აგრარული მეცნიერებები სამაგისტრო პროგრამა
აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის აღწერა
საქართველოს აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მომზადდეს მაღალკვალიფიციური აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრი, რომელსაც ექნება აგრარული მიმართულების და შესაბამისი დარგის (აგრონომიის, სატყეო საქმის, სასურსათო ტექნოლოგიის) ღრმა და სისტემური ცოდნა, რაც კურსდამთავრებულს მისცემს ახალი და ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას. მას შეეძლება კვლევების დამოუკიდებლად წარმართვა უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. ასევე, შეეძლება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა მიმდინარეობს 3 სპეციალობით:
- აგრონომია
- სასურსათო ტექნოლოგია
- სატყეო საქმე
აგრონომიის სპეციალობით პროგრამის მიზანია: მოამზადოს მაგისტრი, რომელსაც ექნება აგრონომიის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა; შეეძლება ნიადაგის ნაყოფიერების მართვა და მცენარის კვება; ეცოდინება მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები; აგროეკოსისტემები და მისი ძირითადი მიმართულებები, აგრობიოტექნოლოგიის მიღწევები და მათი გამოყენების შესაძლებლობები; მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული თესლისა და სარგავი მასალის წარმოება-სერტიფიცირების თანამედროვე მეთოდები და ხერხები.
სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობით პროგრამის მიზანია: მოამზადოს მაგისტრი, რომელსაც ექნება სასურსათო ტექნოლოგიის სფეროში ღრმა და სისტემური ცოდნა; ეცოდინება სასურსათო პროდუქტებში შემავალი სხვადასხვა კომპონენტის ფიზიკურ–ქიმიურ თვისებები და ამ ნაერთების მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმებისათვის, მათი განსაზღვრისა და იდენტიფიცირების მეთოდები; სასურსათო პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლების მნიშვნელობა. მაგისტრები საფუძვლიანად დაეუფლებიან სურსათის შენახვის მეთოდებს, შენახვის დროს პროდუქტში მიმდინარე ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და ფიზიკურ პროცესებს, ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრისა და მასზე მოქმედი ფაქტორების მართვის შესაძლებლობებს.
სატყეო საქმის სპეციალობით პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრი, რომელსაც ექნება სატყეო სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა; ეცოდინება ტყის მოვლა - დაცვის, აღდგენა განახლების და ტყითსარგებლობის პრინციპები; შეეძლება ტყის რესურსების მდგრადი მართვის, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და კვლავწარმოებისთვის ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავება და ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზების გაცნობიერება.
აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების (University of Natural Resources and Life Sciences, Mendel University, University of the West of England; Aristotle University of Thessaloniki) შესაბამისი პროგრამების ანალიზისა საფუძველზე.
პროგრამის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.
აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი, სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია მის მიერ შერჩეული სპეციალობის მიხედვით:
- აგრარული მეცნიერების მაგისტრი აგრონომიაში
- აგრარული მეცნიერების მაგისტრი სასურსათო ტექნოლოგიაში
- აგრარული მეცნიერების მაგისტრი სატყეო საქმეში
ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება
აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning by doing). ეს გულისხმობს, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აქვს თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში და ინდივიდუალურად ატარებს ექსპერიმენტს/ცდას/ანალიზს. ლაბორატორიული მეცადინეობი ტარდება სტუდენტთა მცირე ჯგუფებში, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
კურიკულუმი
აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 120 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილმოდულებში:
- აგრარულ მეცნიერებათა საერთო მოდული - მოდული მოიცავს სამაგისტრო პროგრამის სამივე სპეციალობისათვის (აგრონომია, სატყეო საქმე, სასურსათო ტექნოლოგია) საჭირო საგნებს, როგორიცაა: კვლევის მეთოდოლოგია, მონაცემთა ანალიზი და სხვა.
- სპეციალობის განათლება - მოდული მოიცავს სტუდენტის მიერ შერჩეული სპეციალობის (აგრონომიის, სატყეო საქის ან სასურსათო ტექნოლოგიის) შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს.
- პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს დარგობრივ პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
- არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნებინებისმიერი სხვა პროგრამის კურიკულუმიდან.
გარდა მოდულებისა, სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას.
როგორ ჩავაბაროთ აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე 2024 წელს?
2024-2025 სასწავლო წელს პროგრამაზე მიიღება 58 მაგისტრანტი.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:
- საერთო სამაგისტრო გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს
- სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას A2 (Pre-intermediate) დონეზე
მიღების პროცედურა
- რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
- რეგისტრაცია აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით
- გასაუბრება აგრარულ უნივერსიტეტში, სპეციალობის მიხედვით მოცემული განრიგით:
- აგრონომია - 19 სექტემბერი 2024, 13:00 სთ, აუდიტორია 317
- სატყეო საქმე - 19 სექტემბერი 2024, 11:00 სთ, აუდიტორია 317
- სასურსათო ტექნოლოგიები - 18 სექტემბერი 2024, 15:00 სთ, აუდიტორია 113
შერჩევის კრიტერიუმები
აგრონომიისა და სატყეო საქმის მიმართულებით ჩატარდება ზოგადი გასაუბრება.
სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით გასაუბრება შეეხება კვების ტექნოლოგიის ზოგად პროცესებს და აგრეთვე, ზოგადი ფიზიკის, ზოგადი ქიმიისა და მათემატიკის საკითხებს ბაკალავრიატის საწყისი კურსების დონეზე.
მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო აგრარული უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.
სწავლის საფასური
სამაგისტრო პროგრამაზე, 2024 წლის მიღების სწავლის საფასური არის წელიწადში 3350 ლარი.
სკოლის შესახებ
აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას ერთობლივად ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის:
აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ერთობლივად ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის:
- აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა
- ვეტერინარიის სკოლა