სტუდენტური ღვინის ფესტივალი

29 ივნისი 2023

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტური ღვინის ფესტივალი ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში.

სტუდენტურ ღვინის ფესტივალს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ღვინის სპეციალისტები, ღვინის კომპანიები, ღვინის სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი სტუდენტების ღვინოებს გაეცნენ და ცალკეული კომპონენტების მიხედვით შეაფასეს.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო თეთრი ღვინო
• საუკეთესო წითელი ღვინო
• საუკეთესო ქვევრის ღვინო
• საუკეთესო მარკეტინგული კონცეფცია
• საუკეთესო კომუნიკაცია-პრეზენტაცია

სტუდენტური ღვინის ფესტივალი მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული სწავლების ნაწილია.

მე-4 კურსის სტუდენტები „მიკროვინიფიკაციისა და ღვინის ფესტივალის სიმულაციის“ საგნის ფარგლებში უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს (სავალდებულოა დააყენონ წითელი და თეთრი ღვინოები, როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური), რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს. საგნის ლექტორები არიან: ანნა გოდაბრელიძე, დავით ჩიჩუა, ალექსანდრე ვლასოვი.

სტუდენტები თავად არჩევენ ყურძნის ჯიშსა და ტექნოლოგიას, კრეფენ ყურძენს, ახდენენ ტკბილისა და დურდოს წინასწარ დამუშავებას, ალკოჰოლური დუღილის წარმართვასა და რეგულირებას, ვაშლ-რძემჟავა დუღილის ჩატარებასა და დაავადებების პრევენციას. ამასთანავე, საზღვრავენ ღვინის ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებს, ხარისხის შეფასების მიზნით ატარებენ დეგუსტაციებს, ამოწმებენ მდგრადობას, ზრუნავენ ღვინის სტაბილიზაციაზე და ასხამენ ბოთლებში.

ამასთან, სტუდენტები სწავლობენ მეღვინეობის ქვეყნების, რეგიონების, ყურძნის ჯიშების, ტექნოლოგიების წარდგენას/პრეზენტაციას. დეგუსტაციის ნაწილში სინჯავენ, აფასებენ და აღწერენ როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებს.

„ღვინის მარკეტინგის“ საგნის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტები თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამის სტუდენტებთან ერთად ქმნიან ეტიკეტის დიზაინს და წარუდგენენ მომხმარებელს. „ღვინის მარკეტინგის“ საგნის ლექტორია ბექა კოკაია, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის მხრიდან ეტიკეტის დიზაინზე მუშაობის ორგანიზებაში ჩართული იყო ლექტორი ტატა მეგრელიშვილი.

Wine Festival