ბიმის კვირისტავის ფრაგმენტული მოტეხილობის ოპერაცია

16 აგვისტო 2026

გერმანული ნაგაზი ბიმი ვეტერინარიუმში კოჭლობის მე-5 ხარისხით მოიყვანეს. გადაადგილებისას იგი მარცხენა უკანა კიდურს საერთოდ ვერ ეყრდნობოდა.

პაციენტს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის საფუძველზეც ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, მარცხენა უკანა კიდურზე კვირისტავის ფრაგმენტული მოტეხილობა დაადგინა.

ბიმის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა ქირურგიული მკურნალობის გადაწყვეტილება. ოპერაციამდე პაციენტს ვეტერინარიუმში ჩაუტარდა წინასაანესთეზიო კვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი მორფოლოგიით, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ელექტროლიტების დონის განსაზღვრა
  • გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა

კვლევის შედეგები ვეტერინარიუმის კარდიოლოგმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ, შეაფასა და პაციენტის მდგომარეობაზე მორგებული ინდივიდუალური საანესთეზიო პროტოკოლი შეიმუშავა.

ოპერაციის თავისებურებას წარმოადგენდა კვირისტავის მრავლობითი, მცირე ზომის ფრაგმენტები, რომელთა სტანდარტული მეტალის იმპლანტებით საიმედოდ დაფიქსირება შეუძლებელი. ამიტომ ფრაგმენტების სტაბილიზაციისა და მუხლის გამშლელი მექანიზმის აღდგენის მიზნით გამოყენებულ იქნა გაუწოვადი ქირურგიული ძაფი და კრაკოვის უწყვეტი ჩამკეტი ნაკერის ტექნიკა (Krackow whip stitch). ამ ტექნიკის დროს გაუწოვადი ძაფი მყესის გასწვრივ რამდენიმე თანმიმდევრული ჩამკეტი მარყუჟით ტარდება. მიღებული მტკიცე კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, დატვირთვა თანაბრად გადანაწილდეს, მცირე ფრაგმენტები სტაბილურად შენარჩუნდეს და შეხორცების პროცესში მუხლის გამშლელი მექანიზმი დაცული იყოს.

ოპერაცია ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, გააკეთა. მას ასისტირებას მარიამ კაპანაძე უწევდა, ხოლო ანესთეზიას ნათია რობაქიძე მართავდა.

ბიმმა რეაბილიტაცია წარმატებით გაიარა და ამჟამად მარცხენა უკანა კიდურს სრულფასოვნად იყენებს. 

Bim1 Bim2 Bim3