ბიგლი ლუსის წარმატებული ოპერაცია
15 აგვისტო 2026
ნეიროქირურგია ვეტერინარიუმში - ბიგლი ლუსის წარმატებული ოპერაცია.
ლუსის პერიოდულად უჭირდა გადაადგილება, სიარულისას ტკივილს განიცდიდა, დისკომფორტი კი განსაკუთრებით კისრისა და თავის მოძრაობის დროს ჰქონდა.
ლუსის მდგომარეობის შესაფასებლად ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, კომპიუტერული ტომოგრაფია დაუნიშნა. კვლევა კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრში - Vet CT • ვეტ სითი-ში ჩატარდა.
კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულებების შეფასებისას კისრის მეორე და მესამე მალებს (C2-C3) შორის ცენტრალური მალთაშუა დისკის თიაქარი გამოვლინდა. ამ მდგომარეობის დროს მალთაშუა დისკის მასალა ხერხემლის არხში გადადის და ზურგის ტვინზე ზეწოლას ახდენს. შედეგად, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ძლიერი ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიური ნიშნები.
ქირურგიულ ჩარევამდე ლუსის ვეტერინარიუმში ჩაუტარდა წინასაანესთეზიო კვლევები:
- სისხლის საერთო ანალიზი მორფოლოგიით, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ელექტროლიტების დონის განსაზღვრა
- გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა
კვლევის შედეგები ვეტერინარიუმის კარდიოლოგმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ, შეაფასა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ინდივიდუალური საანესთეზიო პროტოკოლი შეიმუშავა.
ლუსის ნეიროქირურგიული ოპერაცია ვენტრალური სლოტის ტექნიკით (ventral slot) ჩაუტარდა. ამ ტექნიკის საშუალებით ქირურგი კისრის ქვედა მხრიდან აღწევს დაზიანებულ მალთაშუა სივრცემდე და მალებში შექმნილი მცირე ქირურგიული ღიობიდან ხერხემლის არხში გადასულ დისკის მასალას აშორებს. შედეგად მცირდება ზურგის ტვინზე ზეწოლა და ხდება მისი დეკომპრესია.
კისრის მალების მიდამოში ასეთი ჩარევა განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. საოპერაციო არე მცირეა, ხოლო უშუალო სიახლოვეს მდებარეობს ზურგის ტვინი, ნერვული სტრუქტურები და მნიშვნელოვანი სისხლძარღვები. სწორედ ამიტომ ოპერაციის თითოეული ეტაპი მაქსიმალური სიზუსტით უნდა შესრულდეს, რათა დისკის მასალა უსაფრთხოდ მოცილდეს და მიმდებარე სტრუქტურები დაცული იყოს.
ოპერაცია ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, გააკეთა. მას ასისტირებას ლუკა ღლონტი უწევდა, ხოლო ანესთეზიას ნათია რობაქიძე მართავდა.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
რამდენიმე დღეში ლუსის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ის თავისუფლად გადაადგილდება და თავსა და კისერსაც თავისუფლად ამოძრავებს.
მსგავსი სიახლეები
16 აგვისტო 2026
ბიმის კვირისტავის ფრაგმენტული მოტეხილობის ოპერაცია
14 აგვისტო 2026
მალტეზე პონკის მკურნალობა
13 აგვისტო 2026
პუდელი დობის წარმატებული ოპერაცია
08 აგვისტო 2026
სალომე ბადიაშვილი მიკრობიოლოგიის საერთაშორისო კონფერენციაზე
04 აგვისტო 2026