერი ღვინოები მათი შემცველობით განსხვავდება.

საქართველოში, მიუხედავად სხვადასხვა ტიპის წითელი ღვინოების ტექნოლოგიების და სორტიმენტის სიმრავლისა, შედარებით ნაკლებია ვარდისფერი ღვინოების წარმოება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ქართველ მეცნიერთა წვლილი (ნ. ებელაშვილი, ა. სირბილაძე, თ. ნანიტაშვილი,მ. კურდღელაშვილი და სხვ.), ვარდისფერი ღვინოების ახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

საქართველოში გავრცელებული ვაზის წითელყურძნიანი ჯიშების მრავალფეროვნება შესაძლებლობას იძლევა, რომ მათგან შეირჩეს სპეციფიკური ჯიშები, მაღალხარისხოვანი, ბუნებრივად ვარდისფერი ღვინოების წარმოების მიზნით. Aაქედან გამომდინარე,აღნიშნული საკითხი კვლევის აქტუალურ მიმართულებას წარმოადგენს.

კვლევის მიზანი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში გავრცელებული ვაზის წითელყურძნიანი ჯიშის - ასურეთული შავის ქიმიურ-ტექნოლოგიური გამოკვლევა ვარდისფერი ღვინოების წარმოების მიზნით.
მეცნიერული სიახლე. ა). ასურეთული შავის ყურძნის მოდუღარი ტკბილიდან გამოყოფილია Saccharomyces-ის სახეობის ღვინის საფუარის დაბალ ტემპერატურაზე (+3+4 °C) მოდუღარი ორი შტამი;
ბ). ასურეთული შავის ანთოციანთა შორის ფიქსირდება მალვიდინის დიგლუკოზიდი, მაგრამ, ამავდროულად ტექნიკური ჯიშების მსგავსად, დომინანტ ანთოციანს მალვიდინის მონოგლუკოზიდი წარმოადგენს;
გ). ასურეთული შავის ყურძნის ტკბილის დაბალი ტიტრული მჟავიანობის გამომწვევ მიზეზად გამოვლინდა ღვინის მჟავის თავისუფალ ფორმასთან ერთად კალიუმის არასრული მარილის სახით არსებობა;
დ). ტექნიკური ჯიშების მსგავსად, ასურეთული შავის ბუნებრივად ვარდისფერ ღვინომასალებში პოლიმერული პროანთოციანიდინები ჭარბობს ოლიგომერულს და კოეფიციენტი <1;

პრაქტიკული ღირებულება. ასურეთული შავის თავისებურებების გათვალისწინებით შემუშავებულია სუფრის მშრალი ბუნებრივად ვარდისფერი ღვინის („ასურეთული“) დამზადების ტექნოლოგია, რომელიც დაპატენტებულია და რეკომენდირებულია წარმოებაში დასანერგად.
კვლევითი სამუშაოს აპრობაცია. საკვალიფიკაციო თემის ექსპერიმენტის შედეგები მოხსენიებული იყო მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია 8 სამეცნიერო ნაშრომის სახით, რომელთაგან ერთი გამოგონების პატენტია.

სადისერტაციო ნაშრომის სტრუქტურა და მოცულობა. სადისერტაციო ნაშრომი განთავსებულია კომპიუტერზე ნაბეჭდ 114 გვერდზე. მოიცავს შესავალს, ლიტერატურულ მიმოხილვას, ექსპერიმენტულ ნაწილს, დასკვნებს, 160 დასახელების გამოყენებული ლიტერატურის სიას, დისერტაციის ირგვლივ გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალს და დანართს. ნაშრომში წარმოდგენილია 10 ცხრილი, 20 ნახაზი და 2 სქემა.

მალხაზ კვიციანი - ხელოვნური განგურის პერიოდში 'სელ-პლექსის" ეფექტურობის შესწავლა მეკვერცხულ მეფრინველეობაში (2013)

თემის აქტუალობა: როგორც მთელ მსოფლიოში ასევე საქართველოშიც ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება მოსახლეობის უზრუნველყოფა უსაფრთხო, სრულფასოვანი, უვნებელი სურსათითა და კვების პროდუქტებით. სასურსათო პროდუქტი უნდა იყოს: მაღალი ხარისხის, ბუნებრივი გემოთი დახასიათებული და უნდა იწარმოებოდეს მკაცრად დაცულ ჰიგიენურ პირობებში.

მეფრინველეობა მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მალმწიფადი დარგია, გამომდინარე აქედან მას სოფლის მეურნეობაში უკავია ერთ-ერთი წამყვანი ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობას სრულფასოვანი კვების პროდუქტებით: ხორცით, კვერცხით, ხოლო მსუბუქ მრეწველობას – ბუმბულით, იგი კარგად ანაზღაურებს მასზე გაწეულ შრომას და ყოველ გახარჯულ საკვებ ერთეულზე პასუხობს მაღალი პროდუქტიულობით. 

ფრინველი კვერცხის სახით თავის მასასთან შედარებით იძლევა საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქციას, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სწორი კვებით, გამომდინარე აქედან კვება უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს პროდუქტიულობის ზრდისათვის და დარგის მაღალრენტაბელობისათვის. ფრინველი განსაკუთრებით მგრძნობიარეა კვებისა და გარემოფაქტორების მიმართ, ამიტომ მეფრინველეთა განსაკუთრებული საზრუნავია ოპტიმალური გარემო პირობების შექმნა და მასთან დაკავშირებული მრავალი საკითხის რაციონალური გადაჭრა. კვება გადამწყვეთ გავლენას ახდენს ფრინველის პროდუქტიულობაზე და მეფრინველეობის პროდუქციის წარმოების ეკონომიაზე.

ფრინველის ზრდისა და განვითარებისათვის, კვერცხის წარმოსაქმნელად, ასევე ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია საზრდო ნივთიერებებისა და ენერგიის გარკვეული რაოდენობით გახარჯვა, რომელთა წყაროდ ითვლება საკვები. ულუფის ენერგეტიკული ღირებულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფრინველის პროდუქტიულობას და საკვების საზრდო ნივთიერებების გამოყენების ეფექტურობას.

პრაქტიკულად ყველა საკვები, რომელსაც ფრინველი ღებულობს შეიცავს ძნელად მოსანელებელ ნივთიერებებს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არ იშლება, ძნელდება საკვების მონელება, საყუათო ნივთიერებების შეწოვა, წარმოიქმნება წებოვანი მასა, რომელშიც ძნელდება საყუათო ნივთიერებების დიფუზია, აღნიშნული მასა საუკეთესო წყაროა მიკროორგანიზმების განვითარებისათვის, რომელთა შორისაც ხშირია პათოგენური მიკროორგანიზმებიც, ამის აღმოსაფხვრელად ფართოდ გამოიყენება სხვა და სხვა პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ ულუფის საზრდო ნივთიერებების ათვისებას, რის შედეგადაც ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა, პროტეინისა და ამინომჟავების შეთვისება, მნიშვნელოვნად იზრდება ნახშირწყლების რაოდენობა, ყოველივე ეს ხელს უწყობს ფრინველის პროდუქტიულობის გაზრდას, საკვების კონვენსიას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საკვების დანახარჯს პროდუქციის წარმოებაზე.

კვერცხმდებელი ქათმის კვებაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მიკროელემენტებს, თითოეულ მათგანს ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ფრინველის მაღალპროდუქტიულობის შენარჩუნებისა და გაზრდის მიზნით საჭიროა უზრუნველვყოთ იგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, პირველ რიგში ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

თანამედროვე მაღალმეკვერცხული კროსები იღებენ დიდი რაოდენობით საკვებს, რომელთა შორის ბევრია მოუნელებელი საკვები, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ამ მხრივ საყურადღებოა საკვებში ძნელად ხსნადი ნივთიერებების არსებობა, რომლებიც არ მოინელებიან და წარმოადგენენ საუკეთესო სუბტრასტს მიკროორგანიზმებისათვის, სწორედ ასეთ ნივთიერებებს მიეკუთვნება უკრახმალო პოლისაქარიდები, რომლებიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იწვევენ წებოვნებას, წებოვნება ახასიათებს ნაკლებად მომწიფებულ მარცვლოვან საკვებს, კერძოდ: ქერს, ხორბალს, შვრიას და ა.შ. აქედან გამომდინარე, საკვების უკეთ ათვისების მიზნით მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია ,,ოლტეკი” (Alltech) გვთავაზობს უახლოესი ტექნოლოგიით დამზადებულ პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან ფრინველის პროდუქტიულობას, შენარჩუნებასა და იმუნიტეტს, ასევე იძლევიან საშუალებას მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები. ფირმა "ოლტეკის” (Alltech)) მიერ შემოთავაზებულია ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატი "სელ-პლექსი”(SEL-PLEX), რომელიც არის ორგანული სელენის წყარო, იგი გამოიმუშავება საფუარების სპეციალური შტამების მიერ, რომლებიც მრავლდებიან კონტროლირებად გარემოში, სადაც ნიადაგი გამდიდრებულია სელენით და შემცირებულია გოგირდი. "სელ-პლექსის” მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენენ  "სელენომეთიონინი” და "სელენოცისტინი”. 

"სელ-პლექსის” მოქმედება შესწავლილია სხვა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებსა და ფრინველებში, ხოლო დღემდე შეუსწავლელია მისი გამოყენების ეფექტურობა მეკვერცხული, ფრინველის კვებაში-ხელოვნური განგურის ჩატარების პროცესში, დაუდგენელია მისი მოქმედების ეფექტურობა და ოპტიმალური დოზები.

კვლევის მიზანი და ამოცანა: კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა "სელ-პლექსის” მოქმედება მეკვერცხულ ფრინველში ხელოვნური განგურის ჩატარების დროს, მისი მოქმედება და გავლენა ხელოვნური განგურის პროცესზე, ფრინველის შენარჩუნებაზე, ფრინველის ცოცხალ მასაზე, ასევე მიღებულ პროდუქციის რაოდენობასა და ხარისხზე, დაგვედგინა გამოყენების ოპტიმალური დოზები.

მეცნიერული სიახლე: პირველად მეფრინველეობის პრაქტიკაში ჩატარებული ცდების საფუძველზე დადგინდა პრეპარატ "სელ-პლექსი”-ს ოპტიმალური დოზა. ხელოვნური განგურის ჩატარებისას მეკვერცხული მიმართულების ქათმებში.  დადგინდა პრეპარატის ეფექტურობა მეკვერცხული ქათმების შენარჩუნებასა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში.

ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა: მეკვერცხული "ლომან-LS”-კლასიკის კვებაში ხელოვნური განგურის ჩატარების პროცესში და მის შემდგომ მთელი ექსპლუატაციის პერიოდში პრეპარატ "სელ-პლექსი”-ს ოპტიმალური დოზით გამოყენებისას გაიზარდა საკვების კონვენსია, ქათმის საშუალო სადღეღამისო წონამატი, ცოცხალი მასა, კვერცხმდებლობა და გაუმჯობესდა კვერცხის ხარისხი და რაც მთავარია მიღებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი კვერცხისა და ხორცის სახით.

კვლევის შედეგების აპრობაცია: კვლევითი მასალები მოხსენებული იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლისადმი მიძღვნის დოქტორანტთა საიუბილეო სამეცნიერო კომფერენციაზე, "სელ-პლექსის” ეფექტურობის შესწავლა ხელოვნური განგურის პერიოდში მეკვერცხულ მეფრინველეობაში.

ხათუნა შუბითიძე - ბუნებრივ გამონაყოფებში ტუბერკულოზის მიკრობაქტერიების დადგენა ბაქტერიოსკოპული მეთოდით (2013)

ცხოველთა ინფექციურ დაავადებათა შორის ტუბერკულოზს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგანაც ის დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეცხოველეობას და მუდმივ საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

მსხვილფეხა პირუტყვის ტუბერკულოზი ფართოდ იყო გავრცელე-ბული მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ამრავლებდნენ სანაშენო პირუტყვს და მათი რეალიზაციის შედეგად გავრცელდა დაავადება სხვა ქვეყნებში.

გავიდა 100 წელზე მეტი, რაც რ. კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის აღმძვრელი. ამ დროის განმავლობაში აღნიშნული ინფექციის შესწავ¬ლას დათმობილი აქვს დიდი ყურადღება. შესწავლილია აღმძვრელის ბიოლოგია, ეპიზოოტოლოგიის თავისებურებანი, პათოგენეზი, პათ-ანა¬ტომია, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდები, პროფილაქტიკისა და ბრძოლის ღონისძიებანი.

ბოლო წლებში დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში მსხვილფეხა პირუტყვის ტუბერკუ-ლოზი პრაქტიკულად ლიკვიდირებულია. საქართველოში ცხოველთა ტუბერკულოზი რეგისტრირებულია 1940 წლიდან. იყო წლები, როდესაც ტუბერკულოზის ეპიზოოტიური სიტუაცია საგრძნობლად უმჯობესდებოდა, მაგრამ ამ ინფექციასთან ბრძოლის ცალმხრივმა ღონისძიებებმა, მეცხოველეობის გაძღოლის სისტემის არსებულ პირობებში შედეგი ვერ გამოიღო. ტუბერკულოზის ლიკვიდაციას, რიგი სამეურნეო ფაქტორების გაუტარებლობის გარდა, ხელს უშლის ის, რომ ბოლომდე არაა დამუშავებული დიაგნოსტიკისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა ერთიანი მეთოდები.

1990-იანი წლებიდან, საკუთრების ფორმების შეცვლის გამო, საქართველოში პირუტყვი გადავიდა კერძო საკუთრებაში ისე, რომ ვერ ჩატარდა მათი გამოკვლევა ტუბერკულოზზე. ჯანმრთელი და ავადმყოფი პირუტყვი მიმოიფანტა ქვეყანაში, რამაც უფრო გაართულა ამ ინფექციასთან ბრძოლა, ყოველივე ამის გამო უცნობია ტუბერკულოზის ეპიზოოტიური სიტუაცია.

ცხოველთა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის კომპლექსში წამყვანი ადგილი უკავია ალერგოდიაგნოსტიკას, მაგრამ მისი მასიური ჩატარება ვერ ხერხდება. ქვეყანაში არ ფუნქციონირებს არსებული ხორცკომბინა¬ტები და მასთან არსებული სანიტარიული სასაკლაოები, სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ცხოველთა ტუბერკულოზის შემთხვევები. სავაჭრო ქსელში ხვდება შეუმოწმებელი მეცხოველეობის პროდუქტები, რაც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა შემდეგი საკითხები:
1) ცხოველის სიცოცხლეში ბუნებრივი გამონაყოფებიდან (ცხვირის ლორწო, რძე, ფეკალი) ბაქტერიოსკოპიით დაგვედგინა მიკობაქტე-რიების არსებობა.
2) ბუნებრივი გამონაყოფებიდან გამოგვეყო მიკობაქტერიები და შეგვესწავლა მათი ბიოლოგიური თვისებები.
3) ბაქტერიოსკოპიული მეთოდით ცხოველთა ბუნებრივი გამონაყოფე-ბიდან გარემო არეში აღმოგვეჩინა მჟავაგამძლე ბაქტერიები და დაგვედგინა მისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები.
4) მიკობატერიების ბაქტერიოსკოპიული მეთოდით აღმოჩენის და შეფასების შესახებ დაგვემუშავებინა სათანადო მეთოდი,შემდგომში დასამტკიცებლად და დასანერგად.

ჩატარებული მუშაობის სიახლეა ის, რომ მიკობაქტერიების სწრაფად აღმოჩენის მიზნით ცხოველთა ბუნებრივი გამონაყოფების ბაქტერიოსკოპიით დადგინდა დიაგნოსტიკის პარამეტრები, რაც შესაძლებელს ხდის დაფიქსირდეს ტუბერკულოზის აღმძვრელი მოკლე დროში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიასა და ეპიზოოტოლოგიაში.

მეცხოველეობის ფერმებში, მის ტერიტორიაზე გამოყოფილი კულტურების საშუალებით დადგინდა ტუბერკულოზის გავრცელების არეალი, რომლის ცოდნა აუცილებელია ეპიზოოტიის ჯაჭვის გაწყვეტის ღონისძიებების გატარებისას.

ჩატარებული სამუშაოს თეორიული მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ შესაძლებელია ცხოველის სიცოცხლეში მისი ბუნებრივი გამონაყოფებიდან ბაქტერიოსკოპიით 250_300 მხედველობის არემდე აღმოჩენილი იქნას მიკობაქტერიები, რასაც აქვს ტუბერკულოზის ექსპრეს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა.

პრაქტიკული მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ მოხდა საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ტუბერკულოზის ბაქტერიოსკოპიული მეთოდის ვეტერინარიაში აპრობირება, სათანადო კრიტერიუმის შემუშავება და რეკომენდაციის შედგენა პრაქტიკაში დასანერგად.

მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას ვეტერინარიის ნებისმიერი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მიერ, ის არის სწრაფი, იაფი და მაღალინფორმაციული. აქვს სასიგნალო მნიშვნელობა ტუბერკულოზ-თან ბრძოლის საქმეში.

კვლევის შედეგები განხილულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტის სხდომებზე, სტუდენტთა, ასპირანტთა, დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციებზე, კერძოდ:
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა, ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენცია. თბილისი 2008, 2009 წლები.

საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერეცია თბილისი, 2010 წელი.

დოქტორანტთა სასემინარო თემის შეფასების კომისიაზე. თბილისი, 2010 წელი.
სადისერტაციო მასალების დაცვის წინა აპრობაცია ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტის გაფართოებულ სხდომაზე. თბილისი, 2012 წელი.

დისერტაციის შედეგები გამოქვეყნებულია 8 სამეცნიერო ნაშრომში, მათ შორის სამი - დამოუკიდებლად.

დისერტაციის ტექსტი მოიცავს კომპიუტერულ ნაბეჭდ (129) გვერდს და შედგება ნაშრომის ზოგადი დახასიათების, ლიტერატურის მიმოხილვის, გამოკვლევის მასალა მეთოდიკის, საკუთარი გამოკვლევის შედეგების და მისი ანალიზის, დასკვნების, პრაქტიკული რეკომენდაციების და გამოყენებული ლიტერატურის 150 წყაროსაგან. ნაშრომი ილუსტრირებულია 7 ფოტოსურათით, 17 ცხრილით და 2 გრაფიკით.

ანა პატიეშვილი - კავკასიური ნაგაზისა და ტურის საღეჭი აპარატის ნერვების შედარებითი ანატომია (2013)

დღეს ბიოლოგიის სხვადასხვა დარგის უმაღლეს დონეზე განვითარების მიუხედავად, კლინიკური დისციპლინების მიღწევების მთავარ და შეიძლება ითქვას გადამწყვეტ პირობად ითვლება ცხოველთა პერიფერიული ნერვული სისტემის ახალი მონაცემებით შევსება, რომელიც ფიზიოლოგიასთან და ტოპოგრაფიულ ანატომიასთან ერთად წარმოადგენს თეორიული და პრაქტიკული ვეტერინარიის საფუძველს.

ცხოველთა ორგანიზმების განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ ძუძუმწოვარ ცხოველებში, მათ შორის ხორცისმჭამელებში დღეს არსებული საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოები და მათი მანერვირებელი ნერვები ჩამოყალიბებულია თანდათანობით ცხოველთა ორგანიზმებისა და განსაკუთრებული გარემო პირობების ურთიერთმოქმედების შედეგად. ამასთან ერთად, ცხოველთა მოშინაურებამ გარკვეულად მაინც იმოქმედა ცხოველთა ექსტერიერულ მონაცემებზე, ქალას ანატომიურ აგებულებაზე, საღეჭი აპარატის შემადგენელ ორგანოებისა და მათი ნერვების ანატომიურ აგებულებაზე. მიუხედავად ამისა, ამ მხრივ, ევოლუციამ მათ ვერაფერი დააკლო, თუმცა ხორცისმჭამელი ცხოველების საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოებისა და მათი ნერვების ანატომიურ მოწყობილობაში გამოიწვია სახეობრივი, ჯიშობრივი და ასაკობრივი განსხვავებები.

ხორცისმჭამელ ცხოველებში საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოები - ზედა ყბის, ქვედა ყბისა და საჭრელი ძვლები, ყბის სახსარი, საღეჭი, მიმიკური და ენის მამოძრავებელი კუნთები, ტუჩები, კბილები და ენა უნდა ჩაითვალოს ცხოველის სახეობის განმსაზღვრელ ძირითად მორფოლოგიურ ნიშნად. ხორცისმჭამელი ცხოველების საკვების დაქუცმაცების აქტი ხორციელდება ქვედა ყბის ძვლის სხვადასვა მიმართულებით მოძრაობის შესრულებით. მოცემულ მოძრაობაში მონაწილეობენ: ყბის სახსარი, საღეჭი და ნაწილობრივ მიმიკური კუნთები. პრემოლარებისა და მოლარების ფართო შემხები ზედაპირი, კბილის ბორცვები და მოლარების ყბის სახსართან ახლო განლაგება უზრუნველყოფს საკვების სრულ დაქუცმაცებასა და მომზადებას შემდგომ ორგანოებში ქიმიური გადამუშავებისთვის. საღეჭი აპარატის ერთი რომელიმე ორგანოს ფუნქციის დაქვეითება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იწვევს შემდგომი ორგანოებისათვის არასაკმარისად დამუშავებული საკვების მიწოდებას, რასაც მოჰყვება საყლაპავი მილის, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსში ანთებითი ხასიათის პროცესების განვითარება; საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოების აგებულებისა და ფუნქციების დროული აღდგენა უზრუნველყოფს კუჭისა და ნაწლავების სეკრეტორული და მოტორული ფუნქციების გაუმჯობესებას ე.ი. გამოჯანმრთელებას.

ადამიანის, პროდუქტიული ცხოველებისა და ხორცისმჭამელების საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოების აგებულება და ფუნქციები თითქმის დეტალურადაა შესწავლილი. თუმცა შემდგომ შესწავლასა და დაზუსტებას მოითხოვს ორგანოების მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვებით მომარაგების საკითხი; ტურის საღეჭ, მიმიკურ და ენის მამოძრავებელ კუნთებში ნერვების შესვლის და განაწილების პრინციპის შესწავლა ჩვენთვის ხელმისაწვდომ სამამულო და საზღვარგარეთულ ლიტერატურაში არ შეგვხვედრია. მოცემული საკითხი დღეს პრაქტიკულად შეუსწავლელია, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება სადისერტაციო შრომის თემად აგვერჩია საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოების აგებულება და მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვებით მომარაგება; კვლევის ობიექტად კი - აგვერჩია ტურა და მასთან შეგვედარებინა კავკასიური ნაგაზის თანამოსახელე ორგანოების აგებულებისა და ნერვებით მომარაგების საკითხი. მიღებული შედეგები კი - განხილული ყოფილიყო შედარებითი ანატომიის ასპექტში.

ტურა ეკუთვნის მტაცებელთა რიგს, მგლისებრთა ოჯახს და გვარს; გაიძვერა, ღამის ქურდბაცაცა ცხოველია; მასზე ამბობენ “მგელს მგლობა ერქვა და ტურამ ქვეყანა ამოაგდოო”. მგელზე ბევრად პატარაა; სხეულის სიგრძე 50-80 სმ-მდეა, სიმაღლე 40-50 სმ; სხეულის სიგრძე 14-16 სმ. თოვლზე ტოვებს თითა ანაბეჭდს, სადაც ორი შუა თითი დიდი ბალიშითაა შეტყუპებული და შესამჩნევად წინ არის წამოწეული; ამით იგი მკაფიოდ განსხვავდება სხვა ნაკვალევისაგან. ტურის ფერი შეიძლება იყოს ყვითელი, ფერმკრთალი ყვითელი, და წითელი; მათ შორის მსგავსება დიდია; ზურგიდან კუდამდე გადასდევს შავი ფერი. ზაფხულში ბეწვი მოკლე და უხეშია, ზამთარში კი - მოგრძო და მოწითალო. ანალური ხვრელის გარშემო აქვს ჯირკვლები; გამოყოფენ მძაფრსუნიან ნივთიერებას, რომელიც ემსახურება ტერიტორიების მონიშვნას და მტრისაგან თავდაცვას. იკვებებიან ხორცით; მათ შორის არიან ყველაფრის მჭამელებიც.

ტურა ცხოვრობს აფრიკაში, ევროპაში, მცირე და შუა აზიაში, ცეილონსა და ტაილანდში; ფართოდაა გავრცელებული საბერძნეთში, ბალკანეთში, დაღესტანსა და თითქმის ყველგან შავი ზღვის რეგიონში. საქარველოში ტურა გვხვდება ისეთ ადგილებში, სადაც წყალი და ბუჩქნარია; გავრცელებულია როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ტურის ლეკვები ადრეულ ასაკში ავადდებიან ტრიქინელოზით; რაც გამოწვეული უნდა იყოს კვების სპეციფიკით; გარეგანი პარაზიტებიდან გვხვდება კანზე ტკიპები და რწყილები; შეიძლება გადაიტანოს ისეთი საშიში დაავადება, როგორიცაა ცოფი.

ძაღლი ადამიანმა ქვის ხანაში მოიშინაურა დაახლოებით 15 ათასი წლის წინ. მოშინაურება მიმდინარეობდა დიდხანს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონტინენტსა და სხვადსხვა გეოგრაფიულ ზონაში. დღეს მსოფლიოში 400-ზე მეტი ძაღლის ჯიშია; კინოლოგებმა ისინი 3 ჯგუფად დაყვეს: სამოსამსახურეო, მონადირე და დეკორატიული ძაღლები. სამოსამსახურეო ჯგუფის ძაღლებს ეკუთვნის ჩვენი კველევის ობიექტი ნაგაზი; გამოიყენება საქონლის და სხვადასხვა ობიექტის დასაცავად. საუკუნეების განმავლობაში ეს ჭკვიანი, გონიერი ძაღლები მწყემსების, მეჯოგეებისა და ფერმერების გვერდით მუშაობდნენ. თითქმის ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი მწყემსი ძაღლი; ნაგაზი - საქართველოს, პული - უნგრეთს, კოლი - შოტლანდიას, კორტი - უელს, გარემა - იტალიას და ა.შ.

გამოკვლევის მიზანი და ამოცანები სადისერტაციო ნაშრომის მიზანია საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოების _ ზედა ყბის, ქვედა ყბისა და საჭრელი ძვლების, ყბის სახსრის, საღეჭი და მიმიკური კუნთების, ენისა და ენის მამოძრავებელი კუნთების, ზედაყბისა და ქვედაყბის არკადის კბილების აგებულების მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვებით მომარაგების შესწავლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენს მიერ ჩატარებული ანატომიური გამოკვლევების მიზანს შეადგენდა:

დაგვედგინა ტურისა და ნაგაზის საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოების - ზედა ყბის, ქვედა ყბისა და საჭრელი ძვლების, ენისა და ენის მამოძრავებელი კუნთების ანატომიური აგებულებისა და ნერვებით მომარაგების თავისებურებები და წარმოგვედგინა შედარებითი ანატომიის ასპექტში.

  • ორივე ყბის საკბილო კიდეზე (არკადაზე) მუდმივი კბილების განლაგების, ფესვებისა და ბორცვების რაოდენობისა და ნერვებით მომარაგების დაზუსტება.
  • ყბის სახსრის აგებულების, საღეჭი კუნთების მიმაგრების, კუნთში ნერვების დატოტიანების ტიპის, კუნთებში შესვლის დონის და ზედაპირის განსაზღვრა.
  • ზედაყბისა და ქვედაყბის ნერვებიდან გამოსული ტოტების მონაწილეობის ხარისხის განსაზღვრა საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოების ინერვაციაში.
  • შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენს მიერ ჩატარებული ანატომიური გამოკვლევების შედეგად მოპოვებული მასალების შედარება უძველეს, ძველ და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სპეციალურ ლიტერატურულ მონაცემებთან ძუძუმწოვარ ცხოველებში.

მეცნიერული სიახლე და პრაქტიკული მნიშვნელობა ჩვენს მიერ ჩატარებული ანატომიური გამოკვლევები მიზნად ისახავდა ტურის და ნაგაზის საღეჭი აპარატის შემადგენელი ორგანოების - ზედა ყბის, ქვედა ყბის და საჭრელი ძვლების, ყბის სახსრის, ზედაყბის და ქვედაყბის არკადის მუდმივი კბილების, ენის, ენის მამოძრავებელი და საღეჭი კუნთების აგებულების, მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვებით მომარაგების შესწავლა შედარებით ანატომიურ ასპექტში. ნაშრომს აქვს თეორიული მნიშვნელობა შედარებითი ანატომიის თვალსაზრისით; გარდა თეორიული მნიშვნელობისა ნაშრომს აქვს პრაქტიკული ინტერესიც. ჩატარებული ანატომიური გამოკვლევების შედეგად მოპოვებული მასალები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ ქირურგებს, ჩაატარონ სხვადასხვა მანიპულაციები ქალას სხვადასხვა მიდამოში. ამასთან ერთად, სახის ქალას მიდამოში ტრავმული ან სხვა სახის დაზიანებების შემთხვევაში საღეჭი და ენის მამოძრავებელი კუნთებისა და სხვა რბილი ქსოვილების რეკონსტრუქციისა და სიმსივნეების ამოკვეთის დროს ჩატარდეს ენის, ქვედაყბის ალვეოლარული, საღეჭი, ფრთისებური და თვალბუდის ქვედა ნერვების ბლოკირება.

სახის ქალას მიდამოში ოპერაციული ჩარევის დროს რადიალური განაჭრები თითქმის ყოველთვის ეხება ენის, ლოყის, საფეთქლის ზედაპირულ და თვალბუდის ქვედა ნერვებს; აქედან გამომდინარე, ოპერატორმა ოპერაციული მიდგომის დროს უნდა გაითვალისწინოს მოცემული ნერვების მდებარეობა.

დამუშავებული ანატომიური პრეპარატები შეიძლება გამოყენებული იქნეს შინაურ ცხოველთა ანატომიის საგანში სტუდენტებთან პრაქტიკულ მეცადინეობაზე სადემონსტრაციოდ.

ნაშრომის აპრობაცია. სადისერტაციო შრომის ძირითადი დებულებები მოხსენებული და განხილულია მორფოლოგიისა და ფიზიოლოგიის დეპარტამენტის გაფართოებულ სხდომაზე, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთაA და ახალგაზრდა მეცნიერთაA სამეცნიერო კონფერენციაზე.

გამოკვლევის შედეგების პუბლიკაცია. დისერტაციასთან დაკავშირებული ძირითადი მასალები გამოქვეყნებულია 8 სამეცნიერო ნაშრომში; აქედან 3 ნაშრომი გამოქვეყნებულია დამოუკიდებლად; 5 კი თანაავტორებთან ერთად.

დისერტაციის მოცულობა და სტრუქტურა. სადისერტაციო ნაშრომი წარმოდგენილია კომპიუტერზე ნაბეჭდი ტექსტის 176 გვერდით და შედგება: შესავალი, ლიტერატურა, გამოკვლევის მეთოდები და მასალა, საკუთარი გამოკვლევის შედეგები ტურის საღეჭი აპარატის ნერვებისა და კავკასიური ნაგაზის შედარებითი ანატომია, საკუთარი გამოკვლევების შემაჯამებელი ნაწილი და ანალიზი, დასკვნები და პრაქტიკული წინადადებები, გამოყენებული ლიტერტურის სია, რომელიც მოიცავს 177 წყაროს დასახელებას, მათ შორის 61 მშობლიურ ენაზე, 116 უცხოური; ილუსტრაცია: გენერალური სურათი 8; ნატურალური პრეპარატებიდან გადაღებული 18 ფოტოსურათი.

გიორგი ფსუტური - ცერცველას (Vicia dasycarpa-ს) მოყვანის აგროტექნიკის დამუშავება აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ზონაში (2013)

საქართველოს 30 საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მანძილზე ადამიანთა მიერ კულტივირებადი პარკოსნები: მუხუდო, ოსპი, ბარდა, ცულისპირა და ცერცველა იყო. ქართველმა კაცმა კარგად იცოდა ამ კულტურების ფასი და ამიტომ ხორბალთან და ქერთან ერთად მონაცვლეობით მოჰყავდა ისინი თავის მიწაზე. ამ ძირითად მარცვლეულ კულტურებს ადამიანი იყენებდა ოჯახის და პირუტყვის გამოსაკვებად.

დღეისათვის, საქართველოში არსებობს მარცვლეულის წარმოებისა და საკვები ბაზის განვითარების დიდი რეზერვები, მაგრამ მათი გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან და მოითხოვს შესაბამის ფინანსებს, ცოდნას და გამოცდილებას.

საქართველოში სასურსათო პრობლემის - სასურსათო უსაფრთხოების საკითხის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის მოსახლეობის მომარაგებას მცენარეული წარმოშობის ცილებით, რომლის წყარო ჩვენში,  სამარცვლე პარკოსნების სახით, უხსოვარი დროიდან არსებობს. საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობები და მრავალფეროვანი ნიადაგური საფარი ხელს უწყობდა ტრადიციულად ისეთი ერთწლოვანი პარკოსანი ბალახების განვითარებას როგორიცაა: ცულისპირა, ბარდა და ცერცველა.

ისტორიულად, საქართველოში პურეულ კულტურებთან ერთად მემინდვრეობაში მთავარი ადგილი ეკავათ ერთწლოვან პარკოსან ბალახებს. ხორცის პროდუქტები მოსახლეობის ყოველდღიურ საკვებად იქცა მხოლოდ XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, მაშინ, როდესაც ამაღლდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და გაიზარდა მათი შემოსავალი. სოფლებში კვების ძველი ტრადიცია შედარებით შენარჩუნდა და ნაკლებად დაირღვა, იქ როგორც წესი, პირუტყვს დასაკლავად იშვიათად იმეტებდნენ. ხორცის გადაჭარბებულმა მოხმარებამ კი უარყოფითი შედეგები გამოიღო და ჯანმრთელობაზეც იმოქმედა. ჩვენმა წინაპრებმა  იცოდნენ რა ამ პარკოსნების მარცვლის მაღალი ყუათიანობა, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით უარს ამბობდნენ ცხოველურ პროდუქტებზე და ცხოველური წარმოშობის ცილების "დანაკარგს" მცენარეული ცილებით მდიდარი პარკოსნებით ავსებდნენ.

ცილებით დაბალანსებული საკვების მისაღებად მსოფლიოს ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მეცხოველეობის საკვებად იყენებენ პარკოსნებს და მათ შორის ცერველასაც. აღნიშნული კულტურა გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და აქ მისი მოვლა-მოყვანის საუკეთესო პირობებია.

საქართველოში ცერცველას კულტურას გავრცელების დიდი ხნის ისტორია აქვს. ცერცველა ცილებით მდიდარი სამარცვლე პარკოსანია, რომელიც მაღალი ყუათიანობით გამოირჩევა. ცილის შემადგენლობით იგი მხოლოდ სოიას ჩამორჩება და პარკოსნებს შორის ამ მხრივ მეორე ადგილი უკავია. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ცილა მაღალი ხარისხით და კარგი მონელების და შეთვისების უნარით გამოირჩევა ცხოველთათვის.

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, სურსათის წარმოება კრიზისულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით ბოლო წლებში სურსათზე ფასები გაორმაგდა, ზოგიერთზე კი გასამმაგდა. ამას ემატება ბიოდიზელის წარმოების ზრდა, რომლის ნედლეული მცენარეული რესურსებია. პერსპექტივა მოითხოვს კოლოსალურ კაპიტალურ დაბანდებებს, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს დღეისათვის არ გააჩნიათ. შიმშილის საფრთხე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყნებში, მათი ჩამორჩენილი საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარების შედეგია. მოსახლეობის მუდმივად მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება კვების პროდუქტებით უკვე XXI საუკუნის დასაწყისისათვის გლობალური ხასიათის პრობლემა გახდა.

მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება განვრცობილია უზარმაზარ ფართობზე, სავარგულთა ნაყოფიერება რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით ცვალებადია. მსოფლიო მოსახლეობის 2/3 ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც ყოველთვის მწვავედ იდგა მოსახლეობის გამოკვების საკითხი და დღესაც გლობალურ პრობლემად რჩება. მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა პრობლემატური საკითხია მსოფლიოში და ის მწვავედ დგას ამჟამინდელ საქართველოშიც, სადაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა. სწორედ სიღარიბის დაძლევის პროგრამით დაიწყო მუშაობა საქართველოში მშრალი რეგიონების საერთაშორისო სოფლის-მეურნეობის კვლევის ცენტრმა ICARDA-მ და 1996 წლიდან დაიწყო მდიდარი საკოლექციო მასალის სამარცვლე პარკოსანი და საკვები პარკოსანი კულტურების გენპლაზმის გაცვლა.  პარკოსანთა შეფასებისას ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ეს მცენარეები შეიცავენ დღემდე ცნობილ ყველა სახის ვიტამინებს. ეს კი მეტ ღირებულებას აძლევს მათ.

მსოფლიო გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით და მტკნარ წყალზე დეფიციტის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას მდგრადი სოფლის მეურნეობისათვის იძენს გვალვაგამძლე საშემოდგომო ტიპის მცენარეების განსაკუთრებით ცილებით მდიდარი პარკოსანი კულტურების ბიომრავალფეროვნების დაცვა და გავრცელება. ჩვენი კვლევის ძირითადი მიზანი იყო ცერცველას (Vicia dasycarpa) გენპლაზმის გაუმჯობესება აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ზონაში.

1998 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის (დღეს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნვერსიტეტი) საკვებწარმოებისა და სამკურნალო მცენარეთა კათედრაზე (დღეს აგროტექნოლოგიის დეპარტამენტი) მიმდინარეობს სელექციური სამუშაოები, რომლის ძირითადი მიზანია პარკოსანი კულტურების დამუშავება, ცერცველას კულტურის რეაბილიტაცია და ახალი ჯიშების შექმნა, რომლებიც დაეხმარება ფერმერებს საკარმიდამო თესლბრუნვების და არენდირებულ მიწებზე საკვებწარმოების პრობლემების მოგვარებაში. ამ საქმეში დიდ დახმარებას გვიწევენ საერთაშორისო ანალოგიური პროფილის ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ICARDA-სთან თანამშრომლობა. როგორც ამ სამუშაოს ნაწილი 2003 წლიდან ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად ჩვენს მიერ გამოყვანილი იქნა ცერცველას ახალი ჯიში "აბიგი". ეს ჯიში გარდა იმისა რომ კარგად არის ადაპტირებული, საქართველოს არიდული ზონის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში დიდი რაოდენობით აგროვებს ბიოლოგიურ აზოტს, კარგად ებრძვის სარეველებს და უძლებს გვალვას, მას აგრეთვე გააჩნია მრავალმხრივი გამოყენება, იგი სხვა საკვები თვისებების შემცველობითაც გამოირჩევა, მწვანე მასა და მარცვალი არის ცილებით მდიდარი (32%-ის შემცველობით), კარგი ნედლეულია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის. პარალელურად ჩვენს მიერ დამუშავებულია ამ ჯიშის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია.

ირინე დეისაძე - ჯიშური სიწმინდის ზოგიერთი მაჩვენებელი ქართულ წითელ ღვინოებში (2013)

თემის აქტუალობა. ყურძნის ჯიშური სიწმინდის დაცვა, მისგან წარმოებულ ნატურალურ ღვინოპროდუქციაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ეს საკითხი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს წითელი ღვინის ნატურალურობის დადგენისას, რამეთუ მათი შეფერვის ინტენსივობის ჩამოყალიბება საკუთარი ანტოციანების საფუძველზე, შესაძლებელია შეიცვალოს სხვა, მეტ-ნაკლებად მსგავსი ბუნებრივი ნედლეულით. ანტოციანებით მდიდარ ბუნებრივ ნედლეულს წარმოადგენს საქართველოში გავრცელებული წითელყურძნიანი პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდული ფორმები, რომლებიც ცნობილია ადგილობრივი სინონიმებით - "ვაქირულა" და "დირბულა". "Vitis vinifera"-ს სახეობის და ევრო-ამერიკული ჰიბრიდების წარმომადგენელთა შორის ტაქსნომიური ნიშნის ძიება მეცნიერთა კვლევის საგანი გახდა რამდენიმე ათეული წლის წინ. ამასთან დაკავშირებით, ყურადღება მიიპყრო ანტოციანების შესწავლამ და ამ კუთხით მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა ქართველ მეცნიერთა მიერ, აკად. ს. დურმიშიძის ხელმძღვანელობით. ფრანგი მეცნიერის რიბერო-გაიონის დასკვნით, ევრო-ამერიკული წითელყურძნიანი ჰიბრიდებისათვის ტაქსონომიურ ნიშნად გამოვლინდა მალვიდინის დიგუკოზიდი, დომინანტია ანტოციანებს შორის და შეადგენს მათ მიმართ 70-80%. მათგან რადიკალურად განსხვავებით "Vitis vinifera"-ს წარმომადგენლები არ შეიცავენ მალვიდინის დიგლუკოზიდს, მათ ანტოციანებში წამყვანია მალვიდინის მონოგლუკოზიდი. აკად. ს. დურმიშიძის მეცნიერული დასკვნით კი, მალვიდინის დიგუკოზიდი არ შეიძლება ჩაითვალოს ტაქსონომიურ ნიშნად ევროპული წარმოშობის ზოგიერთი ჯიშის ყურძენში მისი არსებობის გამო. მათ მიერ ექსპერიმენტულად დაფიქსირდა "ასურეთული შავის", "წითელი ბუდეშურის" ყურძნის კანში მალვიდის დიგლუკოზიდის, ხოლო საფერავის ყურზნის ჯანში (ერთი წლის 1961წ. მოსავლიდან) პეტუნიდინის დიგლუკოზიდის არსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ "Vitis vinifera"-ს სახეობის წარმომადგენელი ვაზის ჯიშები შედარებით ევრო-აერიკულ ჰიბრიდებთან, მეტად მცირე რაოდენობით შეიცავენ დიგლუკოზოდურ ანტოციანებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნატურალურ ქართულ წითელ ღვინეობში ჯიშური სიწმინდის მაჩვენებლების დადგენა სხვადასხვა წარმოშობის ანტოციანების საფუძველზე კვლევის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

კვლევის მიზანი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში გავრცელებული ვაზის წითელყურძნიანი საღვინე (ტექნიკური) ჯიშების - საფერავის, კაბერნე - სოვინიონის, ოცხანური საფერეს, თავკვერის და შავკაპიტოს (Vitis vinifera) ანტოციანების გამოკვლევა. აღნიშნული ჯიშებიდან დამზადებულ წითელ ღვინეობში ჯიშური სიწმინდის მაჩვენებლების დადგენა პირდაპირმწარმოებელი წითელყურძნიანი ჰიბრიდული ფორმების - "ვაქირულას", "დირბულას" (ადგილობრივი სინონიმები), იზაბელას - Vitis Labrusca - ანტოციანებთან შედარების საფუძველზე. ამასთანავე ანტოციანების გარდა, კვლევის მიზანს წარმოადგენდა ჯიშური სიწმინდის სხვა მაჩვენებლების დადგენა.

მეცნიერული სიახლე:

  • დადგენილია საქართველოში გავრცელებული "Vitis vinifera"-ს წარმომადგენელი საღვინე ვაზის ჯიშების - საფერავის, კაბერნე სოვინიონის, ოცხანური საფერეს, თავკვერის შავკაპიტოს და მათგან დამზადებული სუფრის მშრალი წითელი ღვინოების ჯიშური სიწმინდე პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდული ფორმების ანტოციანებთან შედარების საფუძველზე.
  • საღვინე ვაზის წითელყურძნიანი ჯიშების სუფრის მშრალ წითელ ღვინომასალებში ჯიშური სიწმინდის მაჩვენებლად გამოვლინდა ოლიგომერული პროანტოციანიდინების თანაფარდობა პოლიმერულ პროანტოციანიდინებთან (K=ოპც/პპც); ტექნიკური ჯიშების წითელ ღვინომასალებში K<1; პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდული ფორმების წითელ ღვინომასალებში პირიქით - ოლიგომერული პროანტოციანიდინები ჭარბობს პოლიმერულს და შესაბამისად K>1;
  • პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდული ფორმებიდან "დირბულა"-ს ღვინომასალისათვის დამატებით მახასიათებლად გამოვლინდა მასში მეთილანტრანილატის არსებობა.

პრაქტიკული ღირებულება. კვლევის შედეგები - დადგენილი ჯიშური სიწმინდის მაჩვენებლები მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას არსებულ მაჩენებლებთან ერთად ნატურალურ წითელ ღვინოებში ჯიშური სიწმინდის დასადგენად. ამასთანავე კვლევის შედეგად დადგენილი ანტოციანთა ქრომატოგრაფიული პროფილი მნიშვნელოვანი მეცნიერული საბაზისო მონაცემია წითელ ღვინოებში ჯიშური სიწმინდის დასადგენად.

კვლევითი სამუშაოს აპრობაცია. ექსპერიმენტის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ მასალებში წარედგინებოდა მებაღე, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს. კვლევის შედეგები ასახულია 7 სამეცნიერო ნაშრომის სახით.

სადისერტაციო ნაშრომის სტრუქტურა და მოცულობა. სადისერტაციო ნაშრომი წარმოდგენილია კომპიუტერზე ნაბეჭდი 132 გვერდით; მოიცავს შესავალს, ლიტერატურის მიმოხილვას ექსპერიმენტალურ ნაწილს, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს და დანართს. სადისერტაციო ნაშრომში განთავსებულია 17 ცხრილი და 40 ნახაზი.

ვლადიმერ ბარათაშვილი - ენტერობაქტერიების როლი ხბოების მწვავე დიარეის ეტიოლოგიაში (2013)

თემის აქტუალობა. ადამიანის მეცხოველეობის პროდუქტებით უზრუნველყოფისათვის მეტად აქტუალურია სულადობის აღწარმოება. ყოველივე ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მოზარდის შენარჩუნებას. რიგი საკითხები, რაც დაკავშირებულია მოზარდის შენარჩუნებასთან, გადაუჭრელია, ეს კი მოითხოვს მუდმივ დახვეწას და პრაქტიკულად განხორციელებას. მოზარდის მიღება შენარჩუნება დიდადაა დამოკიდებული მეცხოველეობის ფერმებში მოვლა-შენახვის, ტექნოლოგიური პროცესების და ვეტერინარიულ-სანიტარული ნორმების სრულყოფილად გატარებაზე.

მსხვის მეცხოველეობის თუ მეფრინველეობის მეურნეობებში, სადაც მცირე ფართობზე თავმოყრილია ცხოველთა დიდი რაოდენობა, თავს იჩენს დიარეის კლინიკით მრავალი დაავადება, რომელთა დიფერენცირება ძალზე რთულია. აღსანიშნავია, რომ ამ დაავადებათა კლინიკური გამოვლინება იდენტურია, რაც არაეფქტურს ხდის სამკურნალო და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. პრობლემურია ის, რომ ცხოველთა შენახვის ასეთ ფონზე ხდება არაპათოგენური ან პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების ბუნებრივი პასაჟირება ცოცხალ ორგანიზმებში, ხდებიან პათოგენურები, ვირუენტურები და იწვევენ მოზარდეულის მასიურად დაავადება-სიკვდილიანობას, მუდმივად პრობლემურია რეზისტენტული ენტერობაქტერიების საწინააღმდეგო საშალებების და ღონისძიებების გამონახვა. ენტეროპათოგენური ბაქტერიები მუდმივ საშიშროებას უქმნის ადამიანებს, რომლებიც იწვევენ ტიქსიკოინფექციებს და ტოქსიკოზებს. ბოლო პერიოდში თავი იჩინა (გერმანია) ეშერიხიების ახალი შტამებით ცხოველური პროდუქტების კონტამინაციით ადამიანების დაავადება-სიკვდილიანობამ.

კვლევის მიზანი და ამოცანები. როგორც ლიტერატურის მონაცემებითაა ცნობილი ახალი მეურნეობების დაკომპლექტებისას მოზარდის შენარჩუნება ძნელი იყო კუჭ-ნაწლავის აშლილობის კლინიკით (დიარეა) მიმდინარე დაავადებათა გამო.

დაკომპლექტების პირველ ეტაპზე არ იყო პრობლემები, თუმცა მასიური დახბოიანებისას ადგილი ჰქონდა ცხოველთა მასიურ დაავადებას და სიკვდილიანობას.

ჩვენი კვლევის მიზანი იყო თელეთის საჯიშე-სანაშენო მეურნეობის მაგალითზე შეგვესწავლა ენტერობაქტერიების პათოგენების ზრდის დინამიკა დაკომპლექტებიდან სხვადასხვა პერიოდში; შეგვესწავლა ენტერობაქტერიების და მათი ასოციაციის როლი დაავადების ეტიოლოგიაში, შეგვემუშავებინა ოპტიმალური პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებები.

ნაშრომის მეცნიერული სიახლე. დადგენილი იქნა, რომ მეცხოველეობის მსხვილი ფერმის დაკომპლექტების პირველ ეტაპზე (2-3-4 თვე) ხბოს მიღება შენარჩუნება იყო ნორმალური, შემდგომში თავი იჩინა მასიურმა დაავადება-სიკვდილიანობამ. დადგინა ეშერიხიების რეზისტენტული შტამების წარმოქმნის ვადების დინამიკა, რასაც ერთ-ერთი მნიშვნელობა აქვს დაავადების ეტიოლოგიაში. შესწავლილი იქნა ჯანმრთელი, ავადმყოფი, მკვდარი ხბოებიდან და ფურებიდან გამოყოფილი ენტერობაქტერიების კულტურალურ-მორფოლოგიური, ბიოქიმიური, პათოგენური თვისებები; ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე (S) და რეზისტენტული (R) შტამების მგრძნობელობა, რაც დადებითად აისახა ხბოების პროფილაქტიკა-მკურნალობაში.

კვლევის შედეგად ეფექტური აღმოჩნდა გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ შექმნილი პოლივალენტური კოლიფაგი.

გამარტივებული იქნა ეშერიხიოზის დიაგნოსტიკის ვადები; შესაძლებელია ენტერობაქტერიების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა 2-3 დღეში, ნაცვლად არსებულ 7-8 დღისა, რაც დააჩქარებს საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულ გატარებას. შემუშავებულია ენტერობაქტერიოზების ასაცილებელი და სალიკვიდაციო ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომლის დანერგვა წარმოებაში საგრძნობლად გააუმჯობესებს მოზარდეულის შენარჩუნებას.

ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა. ახალი მეურნეობის დაკომპლექტებისას გასათვალისწინებელია ის, რომ ფერმა უნდა შეიქმნას რაც შეიძლება ახალგაზრდა სულადობით ერთი მეურნეობიდან, რაც შემდგომში განაპირობებს კოლოსტრალური იმუნიტეტის მაღალეფექტურობას; პერიოდულად წელიწადში 2-3-ჯერ დადგინდეს მეცხოველეობის შენობებშ ენტერობაქტერიებით კონტამინაციის პათოგენების და ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობა. გაფართოვდეს პოლივალენტური კოლიფაგის წარმოება და მეურნეობაში მისი დანერგვა.

კვლევის შედეგების აპრობაცია. ნაშრომის ძირითადი დებულებები მოხსენიებულია:

  1. პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკური კონფერნეცია - "პირველი ვეტერინარული კლინიკა" (ქ. თბილისი 2008)
  2. საერთაშორისო ინტერნეტკონფერენცია (ქ. ქუთაისი 2011)

კვლევის შედეგების პუბლიკაცია. დისერტანტს გამოქვეყნებული აქვს 13 სამეცნიერო შრომა. მათ შორის დისერტაციის ირგვლივ 5 დამოუკიდებელი ნაშრომი.

დისერტაციის მოცულობა და სტრუქტურა. დისერტაციის ტექსტი მოიცავს 116 კომიუტერულ ნაბეჭდ გვერდს და შედგება ნაშრომის ზოგადი დახასიათების, ლიტერატურის მიმოხილვის, კვლევის მასალებისა და მეთოდიკის, საკუთარი გამოკვლევის შედეგების და მისი ანალიზის, დასკვნების, პრაქტიკული რეკომენდაციების და გამოყენებული ლიტერატურის (128 წყარო) სიისგან.

ნაშრომი ილუსტრირებულია 8 ფოტოსურათით, 15 ცხრილით და 2 გრაფიკით.

დავით შალამბერიძე - ბოლო თაობის ანტიბაქტერიული პრეპარატების შედარებითი ეფექტურობა ღორისა და ფრინველის ზოგიერთი ბაქტერიული დაავადებების დროს (2013)

თემის აქტუალობა. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა წარმოუდგენელია მეცხოველეობის განვითარების გარეშე.

მეცხოველეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, რომლის წინსვლას დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მეცხოველეობა სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობის ხშირ შემთხვევაში არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

დღეს მეცხოველეობის პროდუქტიულობა გარკვეული მიზეზების გამო მეტად დაბალ დონეზეა.

ცხოველთა და ფრინველთა ცუდი მოვლა-შენახვის და კვების ფონზე დაქვეითებულია ორგანიზმის რეზისტენტობა, მიღებული ნამატის ზრდა განვითარება გაძნელებულია, დიდია ცხოველთა დაავადებები და სიკვდილიანობა. ამის ხელშემწყობია ისიც, რომ ხშირად არაორგანიზებულად და არაეფექტურად ტარდება ვეტერინარიული ღონისძიებები, პირველ რიგში დაავადებულ ცხოველთა მკურნალობა.

ცხოველთა ინფექციური დაავადებებიდან წამყვანია ბაქტერიული დაავადებები. ცხოველთა ბაქტერიული დაავადებები - ეშერიხიოზი, სალმონელოზი, პასტერელოზი და სხვები გასცდნენ ვეტერინარიის სფეროს. თუ გავაანალიზებთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას დავინახავთ, რომ დღითი-დღე მატულობს ადამიანების დაავადებები, გამოწვეული ისეთი მიკროორგანიზმებით, როგორიცაა: ეშერიხია, სალმონელა, პასტერელა და სხვა.

ბაქტერიული მიკროორგანიზმებით დაავადებული ცხოველების სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება ანტიბიოტიკები.

ანტიბიოტიკების და სხვა ანტიბაქტერიული პრეპარაების ასორტიმენტი სწრაფად იცვლება. დღეს აქტუალურია ბოლო თაობის პრეპარატები.

ანტიბაქტერიული პრეპარატები ძირითადად მზადდება საზღვარგარეთ და მათი ღირებულება ძალიან მაღალია. ცხოველთა მკრუნალობის ეფექტურობის ამაღლებისა და პრეპარატების გაიაფების მიზნით მიზანშეწონილია სამკურნალო საშალებების ადგილზე წარმოება და მათი გამოცდა ლაბორატორიულ და საწარმოო პირობებში.

კვლევის მიზანი და ამოცანები. ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა ჩვენს მიერ ადგილზე დამზადებული ანტიბაქტერიული პრეპარატების შედარებითი ეფექტურობა ღორის და ფრინველის დაავადებების მკურნალობის დროს.

მიზნის მისაღწევად გადაჭრილი იქნა შემდეგეი ამოცანები:

  1. გაანალიზებული იქნა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ღორის და ფრინველის პათოლოგიური მასალის და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგები.
  2. შესწავლილია ღორის ბაქტერიული დაავადებების მიმდინარეობა და პათოლოგო-ანატომიური ცვლილებები.
  3. შესწავლილია ფრინველის ბაქტერიული დაავადებების მიმდინარეობა და პათოლოგო-ანტონომური ცვლილებები.
  4. დამუშავებულია ანტიბაქტერიული პრეპარატების საწარმოო რეგლამენტები.
  5. ლაბორატორიულ პირობებში წიწილებზე შესწავლილია წარმოებული ანტიბაქტერიული პრეპარატების უვნებლობა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ეფექტურობა
  6. საწარმოო პირობებში შესწავლილია წარმოებული ანტიბაქტერიული პრეპარატების სამკურნალო პროფილაქტიკური ეფექტიანობა.

კვლევის მეცნიერული სიახლე.

  1. პირველად ქვეყნის სავეტერინარო პრაქტიკაში შემუშავებულია ანტიბაქტერიული პრეპარატების ოქსიტეტრაციკლინი ფხვნილის, ენროფლოქსაცინი 10%-ის, ტილოზინ ტარტრატი ფხვნილის, სულფოქსი 500-ის, ატავეტი 500-ის, დადოქსინი 200-ის და ატაკოლი 11%-ის წარმოების რეგლამენტი.
  2. გამოკვლევებით დადგენილია გოჭებისა და წიწილების დაავადებების და სიკვდილიანობის მიზეზები, კერძოდ მეურნეობაში დადგენილია: ეშერიხიოზი და სალმონელოზი.
  3. ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ ლაბორატორიულ პირობებში შესწავლილია პრეპარატების ოქსიტეტრაციკლინი ფხვნილის, ენროფლოქსაცინი 10%-ის, ტილოზინ ტარტრატი ფხვნილის, სულფოქსი 500-ის, ატავეტი 500-ის, დადოქსინი 200-ის ატაკოლი 11%-ის წარმოების რეგლამენტი და სამკურნალო პროფილაქტიკური ეფექტურობა.

ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა. შემოთავაზებულია ღორისა და ფრინველის ბაქტერიული დაავადებების სამკურნალო ანტიბაქტერიული პრეპარატები: ოქსიტეტრაციკლინი ფხვნილის, ენროფლოქსაცინი 10%-ის, ტილოზინ ტარტრატი ფხვნილის, სულფოქსი 500-ის, ატავეტი 500-ის, დადოქსინი 200-ის და ატაკოლი 11%-ის წარმოების რეგლამენტი.

კვლევის შედეგების პუბლიკაცია. სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი მასალები გამოქვეყნებულია 5 სამეცნიერო სტატიაში, მათ შორის 3 სტატია დამოუკიდებლად.

კვლევის შედეგების აპრობაცია. ნაშრომის ძირითადი დებულებები მოხსენიებულია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

  1. დოქტროანტთა სამეცნიერო კონფერენცია (2010 წლის იანვარი)
  2. ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტის საპრეზიდენტო კომისიის სხდომაზე (2009, 2010, 2011 წ.წ.)
  3. დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციაზე (2011 წ. 15-19 მარტი)

დისერტაციის მოცულობა და სტრუქტურა. დისერტაციის ტექსტის მოცულობა შეადგენს კომპიუტერზე ნაბეჭდ 146 გვერდს. შედგება შესავლის, ლიტერატურული მიმოხილვის, გამოკვლევის მასალის და მეთოდების, საკუთარი გამოკვლევების, მიღებული შედეგების განხილვის, დასკვნებისა და პრაქტიკული წინადადებებისგან.

დისერტაციაში 28 ცხრილია. ნაშრომს დართული აქვს 148 დასახელების გამოყენებული ლიტერატურის სია და ორი დანართი.