კრიტიკული ანემიისა და თანმხლები კარდიოლოგიური პათოლოგიის მართვა
26 მაისი 2026
ფიცო 1 წლის კატაა, რომელიც ვეტერინარიუმში კრიტიკული ანემიით მოიყვანეს. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე რამდენიმე დღით ადრე მას უკვე ჩაუტარდა ქსენოტრანსფუზია (ჰქონდა გადასხმული ძაღლის სისხლი), თუმცა ანემიის კორექცია ვერ მოხერხდა და ფიცო კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ვეტერინარიუმში მოყვანისას მას აღენიშნებოდა ლეთარგია, მაღალი ტემპერატურა, სრული უმადობა, არ იღებდა წყალს და ჰქონდა მწვავე ღებინება. ამავე დროს, გამოვლინდა მძიმე დეჰიდრატაცია, ტაქიკარდია, ტაქიპნოე და იქტერიული (ყვითელი) ლორწოვანი გარსები. ჰემოგლობინის მაჩვენებელი იყო 28 g/L (ქვედა ზღვარი - 90 g/L), ხოლო ჰემატოკრიტი - 12% (ქვედა ზღვარი - 29%). ამასთან ერთად, აღინიშნებოდა თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა).
ფიცოს აუცილებლად სჭირდებოდა დონორი კატისგან სისხლის ტრანსფუზია, თუმცა პარალელურად საჭირო იყო ანემიის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. სხვა შემთხვევაში, სისხლის გადასხმა მხოლოდ მოკლევადიან დადებით ეფექტს გამოიღებდა.
სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების შედეგებზე დაყრდნობით, ანემიის გამომწვევი სხვადასხვა ფაქტორის ეტაპობრივი გამორიცხვისა და დაავადების მიმდინარეობის შეფასების საფუძველზე, ყველაზე დიდი ეჭვი გაჩნდა იმუნო-განპირობებულ ჰემოლიზურ ანემიაზე (Immune-Mediated Hemolytic Anemia - IMHA).
კატებში IMHA კრიტიკული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. დაავადება მეორე ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციით (ანტისხეულებით განპირობებული ციტოტოქსიურობით) მიმდინარეობს. ამ დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ანტისხეულებს გამოიმუშავებს ერითროციტების ზედაპირზე არსებული ანტიგენების მიმართ და იწყებს თავისივე ერითროციტების სწრაფ განადგურებას.
კლინიკაში IMHA-ს დიაგნოსტირების მიზნით ჩატარდა SAT ტესტი (Saline Agglutination Test), რომელმაც დაავადება დაადასტურა. აღნიშნული ტესტი ავლენს ერითროციტების აგლუტინაციას (შეწებებას), რომელიც მათ ზედაპირზე ფიქსირებული ანტისხეულებით არის გამოწვეული.
ფიცოს კლინიკაში მოიყვანის პირველივე დღეს ვეტერინარიუმის თერაპევტის ნუცა ბესაშვილის გადაწყვეტილებით, დაიწყო იმუნოსუპრესიული თერაპია. პაციენტი იმყოფებოდა ინფუზიურ და ჟანგბადით თერაპიაზე, ასევე იღებდა ანტიემეტიკურ მედიკამენტებს. მომდევნო დღეს მოიძებნა დონორი და ჩატარდა სისხლის ტრანსფუზია. იმუნოსუპრესიული მკურნალობის დაწყებიდან მე-4 დღეს ფიცოს მდგომარეობის გაუმჯობესება უკვე აშკარა გახდა - დაიწყო დამოუკიდებლად კვება და გახდა აქტიური. 3 კვირის შემდეგ კი სისხლის განმეორებითი ანალიზების მიხედვით, მაჩვენებლები ნორმაშია. ანემია და თრომბოციტოპენია დაკორექტირდა, ხოლო ბიოქიმიური მაჩვენებლები დასტაბილურდა.
მნიშვნელოვანია, რომ ფიცოს ფიზიკური გამოკვლევისას გამოვლინდა პათოლოგიური შუილი, ასევე აღენიშნებოდა სუნთქვის სიხშირის მკვეთრი მატება. ვეტერინარიუმში მოყვანამდე სხვა კლინიკაში მას უკვე ჰქონდა დასმული გულის პათოლოგიის დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობა, თუმცა კარდიოლოგიური პათოლოგიით გამოწვეული კლინიკური ნიშნების გაუმჯობესება არ აღენიშნებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენს კლინიკაში თერაპევტთა გუნდმა გადავწყვიტა სრული კარდიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.
გულის ულტრაბგერითი კვლევის შედეგად გამოვლინდა ენდოკარდიტის ნიშნები, მარცხენა პარკუჭის დიასტოლური დისფუნქცია, ასევე მარცხენა და მარჯვენა წინაგულის მკვეთრი გადიდება. გულში არსებული ცვლილებები ფიცოს სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა და ქმნიდა თრომბოზის განვითარების რისკსაც.
იმის გამო, რომ აღნიშნული ცვლილებები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა და პაციენტი საჭიროებდა ინტენსიურ თერაპიულ მართვას, ვეტერინარიუმის კარდიოლოგისა და ანესთეზიოლოგის, ნათია რობაქიძის მიერ, შემუშავდა და დაინერგა სრულიად ახალი კარდიოლოგიური მკურნალობის სქემა, რომელიც სპეციალურად ფიცოს მდგომარეობისთვის იყო მორგებული.
პაციენტი ამ ეტაპზეც აგრძელებს კარდიოლოგიურ მკურნალობას და იმყოფება ნათია რობაქიძის მეთვალყურეობის ქვეშ. ფიცოს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
იმის გამო, რომ პაციენტის გულში არსებული ცვლილებები საყურადღებოა და მოითხოვს მუდმივ მონიტორინგს, ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში ფიცო გეგმურად გაივლის განმეორებით კარდიოლოგიურ გამოკვლევებს.
დღეს ფიცო თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
მსგავსი სიახლეები
18 მაისი 2026
ნეიროქირურგია ვეტერინარიუმში - ფრანგული ბულდოგის ხერხემლის ოპერაცია
10 მაისი 2026
სალომე ბადიაშვილი ბრიტანული ორგანიზაციის, VetCPD-ის ონლაინ კურსებს გაივლის
08 მაისი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გაივლის
07 მაისი 2026
ვეტერინარიუმის უნიკალური ქირურგიული სივრცე
06 მაისი 2026