შადოუს შთამბეჭდავი ისტორია

25 აპრილი 2026

22 მარტს ვეტერინარიუმში სხვა კლინიკიდან გადმომისამართდა 1 წლის გერმანული ნაგაზის მეტისი სახელად შადოუ. პატრონისგან ანამნეზის შეკრებისას გაირკვა, რომ პაციენტს დაახლოებით 1 თვის განმავლობაში აღენიშნებოდა დიარეა, რომელიც ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად არ უმჯობესდებოდა, რამაც მისი წონის სწრაფი და კრიტიკული კლება გამოიწვია. ცხოველის წონა 1 თვის განმავლობაში 35 კგ-დან 21 კგ-მდე შემცირდა. გარდა ამისა, რამდენიმე კვირის განმავლობაში შადოუს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა (40-41°C). 

შადოუს შთამბეჭდავი კლინიკური შემთხვევა მიიღო და მართა ვეტერინარიუმის თერაპევტმა, მარიამ ბერიშვილმა, გუნდის დახმარებით.

კლინიკური დათვალიერებისას პაციენტს აღენიშნებოდა: მადის და ენერგიის დაქვეითება, ყვითელი შეფერილობის დიარეა და მეტეორიზმი, იშვიათი ხველება, კანკალი, ტაქიპნოე (გახშირებული სუნთქვა) და ნერწყვდენა. მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, შადოუს ვეტერინარიუმის ლაბორატორიაში ჩაუტარდა საჭირო კვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზში გამოვლინდა მწვავე ლეიკოციტოზი (WBC 56.6 ×10⁹/L; ნორმა: 6-14), სტრესული ლეიკოგრამა და ანემია დაბალი ჰემატოკრიტით, რაც ორგანიზმში მიმდინარე მწვავე ანთებით პროცესზე მიუთითებდა. 
  • სისხლის ელექტროლიტების კვლევაში პაციენტს აღენიშნებოდა ყველა ძირითადი ელექტროლიტის კრიტიკული დისბალანსი: ნატრიუმი (Na): 120 mmol/L (ნორმა: 140-152); კალიუმი (K): 2.9 mmol/L (ნორმა: 3.8-5.0); კალციუმი (Ca): 1.62 mmol/L (ნორმა: 2.33-3.03); მაგნიუმი (Mg): 0.45 mmol/L (ნორმა: 0.66-1.0); ქლორი (Cl): 94 mmol/L (ნორმა: 102-117) 
  • სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში გამოვლინდა საერთო ცილის (36 g/L, ნორმა 50-72) და ალბუმინის საგანგაშო შემცირება (12 g/L, ნორმა 26-40) 

აღსანიშნავია, რომ ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის, კალციუმისა და ნატრიუმის) მცირე ცვლილებამაც კი შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ცხოველის სიცოცხლეს, რადგან ისინი პირდაპირ გავლენას ახდენს კუნთოვანი ქსოვილების, მათ შორის გულის კუნთის ფუნქციონირებასა და ნერვული სისტემის ჰომეოსტაზზე.

ალბუმინი სისხლის ძირითადი ცილაა, რომელიც სისხლძარღვებში ონკოზურ წნევას ინარჩუნებს და მათში სითხეს აკავებს. ალბუმინის დეფიციტის დროს სისხლძარღვებიდან სითხე სხვა ქსოვილებში და სხეულის ღრუებში ჟონავს. შედეგად ვითარდება პერიფერიული შეშუპება (ედემა) და/ან ასციტი (მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის არსებობა), ასევე პლევრალური გამონაჟონი. ჰიპოალბუმინემია შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. შადოუს შემთხვევაში მიზეზი ქრონიკული დიარეა იყო - ცილის კარგვით მიმდინარე ენტეროპათია (PLE). ამასთანავე, ალბუმინის დონის კლება განაპირობებს კალციუმის რაოდენობის დონის შემცირებასაც.

ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით კლინიკის თერაპევტმა და ექოსკოპისტმა, ნუცა ბესაშვილმა, დაადასტურა შადოუს შემთხვევაში ასციტის არსებობა. გარდა ამისა, აღინიშნებოდა გენერალიზებული ნაწლავური ლიმფადენოპათია და ნაწლავების უმეტესი ნაწილის ანთებითი პროცესი, გამოხატული მათი ლორწოვანი და კუნთოვანი შრის გასქელებით, ნაწლავების სანათურის გაფართოებით.

კლინიკური გამოკვლევისას ასევე გამოვლინდა ბრადიარითმია (გულის რიტმის დარღვევა, გულისცემის საშუალო სიხშირე 60/წთ), რაც გამოწვეული იყო ელექტროლიტების მკვეთრი დისბალანსით.

შადოუს კლინიკური და ლაბორატორიული შედეგები ადასტურებდა მისი მდგომარეობის სიმძიმეს და მიუთითებდა დაუყოვნებლივი თერაპიული მკურნალობის დაწყების აუცილებლობაზე, ჰიპოალბუმინემიისა და ელექტროლიტების დისბალანსის კორექციის მიზნით.

ჰიპოალბუმინემიის კორექცია ალბუმინის ტრანსფუზიით (გადასხმით) ხდება. ვინაიდან საქართველოში ძაღლის ალბუმინი ხელმისაწვდომი არ არის, შადოუს შემთხვევაში ადამიანის ალბუმინის (HSA) გამოყენება დაიგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვეტერინარიაში ფართოდ შესწავლილი მეთოდია, ის მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ალერგიული (ანაფილაქტოიდური) რეაქცია. თუმცა, ჩვენი გუნდის გამოწვევა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. შადოუს ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობდა, რის გამოც ინფუზიური თერაპია დიდ სიზუსტეს და შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვდა:

  1. კალციუმისა და კალიუმის ბალანსი: ალბუმინის ტრანსფუზია სისხლში კალციუმის დონის მატებას იწვევს. თავის მხრივ, კალციუმის მატება განაპირობებს კალიუმის უჯრედშიდა სივრცეში გადანაცვლებას, ანუ მის კიდევ უფრო შემცირებას სისხლში. ვინაიდან შადოუს კალიუმი ისედაც კრიტიკულად დაბალი ჰქონდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ალბუმინის ტრანსფუზიის პარალელურად კალიუმის უწყვეტი მიწოდება.
  2. წნევისა და სითხის კონტროლი: ალბუმინის გადასხმა სწრაფად ზრდის ონკოზურ წნევას, რის შედეგადაც სითხე ქსოვილებიდან სისხლძარღვებში ბრუნდება. სისხლძარღვების სითხით გადატვირთვისა და ძლიერი ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი იყო პარალელურად მიმდინარე ელექტროლიტების ინფუზიის სიჩქარის ზუსტი რეგულირება ისე, რომ ამ უკანასკნელის ბალანსიც დარეგულირებულიყო.
  3. მაგნიუმის კორექცია: კალციუმის მატება სისხლში მაგნიუმის რაოდენობასაც ამცირებს (რაც შადოუს შემთხვევაში ისედაც აღინიშნებოდა). ჰიპომაგნემიით გამოწვეული ბრადიარითმიის კორექციისათვის აუცილებელი გახდა მაგნიუმის ტრანსფუზია. ამასთანავე, ჰიპომაგნემიის დროს ორგანიზმი კალიუმის რაოდენობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, შესაბამისად, მაგნიუმის კორექციის გარეშე შადოუსთვის კალიუმის გადასხმა ფაქტობრივად უშედეგო იქნებოდა.
  4. ნატრიუმის კონტროლი: ცალკე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა ნატრიუმის კრიტიკული დეფიციტის კორექცია, რადგან სისხლში მისი სწრაფი მატება შესაძლოა შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანების - ოსმოსური დემიელინიზაციის - გამომწვევი იყოს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროლიტების ტრანსფუზია დიდ სიზუსტეს მოითხოვს. პრეპარატის დოზის მცირე გადაჭარბებამაც კი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. 

შადოუს კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეტერინარიუმის თერაპიული გუნდი მკურნალობის პროცესში გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებდა ("A feast to which many contribute is better than a dinner provided out of a single purse”).

შადოუს 23 მარტს ჩაუტარდა ალბუმინის 12-საათიანი ტრანსფუზია და დაიწყო ელექტროლიტების დისბალანსის კორექცია. ეს ღამე განსაკუთრებით კრიტიკული იყო, ამიტომ ვეტერინარიუმის თერაპევტებმა მარიამ ბერიშვილმა და ნუცა ბესაშვილმა ასისტენტ ლუკა ღლონტთან ერთად შადოუსთვის ღამე გაათიეს.

ცხოველის ასეთი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო ელექტროლიტების ხშირი მონიტორინგი. 

24 და 25 მარტს ჩატარებულმა განმეორებითმა ანალიზებმა სწორად შერჩეული თერაპიის დადებითი შედეგი დაადასტურა: ელექტროლიტების ბალანსის უმეტესი ნაწილის აღდგენა და ალბუმინის კორექცია 12-დან 22g/L-მდე. მიუხედავად ამისა, შადოუს შემთხვევა კვლავ არ იყო სტანდარტული. შადოუს შემთხვევაში ელექტროლიტების დისბალანსმა მომდევნო დღეებში გამოიწვია მკვეთრი ბრადიარითმია (გულისცემის საშუალო სიხშირე 45/წთ). ეს ელექტროლიტების დისბალანსთან ერთად შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო შადოუს ზოგად მდგომარეობასთან - ლიმფანგიექტაზიასთან და ქრონიკულ ენტეროპათიასთან, რაც, თავის მხრივ, შეიძლება იწვევდეს პარასიმპათიკურიი ნერვული სისტემის, კერძოდ ცდომილი ნერვის ზედმეტ გააქტიურებას. ეს მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს “gut-heart axis”-ის კლასიკურ გამოვლინებად, როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე პრობლემები პირდაპირ აისახება გულის ფუნქციონირებაზე და იწვევს მისი რიტმის შენელებას.

იმისათვის, რომ შადოუს შემთხვევაში გამორიცხულიყო კარდიოლოგიური ბლოკადა და გულის სხვა პათოლოგიები, მას ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფია და გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა ვეტერინარიუმის კარდიოლოგის, ნათია რობაქიძის მიერ. ექოსკოპიურად პათოლოგია არ გამოვლენილა.

შადოუმ რამდენიმე დღე დაჰყო კლინიკის დღის და ღამის სტაციონარში მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარიუმს ღამის სტაციონარი არ აქვს, ვეტერინართა გუნდმა პაციენტის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი 5 ღამის განმავლობაში კლინიკაში დაეტოვებინათ და ამისთვის შეადგინეს მორიგეობის განრიგი.

პაციენტის მკურნალობის პროცესში მორიგეობდნენ: ნინო ყუშიტაშვილი, რიჩარდ თავდგირიძე, მარიამ ბერიშვილი, ნუცა ბესაშვილი, მარიამ კაპანაძე და ლუკა ღლონტი. 

რამდენიმე დღეში ექოსკოპიურად დადასტურდა ლიმფანგიექტაზიის მკვეთრი გაუმჯობესება,  ელექტროლიტების დისბალანსის კორექცია, ალბუმინის რაოდენობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მატება, ძლიერი ლეიკოციტოზის შემცირება. 

შადოუ ქრონიკული ენტეროპათიის და ლიმფანგიექტაზიის მკურნალობას სახლში აგრძელებს, რადგან ეს პროცესი ხანგრძლივია. აღსანიშნავია, რომ მკურნალობა მოითხოვს როგორც ექიმის ხშირ ჩართულობას პაციენტის მდგომარეობის გასაკონტროლებლად, ისე პატრონის მხრიდან დიდ ძალისხმევას, ემოციურ მზაობასა და დროით რესურსს, რათა თერაპია წარმატებული იყოს ორმხრივი ჩართულობით.

Shadow1 Shadow2 Shadow3