ახალი საგანი - პრაქტიკა ვეტერინარულ კლინიკაში
19 აგვისტო 2024
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის 5-წლიან პროგრამას 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში დაემატა ახალი საგანი - პრაქტიკა ვეტერინარულ კლინიკაში (veterinaruli klinika).
ახალი საგანი გულისხმობს პრაქტიკის გავლას აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium-ში და ასევე კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ Mayhew Georgia-ს კლინიკაში.
საგნის ფარგლებში სტუდენტები დაიყვნენ მცირე გუნდებად (3-4 სტუდენტი) და თითოეული გუნდისათვის გამოყოფილი იყვნენ მენტორები, რომლებიც კლინიკაში პრაქტიკისას დეტალურად და ხარისხიანად უზიარებდნენ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს.
პრაქტიკა ვეტერინარულ კლინიკაში გრძელდებოდა 15 კვირა, საიდანაც:
- 8 კვირა დაეთმო თერაპიულ საკითხებს და ტარდებოდა ვეტერინარიუმში;
- 5 კვირა დაეთმო ქირურგიას და ტარდებოდა Mayhew Georgia-ში;
- 2 კვირა კი ტრავმატოლოგიის საბაზისო პრინციპების გაცნობას დაეთმო და ჩატარდა ასევე ვეტერინარიუმში.
სტუდენტებმა პრაქტიკაში გაიარეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი: კლინიკაში მოქცევის წესები; პრეპარატების შენახვის წესები, დოზირება და წამლის მიღების წესები; ინექციის მეთოდები; კათეტერიზაცია; ინფუზიოთერაპია; პირველადი ანამნეზის შეკრება და ტრიაჟი (triage); დეჰელმინთიზაცია; ვაქცინაცია; სისხლის აღების მეთოდები; კანის ნაცხის აღების მეთოდები და ა.შ.
კურსის ბოლოს კი სტუდენტებმა ინდივიდუალურად მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც წარუდგინეს საგნის ლექტორებსა და აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორს ნათია სამუშიას. სტუდენტების პრეზენტაცია მოიცავდა 2 ნაწილს:
- ორი რეალური ქეისის აღწერას ვეტერინარიუმის ან Mayhew Georgia-ს პრაქტიკიდან;
- კლინიკაში გატარებული პრაქტიკის აღწერას/უკუკავშირს, თუ რა თეორიული ცოდნა გამოადგა სტუდენტს, რა პრაქტიკული უნარები გაიუმჯობესა, რა გამოწვევებს წააწყდა და რა მიგნებები გააკეთა მან.
საგნის ლექტორები არიან:
- ანა ქუმსიშვილი - ვეტერინარიუმის თერაპევტი და დერმატოლოგი, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრი;
- ქეთი ელიაშვილი - ვეტერინარიუმის თერაპევტი, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი;
- ლაშა-გიორგი ჯაფარიძე - ვეტერინარიუმის ორთოპედ-ტრავმატოლოგი და ნეიროქირურგი, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრი;
- ანა მეცხვარიშვილი - Mayhew Georgia-ს მთავარი ვეტერინარი, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრი.





მსგავსი სიახლეები

09 ივნისი 2025
დალმატინელი ნენსი პარვოვირუსული ენტერიტის დიაგნოზით

05 ივნისი 2025
რა გაკეთდა ვეტერინარიუმში ბოლო 1,5 წლის განმავლობაში

30 მაისი 2025
გერმანულ ნაგაზს, ზიგის, დაუდგინდა სხივ-იდაყვის ძვლის დისტალური ნაწილი მოტეხილობა.

24 მაისი 2025
მომოს წარმატების ისტორია

23 მაისი 2025