2 წლის მეტისი ლაიმა

23 სექტემბერი 2026

2 წლის მეტისი ლაიმა გერმანიაში აიყვანეს და ახლა იქ ბედნიერად ცხოვრობს. 

რამდენიმე თვის წინ ლაიმა მოიყვანეს ვეტერინარიუმში. მას აღმოაჩნდა გულმკერდის ღრუში არსებული უცხო სხეული - დაახლოებით 15 სმ სიგრძის ბამბუკის შამფური. კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე Vet CT • ვეტ სითი-ში გადაღებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა, რომ უცხო სხეული მდებარეობდა მარცხენა ფილტვის წილების მიდამოში, II-XI ნეკნებს შორის.

კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, პაციენტს გაუკეთა უცხო სხეულის თორაკოსკოპიული ევაკუაცია. თორაკოსკოპია თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მეთოდია, რომელიც მცირე ზომის განაკვეთებით ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, ამცირებს ოპერაციულ ტრავმას, ოპერაციის შემდგომ ტკივილს და მნიშვნელოვნად აჩქარებს პაციენტის რეაბილიტაციას.

უცხო სხეულის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა ორი 5 მმ-იანი პორტის გამოყენებით.

ანესთეზიის პროცესი მართა ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ, ხოლო ქირურგს ასისტირებას უწევდა მარი კაპანაძე.

ახლა კი ლაიმა გერმანიაში ცხოვრობს. 

Laima1 Laima2