ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა იორკშირელ ტერიერში

10 ივლისი 2026

ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა იორკშირელ ტერიერში - წარმატებული ქირურგიული მკურნალობა. 

ვეტერინარიუმში იორკშირელ ტერიერს, ბენჯამინს, დაუდგინდა ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კისრის პირველი და მეორე მალების (C1-C2) არასტაბილურობით და იწვევს ზეწოლას ზურგის ტვინზე, რასაც თან ახლავს ნევროლოგიური დარღვევები. შედეგად, ბენჯამინს განუვითარდა ტეტრაპლეგია, რაც ნიშნავს, რომ ვერც ერთ კიდურს ვერ ამოძრავებდა. 

პაციენტს 27 ივნისს ვეტერინარიუმში ჩაუტარდა ოპერაცია და ქირურგიული ჩარევიდან რამდენიმე დღეში უკვე დამოუკიდებლად სიარული შეძლო. 

ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, პაციენტს კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე Vet CT • ვეტ სითი-ში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის საფუძველზეც ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, დაადასტურა ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობის დიაგნოზი.

ვეტერინარიუმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წინასაანესთეზიო შეფასებას. შესაბამისად, ოპერაციამდე პაციენტს ჩაუტარდა:

  • ლაბორატორიული კვლევები - სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი და ელექტროლიტების განსაზღვრა
  • გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა. ატლანტო-აქსიალური სახსრის ფიქსაცია განხორციელდა სახსარში გამავალი ორი ხრახნიანი ქირურგიული ჩხირის გამოყენებით, რომლებიც ჩაისვა C1-C2 სახსარში. დამატებით, კიდევ ორი ქირურგიული ჭანჭიკი განთავსდა აქსისის (C2) კრანიალურ და კაუდალურ ნაწილებში. ფიქსაციის გასაძლიერებლად ქირურგიულ ჩხირებთან და ჭანჭიკებთან ერთად გამოყენებულ იქნა ძვლის ცემენტი.

ოპერაცია განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა პაციენტის მცირე წონისა და კისრის მალების მცირე ზომების გამო. შესაბამისად, საჭირო იყო წინასწარი დეტალური დაგეგმვა, მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენება და ოპერაციული პროცესის მაქსიმალური სიზუსტე.

მიუხედავად სირთულეებისა, ოპერაცია წარმატებით ჩაატარა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. ასისტენტობას უწევდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი ლუკა ღლონტი. ანესთეზიის პროცესს ეფექტურად მართავდა კლინიკის ანესთეზიოლოგი, ნათია რობაქიძე.

ბენჯამინის რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ზემოთ აღინიშნა, პაციენტმა, რომელიც ოპერაციამდე ვერც ერთ კიდურს ვერ ამოძრავებდა, ქირურგიული ჩარევიდან რამდენიმე დღეში უკვე შეძლო დამოუკიდებლად სიარული.
პოსტს თან ერთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულება.

Atlanto Atlanto2 Atlanto3 Atlanto4