მეთიუ 6 წლის ფრანგული ბულდოგი
27 ოქტომბერი 2026
მეთიუ 6 წლის ფრანგული ბულდოგია. ის ვეტერინარიუმში ყურის პრობლემით მოიყვანეს, რომელიც დაახლოებით 3 თვის წინ დაეწყო.
თავდაპირველად მეთიუს მარცხენა ყურის ტკივილი აღენიშნებოდა. სხვა კლინიკაში დანიშნულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. სამკურნალო ყურის წვეთების გამოყენების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა: შეეცვალა ხმა, თავი მტკივნეული ყურის მხარეს გადახარა, მოგვიანებით კი ტკივილი მარჯვენა ყურშიც გამოვლინდა.
ვეტერინარიუმში მოყვანისას მეთიუს ძლიერი, ნევრალგიური ხასიათის ტკივილი აღენიშნებოდა. ოტოსკოპიური გამოკვლევით ყურში დიდი რაოდენობით მოყვითალო, ჩირქოვანი გამონადენი გამოვლინდა, რის გამოც დაფის აპკის მთლიანობის შეფასება შეუძლებელი იყო. ვეტერინარიუმის თერაპევტს, რიჩარდ თავდგირიძეს, გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი გარეთა და შუა ყურის მძიმე ანთებით პროცესზე, შესაძლოა, შიდა ყურის ჩართულობითაც. მდგომარეობის დასაზუსტებლად მან კომპიუტერული ტომოგრაფია დანიშნა.
მეთიუს გამოკვლევა კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე ცხოველების კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრში Vet CT • ვეტ სითი-ში ჩაუტარდა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ თერაპევტის კლინიკური ეჭვი დაადასტურა - გამოვლინდა ანთებითი პროცესი გარეთა და შუა ყურში, დაფის აპკისა და შუა ყურის ძვლოვანი კედლის (ტიმპანიური ბულის) მთლიანობის დარღვევით. გასათვალისწინებელია, რომ დაფის აპკის მთლიანობის დარღვევისას ბევრი ხშირად გამოყენებადი ყურის წვეთი ოტოტოქსიკურია: მათ შესაძლოა სმენისა და წონასწორობის ორგანოს დაზიანება და ნევროლოგიური ნიშნების დარღვევები გამოიწვიონ. სავარაუდოა, რომ საწყის ეტაპზე სხვა კლინიკაში სწორედ გაუაზრებლად დანიშნული ყურის წვეთების გამო გაუარესდა მეთიუს მდგომარეობა.
მეთიუს საბოლოოდ დაესვა დიაგნოზი - ორმხრივი გარე და შუა ყურის ოტიტი, ტიმპანიურ ბულებში პოლიპების, ფიბროზული მასებისა და სითხის არსებობით.
ციტოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევებისთვის მეთიუს ყურიდან დამატებით აღებულ იქნა ღრმა ნაცხი, რამაც დიდი რაოდენობით სოკოვანი და ბაქტერიული (staphylococcus epidermidis) ინფექცია გამოავლინა. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჩატარებულმა განმეორებითმა ბაქტერიოლოგიურმა კვლევამ და ანტიბიოტიკოგრამამ აჩვენა, რომ გამოყოფილი ბაქტერია საწყის ეტაპზე შერჩეული ანტიბიოტიკის მიმართ მგრძნობიარე აღარ იყო. ამის გამო ანტიბიოტიკოთერაპიის შეცვლა გახდა საჭირო. მკურნალობა ასევე მოიცავდა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, ანთების შემცირებასა და ტკივილის მართვას.
ოქტომბერში ჩატარებული განმეორებითი ციტოლოგიური გამოკვლევით სოკოვანი მიკროორგანიზმები აღარ გამოვლინდა, ხოლო ბაქტერიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მკურნალობის დადებით დინამიკაზე მიუთითებს.
დღეს მეთიუ თავს კარგად გრძნობს. ყურის ტკივილი, თავის გადახრა და ხმის ცვლილება აღარ აღენიშნება, თუმცა მკურნალობას ჯერ კიდევ აგრძელებს.
მსგავსი სიახლეები
28 ოქტომბერი 2026
ამბავი მსუნაგ ფისოზე
21 ოქტომბერი 2026
ბატკანძერი გამოჯანმრთელდა და ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა
19 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
17 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
15 ოქტომბერი 2026