პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ახალგაზრდა ფისოში
13 თებერვალი 2026
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ახალგაზრდა ფისოში
ეს არის 10 თვის შოტლანდიური ფისო სახელად გუჩი, რომელსაც დაბადებიდან აქვს გულის მანკი. იგი კლინიკა ვეტერინარიუმში კონსულტაციაზე რამდენიმე თვის წინ მოიყვანეს და გეგმიურად ჩაუტარდა გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, რომელმაც გამოავლინა პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი.
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი გულის თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც მარჯვენა და მარცხენა პარკუჭებს შორის არსებული ძგიდის მთლიანობა დარღვეულია. ამის შედეგად იცვლება სისხლის ნორმალური ჰემოდინამიკა და შესაძლებელია ჟანგბადით მდიდარი და ღარიბი სისხლის შერევა.
აღსანიშნავია, რომ ეს დეფექტი ფისოებში შედარებით იშვიათია, ხოლო მისი ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა ხშირად ტექნიკურად რთულია. მცირე ზომის დეფექტები შესაძლოა სუბტილური იყოს და მათი ვიზუალიზაცია საჭიროებს მაღალ კვალიფიკაციასა და დეტალურ კვლევას.
გუჩის შემთხვევაში დეფექტი სწორედ გულის ულტრასონოგრაფიული კვლევის დროს იქნა აღმოჩენილი კლინიკის ანესთეზიოლოგისა და კარდიოლოგის, ნათია რობაქიძის მიერ.
საბედნიეროდ, გუჩის შემთხვევაში პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი მცირე ზომის აღმოჩნდა. პატრონის გადაწყვეტილებით მას ჩაუტარდა კასტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ კასტრაცია ხანმოკლე პროცედურაა, გუჩისთვის ინდივიდუალური საანესთეზიო პროტოკოლი შემუშავდა ნათია რობაქიძის მიერ, პაციენტის კარდიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ჰემოდინამიკური ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანესთეზიისას, რადგან კრიტიკულია ჟანგბადის მიწოდებისა და ორგანოთა პერფუზიის სტაბილურობის შენარჩუნება. ასეთ პაციენტებში საანესთეზიო მართვა საჭიროებს წინასწარ ფრთხილ შეფასებასა და ინდივიდუალურად შერჩეულ პროტოკოლს.
საანესთეზიო რისკების გათვალისწინებით შემუშავებული საანესთეზიო პროტოკოლის შედეგად ოპერაციის განმავლობაში განვითარებული მცირე გართულებები წარმატებით იმართა.
გუჩი თავს კარგად გრძნობს და ჩვეულ აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს.
მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი 2026
აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
12 თებერვალი 2026
ბიოფსია ვეტერინარიუმში - ზუსტი დიაგნოზისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი
09 თებერვალი 2026
პუდელი ჩაპის კლინიკური შემთხვევა
08 თებერვალი 2026
მძიმე სტომატიტი მეინ კუნში
07 თებერვალი 2026