სტერილიზაციის მეთოდები ვეტერინარიუმის კლინიკაში

20 ივლისი 2025

ვეტერინარიუმის კლინიკაში სტერილიზაცია ტარდება როგორც ოვარიოჰისტერექტომიის (OVH), ისე ლაპაროსკოპიული ოვარიექტომიის (OVE) მეთოდით.

ოვარიოჰისტერექტომიის (OVH) შემთხვევაში სტერილიზაცია მოიცავს როგორც საკვერცხეების, ისე საშვილოსნოს ამოკვეთას, ხოლო ოვარიექტომიის (OVE) შემთხვევაში ხდება მხოლოდ საკვერცხეების ამოკვეთა და საშვილოსნო რჩება ორგანიზმში, თუკი არ არსებობს მისი ამოკვეთის კლინიკური ჩვენება (მაგალითად, ანთება, ჰიპერპლაზია ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობა).

მიუხედავად იმისა, რომ სტერილიზაციის ორივე მეთოდი კლინიკაში ხელმისაწვდომია, ხშირად გვეკითხებიან – რომელია უკეთესი?

ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ საერთაშორისო პრაქტიკებზე, სამეცნიერო კვლევებსა და პროფესიულ ლიტერატურაზე დაფუძნებული ინფორმაცია. საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ვეტერინარული მედიცინის საფუძველზე, უპირატესობას ვანიჭებთ ლაპაროსკოპიულ ოვარიექტომიას, როგორც თანამედროვე, უფრო უსაფრთხო და ცხოველის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სტერილიზაციის მეთოდს.

ლაპაროსკოპიული ოვარიექტომიის ძირითადი უპირატესობები:

  • ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნება – საკვერცხეების ამოკვეთა იწვევს რეპროდუქციული ციკლის შეწყვეტას, თუმცა საშვილოსნოს შენარჩუნება ხელს უწყობს ჰორმონების თანდათანობით და ბუნებრივად დაბალანსებულ რეგულაციას (van Goethem, Bart, et al., 2013).
  • დაბალი რისკი საშვილოსნოს დაავადებების მიმართ – საშვილოსნოს შენარჩუნება არ ზრდის პიომეტრას (საშვილოსნოს ანთება) ან საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს, რადგან ეს პათოლოგიები ჰორმონებზეა დამოკიდებული. საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ, ჰორმონების დონე იკლებს და ამ დაავადებების განვითარების ალბათობაც მნიშვნელოვნად მცირდება (van Goethem, Bart, et al., 2013).
  • დადასტურებული მონაცემები – კვლევის თანახმად (Okkens et al., 1981a,b), ოვარიოჰისტერექტომიის შემდეგ ძაღლების 35%-ში აღინიშნებოდა ტაკვის პიომეტრა (ქსოვილის ნარჩენში განვითარებული პიომეტრა - stump pyometra), ხოლო ოვარიექტომიის შემდეგ - არცერთ შემთხვევაში. აღნიშნული პათოლოგიები ასოცირებულია საკვერცხის დარჩენილი ქსოვილის არსებობასთან.
  • უფრო ზუსტი ქირურგიული მიდგომა – ოვარიექტომია საშუალებას იძლევა, რომ ჭრილობა გაკეთდეს მუცლის ღრუს უფრო ზედა (კრანიალურ) ნაწილში, რაც უკეთეს ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს და ამცირებს საკვერცხის ნაშთის სინდრომის (ovarian remnant syndrome) განვითარების რისკს (van Goethem, Bart, et al., 2013). საგულისხმოა, რომ საკვერცხის დარჩენილი ქსოვილის ამოსაღებად ერთადერთი ეფექტური მეთოდი არის ქირურგიული რევიზია, რომელიც ხშირად ტარდება ლაპაროსკოპიული გზით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ქსოვილის ზუსტ და ნაკლებად ინვაზიურ ამოკვეთას.
  • დაბალი ინვაზიურობა და სწრაფი რეაბილიტაცია – ლაპაროსკოპიული ოვარიექტომია ითვლება ნაკლებად ტრავმატულ პროცედურად, რაც გულისხმობს მცირე ჭრილობებს, ნაკლებ ტკივილს და ცხოველის სწრაფ გამოჯანმრთელებას. ქირურგიული გართულებების (ჰემორაგია, ვაგინალური სისხლდენა, შარდსაწვეთის დაზიანება, stump granuloma (ქსოვილის დარჩენილი უბნის გრანულომა)) რისკი მნიშვნელოვნად დაბალია ოვარიოჰისტერექტომიასთან შედარებით (van Goethem et al., 2006).
  • გართულებების დაბალი რისკი – პროცედურა ითვლება უსაფრთხოდ, რადგან ლაპაროსკოპიური ოვარექტომიის დროს გართულებების რისკი დაბალია, შესაბამისად პროცედურა ნაკლებად ტრავმატულია და სისხლდენის რისკიც მინიმალურია. ლაპაროსკოპიისას სისხლდენის, ინფექციების და ქსოვილოვანი ტრავმის რისკი მნიშვნელოვნად მცირეა (van Goethem, Bart, et al., 2013).
  • მუცლის ღრუს სტრუქტურების უკეთესი ვიზუალიზაცია – ლაპაროსკოპია უზრუნველყოფს მუცლის ღრუს ორგანოების დეტალურ ხედვას, რაც ქირურგს ზუსტი მანიპულაციის საშუალებას აძლევს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პარალელურად შეფასდეს ღვიძლი, ელენთა, ნაწლავები და სხვა სტრუქტურები (van Goethem, Bart, et al., 2013).
  • სიმსივნის განვითარების დაბალი რისკი – ოვარიექტომიისას საშვილოსნო რჩება ორგანიზმში, რაც თეორიულად ტოვებს სიმსივნის განვითარების მცირე შანსს, თუმცა ეს რისკი უკიდურესად დაბალია: კეთილთვისებიანი სიმსივნის ალბათობა – 0.03%, ავთვისებიანის – 0.003% (van Goethem et al., 2006).

ლაპაროსკოპიული პროცედურა ვეტერინარიუმში ხორციელდება უახლესი, მაღალი ტექნოლოგიის მქონე აპარატურის გამოყენებით, კერძოდ, Mindray UX5 4K/NIR სისტემით, რომელიც აღჭურვილია 4K ფლუორესცენციული ვიზუალიზაციის ფუნქციით.

20 07 1 20 07 2 20 07 3 20 07 4