წიგნების პრეზენტაცია: „ვენახი და გარემო“ და „აგრონიადაგმცოდნეობა“

03 ივნისი 2022

კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა წიგნების – „ვენახი და გარემო“ და „აგრონიადაგმცოდნეობა“ – პრეზენტაცია.

წიგნები გამოცემულია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის მხარდაჭერით.

„ვენახი და გარემოს“ ავტორები არიან: თენგიზ (გიზო) ურუშაძე, გურამ ალექსიძე, ამირან თხელიძე, ელინა ბაქრაძე.

წიგნში განხილულია საქართველოს მევენახეობის ზონის ძირითადი ნიადაგების გენეზისური თავისებურებანი და მათი შესაბამისობა ნიადაგების რესურსების მსოფლიო საცნობარი ბაზასთან (WRB), ნიადაგების ნაყოფიერების შეფასება და მართვა, ძირითადი აგროქიმიური პარამეტრები; დახასიათებულია ვაზის მიწისქვეშა და მიწისზედა მავნებლები, ვაზის დაავადებები, მათ შორის, სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული და არაინფექციური; ასევე განხილულია მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემა. აგროეკოლოგიური თვალსაზრისით გაშუქებულია ნიადაგის ეროზიის, რადიაციითა და მძიმე ლითონებით დაბინძურების საკითხები. წიგნში წარმოდგენილია მევენახეობის ძირითადი ნიადაგების გავრცელების რუკები, ვაზის მავნებელ-დაავადებათა ამსახველი ფოტომასალა.

„აგრონიადაგმცოდნეობა“ გამოიცა 2020 წელს, თუმცა მისი საჯარო პრეზენტაცია აქამდე ვერ მოხერხდა პანდემიის გამო. წიგნი წარადგინა მთავარმა რედაქტორმა, თამარ ქვრივიშვილმა.

Venaxi Da Garemo