ბატკანძერი გამოჯანმრთელდა და ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა

21 ოქტომბერი 2026

ივნისში ნაპოვნი ერთ წლამდე ასაკის ბატკანძერი (ლათ. Gypaetus barbatus) ძალიან დასუსტებული იყო და ფრენას ვერ ახერხებდა. მპოვნელებმა, ვიტალი ქაშაკიშვილმა და გიორგი პარკაულმა, მას ლუხუმა დაარქვეს. 

ვეტერინარიუმში ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ფრინველის კუჭში ქვები იყო. დამატებით, მას კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე Vet CT • ვეტ სითი-ში კომპიუტერული ტომოგრაფიაც ჩაუტარდა.

ბატკანძერი ლეშიჭამიაა და მისი რაციონის დაახლოებით 70-90%-ს ძვლები შეადგენს. სწორედ ამიტომ, ძლიერი კუჭის მჟავის გამო, ბატკანძერს, სხვა ბევრი ფრინველისგან განსხვავებით, მონელებისთვის ქვების გადაყლაპვა არ სჭირდება. მსგავსი ქვები, როგორც წესი, ან შემთხვევით ხვდება კუჭში საკვებთან ერთად, ან იშვიათად მაშინ, როდესაც ფრინველი საკმარისი რაოდენობით ძვლებს ვერ პოულობს.

ლუხუმას შემთხვევაში ერთ-ერთი ქვა იმდენად დიდი და მძიმე იყო, რომ ფრინველი მის ამონთხევას ვერ ახერხებდა. გუნდი 4 დღის განმავლობაში აკვირდებოდა, შეძლებდა თუ არა ის ქვის ბუნებრივად ამონთხევას. თუმცა უცხო სხეული მუდმივ სპაზმებს იწვევდა, რაც ფრინველს მნიშვნელოვნად ასუსტებდა.

უცხო სხეულების მოსაცილებლად ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ფრინველს გასტროსკოპია ჩაუტარა და კუჭიდან ქვები ამოუღო. ანესთეზია გიორგი მახარაძემ წარმართა. პროცედურის შემდეგ ბატკანძერი დროებით თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც მის ყოველდღიურ მოვლასა და მკურნალობაზე ანა ძაგანაშვილი, ლაშა ჩიჩუა, მთვარისა გოგატიშვილი და გივი ჭითანავა ზრუნავდნენ.

მოგვიანებით, სავარაუდო პოქსვირუსული ინფექციის ფონზე, ფრინველს მარჯვენა ყვრიმალისა და ზედა ყბის მიდამოში, ასევე ფეხის თითებზე ჩირქოვანი დაზიანებები განუვითარდა. ბატკანძერი კვლავ ვეტერინარიუმში მოიყვანეს, სადაც ჩაუტარდა აბსცესის დრენირება და ღრუ ჩირქისგან გაიწმინდა. ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ და გიორგი მახარაძემ მას შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს.

4 თვის განმავლობაში ბატკანძერის გამოჯანმრთელებასა და ბუნებაში დასაბრუნებლად მომზადებაში თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობდნენ ლუკა ტყემალაძე, ლექსო გავაშელიშვილი, გიორგი მახარაძე და ლაშა-გიორგი ჯაფარიძე. გუნდის წევრები რეგულარულად აკითხავდნენ ფრინველს ზოოპარკში, აკვირდებოდნენ მის მდგომარეობას და საჭირო პროცედურების ჩასატარებლად ვეტერინარიუმში მოჰყავდათ.

ბუნებაში დაბრუნებამდე ლუკა ტყემალაძემ და ლექსო გავაშელიშვილმა ლუხუმას GPS გადამცემი დაუმაგრეს, რაც მისი გადაადგილებისა და საბინადრო ადგილების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

ბატკანძერი გამოჯანმრთელდა და 18 ოქტომბერს გუნდმა ის ტბათანაში, თავის ბუნებრივ გარემოში დააბრუნა. 

კლინიკაში გადაღებული ფოტოების ავტორია გიორგი ჯოხაძე, ხოლო ბუნებაში გადაღებული ფოტოების – გიორგი მახარაძე.

Არწ1 Არწ2 Არწ3 Არწ4