ფისო ვასიკოს წარმატების ისტორია
19 ივლისი 2025
ფისო ვასიკო კლინიკა ვეტერინარიუმში მოიყვანეს ბარძაყის ძვლის 3-4 კვირის ხანდაზმულობის მოტეხილობით (ტიპი 32B2), რომელსაც თან ახლდა მკვეთრად გამოხატული კუნთების ატროფია და ცრუსახსრის ჩამოყალიბება.
ფისოს ფიზიკალური გამოკვლევა ჩაუტარდა კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტისა და ანესთეზიოლოგის, ნათია რობაქიძის მიერ. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტი იყო გაუწყლოვნებული, ჰქონდა ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, კაპილარების შევსების დრო იყო გახანგრძლივებული და აღენიშნებოდა ტაქიკარდია. აუსკულტაციური გამოკვლევისას პათოლოგიური ხმიანობა არ გამოვლენილა.
პაციენტს ჩაუტარდა სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი და ელექტროლიტების განსაზღვრა ვეტერინარიუმის ლაბორატორიაში. კვლევების შედეგად დადასტურდა კრიტიკული ანემია.
შემდგომ ეტაპზე ნათია რობაქიძემ ჩაუტარა აბდომინალური და გულის დეტალური ულტრაბგერითი კვლევა. მუცლის ღრუში გამოვლინდა მცირე რაოდენობით თავისუფალი სითხე, თუმცა გულის მხრივ პათოლოგია არ აღმოჩნდა.
ვასიკოს ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ანესთეზიური რისკები შეფასდა როგორც ძალიან მაღალი, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გადაიდო მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. სწორედ ამ გამოცდილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი წინასაანესთეზიო შეფასება ანესთეზიის შესაძლო რისკების დროული გამოვლენის მიზნით.
განხორციელებული გამოკვლევების საფუძველზე, ნათია რობაქიძემ და კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტმა, ნინო ყუშიტაშვილმა, ვასიკოს შეუდგინეს ინტენსიური თერაპიის გეგმა. ის ვეტერინარიუმის კლინიკაში ყოველდღიურ მონიტორინგსა და მკურნალობის კურსს გადიოდა.
პაციენტს პერიოდულად უტარდებოდა სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმება. ხუთი დღის შემდეგ ვასიკოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ბოლომდე არ დასტაბილურებულა და ანემია სრულად არ დაკორექტირებულა.
იმის გამო, რომ ფისოს მოტეხილობა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო, მდგომარეობის შედარებითი გაუმჯობესებისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, მას ჩაუტარდა ოსტეოსინთეზის ოპერაცია 2 ტიტანის ბლოკირებული ფირფიტის კომბინაციით. ოპერაცია ჩაატარა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ.
ანესთეზიის პროცესი წარიმართა გართულებების გარეშე, რადგან ანესთეზიოლოგი თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ფისოს მკურნალობის პროცესში და მისთვის შემუშავებული ჰქონდა ინდივიდუალური საანესთეზიო გეგმა.
ვასიკომ წარმატებით გადაიტანა ქირურგიული ჩარევა და ოპერაციის შემდეგაც გააგრძელა თერაპიული მკურნალობა. ამჟამად ის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



მსგავსი სიახლეები

21 ივლისი 2025
სალომე ბადიაშვილი შეირჩა HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის Global-Side Mentor-ად

20 ივლისი 2025
სტერილიზაციის მეთოდები ვეტერინარიუმის კლინიკაში

12 ივლისი 2025
ვეტერინარიუმში ტარდება გასტროსკოპია Vetina ES3-ის გამოყენებით

03 ივლისი 2025
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალურ მიღება

30 ივნისი 2025