ანასეულის ბაზა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი მდებარეობს ანასეულში. ასევე, განთავსებულია კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრი. შენობის საერო ფართი 1340 კვ. მეტრს შეადგენს. ცოდნის ფონდის დახმარებით შენობას 2013-2015 წლებში ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლის შედეგადაც აუდიტორიები, კომპიუტერული კლასი და ლაბორატორია მოეწყო. ცენტრი ძირითადად ორიენტირებულია სპეციალური სასწავლო პროგრამებით პროფესიული გადამზადება - სწავლების, საერთაშორისო სკოლების, სემინარების და კონფერენციების განხორციელებაზე.
ანასეული მდებარეობს ზღვის დონიდან 160 მეტრზე. ჰავა - სუბტროპიკული, ნოტიო კლიმატით. ინსტიტუტის მიწის ფონდი შეადგენს 8 ჰა-ს, რომლის დიდი ნაწილი უჭირავს დენდროპარკს, 100-ზე მეტი სახეობის მცენარით, ასევე ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საცდელი მცენარეების ნარგაობებით. სუბტროპიკული კულტურები მრავალწლიანი, მარადმწვანე (ჩაი, ციტრუსოვნები, ფეიხოა, დაფნა, ზეთისხილი და სხვ.) და ფოთოლმცვენი (სუბტროპიკული ხურმა, თხილი, კაკალი და სხვ.) მცენარეებია, რომელთა მოშენება და მოყვანა შესაძლებელია განსაზღვრულ აგროკლიმატურ პირობებში. სუბტროპიკული კლიმატის სარტყელი გარდამავალია ტროპიკულსა და ზომიერს შორის. სავეგეტაციო პერიოდი თბილი და ხანგრძლივია, ზამთარი – თბილი და შედარებით მოკლე. დამატებითი ინფორმაცია ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობების შესახებ იხილეთ ბმულზე: ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი