აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა
კვლევის სამაგისტრო პროგრამა ლანდშაფტის მენეჯმენტსა და სატყეო საქმეში
პროგრამის მიზანია მოამზადოს სატყეო საქმის მაგისტრი, რომელსაც ექნება სატყეო საქმის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, შეეძლება ტყის რესურსების მდგრადი მართვის, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და კვლავწარმოებისთვის პრობლემების გადაჭრისთვის ახალი, ორიგინალური გზების შემუშავება და კვლევების დამოუკიდებლად წარმართვა უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.
კვლევის სამაგისტრო პროგრამა ლანდშაფტის მენეჯმენტსა და სატყეო საქმეში სრულად ორიენტირებულია კვლევაზე. სტუდენტი სწავლობს კვლევის მეთოდოლოგიებს, დიზაინს, მონაცემთა ანალიზს, ეცნობა თანამედროვე დარგობრივ კვლევებსა და მონაცემებს, ამუშავებს მათ, ამზადებს და იცავს სამაგისტრო ნაშრომს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის წარმოება და დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელება.
პროგრამის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების საქმიანობაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.
სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი წელი, ხოლო მისანიჭებელი კვალიფიკაციაა კვლევის მაგისტრი სატყეო საქმეში.
კურიკულუმი
ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის კვლევის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 60 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში:
- კვლევითი მოდული - მოდული მოიცავს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტისთვის საჭირო საგნებს, როგორიცაა: კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის დიზაინი, მონაცემთა ანალიზი, კვლევითი სამაგისტრო სემინარი და კვლევითი დარგობრივი პრაქტიკა.
- სამაგისტრო ნაშრომი - სტუდენტი ამზადებს და იცავს სამაგისტრო ნაშრომს.
პროგრამა არ ითვალისწინებს მიღებას 2026 აკადემიური სასწავლო წლისთვის.
სკოლის შესახებ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა ახორციელებს 6 პროგრამას:
- აგრონომიის საბაკალავრო პროგრამას
- ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამას
- აგრონომიის სამაგისტრო პროგრამას
- ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამას
- აგრონომიის სადოქტორო პროგრამას
- ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სადოქტორო პროგრამას
აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ქიმიის, ბიოლოგიის, მცენარეთა ბიოლოგიის, ფიზიკის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.
გარდა ამისა, სკოლა სასწავლო მიზნებისათვის იყენებს კამპუსის დენდროლოგიურ პარკსა და მუზეუმს. კამპუსის მუზეუმი აერთიანებს სხვადასხვა დარგის კოლექციებს, მათ შორის, დენდროლოგიის, ენტომოლოგიის, ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით.
კახა ბენდუქიძის კამპუსში მოეწყო საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი, რათა სკოლის სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ განახორციელონ აგრონომიის პროგრამით გათვალისწინებული აგროპროექტი და დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართულნი, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში. აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტები თავად ირჩევენ სასურველ კულტურებს და ნაწილდებიან კამპუსის ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთში.
დეკანი
პროგრამის ხელმძღვანელი
კოორდინატორი